ფოტო: AFP
თეთრი სახლის განცხადებით, ჩინეთი აშშ-ის წუხილს იშვიათ მიწათა ელემენტების დეფიციტთან დაკავშირებით, გაითვალისწინებს. საუბარია ჩინეთიდან იშვიათი მეტალების ექსპორტის შეზღუდვების მოხსნაზე, რამაც აშშ-ის სააერონავიგაციო და ნახევარგამტარების წარმოება მნიშვნელოვნად დააზარალა.
შეგახსენებთ, გასული წლის მარტში აშშ-ის მიერ „გათავისუფლების დღის“ ტარიფების დაწესების საპასუხო ზომად, ჩინეთმა იშვიათი მეტალების შტატებში ექსპორტზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა. 2025 წლის ოქტომბერში, ბუსანის სამიტზე მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო, სადაც თეთრი სახლი აღნიშნავდა, რომ ჩინეთმა კრიტიკული მინერალების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნის პასუხისმგებლობა აიღო. თუმცა, რეალურად, იშვიათ მეტალებსა და სხვა კრიტიკულ მინერალებზე ექსპორტის კონტროლი და ლიმიტირება კვლავ ძალაში დარჩა.
როგორც ჩანს, აღნიშნულიდან ექვსი თვის თავზე, აშშ-ს კვლავ არა აქვს კონკრეტული გარანტია შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და ტრამპის ჩინეთში ვიზიტი იშვიათ მეტალებთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმებით არ დასრულებულა.
საგულისხმოა ისიც, რომ არაფერი თქმულა 2025 წლის ნოემბერში ჩინური კრიტიკული მინერალების ექსპორტზე მოხსნილი შეზღუდვების ერთწლიანი ხელშეკრულების გაგრძელებაზეც.
ჩინურ და ამერიკულ მხარეებს შორის გამართული შეხვედრების შემაჯამებელ ოქმში მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ ჩინეთი აშშ-ის წუხილს ამ საკითხთან დაკავშირებით, გაითვალისწინებს. თუმცა კონკრეტულად რა ქმედებებს განახორციელებს, ეს ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლისაგან განსხვავებით, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს საკუთარ შემაჯამებელ განცხადებაში იშვიათ მიწათა მეტალების საკითხი საერთოდ არ უხსენებია.















