ტურიზმი პანდემიამდელ დონეს უბრუნდება: სად როდის სჯობს მოგზაურობა?

ტურიზმი პანდემიამდელ დონეს უბრუნდება: სად როდის სჯობს მოგზაურობა?

ექსპერტების შეფასებით, 2024 წელს გლობალური ტურიზმი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდება და, შესაბამისად, პოპულარული მიმართულებებიც ბევრად უფრო ხალხმრავალი გახდება. თუმცა ისეთი ქალაქებისთვისაც კი, როგორიც პარიზი და რომია, არსებობს პერიოდები, როდესაც ისინი ტურისტებით ნაკლებად დატვირთულია და მოგზაურობაც შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება.

2023 წლის განმავლობაში ტურისტული მაჩვენებლები მუდმივად იზრდებოდა. UNWTO-ს მსოფლიო ტურიზმის ბარომეტრის მიხედვით, გასული წლის ბოლოს, ტურისტთა რაოდენობამ პანდემიამდელი დონის 88%-ს მიაღწია, რასაც ხელი ჩინეთის მიერ საზღვრების გახსნამაც შეუწყო. გაეროს „მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის“ მონაცემებით, 2024 წლის დასასრულს, მოგზაურობა პანდემიამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდება, მიუხედავად ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების, უპრეცედენტო რაოდენობის არჩევნებისა და ეკონომიკური გაურკვევლობისა.

1980-2019 წლებში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა წლიური 277 მილიონიდან, 2019 წლისთვის, წლიურ 1.5 მილიარდამდე გაიზარდა. 2003 წლის SARS-ის ვირუსსა და 2009 წლის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისსაც კი არ ჰქონია ისეთი გავლენა საერთაშორისო ტურიზმის შემცირებაზე, როგორიც კოვიდპანდემიას ჰქონდა.

პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, კოვიდის შემდგომაც, კომპანიათა ნაწილმა დისტანციური ან ჰიბრიდული მუშაობის პრაქტიკა აითვისა. შედეგად, გაიზარდა არასეზონურ პერიოდში მოგზაურობათა რიცხვიც, რადგან ადამიანებს ახლა უკვე მოგზაურობის პერიოდშიც აქვთ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.

The Washington Post-ის შეფასებით, ყველაზე კარგი პერიოდი რომში სტუმრობისთვის თებერვლიდან მარტამდე პერიოდია – როდესაც დეკემბრის დატვირთული სადღესასწაულო სეზონი დასრულებულია და სანამ აპრილში ყველაფერი განახლდება. ამინდი სასიამოვნოა, ფრენების დაჯავშნის საიტ Skyscanner-ის მონაცემებით კი, აშშ-ისა და იტალიის დედაქალაქს შორის ავიაბილეთების ფასი ყველაზე დაბალია. გამოცემის რეკომენდაციით, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, ერთ-ერთი ყველაზე კარგი არჩევანი მადლიერების დღეა.

2023 წელს სტამბულს 20 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. ტურისტთა დიდი რაოდენობა სტამბულს ივლის-აგვისტოს პერიოდში ირჩევს სამოგზაუროდ, სექტემბერში კი ტოვებს. შესაბამისად, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მათთვის, ვისაც შედარებით ნაკლებად დატვირთულ დროს სურს სტამბულის მონახულება სექტემბერია და ასევე მარტიც, როდესაც, Skyscanner-ის მონაცემებით, ფრენები საკმაოდ იაფია.

პარიზსა და აშშ-ს შორის ფრენების ფასი და სასტუმროების ნომრების ღირებულებაც ყველაზე დაბალი თებერვლიდან აპრილამდეა. თუმცა მათ, ვისაც მაინც პიკური ზაფხულის პერიოდში ურჩევნია მოგზაურობა, The Washington Post-ი ფრენების დასაჯავშნად საუკეთესო დროდ უახლოეს პერიოდს ურჩევს – შესაბამისად, რამდენიმე თვით ადრე, სანამ ფასები ბევრად უფრო დაბალია. ისეთი პოპულარული მიმართულებებისთვის კი, როგორიც პარიზი, ლონდონი და ნიუ-იორკია, საუკეთესო შეთავაზებების საპოვნელად თადარიგის დაჭერა მოგზაურობამდე 4-7 თვით ადრე უმჯობესია.