Apple-ი $90-მილიარდის მოცულობის აქციების გამოსყიდვას გეგმავს

Apple-ი $90-მილიარდის მოცულობის აქციების გამოსყიდვას გეგმავს

როგორც ჩანს, საკუთარი აქციების გამოსყიდვას Apple-ი წელსაც განაგრძნობს – Citigroup Inc.-ის ანალიტიკოსის, ჯიმ სუვას თქმით, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგების გამოცხადებისას, კალიფორნიული ტექნოლოგიური გიგანტი $80-90 მილიარდამდე მოცულობის აქციებს გამოისყიდის, ხოლო დივიდენდს 5%-დან 10%-მდე გაზრდის.

საქმე ისაა, რომ ბოლო დროს, წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს დიდი მოცულობის ნაღდი ფული დაუგროვდათ, რის გამოც, ხშირად, მას საკუთარი აქციების გამოსასყიდად იყენებენ. Apple-მა, მაგალითად, საერთო ჯამში საკუთარი აქციების გამოსყიდვაზე $274.5 მილიარდი დახარჯა, ამ თანხიდან $20.4 მილიარდი – გასული წლის დეკემბერში. მიუხედავად ამისა, კომპანიის საბალანსო უწყისში $200 მილიარდის ნაღდი ფული ფიქსირდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ს $315 მილიარდამდე ღირებულების საკუთარი აქციების გამოსყიდვა შეუძლია.

„ველოდებით, რომ მეორე კვარტლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, Apple-ი $300 მილიარდამდე ღირებულების აქციებს გამოისყიდის, რადგან ამის საშუალება აქვს“, – განაცხადა Bloomberg Intelligence-ის უფროსმა საკრედიტო ანალიტიკოსმა, რობერტ შიფმანმა. ანალიტიკოსის ეს არგუმენტი Apple-ის ისტორიულ ტენდეციას ეფუძნება – როგორც წესი, კომპანია საკუთარი აქციების გამოსყიდვას მეორე კვარტლის შედეგების გამოცხადების შემდეგ იწყებს. გასულ აპრილს, Apple-მა $90 მილიარდის ღირებულების აქციები გამოისყიდა, ხოლო დივიდენდი 7%-მდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ წელს, Apple-ის აქციების საბაზრო მდგომარეობა შედარებით ნორმალურია სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან შედარებით – წელს, Apple-ის აქციათა ფასი 6.7%-ით დაეცა, მაშინ, როცა Nasdaq 100-ის ინდექსი, რომელიც უმეტესწილად ტექნოლოგიური კომპანიებისგან შედგება, 14%-ით შემცირდა.

რაც შეეხება სხვა ტექნოლოგიური კომპანიების ნაღდი ფულის აქტივებს, აქ შემდეგი მდგომარეობაა: ნაღდი ფულის სახით Alphabet-ი $169.2 მილიარდს ფლობს, Microsoft-ი $132.4 მილიარდს, Amazon-ი $96 მილიარდს, ხოლო Meta $48 მილიარდს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *