თავისი „ახალგაზრდობა“ VIMEO-მ იმის მცდელობებს შეალია, რომ Netflix-ისა და რეკლამებისგან თავისუფალი
YouTube-ის უცნაური კომბინაცია ყოფილიყო. ბიზნესმომხმარებელზე ფოკუსის ერთმნიშვნელოვანი
გადმოტანის შედეგად, აღმასრულებელმა დირექტორმა ანჯალი სუდმა
თითქმის მივიწყებული ბრენდი $6-მილიარდიან ბლოკბასტერ ბიზნესად გადააქცია,
რომელიც პატარა მაღაზიებსა და უზარმაზარ კორპორაციებს მილიონობით ვიდეოს გადაღების, მონტაჟისა
და ინტერნეტის ყველაზე გავლენიან საიტებზე დაპოსტვის საშუალებას აძლევს.
შვიდი წლის წინ Vimeo-ს ჰოლივუდური ოცნებები ჰქონდა. ბარი დილერის IAC-ის მფლობელობაში არსებული ინტერნეტვიდეოების პორტალი იმ არაკომერციული კინომწარმოებლების ნამუშევართა განმთავსებლის ნიშს იკავებდა, რომლებსაც არ სურდათ, თავიანთი ვიდეოები YouTube-ის თავაშვებულ, რეკლამით გაჯერებულ მორევში ჩაეყარათ. მაგრამ ეს წაგებიანი ბიზნესი იყო, $40 მილიონამდე წლიური ბრუნვით. Vimeo იმედებს სწრაფად მზარდ სტრიმინგ-ბიზნესზე ამყარებდა და ფსონს იმაზე დებდა, რომ შემომქმედ ხალხთან თავისი ურთიერთობის გამოყენებას შეძლებდა Netflix-ის, Amazon Prime-ისა და HBO-ს კონკურენტი სააბონენტო სერვისის შესაქმნელად. მან Paramount-იდან და Hulu-დან აღმასრულებელი პირები აიყვანა და სადისტრიბუციო შეთანხმება გააფორმა Lionsgate-თან, CBS Interactive-სა და Spike Lee-სთან ახალი სერვისისთვის კონტენტის მოსაპოვებლად.
მაგრამ 31 წლის ანჯალი სუდი, რომელიც იმ დროისთვის Vimeo-ს მარკეტინგის დირექტორი იყო, კომპანიის მომავალს არა ჰოლივუდის ჰიტებში, არამედ სილიკონ-ველის სანტექნიკაში ხედავდა. მისი გეგმა შემდეგია: ფოკუსი გართობიდან ანტრეპრენიორებზე უნდა გადავიდეს. „დიდი ხნის განმავლობაში Vimeo პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას წარმოადგენდა კინოს შემქმნელებისთვის, მაგრამ ბაზარი ძალიან პატარა იყო, – ამბობს სუდი, რომელიც ახლა 37 წლისაა. – აქვე არსებობდა ბევრად დიდი ბაზარი – ბიზნესები. რაც Squarespace-მა და GoDaddy-მ გააკეთეს ვებგვერდებისთვის, იმავეს გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ვიდეოების მხრივ”.
თავისი იდეა მან დილერის არჩეულ IAC-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯოი ლევინს შესთავაზა. „ანჯალიმ თქვა, ეს რეალური, რელევანტური ბიზნესია, რომელიც ბევრად უფრო დიდ პუბლიკას მოიცავს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენიაო, – ამბობს ლევინი. – ჩვენ გვსურს, ვიპოვოთ ჭკვიანი, ნიჭიერი, ამბიციური ადამიანები, ჩავაგდოთ ისინი ღრმა წყალში და ვნახოთ, შეძლებენ თუ არა გაცურვას“.
სუდი კი მალევე უკვე ზურგზე ცურავდა. მან Vimeo დამტვერილი რელიკვიიდან IAC-ის პორტფოლიოს საოცრებად აქცია. Vimeo-მ, რომელიც ერთ ადგილას აგვარებდა ვიდეოების გადაღების, მონტაჟის, შენახვისა და დისტრიბუციის ფუნქციას, 2020 წლის მეოთხე კვარტალში $84 მილიონის გაყიდვები აწარმოა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 54%-იანი ზრდა იყო. გასულ კვარტალში მისი გამომწერების რაოდენობა 300,000-ით – 1.5 მილიონამდე გაიზარდა, ეს კი დაახლოებით 25%-იანი მატებაა. წლიური ბრუნვა $300 მილიონის მიღწევის გზას ადგას. IAC-მ 2017 წელს დახურა სტრიმინგის განყოფილება და სუდი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე დანიშნა.
2020-ის ნოემბერში, $2.8 მილიარდად შეფასებულმა Vimeo-მ Thrive Capital-ისა და სინგაპურული სუვერენული კეთილდღეობის ფონდ GIC-ისგან $150 მილიონი მოიზიდა. სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, თითქმის $6 მილიარდად შეფასებულმა, დამატებითი $300 მილიონი მიიღო T. Rowe Price-ისა და სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Oberndorf Enterprises-გან.
მიმდინარე გაზაფხულზე IAC გეგმავს, Vimeo დამოუკიდებელ ბიზნესად აქციოს და მეწილეები დაუბეგრავად აქციებით უზრუნველყოს. 25 წლის განმავლობაში IAC-მ შექმნა, გააცოცხლა და გადაყიდა $100 მილიარდის ისეთი მარცხიანი ვებაქტივები, როგორიცაა მათ შორის ყველასთვის ცნობილი Match.com-ი, Expedia და Angie’s List-ი. სტრატეგიამ გაამართლა: 1995 წელს IACის გარიჟრაჟზე ინვესტირებული ერთი დოლარი დღეს $40-ს უდრის, რაც წლიური 16%-ის ტოლია, განსხვავებით S&P 500-ის ინდექსის 10%-იან მოგებასთან იმავე პერიოდში. „ციფრული ცხოვრებისა და მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, Vimeo ჯერ პირველ რაუნდშიც კი არაა, – ამბობს დილერი. – მას არაჩვეულებრივი პოტენციალი აქვს“.
Vimeo მორიგი spin-off-ი უნდა გახდეს. Bank of America-ს შეფასებით, ქლაუდ-პროგრამების ქაფმოდებულ ბაზარზე Vimeo-მ (რომლის მიყიდვასაც IAC Kodak-ისთვის ცდილობდა $10 მილიონით მეტ ფასად, ვიდრე ათწლეულის წინ) შესაძლოა, $10 მილიარდის შეფასებას მიუკაკუნოს, რაც მთლიანად IAC საბაზრო ღირებულების 50%-ია.
თავისი კლიენტებისთვის Vimeo ციფრული მოსავლის დამამტვერიანებელია, რომლის პროგრამული უზრუნველყოფაც საშუალებას აძლევს მათ, გაავრცელონ ვიდეოები სოციალურ მედიაში, დაგზავნონ იმეილით მარკეტინგული კამპანიები, ვებსაიტები, ციფრული გაყიდვების ადგილები და სტრიმინგ-არხები. სააბონენტო გადასახადი $7-დან იწყება საწყისი პაკეტისთვის და თვეში $20,000-მდე მატულობს დიდი საწარმო განთავსებებისთვის ისეთ ადგილებში, როგორიცაა Amazon-ი და Starbucks-ი.
იმის გამო, რომ Vimeo რეკლამებისგან თავისუფალია, მისი კონტენტი ნებადართულია სარეკლამო ვიდეოების მქონე სხვა ისეთ ადგილებში, როგორიცაა Facebook-ი, Linkedin-ი, YouTube-ი, Pinterest-ი და Twitter-ი. რეკლამების არარსებობა ასევე მნიშვნელოვანია ონლაინმოვაჭრეებისთვის: Amazon-ისთვის, Etsyსა და Shopify-სთვის. ამასთან ერთად, Vimeo-ს კორპორაციულ კლიენტებს არ უწევთ ნერვიულობა მოულოდნელი რეკლამების, მათ შორის, მათივე კონკურენტების რეკლამების გამო, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, შეიძლება, მათ ბრენდირებულ ვიდეოებში გამოჩენილიყო.
ისეთი კომპანიები, როგორიცაა Deloitte-ი, Pottery Barn-ი, Rite Aid-ი და Forbes-ი, Vimeo-ს საორიენტაციო და ტრენინგ-ვიდეოებისთვის იყენებენ, ასევე კორპორაციული ღონისძიებების ლაივსტრიმინგისთვის, რომლებიც მთელ მსოფლიოში არსებულ თანამშრომლებს შორის ვრცელდება. ამასთან ერთად, მილიონზე მეტი მცირე ბიზნესი იყენებს Vimeo-ს რეკლამის, პროდუქტების დემოებისა და საინსტრუქციო ვიდეოების გასავრცელებლად. Vimeo-მ შესაძლოა ვერ მოახერხა საკუთარი სტრიმინგ-არხის შექმნა, მაგრამ ათასობით მომხმარებელი – დამოუკიდებელი კინომწარმოებლებით დაწყებული, პილატესის ინსტრუქტორებით დამთავრებული – იყენებს მას სააბონენტო არხების შესაქმნელად ისეთ სერვისებზე, როგორიცაა Apple TV, Roku, Fire TV და Xbox-ი. „ჩვენ 16 წლის ვიდეოპლატფორმაც ვართ და სამი წლის პროგრამული სტარტაპიც“, – ამბობს სუდი.
Vimeo უბილეთო მგზავრად შეუერთდა IAC-ს, როდესაც დილერმა 2006 წელს შეისყიდა Connected Ventures-ი, მასობრივი მოხმარების კომედი-საიტის, CollegeHumor-ის მფლობელი. $30-მილიონიანი შეთანხმება მოიცავდა კომედი-სტუდიას, მის კომპანიონ მერჩენდაიზ-საიტ Busted Trees-ს და Vimeos-ს, რომელიც იყო ვებპლეიერი CollegeHumor-ის სკეტჩებისთვის. „Vimeo ჩვენ პრაქტიკულად შემთხვევით ვიყიდეთ“, – ამბობს IAC-ის ლევინი. შემდეგი ათწლეულის უმეტეს ხანს კომპანია ცდილობდა ვიზიტორებით ფულის შოვნას iTunes-ის ტიპის on-demand სერვისით, ხოლო მოგვიანებით უიღბლო სტუდიისა და სტრიმინგ-არხის საშუალებით. რეალურად არაფერი მუშაობდა. „Vimeo-ს ყოველთვის ჰქონდა იდენტობის კრიზისი, – ამბობს სუდი. ჩვენ გვქონდა არაჩვეულებრივი ბრენდი და პლატფორმა, მაგრამ რთულად დასანახი იყო, თუ როგორ უნდა გამოგვეყენებინა ის”.
სუდს, რა თქმა უნდა, Vimeo-ს გადაკეთების უნარიც ჰქონდა და კომპეტენციაც. ის იყო ორი იმიგრანტი ექიმის ქალიშვილი ფლინტში, მიჩიგანის მჭიდრო ინდურ სათვისტომოში. მას შემდეგ, რაც მისმა სკოლამ აკრედიტაცია დაკარგა, სუდმა აპლიკაციით 12 სკოლა-ინტერნატს მიმართა და საბოლოოდ მასაჩუსეტსის ელიტურ Phillips Academy Andover-ში ჩაირიცხა. ამის შემდეგ იყო ხარისხი Wharton-ში და შემდეგ რამდენიმე წელი Sagent Advisors-ის შერწყმების მოგვარება. მოგვიანებით სუდი Harvard Business School-ში სწავლობდა და მუშაობდა Amazon-ისთვის სათამაშოების შემსყიდველად და Diapers.com-ის მარკეტინგში, სანამ Vimeo-ს შეუერთდებოდა.
სამსახურის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ სუდმა შეამჩნია, რომ დოკუმენტური და არტჰაუს ფილმების გარდა Vimeo-ზე სარეკლამო კლიპები და პროდუქტების დემოებიც ქვეყნდებოდა. „აქ იყო ყველაფერი – პატარა მაღაზიებით დაწყებული, ტექნოლოგიური სტარტაპებითა და დიდი კორპორაციების მარკეტინგის დეპარტამენტებით დამთავრებული, – ამბობს ის. – ისინი იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ გარკვეულ ტრენდზე მიანიშნებდა”.
მან აღმოაჩინა, რომ ახალი კლიენტები Vimeo-ს იყენებდნენ Facebook-ზე, Twitter-ზე, Instagram-სა და თავიანთ ვებსაიტებზე მარკეტინგული ვიდეოების გამოსაქვეყნებლად. „არსებობდა მომხმარებლების უზარმაზარი ჯგუფი, რომელსაც არავინ ემსახურებოდა“. სუდის ჯგუფმა ბიზნესებისთვის შეიმუშავა ინსტრუმენტები ლოგოების ასატვირთად, შესყიდვის ღილაკების ჩასასმელად და ვიდეოების იმეილზე გადასაგზავნად. ერთწლიანი სოლიდური ზრდის შემდეგ IAC-მ სუდს ექსპერიმენტებისთვის 50 ადამიანი დაუმატა. პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესის განვითარების პარალელურად, დაიძირა Vimeo-ს კონტენტის სტუდია. შეუძლებელი იყო შეჯიბრება ისეთ გიგანტებთან, როგორიც Amazon Prime Video და Netflix-ია, რომლებიც ფილმებსა და შოუებში მილიარდებს დებდნენ.
2017 წლის ზაფხულში ლევინმა სუდს უთხრა, რომ Vimeo თავს ანებებდა სტუდიას და მთლიანად პროგრამულ უზრუნველყოფაზე გადაერთვებოდა – სუდით აღმასრულებელი დირექტორის ამპლუაში. „არასდროს მიფიქრია, რომ მე ამ პოზიციის დაკავებას შემომთავაზებდნენ, – ამბობს სუდი. – ვიკითხე, ‘ეს ხუმრობაა, ხომ?’ და მაშინვე ვეცადე, ისე მოვქცეულიყავი, ვითომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა“.
უკვე სწრაფად ზრდის პირობებში – 2019 წლის ბოლო კვარტალში ბრუნვა 27%-ით გაიზარდა – Vimeo-მ შეამჩნია, რომ პანდემიამ მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა. „ერთ ღამეში ვიდეო სასურველიდან აუცილებელ საჭიროებად გადაიქცა“, – ამბობს სუდი. მომხმარებლის უეცარ მატებასთან ერთად მან Vimeo-ს ტექნიკური და მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებები გაზარდა. დღეს კომპანიას 700 თანამშრომელი ჰყავს, აქედან ნახევარი – კვლევისა და განვითარების ხაზით, ხოლო დანარჩენი განაწილებულია გაყიდვებში, მარკეტინგსა და ტექნიკურ დახმარებაში.
ამჟამად სუდი პოსტკოვიდური ჰიბრიდული მუშაობის სამყაროსთვის ემზადება, სადაც, მისი მოლოდინით, ვიდეოს დომინირება გაიზრდება. მას სურს, ვირტუალური ღონისძიებები და შეხვედრები კიდევ უფრო ინტერაქტიული, მყუდრო და კოლაბორაციული გახადოს. Vimeo ასევე ტესტავს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ვიდეომასალას გემოვნებიან მარკეტინგულ კონტენტად დაამონტაჟებს ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა რესტორნები და უძრავი ქონება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანია დამოუკიდებელ ბიზნესად გარდაქმნასაც აპირებს. სუდი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი გააადვილებს ტალანტების მოზიდვას, შესყიდვებს, ბრენდის პოპულარიზებასა და სერვისების კორპორაციებისთვის მიყიდვას (პლუს გაამარტივებს კაპიტალზე წვდომას ისეთ ბაზარზე, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ფირმებს 40-ჯერ მეტ ღირებულებას ანიჭებს, ვიდრე მათი შემოსავალია). რაც შეეხება მარკეტინგის დირექტორობიდან აღმასრულებელი დირექტორის პოზიციამდე აღმასვლას ოთხ წელზე ნაკლებ დროში, „როგორც ქალი, დედა და ტექნოლოგიური დირექტორი, მე პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროში უნიკალური ვარ, – ამბობს სუდი. – მიხარია, რომ საშუალება მაქვს, ინდუსტრიაში ჩემი თვალთახედვა და სტილი შემოვიტანო. ეს საინტერესო იქნება“.