ცნობილი იტალიელი ოსტატის, ანტონიო სტრადივარის მიერ 1679 წელს დამზადებული ვიოლინო შესაძლოა, Christie’s-ის აუქციონზე 11 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდოს. აუქციონი 7 ივლისს, ლონდონში გაიმართება.
ინსტრუმენტს, რომელიც ორნამენტებითა და სპილოს ძვლით არის გაფორმებული, ანტონიო სტრადივარი დამზადებიდან 55 წლის განმავლობაში ინახავდა. ოსტატმა ის 1734 წელს ინგლისელ სამუელ ჰელიერს 40 გირვანქა სტერლინგად მიჰყიდა.
სტრადივარის ვიოლინოები დახვეწილი ოსტატობით არის შექმნილი. Christie’s -ის სააუქციონო სახლის წარმომადგენლების თქმით, მათი ღირებულება 8-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს.
„დაახლოებით 1100 ინსტრუმენტიდან, რომლებიც სტრადივარიმ სიცოცხლის განმავლობაში შექმნა, მხოლოდ ათზე ოდნავ მეტია შემკული დეკორაციებით და ამ კონკრეტულ ნიმუშს, სმიტსონის მუზეუმის კურატორები, ყველაზე კარგად შემონახულად მიიჩნევენ“, – ნათქვამია Christie’s -ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2011 წელს ლონდონში გამართულ აუქციონზე ანტონიო სტრადივარის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ვიოლინო ინსტრუმენტებისთვის რეკორდულ ფასად, 15.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.