შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრობაზე განაცხადს, სავარაუდოდ, ზაფხულში გააკეთებენ

შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრობაზე განაცხადს, სავარაუდოდ, ზაფხულში გააკეთებენ

უკრაინასთან გაჭიანურებული ომისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციებით მიღებული მძიმე ეკონომიკური შედეგების ფონზე, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, შესაძლოა, კიდევ ერთი სტრატეგიული მარცხი განიცადოს და მისი მთავრობა უახლოეს მომავალში NATO-ს გაფართოების მომსწრე გახდეს.

რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, NATO-ში გაწევრიანებით ისტორიულად ნეიტრალური სახელმწიფოები, შვედეთი და ფინეთი ინტერესდებიან. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა და შვედეთის პერმიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადეს, რომ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხზე ორივე ქვეყანაში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს და ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას მთავრობები მიმდინარე წლის ზაფხულში შეძლებენ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, შვედეთის მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ოპოზიციის დარწმუნება შეძლო და ქვეყანა NATO-ს წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს, სავარაუდოდ, ივნისში გააკეთებს.

მიუხედავად მრავალწლიანი ნეიტრალიტეტისა, 24 თებერვლის შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში საზოგადოების დამოკიდებულება სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მიმართ მკვეთრად შეიცვალა და ახლა უკვე მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს NATO-ში შესვლას. საზოგადოების დამოკიდებულებასთან ერთად, იცვლება პოლიტიკური კლიმატიც და კანონმდებლებიც უკვე ღიად უჭერენ მხარს ალიანსში გაწევრიანების იდეას.

აღსანიშნავია, რომ სკანდინავიურ ქვეყნებში მიმდინარე ცვლილებები არ დარჩენილა კრემლის რადარებს მიღმა და ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე არაერთხელ გააფრთხილა შვედეთი და ფინეთი, რომ NATO-ში გაწევრიანების მცდელობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება მოჰყვებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *