„ვალენტინობას“ მარტოხელა მოგზაურებისთვის საუკეთესო ქალაქები

„ვალენტინობას“ მარტოხელა მოგზაურებისთვის საუკეთესო ქალაქები

ტუროპერატორ Overseas Adventure Travel-ისა და Solo Traveler-ის უახლესი კვლევის მონაწილეთა 68% დამოუკიდებელ მოგზაურად იდენტიფიცირდება. მარტო მოგზაურობის მოყვარულები ხშირად წყნარ ადგილებს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა არანაკლებ პოპულარული ხმაურიანი და სხვადასხვა აქტივობით დატვირთული ქალაქებია. Euronews-ის ანგარიშით, ევროპის კონტინენტზე რამდენიმე ქალაქი გამორჩეულად მიმზიდველია მარტო მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით კი – ვალენტინობის დღესასწაულზე.

ვალენტინობის დღესასწაულზე მარტო მოგზაურობისთვის საუკეთესო მიმართულებების ჩამონათვალს შორის საფრანგეთის დედაქალაქი პირველ ადგილზეა. პარიზს წყვილებისთვის რომანტიკული დატვირთვა აქვს, თუმცა არანაკლებ საინტერესო სამოგზაურო გამოცდილებას სთავაზობს მარტოხელებსაც. სენის გასწვრივ სეირნობით დაწყებული, Musée d’Orsay-ის ხელოვნების მუზეუმითა და „ოპერა გარნიეთი“ დასრულებული, ქალაქი გამორჩეულია როგორც ელეგანტურობის, ასევე კულტურული მხარის გამო. რაც შეეხება გასტრონომიული ტურიზმის მოყვარულებს, მათ პარიზი ფრანგულ კრეპებსა და სენის მახლობლად La Tour d’Argen-ის რესტორანს სთავაზობს.

ამსტერდამი ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა მეორე ნახევრის საპოვნელად. ნიდერლანდების დედაქალაქი დატვირთულია კულტურული ღონისძიებებით, კრეატიული კაფეებით, სამხატვრო გალერეებითა და მუზეუმებით. ტურისტებში პოპულარულ ადგილებს შორისაა ანა ფრანკის სახლი და ვან გოგის მუზეუმი. ამსტერდამში მრავლადაა ბარები და გასართობი სივრცეები ადამიანების გასაცნობად.

პიცის სამშობლო ნეაპოლი განსაკუთრებით მიმზიდველი გასტრონომიული მოგზაურობის მოყვარულთათვისაა. თუმცა ქალაქი არანაკლებ საინტერესოა თავისი ისტორიითა და ურბანული არქიტექტურით. ისტორიული ცენტრის ლაბირინთებად ქცეული ქუჩები თავიანთი ღია ბაზრებით, უძველესი ეკლესიებითა და პიაცებით, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორისაა შესული. პომპეისა და ჰერკულანუმის ფასდაუდებელი არტეფაქტები კი ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმშია დაცული. ანგარიში ნეაპოლური პიცის გასასინჯად Sorbillo-ს რესტორანს, ხოლო ლიმონჩელოსთვის Spritz-ს უწევს რეკომენდაციას.

ჰელსინკი მოგზაურებს სკანდინავიური შარმისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების გარდა, გარე აუზებსა და საუნებს სთავაზობს. თუმცა ბალტიის ზღვის პირას სოლო-საუნებთან და დიდ სანაპირო ტერასებთან ერთად, ქალაქი სოციალური აქტივობების სიმრავლითაც გამოირჩევა. ჰელსინკის აღმოსავლეთ რაიონში, კალიოში,  მოხალისეების მიერ ყოველწლიურად იმართება დღესასწაული, რომელიც მთელ უბანს საცეკვაო აქტივობებით ავსებს.

კატალონიის ფერად დედაქალაქს არქიტექტურული მრავალფეროვნება და საშოპინგო ადგილები გამოარჩევს. ბარსელონაში მრავლადაა დიზაინერული ბუტიკები, ძვირად ღირებული ბრენდული მაღაზიები Passeig de Gràcia-ში და გარე ბაზრობები ქალაქის სხვადასხვა უბანში. ხელოვნების მოყვარული მარტოხელა  მოგზაურებისთვის, და არამარტო, ბარსელონა განსაკუთრებით პოპულარულია ანტონიო გაუდის არქიტექტურის, მათ შორის Sagrada Família-ს გამო. კათოლიკური ეკლესია გაუდის ყველაზე ცნობილი ქმნილებაა  – მას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მიღებული.