სომხეთში ვაქცინაციასთან დაკავშირებულმა ახალმა კანონმა მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია

სომხეთში ვაქცინაციასთან დაკავშირებულმა ახალმა კანონმა მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია

JAM news-ის ცნობით, სომხეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი კანონმდებლობა დამსაქმებლებს ავალდებულებს, თანამშრომლებისგან კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ორ კვირაში ერთხელ PCR  ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოითხოვონ. ახალი კანონი ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევა და არ შეეხება ადამიანებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვაქცინაციას ვერ ახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ კანონი ვრცელდება მხოლოდ საჯარო მოხელეებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე. თუმცა  სიტყვიერად ახალ წესდებაზე საუბრისას ოფიციალური პირები ზოგადად ყველა სფეროს დამსაქმებელს ეხებიან, რაც საზოგადოებაში გაურკვევლობას იწვევს. თავის მხრივ, კანონმდებლობის მიხედვით, ვაქცინაციასა და პერიოდულად PCR ტესტის გაკეთებას შორის არჩევანს ყველა ინდივიდუალურად გააკეთებს, თუმცა ისინი ვალდებულნი იქნებიან, ამ ორიდან ერთ-ერთი დოკუმენტი მაინც წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურში არ დაიშვებიან.

საჯარო მოხელეების შესახებ კანონის თანახმად, დასაქმებული PCR ტესტის ან ვაქცინაციის სერტიფიკატის გარეშე სამუშაო ადგილზე არ დაიშვება. სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა კი უფლებამოსილების შეწყვეტის ან თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია. დასაქმებულს თანამდებობის დატოვება იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ ზედიზედ 30 დღეზე მეტი, ან ბოლო 12 თვის განმავლობაში 50 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ შეასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.

სომხეთის მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ არ ენდობა რამდენიმე თვის წინ შექმნილ ვაქცინებს, თუმცა მათ არც $60-ის დახარჯვა სურთ ერთ თვეში სამსახურში წარსადგენი PCR ტესტისთვის. მოსახლეობის პოზიციაა, რომ თუ  ახალ კანონს მათი ჯანმრთელობის დაცვის არგუმენტით შემოიღებენ, მაშინ მთავრობამ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი, ტესტირება კი უფასო უნდა გახადოს.

გარდა ამისა, ბევრი შეშფოთებას ე.წ. „გამონაკლისების სიის“ გამოც გამოთქვამს, რომელიც მოიცავს რიგ მაღალჩინოსნებს: ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერს, ეროვნული ასამბლეის დეპუტატებს, ქალაქისა და სოფლის ლიდერებსა და სახალხო დამცველს. თუმცა იუსტიციის სამინისტრომ ამ სიასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩამონათვალში შედიან ის პირები, რომლებიც არჩევით თანამდებობას იკავებენ ან დანიშნულნი არიან კონსტიტუციური პროცესების შესაბამისად. ასევე ის პირები, რომლებიც, სტატუსიდან და თანამდებობიდან გამომდინარე, უმაღლესი ორგანოს დაქვემდებარებაში არ არიან ან რომელთაც რეალურად არ ჰყავთ თანამდებობის პირი, რომელიც მათ თანამდებობაზე დანიშვნას ან პირიქით, გათავისუფლებას არეგულირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *