სხვა ხედვა

სხვა ხედვა

– იდეალისტი ხართ?

– მიზნები ყოველთვის მაღალი უნდა დაისახო, მაგრამ მიწაზე მყარად უნდა იდგე.

“ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” ბაზარზე ნამდვილად მყარად დგას. 300 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია; დაახლოებით 20 მილიონ დოლარზე მეტი – საქართველოს ბიუჯეტში; დაახლოებით 7 ათასამდე დაფინანსებული კომპანია; მნიშვნელოვანი წვლილი 200-მდე კომპანიის და 7 სტრატეგიული დარგის ზრდასა და განვითარებაში; 1 მილიონ ლარამდე – ქველმოქმედებისთვის – ეს არის 12-წლიანი მუშაობის გადმოსახედიდან დღეს კომპანიის მთავარი სტატისტიკა. არადა, ყველაფერი 2002 წელს, ერთ ოთახში და სამი დამფუძნებლით დაიწყო. აიეტ კუკავას ამბიცია მაშინაც და დღესაც ისეთ დარგებში ინვესტირებაა, რომელთა განვითარებაც მთლიანად ქვეყნისთვის იქნებოდა სარგებლის მომტანი.

აიეტ კუკავამ კარიერა ბანკში მუშაობით დაიწყო. მალე მიხვდა, რომ მხოლოდ რისკების თვლა და გადაზღვევა მისი საქმე არ იყო. ანტრეპრენიორულმა მისწრაფებებმა თავისი გაიტანეს და როცა ბიზნესში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, ბანკში მიღებული გამოცდილებაც გამოადგა: თავიდანვე დივერსიფიცირება არჩია. ამ მიზნისთვის ჰოლდინგის სტრუქტურა ზედგამოჭრილი იყო: ზუსტად იცოდა, რომ წარმატების მისაღწევად ჰოლდინგში საკუთარი საფინანსო ინსტიტუტი აუცილებლად უნდა ჰქონოდა.

ასე დაარსდა “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” – ქართველი, ამერიკელი და ევროპელი აქციონერების მიერ. ის დღეს საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მართავს დივერსიფიცირებულ აქტივებსა და კომპანიებს საფინანსო და საკონსულტაციო სექტორში.

დაარსებიდან დღემდე, “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” თანამშრომლობს ისეთი დარგების წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა: საბანკო-საფინანსო, მომსახურება, კომუნიკაციები, გადაზიდვები, ვაჭრობა, ჯანდაცვა, ენერგეტიკა.

დღეს კომპანიისთვის პრიორიტეტია მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე და ტექნოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობა.

ჰოლდინგი რამდენიმე ბიზნესმიმართულებას აერთიანებს. ესენია: ბიზნესინფორმაციის კომპანია “ბია” (ბიზნესინფორმაციის სააგენტო); სალიზინგო კომპანია “ალიანს ჯგუფი ლიზინგი”; შერწყმებისა და შესყიდვების (M&A – Mergers & Acquisitions) საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია “ალიანს ჯგუფი კაპიტალი”; უძრავი ქონების კომპანია “რეა”, რომლის მიზანია უძრავი ქონების მართვა, შეფასება და კონსულტაცია; “ალიანს ენერჯი”, განახლებად ენერგიებში ინვესტირებისა და მართვის კომპანია და სულ ახალი პროექტი – ფინური საერთაშორისო სკოლა, რომელიც მოსწავლეებს დაწყებით კლასებში მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღებს.

ჰოლდინგში ამ ეტაპზე 130 ადამიანია დასაქმებული.

აიეტ კუკავას კაპიტალის ბაზარი დღეს ისეთივე დარგად მიაჩნია, როგორც თავის დროზე ის დარგები, საიდანაც თავიდანვე დიდ მოგებას არ ელოდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ხედავდა – ისეთების, შთამომავლობა რომ დაუფასებს, მათ განვითარებაში მონაწილეობა რომ მიიღო. მისი შეფასებით, “ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს” ბაზარზე სხვა კომპანიებისგან სწორედ განვითარების ეს გრძელვადიანი ხედვა გამოარჩევს. დღეს მტკიცედ სჯერა, რომ ქვეყანაში დაფინანსების სხვა წყაროებიც უნდა არსებობდეს – არა მხოლოდ კომერციული ბანკები და არა მხოლოდ – კრედიტი.

რატომ?

28 წელი გავიდა უკვე და ქვეყანა დაფინანსების მხოლოდ ერთ წყაროზე – საბანკო სფეროზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მის ზედამხედველად ეროვნული ბანკი რჩება როგორც ერთადერთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ინსტიტუტი. აქ წარმატებულმა, პროფესიონალმა კადრებმაც მოიყარეს თავი. საფინანსო ბაზარზე აზრს ყველა ეროვნულ ბანკს ეკითხება, თუმცა საფინანსო ბაზარი მხოლოდ კომერციული ბანკები არაა. ეროვნული ბანკი კი ყველა ქვეყანაში სწორედ კომერციული ბანკების სიჯანსაღის გარანტორად ითვლება: როცა ბანკებს კრიზისი უდგათ, მოსახლეობა მთავრობას სთხოვს პასუხს, მღელვარება იწყება, არეულობა კი არავის უნდა. ეს რომ არ მოხდეს, ეროვნული ბანკი უნდა იყოს მკაცრი და პრევენციაზე ორიენტირებული, როგორც ეს ჩვენს ქვეყანაშია. მაგრამ რადგან ეროვნული ბანკი საქართველოში მხოლოდ კომერციული ბანკების მარეგულირებლად კი არა (როგორც ეს მსოფლიო პრაქტიკაშია მიღებული), არამედ მთლიანად საფინანსო ბაზრის რეგულატორად ითვლება, მათ შორის, მიკროსაფინანსო სექტორისა და კაპიტალის ბაზრის ჩათვლით – მისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია კაპიტალის ბაზრის განვითარება. შედეგად, კერძო სექტორი ჩვენთან მხოლოდ კომერციულ ბანკებსა და მათ კრედიტებზეა დამოკიდებული.

მაგრამ სად არიან ჩვენს ბაზარზე იმ რაოდენობით ინვესტორები იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზრები განვითარდეს? მე უფრო მომხმარებლებს ვხედავ ამ ბაზარზე.

კარგი კითხვაა, თუმცა კაპიტალის ბაზრის ძირითად მოთამაშეებად ამ ეტაპზე საერთაშორისო ინვესტორებს მივიჩნევთ. ქვეყანაში მათ მოსაზიდად,  გამართული კაპიტალის ბაზრები ყველაზე ეფექტიანი და მოკლე გზაა. ინვესტორებს, რომლებიც საკუთარი სახსრების დივერსიფიცირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, შეუძლიათ ერთი ტელეფონის ზარით და ადგილობრივი ბროკერების მეშვეობით რამდენიმე ათეული მილიონი ჩადონ ამ ქვეყანაში. მათ ამისთვის აქ ყოფნაც კი არ დასჭირდებათ. ამით ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორიც უმჯობესდება, რადგან ინვესტორის მხრიდან ქართული პერსპექტიული კომპანიების აქციების ყიდვის შემთხვევაში, შემოსული თანხა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ჩაითვლება. ამას კი თანამედროვე ნოუ-ჰაუ მოჰყვება, ტექნოლოგიები, ცოდნა – და ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში რჩება.

ზრდის თუ არა კაპიტალის ბაზრის განვითარება კონკურენციას კომერციული ბანკებისთვის?

შეიძლება ვიღაცამ ირიბად ასეც ჩათვალოს, თუმცა კომერციული ბანკების კონკურენტად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს კაპიტალის ბაზრის განვითარება, როცა ბანკი დაკრედიტებაზე უარს ამბობს და, შესაბამისად, ბიზნესს აქვს შესაძლებლობა, სხვა წყაროებიდან მოიზიდოს საჭირო სახსრები. ეს არჩევანი კერძო სექტორს უნდა გააჩნდეს.

რეალურად კაპიტალის ბაზრის განვითარება ზრდის საბანკო სექტორის აქტივებს, საოპერაციო შემოსავლებს, კომპანიების საბანკო ბრუნვებს, ამასთან ამცირებს რისკებს. ბაზრის ყველა მონაწილე ბანკი დიდ სარგებელს ნახავს, რადგან მათივე კლიენტები ბანკისთვის რისკის გარეშე მოიზიდავენ გაცილებით მეტ ფინანსურ რესურსს. ამასთან კომერციული ბანკები კაპიტალის ბაზრების მნიშვნელოვანი კლიენტები არიან, ვინაიდან ბანკებს სჭირდებათ ფონდირების დივერსიფიცირებული წყაროები, რასაც მათ კაპიტალის ბაზარი აწვდის სხვადასხვა სახის ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით.

მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტო “მუდისის” ბოლო ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში საბანკო სექტორი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგები, რომ მთლიან ეკონომიკასთან შედარებით საბანკო წილი ძალიან მაღალია და უკვე რისკებს ქმნის, რაც ზღუდავს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის მომატების შესაძლებლობებს. რეიტინგის მომატება კი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამით ქვეყანაში ორ უმნიშვნელოვანეს ეფექტს მივიღებთ: 1. შემცირდება შიდა და გარე მოზიდული ფონდების, კრედიტების ხარჯი, ანუ ქვეყნიდან ნაკლები ფული გავა საფინანსო ხარჯებში. 2. სუვერენული საინვესტიციო რეიტინგის მიღწევით ქვეყანა გადავა საინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნების კატეგორიაში, რასაც მრავალი დადებითი ძვრა მოჰყვება, ეს კი პირდაპირ მოახდენს პოზიტიურ გავლენას ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.

აქ უმნიშვნელოვანესია, რომ  კაპიტალის ბაზრების მარეგულირებელი ეროვნულ ბანკს გამოეყოს და გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ კაპიტალის ბაზრის წესები და რეგულაციები გამჭვირვალე იყოს, მოსახლეობა კი დეტალურად ინფორმირებული შესაძლო რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ. ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც მიმდინარეობდეს ინტენსიური მუშაობა, უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე. ფაქტობრივად, ეროვნული ბანკი და კაპიტალის ბაზრების მარეგულირებელი თვისებრივად და ფუნქციონალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და საბოლოო ჯამში თავიანთ სფეროში საქმიანობით ეკონომიკისთვის ღირებულებას ქმნიან. შესაბამისად, დღევანდელ დღეს ეს სტრუქტურა ეროვნული ბანკის ქვეშ რატომ უნდა იყოს?

ქვეყანაში გრძელი ფული არ არისო, სულ ეს არგუმენტი გვესმის…

სინამდვილეში განათლება არ არის და არა – გრძელი ფული. ქართველები ძალიან აზარტულები არიან: მიიხედ-მოიხედეთ, რამდენი ადამიანი თამაშობს კაზინოში და ვირტუალურ სივრცეში ონლაინ ტოტალიზატორებზე. მათ შეუძლიათ ეს ფული კაპიტალის ბაზარზე დააბანდონ ათობით სხვადასხვა დარგისა და პროფილის კომპანიაში და აქტიურად მიადევნონ თვალი, რომელი დარგები და კომპანიები არიან უფრო საინტერესო მოკლევადიანი სპეკულაციური თუ გრძელვადიანი ინვესტირებისათვის. ამით მეტი ფული მოხმარდება ეკონომიკის ზრდასაც.

რა გზებით? საპენსიო რეფორმით, რომლის ირგვლივაც ძალიან დიდი კამათი მიმდინარეობს?

ეს ნაბიჯები ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ უნდა გადაიდგას. ყველას ესმის, რომ თუ მისი ფული რამდენიმე კომპანიაზე ნაწილდება, დაცულია და უფრო მოგებიანი, ვიდრე, როდესაც ერთ დეპოზიტზე დევს, რომელიც რეალურად ინფლაციით გამოწვეულ ზარალსაც ვერ აკომპენსირებს. აქ მნიშვნელოვანია მაქსიმალური გამჭვირვალობა, გათვითცნობიერებულობა – საპენსიო ფონდის მონაწილეებმა დეტალურად უნდა იცოდნენ, სად მიდის მათი ფული რა რისკის ფასად და რა შემოსავალი მოაქვს ამ ფულს.

რეგულირებული თუ თავისუფალი ბაზარი?

ცალსახად თავისუფალი ბაზარი, სადაც თავისუფალი კონკურენციის წესები დაცულია, რაც იწვევს დარგის გაძლიერებას, მომხმარებლის მომსახურების ხარისხის ზრდას, სახელმწიფოს ნაკლებ ინტერვენციას, საერთაშორისო დონეზე დარგის კონკურენტუნარიანობის ზრდას. 

რა გავლენა გაქვთ თქვენ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელს იმ პროცესებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესსფეროში ხდება?

ჩვენ ბიზნესში ვართ 2002 წლიდან, 15 წელზე მეტია უკვე და დავრწმუნდით, რომ თუ მართლა მოინდომებ, ყველაფერი შეგიძლია შეცვალო. “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” ბიზნესხედვა იმ დარგების განვითარებას გულისხმობს, რაც ქვეყანას დაეხმარება, შექმნას უფრო ძლიერი და ღირებული ეკონომიკა, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი, აითვისოს მეტი საექსპორტო ბაზარი და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს მსოფლიო ეკონომიკაში. ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ინვესტიციების მოსაზიდად კაპიტალის ბაზრების და ვენჩურული კაპიტალის ხელშეწყობაა აუცილებელი.

მაგალითად, საკრედიტო ბიურო მაშინ შევქმენით, როცა არავის სჯეროდა, რომ ბანკები საკუთარი კლიენტების შესახებ ინფორმაციას გაცვლიდნენ – ჩვენი ძალისხმევით, ინფორმაციაც გაცვალეს, ამ ეფექტიან პლატფორმაში ფულიც გადაიხადეს და, რა თქმა უნდა, მეტი სარგებელიც ნახეს. მეტი გამჭვირვალობის პირობებში, რაც კლიენტების მომსახურების ეფექტიანობასა და ხარისხის ამაღლებაშიც გამოჩნდა. ყოფილ დსთ-ის სივრცეში პირველი საკრედიტო ბიურო საქართველოში ოთხ წამყვან ბანკთან ერთად დავაფუძნეთ: წლების წინ საკრედიტო ბიუროს შექმნა იყო ძალიან რთული, მაგრამ ქვეყნის საბანკო-საფინანსო სფეროს განვითარებისთვის – უმნიშვნელოვანესი მოვლენა. შემდეგ ყაზახეთშიც გავიტანეთ ეს პროექტი ექსპორტზე და იქ ბიუროს დაფუძნებაში მონაწილეობა ბაზრის 11-მა უმსხვილესმა ბანკმა მიიღო. პრეზიდენტმა ნაზარბაევმა სპეციალური დადგენილებაც კი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ამ საკრედიტო ბიუროდან მიღებული ანგარიშის გარეშე ვერც ერთი საკრედიტო ტრანზაქცია ვერ შესრულდებოდა.

ამას გარდა, დარგის მოთამაშეებთან თანამშრომლობით რამდენიმე ასოციაცია შევქმენით. მიკროსაფინანსო ასოციაცია, სადაც ბაზრის 80% შეიკრიბა – ძირითადად, კლასიკური მიკროსაფინანსო კომპანიები, რომელთა პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაა. ორგანიზაცია უკვე ძლიერ ასოციაციად ჩამოყალიბდა და დარგისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნის. თუმცა დღეს უკვე პრიორიტეტები იცვლება, ჩვენ სამი წლის წინ პორტფელი გავყიდეთ და მიკროსაფინანსო დარგიდან გავედით.

ლიზინგის ასოციაციაც დავაფუძნეთ, რომელიც ძალიან აქტიურია. ფაქტია, რომ ჩვენ და ჩვენმა კონკურენტმა სალიზინგო კომპანიებმა, USAID-თან ერთად, სალიზინგო დარგის განვითარების ხელშემწყობი კანონის ცვლილება დავაფინანსეთ. USAID-ის დახმარებით მოვიწვიეთ ლიზინგის დარგის ის აღიარებული საერთაშორისო ექსპერტები, ვინც ბრაზილიის, ჩინეთის, პოლონეთის სალიზინგო დარგის კანონმდებლობა შექმნა თავის დროზე. ამით ძალიან დიდი ღირებულებაც შევქმენით არა მხოლოდ ჩვენთვის – მთელი ქვეყნისთვისაც. ეკონომიკაში მიღებულია, რომ ლიზინგის დარგის განვითარება პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე.

ენერგეტიკის დარგშიც ბევრი სამუშაო გავწიეთ. გარე ინვესტორებისათვის მრავალ ფორუმზე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ასათვისებელ პოტენციალზე გვქონდა მოხსენებები. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა საკუთარი ენერგია გაქვს, წარმოება საგრძნობლად წახალისდება – ამიტომ ეს სტრატეგიული მიმართულება იყო ჩვენთვის. ჩამოვიყვანეთ ერთ-ერთი უდიდესი კერძო ფონდი, რომელმაც ჩვენი რჩევით საქართველოში, განახლებად ენერგიებში საინვესტიციოდ $ 100-მილიონიანი ფონდი დააარსა.

ქვეყნის პოტენციალის ხაზგასმას იმდენად ხშირად და ეფექტიანად ვახდენთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, რომ უცხოელი პარტნიორები ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენი ჰოლდინგი არის საქართველოს საინვესტიციო ელჩი საზღვარგარეთ, ხოლო როდესაც საქართველოში ვიწვევთ მათ “ბიას” საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში,  თითოეული მათგანი საქართველოს საუკეთესო მასპინძელ ქვეყანად აღიარებს და ამიტომაც ჩვენს ქვეყანაში არაერთი მასშტაბური საინვესტიციო ღონისძიება ტარდება.

ყოველთვის შეგიძლია შეცვალო გარემო, თუ სწორ პოზიციონირებას შეძლებ – და ეს შესაძლებელია მწირი რესურსებითაც. ჩვენ სწორედ ეს შევძელით: დიდი კომპანიები შემოვიყვანეთ საქართველოს ბაზარზე, რომლებმაც ასეულობით მილიონიანი ინვესტიციები განახორციელეს და გარკვეული დარგები მნიშვნელოვნად განავითარეს და გარდაქმნეს.

მაგალითად?

ნაწილი კონფიდენციალურია, თუმცა მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ “თბილავიამშენი”, რომელსაც 2005 წელს იმ დროისათვის ჩვენი ქვეყნისთვის დიდი თანხა, $25 მილიონი მოვუზიდეთ. გამოცდილი და სტრატეგიული ხედვის მქონე მენეჯერის ვაჟა თორდიას ხელმძღვანელობით ამ კომპანიამ შეძლო $400 მილიონის დავალიანების გასტუმრება, რომელიც ჩვენ ქვეყანას თურქმენული გაზის სანაცვლოდ უნდა გადაეხადა, ასევე კომპანიის $ 100-მილიონიანი ვალი გაისტუმრა სახელმწიფოს წინაშე და ისეთ ძლიერ კომპანიად ჩამოყალიბდა, რომლის წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 11%-ს მიაღწია.

“კავკასუს ონლაინი”: ჩემი პარტნიორების დახმარებით სწორი ხედვის მქონე ბიზნესმენმა მამია სანადირაძემ განახორციელა ამბიციური $70-მილიონიანი პროექტი შავი ზღვის ფსკერზე კაბელის განთავსებით და საქართველოში ევროპის ინტერნეტის სიჩქარე შემოვიდა.

ვენჩურული კაპიტალის ასოციაციაც დავაფუძნეთ. ამ ასოციაციაშიც უპირველესი მიზანია დარგისთვის მნიშვნელოვანი თემების ადვოკატირება. ვცდილობთ, კანონმდებლობა და რეგულირებები გავაუმჯობესოთ, რადგან დღეს თუ დამწყებ კომპანიაში 100 ათასის ინვესტიციას მოვახდენთ და შემდეგ მას 2 მილიონად გავყიდით, სხვაობა მაღალი განაკვეთით იბეგრება. უნდა ავიღოთ აშშ-ის მაგალითი – სადაც საფუძველი ჩაეყარა ვენჩურული ფონდების და საერთოდ, კერძო კაპიტალის ბაზრის არსებობას – კანონმდებლობა ყველაზე დახვეწილია დარგის გასავითარებლად.

ვენჩურულ კაპიტალზე საუბრობთ, გისმენთ და პირველი, რაც გამახსენდა – სტარტაპებია. მათი დაფინანსება დღეს საკმაოდ მოდაშია: კერძო სექტორი, საპარტნიორო ფონდი, სულ ცოტა ხნის წინ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს – საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი დაინტერესდა სტარტაპების დაფინანსებით. კანონმდებლობის ცვლილებამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად წაახალისოს ეს პროცესი?

სასურველ შედეგს მივიღებთ, თუ სწორად მოვახდენთ სტარტაპების იდენტიფიცირებას. ჯერ კიდევ ბევრს არ ესმის, რომ ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერა უნდა იყოს პრიორიტეტი, ანუ ჩვენ მხოლოდ იმ სტარტაპებს ვეძებთ, რომელთაც აქვს პოტენციალი, გლობალური კომპანია გახდეს. როგორც დღეს – ფეისბუკია, ან თავის დროზე – სკაიპი, რომელიც პირველივე შეთავაზების დროს 4 მილიარდ დოლარად გაიყიდა. საქართველოში ზოგიერთი მთელი დარგი არაა 4 მილიარდის ღირებულების. წარმოიდგინეთ, ერთი ასეთი ტრანზაქციაც რომ განხორციელდეს და მისი ავტორი რომელიმე ქართული ინოვაციური სტარტაპი იყოს, ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან პოზიტიური მოვლენა, რაც გამოიწვევს საქართველოს ბაზრით ვენჩურული კაპიტალის ფირმების დაინტერესებას.

საქართველოში შვეიცარიული საერთაშორისო კომპანია “სიდსტარის” პარტნიორები ვართ, რომელიც 67 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მიზნად აქვს დასახული, განვითარებადი ქვეყნების ინოვაციურ კომპანიებს დაფინანსებაში დაეხმაროს. წელს საქართველოდან ინოვაციური სამედიცინო სტარტაპი წარვადგინეთ. ეს ახალგაზრდა და საკმაოდ ჭკვიანი კადრებით დაკომპლექტებული კომპანია ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის ხელთათმანის გამომგონებელია: ამ ხელთათმანის მეშვეობით დამბლის დიაგნოზის მქონე პაციენტი ხელის ამოძრავებას შეძლებს. მჯერა, ისინი დიდ წარმატებებს მიაღწევენ და კიდევ ბევრი ინოვაციური გამოგონებებით გამოიჩენენ თავს.

ზოგადად, სტარტაპების დაფინანსება ადვილი არ არის. განვითარებულ ქვეყნებშიც კი – განვითარებული ვენჩურ-კაპიტალით – ათასობით იდეიდან შეიძლება მხოლოდ ერთეულები დაფინანსდეს. და საქმე მხოლოდ ფულად ინვესტიციაზე არაა, უფრო რთულია, როცა ვენჩურული კომპანიის მენეჯერები მნიშვნელოვან დროს ახმარენ სტარტაპ-კომპანიების გუნდის გაძლიერებას, ზრდას, გამოცდილების გაზიარებას, ადამიანური რესურსი კი იმდენი არ არის, რომ ყველა საინტერესო დამწყებ კომპანიას მოხმარდეს.

დელეგირება თუ ერთპიროვნული მართვა?

ჰოლდინგის მართვა საკმაოდ რთულია. რამდენადაც დივერსიფიცირება სწორი მიდგომაა იმისთვის, რომ ბაზრის რყევებს გაუძლო და სტაბილურ განვითარებას მიაღწიო, იმდენად რთულია მისი მართვა. იყო დრო, როცა ერთდროულად ხუთ კომპანიას ვავითარებდით და, შესაბამისად, დაშვებული შეცდომებიც მრავლად გვქონდა. ცხადია, ეს მენეჯმენტისთვის დიდი დატვირთვაა, რადგან კომპანიები თავიდან პატარაა, პროფესიონალი კადრები არ გყავს, ხელფასის შეთავაზებაშიც შეზღუდული ხარ. ამიტომ გიწევს დელეგირება.

გამოწვევა ის არის, რომ გყავდეს პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი, რომ თითოეული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გუნდის მიერ კრიტიკულად გაანალიზდეს და მენეჯერისთვის სიმართლის თქმა მიღებული პრაქტიკა იყოს – ზოგჯერ თანამშრომლებს დირექტორის ისეთი რიდი აქვთ, სიმართლეს უმალავენ და ყველა ხედავს, რომ “შიშველი მეფის” – სინდრომი მოქმედებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, როცა სხვადასხვა განსხვავებულ მოსაზრებას ვისმენთ ახალგაზრდა კადრებისგან, ვაფასებთ რომ აღმოაჩინეს ისეთი რისკები, რაც გათვალისწინებული არ გვქონდა.

ამის მიუხედავად, საერთაშორისო პრაქტიკა გაჩვენებთ, რომ დღევანდელ დღეს მენეჯერმა თავისი დროის 40-50% კადრების ზრდას უნდა დაუთმოს – ანუ პრაქტიკულად თავისი დროის მხოლოდ ნახევარი რჩება კომპანიის სამართავად. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როგორ ზრდი მენეჯერებს – შენი კადრი მუდმივად ახალ, უფრო დიდ ბარიერს უნდა მისწვდეს. ასეთი მიდგომა ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ – არა, მაგრამ საბოლოო ჯამში კადრების განვითარებას ეყრება საფუძველი.

ადგილობრივი კადრების მოძიება მარტივია?

არა, პირიქით, ძალიან რთულია.

იმიტომ, რომ ბაზრის მოთხოვნასა და ამ ბაზარზე არსებულ ადამიანურ რესურსს შორის ასიმეტრიაა?

იმიტომ, რომ თვითონ ქვეყანაში, ბოლო 20 წელია, ამდენი გასაჭირის გამო, ხალხს მოკლევადიანი ხედვა აქვს – ურჩევნია დღეს, ნებისმიერ ფასად, რაღაც იშოვოს. ამიტომ კომპანიაში ადამიანი რომ მოდის, ძალიან რთულია მისი ლოიალობის განსაზღვრა. ვიღაცის ლოიალობა შეიძლება განისაზღვრებოდეს 100 ლარით, ვიღაცის – მილიონით. ყველაფერს აქვს ფასი. როცა ამას ემატება კონკურენცია, ძალიან ადვილია ბიზნესეთიკის გვერდით გადადება და მოკლევადიანი მიზნებით მოქმედება.

რას გულისხმობთ?

ჩვენ დავაფუძნეთ “მასკელთა კავშირი” – მასკის პროგრამით ამერიკაში მაგისტრატურაგავლილი ხალხის გაერთიანება. ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ქვეყანაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.

ერთმა ჩვენმა მონაწილემ ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, სტუდენტებზე  კვლევა ჩაატარა. კვლევის მთავარი კითხვა იყო – კერძო სექტორში დასაქმების პირობებში, თქვენი დამსაქმებელი კომპანიის კონკურენტმა თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, დამატებითი ანაზღაურება და პარალელური დასაქმების შესაძლებლობა რომ შემოგთავაზოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით? 80%-მა უპასუხა, რომ პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს. მეტიც, ვინც თავი შეიკავა მსგავსი პასუხის გაცემისგან, მათაც ეუბნებოდნენ, რომ მენტალიტეტის ცვლილება მოეხდინათ.

შედეგები იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ ბიზნესეთიკის მიმართულებით  გარკვეული პროგრამების დანერგვა დავიწყეთ. ამ ეტაპზე ორ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ, გვაქვს სხვადასხვა სახის წამახალისებელი ღონისძიებები. მაგ. იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ბიზნესეთიკის საგანში მაღალ ქულებს დააგროვებენ. თავიდან ბიზნესეთიკა მნიშვნელოვან საგნად არ მიაჩნდათ და ჩვენ მას დამატებითი ღირებულება შევძინეთ – არადა, ფაქტია, ერთი არაეთიკური გადაწყვეტილების მიღებით შეიძლება აწყობილი ბიზნესი ჩაძირო. ეთიკური სტანდარტი მნიშვნელოვანია ყველგან და განსაკუთრებით – ბიზნესში.

აქედან წამოვიდა ფინური სკოლის იდეაც. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ თუ ამ ღირებულებებს სკოლიდანვე არ მიაწვდი ახალ თაობას, შემდეგ უფრო რთულია მაღალი სტანდარტების დანერგვაც და მოთხოვნაც.

რატომ მაინცდამაინც ფინური მოდელი?

მთელ მსოფლიოში პირველია და იმიტომ. თუმცა, ცხადია, ეს შეფასება ფაქტად მანამ არ მიგვიღია, სანამ თავად არ დავრწმუნდით, რეალურად რას გულისხმობს ეს მოდელი. ამ სკოლის მთავარი ფილოსოფია ის არის, რომ სწავლა, განათლების მიღება, პირველ რიგში, სიამოვნებაა. ბავშვი ყველა დავალებას სკოლაშივე ამზადებს. სწავლის პერიოდში სხვადასხვა სფეროში გამოცდილ და წარმატებულ ადამიანებს ხვდება და მათგან ისმენს რეალურ ისტორიებს, ხედავს წარმატების რეალურ მაგალითებს. ეჩვევა დისციპლინას და სწავლის ჩვევას გამოიმუშავებს. მძიმე ჩანთის ზურგზე მოკიდებაც არ სჭირდება – სპეციალური, ინდივიდუალური სახელმძღვანელოების კარადა აქვს, რომელიც ბორბლებით გადაადგილდება.

სანამ ფინური სკოლის იდეა გაგვიჩნდებოდა, მანამდე უკვე გვქონდა სურვილი, ახალგაზრდებს რეალური წარმატების ისტორიების საფუძველზე შეექმნათ საკუთარი მომავალი. სწორედ ჩვენი ახალი თაობისთვის სტიმულის მიცემა გახდა საფუძველი იმისა, რომ “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” გამხდარიყო “ალექსანდრე ქართველის საზოგადოების” წევრი და აქტიური მონაწილეობა მიეღო ამ ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში. ეს ჩვენთვის საამაყო ქართველი, 40 წლის მანძილზე ამერიკის ავიაციის მთავარი ინჟინერი იყო. ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის დაჯილდოვდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედლით და არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად. ცნობილია, რომ შვეიცარიის CERNA ცენტრსა და აშშ-ს NASA-ში ბევრი ქართველი მოღვაწეობს. ასეთი მაგალითები სჭირდებათ ჩვენს ახალგაზრდებს, რომ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები, დაისახონ დიდი მიზნები და დაიპყრონ მწვერვალები.

ფინური სკოლის პროექტში ჩვენი პარტნიორია ფინური განათლების კონსორციუმი, რომელიც რამდენიმე დარგის სხვადასხვა მიმართულების კომპანიას აერთიანებს.

სკოლის დირექტორად გამოცდილ ფინელ პროფესიონალ მენეჯერს მოვიწვევთ. ადგილობრივ კადრებს, პირველ რიგში, მასწავლებლებს საწყის ეტაპზევე სპეციალური სწავლების კურსს ჩავუტარებთ, ასევე, პერიოდულად გვექნება ფინეთში სტაჟირება. მასწავლებლებისთვის ძირითადი მოთხოვნაა, რომ მაგისტრატურა უნდა ჰქონდეთ დამთავრებული, საგანი არჩეული და საინტერესო პროექტი მომზადებული.

ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ეს იქნება ნამდვილი ფინური სკოლა საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლის დამთავრებამდე ბავშვს აუცილებლად ეცოდინება, რა პროფესიას ირჩევს და რისი მიღწევა უნდა – თავისი ნიში ექნება ნაპოვნი.

სამომავლო გეგმებზე მეტი გვითხარით…

მომავალი წლის სექტემბერში გავხსნით ფინურ სკოლას. ჯერ მხოლოდ დაწყებითი კლასები იქნება, მეოთხე კლასის ჩათვლით და შემდეგ დავამატებთ.

ასევე, გვინდა, ვუმასპინძლოთ უმსხვილესი საფინანსო-სალიზინგო კონფერენცია Leaseurope-ის ჩატარებას საქართველოში. ასეთი ჯერ არათუ საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაშიც არ ჩატარებულა. ევროპაში წელიწადში ერთხელ ტარდება. 2020 წელს შანსი გვაქვს, ამ კონფერენციას ჩვენმა სალიზინგო ასოციაციამ უმასპინძლოს. ამ მიზნისთვის ჩვენი კომპანიის ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს ვიყენებთ, რადგან ყოველ ჯერზე ქვეყნის ასეთი წარმოჩენით ქართულ ბიზნესს განვითარების მეტი შესაძლებლობა უჩნდება.

მაისში “ბიას” მორიგი წლიური საინვესტიციო ფორუმი გვაქვს დაგეგმილი. ამ ფორუმზე, როგორც წესი, თავს იყრიან ინვესტორები, მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, წამყვანი აუდიტორული და იურიდიული ფირმების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოური კომპანიები. როდესაც ინვესტორი თანამიმდევრულ ინფორმაციას ისმენს საქართველოს ბიზნესგარემოს მიღწევების შესახებ არა მხოლოდ მთავრობისგან (თუმცა მთავრობის შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის), არამედ ბაზრის ყველა ძირითადი მონაწილისგან – ის რწმუნდება, რომ ღირს ამ ქვეყანაში ინვესტირება და ეს ძალიან პოზიტიური შედეგია ქვეყნისთვის.

რეგიონში პირველი კომპანია ვართ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი, შერწყმებსა და შესყიდვებზე სპეციალიზებული, მსოფლიო ქსელის წევრი გავხდით. ჩვენი ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით წელს მეცხრე ადგილზე გავიდა. ეს ქსელი 42 ქვეყნის 53 კომპანიას აერთიანებს. წინა წელს მოვიპოვეთ უფლება, ქსელის წევრების მორიგი ფორუმისთვის საქართველოში გვემასპინძლა. ეს ფორუმი სექტემბერში გაიმართება, სადაც ამ ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ 50 საინვესტიციო კომპანიას და, რა თქმა უნდა, დავანახებთ საქართველოს მიმდინარე შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.

წარმოიდგინეთ, გვაქვს წვდომა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც შეგვიძლია, ნებისმიერი ქართული კომპანიის შესახებ საინვესტიციო შეთავაზება ავტვირთოთ და ის მომენტალურად ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი პარტნიორებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ძირითადად ვცდილობთ ქართულ კომპანიებს დავეხმაროთ უცხოური სტრატეგიული ინვესტორების მოძიებაში. თუმცა ამ ეტაპზე ერთ-ერთი საინტერესო პროექტი გვაქვს: ვცდილობთ, ქართული ღვინის ბიზნესი დავაინტერესოთ ევროპაში ღვინის ქარხნის შეძენით, რომელსაც საფრანგეთში თავისი ვენახები, ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ბრენდი, ტრადიციული გასაღების ბაზარი აქვს და რომელიც არც ისე ძვირი ღირს. წარმოიდგინეთ, რამხელა შესაძლებლობა უჩნდება ქართულ კომპანიას – უცებ შეიძლება საფრანგეთში ჰქონდეს საკუთარი ბაზა, რითაც მოხდება ევროპის შუაგულში ქართული კონკურენტუნარიანი ღვინოების უფრო გაიოლებული შეღწევა.

დღეს ქართული კომპანიების გარდა საქართველოდან ვყიდით ლუქსემბურგულ, თურქულ და ავსტრალიურ კომპანიებს. თანხობრივ გამოსახულებაში კომპანიებისგან მიღებული მანდატი $800 მილიონს აჭარბებს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენი კომპანიის უნიკალურობა და მოდელი გულისხმობს ქვეყნის ცალკეული სტრატეგიული დარგების განვითარებით ბიზნესის კეთებას. ნულიდან ვქმნით, ან შევდივართ ისეთ დარგებში, რომლებიც განვითარებას საჭიროებს. თუ ვხედავთ, რომ რაღაც მიმართულებით ბაზარი კარგად მუშაობს, კლიენტები კმაყოფილები არიან – ასეთ აწყობილ, გამართულ დარგებს ჩვენ არ ვეხებით. ეს არის ჩვენი მთავარი მახასიათებელი. სწორედ ამ ფილოსოფიით შევძელით ქვეყნის შემდეგი დარგების განვითარება-ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა: მიკროსაფინანსო, სალიზინგო, ბიზნესინფორმაციის, საკრედიტო ბიურო საბანკო-საფინანსო სფეროს, M&A-ის , ენერგეტიკის. ახლა ჯერი გაზიარების ეკონომიკაზე, კაპიტალურ ბაზარზე, ვენჩურულ კაპიტალსა და კერძო ფონდებზეა.