მაისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 249 მილიონი ლარით გაიზარდა

მაისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 249 მილიონი ლარით გაიზარდა

2018 წლის მაისში წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 157 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 18 მლნ დოლარით გაიზარდა. ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული უცხოური ვალუტით სესხები 92 მლნ ლარით გაიზარდა. პირველი ივნისის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 23.1 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. აქედან, 10.4 მილიარდი ლარშია გაცემული.

მაისში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 59 მლნ ლარით შემცირდა. შემცირება ლარში გაცემული სესხების კლებითაა განპირობებული, რაზეც ახალმა საბანკო რეგულაციებმა იქონია გავლენა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.5 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 445 მლნ დოლარით. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 54.9%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 58.9% იყო.

მაისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 32 მლნ ლარით გაიზარდა და 410 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.8%-ია, რაც დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის პირველ ივნისს 2.4% იყო.

2018 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 0.1% პუნქტით გაიზარდა და 16% შეადგინა. უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი მაისში განაკვეთი 0.4% პუნქტით გაიზარდა და 8.4% შეადგინა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *