მას შემდეგ, რაც ევროპისკენ სწრაფვა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა, ავლაპარაკდით ევროპულ ფასეულობებზე, ევროპულ სტანდარტებზე – იქნება ეს გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები, თუ ადამიანის უფლებები. თუმცა იშიათად ვლაპარაკობთ ევროპელების, უფრო სწორად, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების წესებსა და მათ სიკეთეზე. ამ შემთხვევაში ვარჯიშის კულტურას ვგულისხმობ. დატვირთული დღის ბოლოს სავარჯიშო დარბაზებიდან სპორტულად ჩაცმული ადამიანების სიმცირეს ნამდვილად უჩივის ჩვენი ქვეყანა. დიახ, ევროპა ცხოვრების ტემპით ბევრად წინ არის, დასაქმებულობის ინდექსიც მაღალი აქვს. პოპულარულად რომ ვთქვათ, ძიძის მომსახურებაც კი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოში, მაგრამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რეგულარულად ვარჯიშს მაინც ახერხებს. განვითარებულ ქვეყნებში აშკარად თვალში საცემია პარკებში და სანაპიროებზე მორბენალი ადამიანების სიმრავლე, ფიტნესის დარბაზები ყოველი ფეხის ნაბიჯზე და სპორტულად გამოწყობილი ადამიანების ნაკადი სამუშაო დღის ბოლოს… რატომ არ არის საქართველოში ვარჯიში პოპულარული? რომელი კუთხით შევხედოთ ამ საკითხს? არის ეს აღზრდის შეცდომა, თუ ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესის არასწორი მარკეტინგის, გემოვნების თავისებურებისა თუ ეკონომიკური სიდუხჭირის ბრალი?
როგორ იმკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესი საზოგადოებაში ფეხს? ამ კულტურის ჩამოყალიბებაში ბევრი ფაქტორი მონაწილეობს: ეკონომიკური თუ სოციალური. თითქოს მოდაც კი ახდენს ამ კუთხით საზოგადოებაზე ზეგავლენას – მოდური სპორტის სახეობებიც კი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი თავგამოდებით მისდევს მოდის ტენდენციებს, ამ მოდას საქართველოში ფეხის მოკიდება გაუჭირდა. მაგალითად, არცთუ ისე ხშირად ნახავთ ქალს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოდური სპორტით, კრივით რომ იყოს დაინტერესებული. საცურაო აუზების მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი მხოლოდ რუჯის მოყვარულებით შემოიფარგლება. დიახ, ხშირად ლამაზ კუნთს კარგი რუჯით ანაცვლებენ. ყველაფერი მაინც, ალბათ, აღზრდით იწყება და პირველი კენჭი ისევ განათლების სფეროსკენ უნდა გადავაგდოთ. როგორია განათლების სფეროს სტრატეგია ამ მიმართულებით? აქვს თუ არა მას ჩამოყალიბებული ხედვა და ანიჭებს თუ არა განსაკუთრებულ მნიშვნელობას მოზარდის ფიზიკურ აღზრდას? მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოც კი გვქონია და 2014 წელს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტიც შეგვიქმნია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მუშაობას მოიცავს (1. სპორტული ინფრასტრუქტურა; 2. სასპორტო განათლება და მეცნიერება; 3. საკანონმდებლო ცვლილებები), დღევანდელობა მოწმობს, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა არასახარბიელოა. დღეს საქართველოში ვერ ნახავთ სკოლას, სადაც სპორტია წახალისებული. ვერ ნახავთ უნივერსიტეტს, სადაც მნიშვნელოვანი დრო და ადგილი უკავია სპორტულ კლუბებსა და შეჯიბრებებს. ქუჩის სპორტული ინფრასტრუქტურა თითქმის განადგურებულია, არ არსებობს ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების სოციალური რეკლამაც კი. მოკლედ რომ ვთქვათ, სახელმწიფო ამ მიმართულებით ქმედითი არ არის.
როგოც ვთქვით, ყველაფერი აღზრდით იწყება. როდის იწყება არასწორი აღზრდა ამ მიმართულებით და სად ვუშვებთ შეცდომას? თითქოს ტრადიციულად ისე დამკვიდრდა, რომ, ბავშვი წამოიზრდება თუ არა, მისთვის სპორტის სახეობა შერჩეული გვაქვს. დიდი ენთუზიაზმით ვაწყებინებთ სპორტზე სიარულს, თუმცა ეს ენთუზიაზმი ქრება მაშინვე, როგორც კი მწვრთნელი გვეტყვის, რომ ჩვენი შვილისგან სპორტსმენი არ დადგება. ვთვლით, რომ სპორტზე ბავშვი მხოლოდ იმიტომ დადის, რომ პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს? ან მწვრთნელი რატომ ითხოვს ყველა დაინტერესებული ბავშვისგან, დიდი სპორტსმენი დადგეს, გაუგებარია. აქ იწყება ფიზიკური ვარჯიშისგან პირველი გაუცხოება და გაუცნობიერებელი პროტესტი. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მშობელმა ჯერ კიდევ ვერ გამიჯნა პროფესიული სპორტი რეგულარული უბრალო ვარჯიშისგან.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში დასაქმებული ბიზნესის მიდგომა და ხედვა. უდავოდ, მათი ინტერესის სფეროა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და რეკლამა. დღევანდელ სარეკლამო ბაზარს თუ გადავავლებთ თვალს, სავარჯიშო დარბაზების სარეკლამო რგოლების მოძებნა გაგვიჭირდება. მოიკოჭლებს ინფრასტრუქტურაც. დღეს საქართველოს ქალაქებში ძირითადად მხოლოდ ფეშენებელური დარბაზები არსებობს, რომელთა ფასი 150 ლარიდან 350 ლარამდეა. ოჯახის ოთხმა წევრმა რომ ივარჯიშოს, საშუალოდ 600 ლარია საჭირო, რაც, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ ძვირია. დედაქალაქში არსებული არც ერთი დარბაზი არ მუშაობს სრული დატვირთვით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მარკეტინგული სვლებით ადამიანების მიჩვევას იშვიათად ცდილობენ. მაგალითად, დააინტერესონ კლუბის წევრი ახალი წევრის მიყვანით, თითქმის არ არსებობს შეთავაზებები ოჯახისთვის. ასევე ძალიან იშვიათია საშუალო სეგმენტზე გათვლილი ინფრასტრუქტურაც. ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ, მარკეტინგული ხრიკი უამრავია, რაც თანამედროვე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. ბიზნესის წარმატების დიდი წილი სწორად გათვლილ მარკეტინგზე მოდის. აქაც მხოლოდ ერთგვაროვანი მიდგომაა: ერთი დარბაზიდან მეორეში გადაიბირონ ვარჯიშის მსურველები. რაც შეეხება აქტიურ პროპაგანდას, აქციონ ვარჯიში ადამიანების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, მოიზიდონ ახალი თაობა, გახადონ თვალსაჩინო ის ფაქტი, რომ ვარჯიში ახალგაზრდობის და ლამაზი სხეულის შენარჩუნების ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა, ანუ თავად შეუწყონ ხელი ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას, ჯერჯერობით რთულ ამოცანად გვესახება და ამ მიმართულებით ბიზნესი პასიურობს.
უცნაურია, რომ, ადამიანები, ვისაც თავის მოსავლელად მატერიალური საშუალებაც აქვს, დროც და სურვილიც, სულაც არ თვლის ვარჯიშს აუცილებლობად. რას ნიშნავს ქართულ რეალობაში თავის მოვლა? ადამიანების ის ნაწილი, რომელიც არ იშურებს თანხას იმისთვის, რომ მუდმივად ჰქონდეს წესრიგში თმა, წამწამი, დროულად გაიკეთოს ბოტოქსი, მეზოთერაპია, არასოდეს ფიქრობს, რომ ტანიც მისია და ტანის მოვლის საუკეთესო საშუალება ნებისმიერი სახის ვარჯიშია. დიახ, აქ მხედველობაში მაქვს ვარჯიში არა როგორც უბრალოდ ჯანმრთელობის, არამედ ახალგაზრდობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება. ამ შემთხვევაში ის უალტერნატივოა და ვერანაირი პლასტიკური თერაპია ვერ შეედრება. დაჭიმული კუნთი და მოწესრიგებული სისხლის მიმოქცევა, ნივთიერებათა ცვლა უზრუნველყოფს ორგანიზმის ახალგაზრდულ იერს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანებს, რომლებიც დროსა და თანხას არ იშურებენ სახის მოვლისთვის, სრულიად არ ადარდებთ ტანი… რომ აღარაფერი ვთქვათ ემოციურ განტვირთვასა და სტრესის მოხსნაზე.
დღევანდელ საქართველოში ვარჯიში არ არის ადამიანის ცხოვრების განუყრელი ნაწილი, ეს ფაქტიც ჩვენი “ქართველობის” ნაწილია და სწორედ ამიტომ, დილით ორი კილომეტრის გარბენა, რომელსაც “ორშაბათიდან” ვიწყებთ, ქართველისთვის გმირობის ტოლფასია. ისე ძალით არის მოსული მის ცხოვრებაში, რომ დიდხანს ვერ ძლებს.
მიუხედავად მიზეზებისა, რომლებიც ყველგან შეიძლება მოვძებნოთ, ძირითადი პასუხისმგებლობა მაინც სახელმწიფოსა და განათლების სისტემას ეკისრება, რადგან ადამიანებს ძირითადი უნარ–ჩვევები სწორედ ადრეულ ასაკში უყალიბდებათ. დროულად განვითარებულ სწორ უნარ–ჩვევებზე ადვილად ვერ ამბობ უარს. ჯანმრთელობაა, სულიერი გაწონასწორებულობაა, ახალგაზრდობაა, სიხალისეა, სიგამხდრეა, რაც გინდათ დაარქვით, ოღონდ ეს ცხოვრების წესად ვაქციოთ. მეც მინდა, დავინახო პარკები ყურსასმენებიანი მორბენალი გოგოებით და ბიჭებით სავსე, ფიტნესისთვის გამოწყობილი ადამიანების ნაკადი ქალაქის ქუჩებში – ჯანსაღი აზროვნება აქედან იწყება.