SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ბანკი საუკეთესოდ დაასახელა

SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ბანკი საუკეთესოდ დაასახელა

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია. ამ მიმართულებით ბანკმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო. SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ბანკი საუკეთესოდ დაასახელა.

საინფორმაციო და ანალიტიკურმა სააგენტომ SME Banking Agency-მ, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბიზნეს ინტერნეტ ბანკების საერთაშორისო რეიტინგი წარმოადგინა. პრეზენტაცია მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო კლუბის წევრების ექსპერტთა საბჭოს ფარგლებში გაიმართა. ბანკების რეიტინგი ყოველწლიური კვლევის Business Online Banking 2023-ის შედეგების მიხედვით მომზადდა.

კვლევის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტოს ექსპერტებმა 120 კრიტერიუმის გათვალისწინებით  სხვადასხვა ქვეყნის 50 ბანკი შეაფასეს. კვლევის შედეგებით,  SME Banking Agency-ს მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბიზნესის ტოპ 20 საუკეთესო ინტერნეტ ბანკი განისაზღვრა. ტოპ 20-ში საქართველოს ბანკი მეორე ადგილს იკავებს.

ასევე, თითოეულ ქვეყანაში გამოვლინდა ტოპ 3 ონლაინ ბანკი ბიზნესისთვის. აღნიშნულ კატეგორიაში საქართველოს ბანკმა ყველაზე მაღალი – 395 ქულა დააგროვა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტოს მიერ საუკეთესო ბიზნეს ინტერნეტ ბანკად დასახელება, რადგან ეს ნიშნავს, იყო რეგიონში პირველი საიმედო პარტნიორი, რომელიც ბიზნესისთვის მუდმივად ქმნის ინოვაციურ და საჭირო პროდუქტებს. აღსანიშნავია, რომ ჯილდო, ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ მისწრაფებას, ჩვენს მომხმარებლებს ციფრულ ეკოსისტემაში უფრო მეტი და მეტი პროდუქტი და სერვისი შევთავაზოთ და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი, ცირა ლოლაძე.

ინფორმაციისთვის, „ტოპ 20 საუკეთესო ინტერნეტ ბანკი ბიზნესისთვის“ სიაში მოხვდნენ: პრივატ ბანკი (უკრაინა), საქართველოს ბანკი (საქართველო), Halyk Bank (ყაზახეთი), პაშა ბანკი (აზერბაიჯანი), MBANK (KB ყირგიზეთი) და სხვა.

SME Banking Club არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ბიზნეს ბანკირებს ინფორმაციის, ანალიტიკისა და გამოცდილების გაცვლისთვის. ის სწავლობს, თუ როგორ ვითარდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებელთა მომსახურების ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური ბაზრები.