მისი შექმნის იდეა 1950-იანი წლების მიწურულს გაჩნდა, როდესაც შვედეთში კულტურული ბუმი დაიწყო. სტოკჰოლმის მეტრო გთავაზობთ 110-კილომეტრიან მოგზაურობას ევროპული ხელოვნების 50-წლიან ისტორიაში.
თოთხმეტი კუნძულის ქვეშ, რომელთა ერთიანობაც სტოკჰოლმს ქმნის, მსოფლიოს ყველაზე გრძელი ხელოვნების ექსპოზიცია არის განლაგებული. ექსპოზიცია სათავეს იღებს ქალაქის ცენტრში მდებარე T-Centralen-ში და მიჰყვება ქალაქის გარშემო მატარებლის 110-კილომეტრიან მარშრუტს. სტოკჰოლმის მეტრო გთავაზობთ ევროპის ხელოვნების 50-წლიანი ისტორიის ანალებში უწყვეტ მოგზაურობას.
სტოკჰოლმის მეტრო, იქ წარმოდგენილი ფერწერის, ორნამენტების, სკულპტურისა და მოზაიკის მეშვეობით, გამოხატავს ყველაფერს – პოლიტიკური მღელვარებით დაწყებული და პოსტმოდერნიზმით დამთავრებული. ამავდროულად, მეტრო ასახავს ქალაქის დიდი ხნის გატაცებას მიწისქვეშეთით. ბოლოს და ბოლოს, სტოკჰოლმი ხომ სწორედ ის ქალაქია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ღრმად მდებარე სასტუმრო ააშენა მიწის ქვეშ 500 ფუტის სიღრმეში ძველი ვერცხლის მაღაროს ბნელ გვირაბებში.
მეტროში ხელოვნების ნიმუშების შექმნის იდეა სათავეს იღებს მე-19 საუკუნის ბოლოს დაწყებული დებატებიდან. ბევრს მიაჩნდა, რომ ხელოვნება ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო უფრო ფართო საზოგადოებისათვის, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ შვედეთის ელიტისათვის ბუტიკის სალონებში წარმოდგენილი კულტურა ყოფილიყო.
ეს იდეა რეალობად 1950-იანი წლების მიწურულს იქცა, როდესაც შვედეთში Folkhemmet-ის (ხალხის სახლი) ახალი პოლიტიკური იდეოლოგია დამკვიდრდა, რომელსაც სათავეში შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია ედგა. მაშინ, როდესაც ევროპის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ცდილობდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, შვედეთის ნეიტრალიტეტისა და მაღალი საშემოსავლო გადასახადების წყალობით, სოციალ-დემოკრატებს უხვად ჰქონდათ ფინანსები თავიანთი იდეებისა და ხედვების განსახორციელებლად. პირველად შვედეთის ისტორიაში, Folkhemmet-მა შემოიღო ნაციონალიზებული საყოველთაო ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა და ქვეყანაში კულტურული ბუმის ინსპირირება მოახდინა.
“სოციალ-დემოკრატებს მიაჩნდათ, რომ ხელოვნება არ უნდა ყოფილიყო იზოლირებული, არამედ სტოკჰოლმის ნაწილად უნდა ქცეულიყო, – ამბობს მოქანდაკე ბირგიტა მური, რომელსაც 2002 წელს Högdalen-ის სადგურზე მუშაობა ჰქონდა დავალებული. – იმ დროს სტოკჰოლმი ფართოვდებოდა, ხალხი გარეუბნებში მიდიოდა სამუშაოდ. აუცილებელი იყო ქალაქთან დამაკავშირებელი მეტროს სისტემის შექმნა და ამავდროულად ხელისუფლებას სურდა, რომ ხელოვნება ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. შემოღებულ იქნა ერთგვარი ლატარია, სადაც ნებისმიერს შეეძლო
მოეგო ცნობილი მხატვრის ნამუშევრების კოლექცია ხელმისაწვდომ ფასად. T-Centralen-ის სადგურისათვის საუკეთესო მხატვრებისა და მოქანდაკეების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა”.
მსგავსი პროექტი ოცი წლით ადრე მოსკოვის მეტროში განხორციელდა. მოსკოვის მეტროსაგან განსხვავებით, სადაც სტალინის რუსეთის პატივსაცემად იმპერიული დეკორატიული ხელოვნება იქმნებოდა, სტოკჰოლმის მეტროს სადგურების შთაგონებად მინიმალისტური და აბსტრაქტული ნამუშევრები იქცა, რომლებიც სულ უფრო აქტუალური ხდებოდა პარიზსა და ნიუ-იორკში.
ავტორებს შორის იყო ფერმწერი და მოქანდაკე სირი დერკერტი – შვედეთის ქალთა მემარცხენე ასოციაციის (Svenska Kvinnors Vänsterförbund) ყოფილი ლიდერი. 1960-იანი წლების დასაწყისში სირი დერკერტს Östermalmstorg-ის სადგურზე მუშაობა დაევალა. ატომური თავდასხმის შემთხვევაში ეს სადგური თავშესაფრად უნდა ქცეულიყო. ცივი ომის დაძაბულობამ პიკს 1962 წელს, კუბის სარაკეტო კრიზისის დროს მიაღწია და, შესაბამისად, ამგვარი თავდასხმის შესაძლებლობა სავსებით რეალური იყო.
მშვიდობის, ქალთა უფლებებისა და გარემოს დაცვის აქტივისტმა – სირი დერკერტმა გადაწყვიტა თავის ნამუშევრებში საკუთარი მესიჯი ჩაედო. Östermalmstorg-ის კედლებზე უხვად არის ცემენტის კედელში ჩაბურღული ნახშირით შესრულებული ნახატები, რომელთა შექმნისთვის გამოიყენეს სპეციალური სენდ-ბლასტინგის სახელით ცნობილი ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიის წყალობით, მიწიდან 100 ფუტის სიღრმეში განთავსებულ ნახატებს თითქმის ლუმინისცენციური ბზინვარება აქვთ. ნახატებზე ნაჩვენებია ისტორიის მანძილზე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილი ქალები: მაგალითად, ბრიტანელი მწერალი ვირჯინია ვოლფი და მათემატიკოსი იპატია, რომელიც ანტიკურ საბერძნეთში ფილოსოფიასა და ასტრონომიას ასწავლიდა. ნახატებს შორის მონაცვლეობით მოჩანს სიტყვები საფრანგეთის რევოლუციური ჰიმნ La Marseillaise-დან.
1970-იანი წლების დასაწყისში მეტროს ახალი ხაზი შეიქმნა, რომელიც უფრო მეტად აგრესიული და რადიკალური ხელოვნებით იყო აღსავსე. Solna Centrum-ის მღვიმის ფორმის სადგურის ჭერი სისხლივით წითელი ღამის ცას ჰგავს, ხოლო თითქმის 1 კილომეტრი სიგრძის კედლები კონტრასტული მწვანე ფერის ნაძვების ტყეა. მისი ავტორები ანდერს ებერგი და კარლ-ოლავ ბიორკი არიან. 1975 წელს შესრულებული ეს თითქმის დემონური ლანდშაფტი სტოკჰოლმის მეტროს ყველაზე ღირსშესანიშნავ და განთქმულ გამოსახულებად იქცა. ეს იყო იმ დროს შვედეთში მიმდინარე ტყის გაჩეხისა და სოფლებში მოსახლეობის კლების წინააღმდეგ მიმართული სოციალური პროტესტის გამოვლენა.
“1970-იან წლების შვედეთში ხელოვნება ძალიან პოლიტიზებული იყო – ამბობს ფრედრიკ ლანდეგრენი, რომელმაც დაახლოებით ათი წლის წინ Fruängen-ის სადგური მოხატა. – თუკი თქვენი ხელოვნების უკან რაიმე ძლიერი მესიჯი არ იყო ჩადებული, მაშინ მეტროში მუშაობის შანსი თითქმის ნულის ტოლი გახლდათ. ვფიქრობ, რომ მაშინ მთელ ევროპაში ასეთივე მიდგომა იყო ხელოვნების მიმართ. ეს ყველაფერი 1980-იან წლებში შეიცვალა, როდესაც ინდივიდუალიზმი და მოგვიანებით – პოსტმოდერნიზმი უფრო აქტუალური გახდა”.
1990-იან წლებში აქცენტი დავიწყებული მეტროსადგურების განახლებასა და გაუმჯობესებაზე გადაიტანეს. ამ სადგურებში ჯერ კიდევ არ იყო ხელოვნება. როდესაც მურმა მონაწილეობა მიიღო Högdalen-ის სადგურისათვის ქანდაკების შექმნის კონკურსში, იგი გაოცებული დარჩა იმით, რომ ეს სადგური ესოდენ იზოლირებული იყო.
“Högdalen-ი არის გარე სადგური, რომლის ერთ მხარეს დიდი პარკი, ხოლო მეორე მხარეს მთავარი გზატკეცილია განლაგებული, – ამბობს მური. – თუ არ ჩავთვლით პიკის საათს, ეს არის ძალიან ქარიანი და მარტოსული ადგილი. ღამის საათებში მეტროს სადგურები საკმად მოღუშულად გამოიყურება და არასასიამოვნო შეგრძნებებს ბადებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, სადგურის პლატფორმა ბრინჯაოსფერი ტიტებით გამეხალისებინა. მათი დიზაინი ისე არის შექმნილი, თითქოს ეს ტიტებიც თქვენთან ერთად მატარებლის მოსვლას ელიან. იმედი მქონდა, რომ ეს მცენარე ღიმილს მოჰგვრიდა იმ ადამიანებს, ვინც ამ სადგურზე მატარებელს ელოდა, თუნდაც ეს ღიმილი მხოლოდ წამიერი ყოფილიყო”.
მურის მსგავსად, ფრედრიკ ლანდეგრენიც გატაცებული იყო იმ იდეით, რომ მატარებლის მომლოდინე მგზავრებისათვის თბილი გარემო შეექმნა. Fruängen-ის სადგურის გაფორმების თავდაპირველი შთაგონება მას თავისი სახლის სამზარეულოში ეწვია. “ვიდრე იქ დავიწყებდი მუშაობას, ეს იყო მთლიანად ნაცრისფერი, საშინელი მეტროს სადგური. ამ დროს ვუყურებდი სამზარეულოს მაგიდაზე გადაფარებულ ქსოვილს და მივხვდი, რომ მასზე გამოსახული ორნამენტები სახლისა და უსაფრთხო გარემოს ემოციებს იწვევდნენ. ამიტომაც გადავწყვიტე ამ ნათელი ნახატებით მუშაობა”.
სტოკჰოლმის მეტროში წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა იმ ეპოქის ნიშნებს ატარებდა და უკვე მოძველებული იყო. ამიტომ ფრედრიკ ლანდეგრენმა ისეთი ნამუშევრის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც არ დაძველდებოდა და მგზავრებში სიახლოვის განცდას გააჩენდა.
“სამი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ შემექმნა ეს რვა მოზაიკა, რომლებიც მთელ სადგურზე არის წარმოდგენილი. თითოეული მოზაიკა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს, ფაზას გამოხატავს, – ამბობს ფრედრიკ ლანდეგრენი. – ჩემი ნამუშევრის სახელწოდებაა ‘ჩვენი ცხოვრების სახეები’. მინდოდა, რომ ადამიანებს ამ მოზაიკების დახმარებით გაევლოთ ცხოვრების გზა: ახალგაზრდებს პატარა ბავშვში საკუთარი თავი ამოეცნოთ, ხოლო უფრო ასაკში შესულებს კიდევ ერთხელ დაენახათ საკუთარი თავი ახალგაზრდობაში. ამ მოზაიკათაგან არც ერთს არა აქვს საკუთარი სახელი. მე მინდოდა, რომ მათზე ასახულ სახეებს თავად გადმოეცათ სათქმელი”.
ფრედრიკ ლანდეგრენს ეს სახეები შთააგონა მისი ოჯახის წევრებმა და სცენებმა ისეთი ფილმებიდან, როგორიც არის, მაგალითად, “მადამ ბოვარი”. მოზაიკებზე ასახულია ჩვილი, პატარა ბავშვი, ახალგაზრდა წყვილი, 30 წლის მამაკაცი, განქორწინების პირას მყოფი წყვილი და ბოლოს მოხუცი ქალბატონი. “მისი სახე ერთდროულად თავმდაბლობითა და სიბრძნით აღსავსეა, თან ცოტათი სევდიანიც არის”.
გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში შვედეთში ბევრი შემოქმედი გახდა ცნობილი მეტროში შესრულებული თავისი ნამუშევრების წყალობით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დროს ძალზე ცოტა ახალი სადგური შენდება, ეს ვეებერთელა ექსპოზიცია შედარებით ნელა ვითარდება. თანდათანობით ძველ ნამუშევრებს ახალი ანაცვლებს და ზოგან ახალ ნამუშევრებს ამატებენ.
სტოკჰოლმის მეტროს Hasselby Strand-ის სადგურზე მოქანდაკე კრისტიან პარტოსის შექმნილი ფუტურისტული ტრანსპორტის საშუალებები მომავალ საუკუნეებში გასეირნებას გვიქადის. “ეს ცოტაოდენ მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრია, – იცინის მოქანდაკე. – მე წარმოვიდგინე ისეთი სატრანსპორტო სისტემა, სადაც სადგურზე მისვლისთანავე ტელეპორტირება შეიძლებოდა. მოზაიკების გამოყენებით შევქმენი სცენარი, სადაც თავდაპირველი ცდები ხვლიკებისა და სხვა ცხოველების გამოყენებით არ გაამართლებს და ისინი კედლებზე დროის მახეში გაბმული რჩებიან”.
ფრედრიკ ლანდეგრენი ამბობს, რომ სტოკჰოლმის მეტროს უნიკალურობა ნაწილობრივ იმ ახალი იდეების ნაკადის დამსახურებაა, რომელიც ყოველ ახალ თაობას თან მოაქვს.
“მე ახლა 57 წლის ვარ, ხოლო Fruängen-ის სადგურზე შესრულებული ჩემი ნამუშევარი ათი წლისაა. “ათწლეულების გასვლასთან ერთად ახალი აზრები და მათი გამოხატვის ახალი საშუალებები ჩნდება. თავი იჩინა ბევრმა ახალგაზრდა შემოქმედმა, რომელთა ნამუშევრებიც ძალზე განსხვავდება ჩემი თაობის არტისტების შემოქმედებისგან. სტოკჰოლმის მეტროს ხიბლი ის გახლავთ, რომ შეგიძლია დაიწყო სულ თავიდან – T-Centralen-ის სადგურიდან – და გააგრძელო მოგზაურობა დროში, რათა ნახო, როგორ ვითარდებოდა ხელოვნება. ეს არის შვედეთის ხელოვნების ისტორიაში დროის მანქანით მოგზაურობა. თითქმის იგივეა, კარგი ღვინის ამოცნობა ისწავლო”.