სმარტფონების მწარმოებელი უმდიდრესი კომპანიების რეიტინგი

სმარტფონების მწარმოებელი უმდიდრესი კომპანიების რეიტინგი

თანამედროვე სამყაროში სმარტფონზე მუდმივად მზარდი მოთხოვნის შედეგად, მათი მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს უმდიდრესი ფირმების რიგებში ირიცხებიან. ყოველწლიურად მილიარდზე მეტი სმარტფონი იყიდება, მიმდინარე თაობა კი მუდმივად უახლესი ფუნქციების ძიებაშია. გამოცემა The Richest-მა წმინდა ღირებულებით, სმარტფონების მწარმოებელი უმდიდრესი კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც Apple-ი მოექცა. რეიტინგში Apple-ი ერთადერთი კომპანიაა, რომლის წმინდა საბაზრო კაპიტალიზაცია ტრილიონს აღემატება.

Apple – წმინდა ღირებულება $2.5 ტრილიონი

კალიფორნიაში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია სმარტფონების ბაზარზე 2007 წელს, iPhone-ის გამოშვებით შევიდა. iPhone-მა მისი ინოვაციური დიზაინით, სენსორული ინტერფეისით და განვითარებული შესაძლებლობებით, მობილური ტელეფონების ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. მიმდინარე წელს კომპანია ახალ მოდელებს, iPhone 15 Pro-სა და Pro Max-ს გამოუშვებს, რომელთაც, გავრცელებული ხმებით, გაზრდილი ოპერაციული მეხსიერება და 3x გადაცემის სიჩქარე ექნება. ცნობისთვის, iPhone-ის ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი, $48.5 მილიონად შეფასებული Falcon Supernova iPhone 6 Pink Diamond-ია.

Samsung Electronics – $341.35 მილიარდი

სამხრეთკორეული კომპანია სმარტფონების ფართო არჩევანითაა ცნობილი, მათ შორის ყველაზე პოპულარული Galaxy-სერიაა. Samsung-ს სმარტფონების გლობალური ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უკავია და Apple-ის მთავარ კონკურენტად განიხილება. Galaxy-ის ხაზის სმარტფონებს გამოარჩევს უახლესი ტექნოლოგია, ძლიერი სამუშაო რეჟიმი და ინოვაციური ფუნქციები. Samsung-ის გამორჩეულ მოდელებს შორისაა Galaxy S20 და უახლესი Galaxy S21.

Huawei Technologies – $154.18 მილიარდი

ჩინური კომპანია სმარტფონების ბაზარზე 2000-იანი წლების დასასრულს გამოჩნდა და მსოფლიოში სმარტფონების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის სტატუსი მოიპოვა. Huawei განსაკუთრებით ძლიერი ბაზრით ჩინეთში გამოირჩევა, თუმცა სხვა ქვეყნებშიც განაგრძობს განვითარებას. Huawei-ს წამყვან მოდელებს შორისაა Huawei Mate-სა და Huawei P-სერიის სმარტფონები. ცნობისთვის, Huawei-ის მოდელები ოპერაციულ სისტემა HarmonyOS-ზე მუშაობს.

Sony Corporation – $122.03 მილიარდი

იაპონური კონგლომერატი სმარტფონების ბაზარზე 2010 წელს, Xperia-სერიის მოდელების გამოშვებით გამოჩნდა, რომელიც შემდგომში ბრენდის ძირითადი ხაზი გახდა. Sony Xperia-ს სმარტფონები ცნობილია თავისი დახვეწილი დიზაინით, მაღალი ხარისხის ეკრანებითა და კამერის წამყვანი ტექნოლოგიებით.

Xiaomi Corporation – $37.76 მილიარდი

ჩინური ელექტრონული კომპანია Xiaomi Corporation-ი სმარტფონების ინდუსტრიაში საკმაოდ სწრაფად ვითარდება. განსაკუთრებით დიდი პოპულარობა ბრენდმა მომხმარებლისთვის ფუნქციებით მდიდარი და ხელმისაწვდომი საფასო კატეგორიის მოდელების შეთავაზებით მოიპოვა. სხვა ბრენდებთან კონკურენტული ფუნქციებითა და ხელმისაწვდომი ღირებულებით, Xiaomi-ის მოდელები ყველაზე მეტად ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებზე იყიდება. ფირმის ცნობილ მოდელებს შორისაა Xiaomi Mi-სერიები, Redmi-სერია და Poco მოდელები.

LG Electronics – $15.64 მილიარდი

რეიტინგში კიდევ ერთი სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics-ია. LG-ის სმარტფონებმა აღიარება მათი უნიკალური დიზაინის, ინოვაციური მახასიათებლებისა და მაღალი ხარისხის დისპლეის წყალობით მოიპოვეს. სმარტფონების ბაზარზე სამხრეთკორეული კომპანია LG Wing-ის, LG Velvet-ისა და LG V-სერიებითაა წარმოდგენილი.

Lenovo – $11.8 მილიარდი

Lenovo სმარტფონების ბაზარზე 2012 წელს, მას შემდეგ წარდგა, რაც მომხმარებელთა საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად, სმარტფონების მრავალფეროვანი კატალოგი შეიმუშავა. ჩინური კომპანია სმარტფონების მიმართულებით 2014 წელს, Motorola Mobility-ის შეძენითაც გაფართოვდა. Lenovo-ს პოპულარულ სმარტფონებს შორისაა Lenovo Moto G-სერია და Lenovo Legion Phone-ი.

Oppo Electronics – $1.5 მილიარდი

2004 წელს დაარსებული Oppo Electronics-ი სამომხმარებლო ელექტრონიკისა და მობილური კომუნიკაციის კომპანიაა, რომელიც სმარტფონების მიმართულებით რამდენიმე ქვეყანაში ვითარდება. Oppo ცნობილია თავისი ინოვაციური მახასიათებლებითა და დახვეწილი დიზაინით, განსაკუთრებული აქცენტი კი კამერის ტექნოლოგიებსა და ფოტოგრაფიის შესაძლებლობებზეა გაკეთებული. ძირითადად Oppo-ს სმარტფონები Android-ის ოპერაციულ სისტემაზე დაფუძნებულ მომხმარებელზე მორგებულ ინტერფეისზე, ColorOS-ზე მუშაობს.