Coca-Cola-სა და Microsoft-ს შორის $1.1-მილიარდიანი გარიგება შედგა

Coca-Cola-სა და Microsoft-ს შორის $1.1-მილიარდიანი გარიგება შედგა

ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Microsoft-სა და Coca-Cola-ს შორის ხუთი წლის ვადით ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მოცულობაც $1.1 მილიარდია. გარიგების ფარგლებში, Coca-Cola კომპანიის ღრუბლოვანი გამოთვლისა და ხელოვნური ინტელექტის სერვისებს გამოიყენებს.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების პირობებით, კომპანიები ექსპერიმენტებს ერთობლივი ძალებით, Azure OpenAI-ის საშუალებით ჩაატარებენ. სერვისი იყენებს ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ის ტექნოლოგიას და მომხმარებელს აძლევს საშუალებას, შექმნან ჩატბოტები და სხვა AI-სერვისები, რომლებიც Microsoft-ის Azure-ს ქლაუდ-გამოთვლებით იმართება. თავის მხრივ, Microsoft-ი OpenAI-ის უმსხვილესი ინვესტორიცაა.

Coca-Cola-მ Microsoft-ის ღრუბლოვანი და ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ 5-წლიან კონტრაქტს ხელი 2020 წელსაც მოაწერა. იმ დროს ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტსა და Coca-Cola-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება $250 მილიონი იყო.

კომპანიების განცხადებით, სასმელების მწარმოებელი კომპანია Microsoft-ის Copilot-ის გამოცდას გეგმავს – პროდუქტიულობის ზრდისთვის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს შესაძლებლობების შესამოწმებლად. Copilot-ი AI-ასისტენტია, რომელიც ელფოსტის ხანგრძლივი მიმოწერების შეჯამებისა და ბიზნესპრეზენტაციების შექმნისთვის გამოიყენება.

Copilot-ის გარდა, სასმელების მწარმოებელი კომპანია ბიზნესოპერაციებში Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის, Dynamics 365-ის ჩართვასაც გეგმავს. Dynamics 365 გაყიდვებში გამოიყენება და Salesforce-ის კონკურენტია.