სივრცე ფინანსური თავისუფლებისთვის

სივრცე ფინანსური თავისუფლებისთვის

ჰეშბანკი ქართულ ბაზარზე ახალ ფინანსურ რეალობას ქმნის — შლის საზღვრებს ტრადიციულ და ციფრულ აქტივებს შორის და ადამიანს ფინანსების მართვის სრულ თავისუფლებას სთავაზობს. სისწრაფისა და სიმარტივის შედეგია, რომ ბანკმა სულ რაღაც ორ თვეში 20,000-მდე სტაბილური მომხმარებელი შეიძინა. ჰეშბანკის სტრატეგიულ ხედვასა და გეგმებზე მისი გენერალური დირექტორი, გოგა ჩანადირი გვიყვება.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

რა გახდა ჰეშბანკის შექმნის მთავარი მოტივაცია და რა კონკრეტული ნიშა დაიკავეთ ქართულ საბანკო ბაზარზე?

თანამედროვე ადამიანისთვის დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, ცხოვრების რიტმი კი იმდენად აჩქარდა, რომ ტრადიციული საბანკო მოდელები ამ გამოწვევას ვეღარ პასუხობდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი არ ყოფილა, შეგვექმნა “მორიგი ბანკი”, არამედ პლატფორმა, რომელიც ორგანულად აკავშირებს ფინანსებს, ტექნოლოგიას და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენი ნიშაც სწორედ სისწრაფესა და სიმარტივეშია — ჰეშბანკი არის ტექნოლოგიური ინოვაციისა და მომხმარებლის ფინანსური კომფორტის სინერგია.

თქვენი ხედვით, რა არის ის ფუნდამენტური განმასხვავებელი ფაქტორი, რაც ჰეშბანკს ტრადიციული ბანკებისგან გამოარჩევს?

არსებითი განსხვავება სტრატეგიულ მიდგომასა და საოპერაციო მოდელშია. ტრადიციულ ბანკებში სერვისის მიღება ხშირად ხანგრძლივ პროცედურებთანაა დაკავშირებული, რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ჰეშბანკში კი ყველაფერი მყისიერია — მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ყოველგვარი ზედმეტი დროისა და დანახარჯის გარეშე, ანგარიშის გახსნასა და ციფრული Visa ჰეშბარათის გააქტიურებას სულ რაღაც 2-3 წუთი სჭირდება. ამის შემდეგ მომხმარებელი პირდაპირ იწყებს ბანკის ნებისმიერი სერვისით სარგებლობას.

ჩვენი მთავარი მიღწევა ტრადიციულ ფულსა და ციფრულ აქტივებს შორის ბარიერის მოხსნაა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა მაქსიმალურად სწრაფი და მოქნილი ერთიანი ეკოსისტემა. ეს ადამიანს საკუთარი ფინანსების მართვის სრულ თავისუფლებას აძლევს და ბუნებრივად მიჰყვება მისი ცხოვრების ინდივიდუალურ რიტმს.

როგორ ცვლის ჰეშბანკის მოდელი მომხმარებლის ყოველდღიურ ფინანსურ ქცევას და რამდენად მზად აღმოჩნდა ქართული აუდიტორია ამ სიახლისთვის?

ქართული აუდიტორია ტექნოლოგიურად საკმაოდ მოქნილია და მაღალი სტანდარტის მომსახურებას უკვე მიჩვეულია. თუმცა, მიუხედავად იმ მნიშვნელოვანი გამოცდილებისა, რომელიც ადგილობრივმა საბანკო სექტორმა შექმნა, ტრადიციული მოდელები მაინც ვერ სთავაზობდნენ მომხმარებელს  სრულ ფინანსურ თავისუფლებას. ჩვენი პლატფორმა სწორედ ამ ობიექტური საჭიროების ლოგიკური რეალიზება აღმოჩნდა.

ამის  დასტურია  კონკრეტული შედეგი:  სულ რაღაც 2 თვეში 20,000 სტაბილური მომხმარებელი გვყავს, რომელმაც გახსნა ანგარიში და აქტიურად დაიწყო Visa ჰეშბარათით სარგებლობა. ჩვენმა მომხმარებლებმა პრაქტიკაში გამოცადეს საკუთარ აქტივებზე სრული კონტროლი და ფინანსების მართვა ყოველგვარი ბარიერის გარეშე.

როგორ მართავთ ფიატისა და ციფრული აქტივების ინტეგრაციას არსებული რეგულაციების ფარგლებში და რამდენად უსაფრთხოა ეს პროცესი მომხმარებლისთვის?

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ რეგულაციისა და ინოვაციის ისეთი კომბინაციაა, რომელიც მომხმარებელში ნდობას აჩენს. ჰეშბანკი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ იგივე მაღალი სტანდარტებით, როგორც ტრადიციული ბანკები, თუმცა ბევრად უფრო თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით.

უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა დაცულობის ხარისხს არა მხოლოდ ციფრული აქტივების, არამედ ტრადიციული ფიატ-მიმართულებითაც ზრდის. ჩვენ შევქმენით უსაფრთხო ხიდი ამ ორ სამყაროს შორის, სადაც კრიპტოვალუტის შეძენა, შენახვა თუ გადაცვლა არა მხოლოდ საიმედო, არამედ მაქსიმალურად გამარტივებული პროცესია. ციფრული პლატფორმის ინტუიციური ინტერფეისი საშუალებას აძლევს მათაც კი, ვისაც კრიპტოაქტივებთან მუშაობის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, ყოველგვარი სირთულის გარეშე, რამდენიმე წამში განახორციელოს ნებისმიერი ოპერაცია.

საინტერესოა ჰეშბექის კონცეფცია, რომელიც ყოველი გადახდისას მომხმარებელს Bitcoin- უბრუნებს. რატომ მიიჩნევთ ამ მოდელს ტრადიციულ ქეშბექზე უფრო ეფექტურად?

ციფრული აქტივები დიდი ხანია გასცდა ექსპერიმენტირების ფაზას და თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი გახდა, შესაბამისად, ჩვენი მიზანი მომხმარებლისთვის ტრადიციული ბანკის უსაფრთხოებისა და კრიპტო-სამყაროს თავისუფლების ერთ სივრცეში გაერთიანება იყო. ჰეშბექი ქართული საბანკო სექტორისთვის სრულიად უპრეცედენტო მოდელია, რომელიც ლოიალობის ტრადიციულ აღქმას პრინციპულად ცვლის. თუ აქამდე ქეშბექი მხოლოდ დაზოგვის ან ჯილდოს ინსტრუმენტი იყო, ჩვენ შემოვედით მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტით — ინვესტირებით. მომხმარებელი ყოველი გადახდისას თანხის 2% -ს Bitcoin-ის სახით იბრუნებს, რაც მის ყოველდღიურ ხარჯს გრძელვადიან ინვესტიციად აქცევს.

ბარათის მოხმარების მაჩვენებლებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. კლიენტები Visa ჰეშბარათს თავისი ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის რეგულარულად იყენებენ, რაც ამ მიდგომის ეფექტურობას ადასტურებს. ჩვენი მიზანია, ციფრული აქტივები ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, ამიტომაც თითოეულ ახალ მომხმარებელს, ანგარიშის გახსნისას, სიმბოლურად ვჩუქნით Bitcoin-ს.  ეს არის პირველი ნაბიჯი ფინანსური თავისუფლებისა და ინვესტირების სამყაროში.

რას ნიშნავს ჰეშბანკისთვის Visa-სთან და სხვა გლობალურ სისტემებთან პარტნიორობა და რა უპირატესობას განიჭებთ ეს საერთაშორისო გადარიცხვების მიმართულებით?

Visa-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, პირველ რიგში, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის, უსაფრთხოებისა და გლობალური აღიარების დასტურია. ეს ჩვენს მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ მათი ფინანსები დაცულია მსოფლიო დონის მექანიზმებით, ხოლო Visa ჰეშბარათი შეუფერხებლად მუშაობს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. დამატებითი კომფორტისთვის, ამავე ბარათით თანხის განაღდება ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან უფასოა, რაც მომხმარებელს სრულ თავისუფლებას აძლევს.

რაც შეეხება საერთაშორისო გადარიცხვებს, ჩვენი მიზანი ფინანსური საზღვრების მაქსიმალური შემცირებაა,  Swift-ის, SEPA-სა და Mastercard Move-ის სისტემებთან ინტეგრაციამ  მოგვცა შესაძლებლობა, ბაზარზე ყველაზე კონკურენტული პირობები შეგვეთავაზებინა. გლობალურ ფინანსურ ქსელებთან ეს მჭიდრო კავშირი საშუალებას გვაძლევს, კლიენტებს მსოფლიოსთან მყისიერი, საიმედო და სრულიად ახალი ფინანსური გამოცდილება შევუქმნათ.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, კიდევ რომელი პროდუქტებია ხელმისაწვდომი თქვენს პლატფორმაზე?

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ყოველდღიურ ოპერაციებში მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას ვავითარებთ:

  • მომხმარებლებს საუკეთესო სავალუტო კურსს ვთავაზობთ წამებში, 24/7-ზე, ყოველგვარი ფარული საკომისიოს გარეშე.
  • DUO ანაბარი ბაზარზე გამორჩეული პროდუქტია, რომელიც მაღალ სარგებელსა და თანხაზე მუდმივ, შეუზღუდავ წვდომას აერთიანებს.
  • საკრედიტო მიმართულებით, 50 000 ლარამდე სესხის დამტკიცება წამებში ხდება, რაც ჩვენი სისტემის ეფექტურობის კიდევ ერთი დასტურია.

როგორია ჰეშბანკის სამომავლო სტრატეგია და სად ხედავთ ბანკს განვითარების მომდევნო ეტაპზე?

საცალო მომსახურების პარალელურად, ჩვენი სტრატეგიის შემდეგი ეტაპი  კორპორაციული მიმართულების გაძლიერებას უკავშირდება. ბაზარს სულ მალე შევთავაზებთ Visa ბიზნეს ბარათებსა და მართვის თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებს, რაც მეწარმეებისთვის ფინანსების მართვის სრულიად ახალი გამოცდილება იქნება.

ხუთწლიან პერსპექტივაში ჰეშბანკი გვესახება, როგორც ძლიერი რეგიონული ფინტექ ეკოსისტემა, რომელიც ორგანულად აკავშირებს ფინანსებს, ტექნოლოგიასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენი მოდელი სცილდება სტანდარტული ციფრული ბანკის ჩარჩოებს — ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები თავად მართავენ საკუთარ ფინანსურ თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი მისიაა, შევქმნათ ფული საზღვრების გარეშე და ვაქციოთ ფინანსების გლობალური მოძრაობა ბევრად უფრო სწრაფ, ხელმისაწვდომ, მოსახერხებელ და გამჭვირვალე პროცესად ადამიანებისა და ბიზნესებისთვის.