სწორად დავიწყებული ძველი

სწორად დავიწყებული ძველი

ბერძნულ და არა მხოლოდ ბერძნულ მითოლოგიაში არსებობს ოქროს ხანის ცნება – როდესაც სუფევდა საყოველთაო მშვიდობა, ჰარმონია და სტაბილურობა, მგელი და კრავი ერთად ძოვდნენ ბალახს და ადამიანების კეთილდღეობა პიკზე იყო. მას შემდეგ ადამიანის ცხოვრება პროგრესულად სულ უფრო და უფრო გაუარესდა და ბოლოს მივედით იქ, სადაც ვართ (ან სადაც იყვნენ ძველი ბერძნები ჰესიოდეს დროს, რომლისგანაც პირველად შევიტყვეთ ამ მითის შესახებ). შესაბამისად, კაცობრიობა მუდმივად ცდილობს, დაუბრუნდეს ოქროს ხანას, მაგრამ იმასღა ახერხებს, რომ ნოსტალგიურად და ნაღვლიანად გაიხსენოს ის.

საინტერესოა, რომ ეკონომისტების (საბედნიეროდ, მცირე) ნაწილს ასევე ჰგონია, რომ ეკონომიკურ განვითარებასაც, კერძოდ კი მონეტარულ სისტემას საკუთარი ოქროს ხანა გააჩნდა – ის მოკლე პერიოდი, დაახლოებით 1870 – 1914 წლები, როდესაც მსოფლიო მონეტარული მოწყობის ქვაკუთხედს წარმოადგენდა ე.წ. ოქროს სტანდარტი. ეს უკანასკნელი გულისხმობს ქვეყნის ფულის ერთეულში ოქროს ფიქსირებულ შემცველობას – პარიტეტს – და ქაღალდის ფულის ოქროში შეუზღუდავ კონვერტირებადობას. ასე, მაგალითად, ზემოხსენებულ პერიოდში ერთი გირვანქა სტერლინგი შეესაბამებოდა 7.32238 გრამ სუფთა ოქროს, ერთი აშშ დოლარი – 1.50463 გრამ სუფთა ოქროს და ა. შ. თავის მხრივ, ოქროს შემცველობა მკაცრად და ხისტად განსაზღვრავდა გაცვლით კურსებს სხვადასხვა ვალუტას შორის (შესაბამისად, 1 გირვანქა სტერლინგი = 4.866 აშშ დოლარი). ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ოქროს მონეტების პარალელურად მიმოქცევაში არსებული ქაღალდის ფულის შესაბამისი ოქროს მარაგი დარეზერვებული უნდა ჰქონოდა ცენტრალურ ბანკს და ნებისმიერ დროს და ნებისმიერი კერძო ან იურიდიული პირის მოთხოვნით გადაეცვალა ბანკნოტები ოქროში.

ოქროს სტანდარტის არსი იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე ზედა აბზაცი, მისი ისტორია კი გაცილებით უფრო გრძელი, ვიდრე ამ სტატიის ფორმატი გვაძლევს საშუალებას. თუმცა მათ, ვისაც ოქროს სტანდარტი პანაცეა ჰგონია, მისი სწორედ ასეთი, იდეალიზებული და კასტრირებული ვარიანტი აქვთ წარმოდგენილი. ნიშანდობლივია, რომ ეს ვარიანტიც კი არ იმუშავებს თანამედროვე მსოფლიოში ისე, როგორც მუშაობდა საუკუნე-ნახევრის წინ. ვნახოთ, რატომ.

დავიწყოთ პლუსებით. პირველ რიგში, და სწორედ ამ არგუმენტს იშველიებენ მისი მომხრეები დღეს, ოქროს სტანდარტზე გადასვლა ნიშნავს ვალუტის მსყიდველობითი უნარის სტაბილურობას – ინფლაცია აღარ გვექნება. ეს იმიტომ მოხდება, რომ მთავრობებს /ცენტრალურ ბანკებს აღარ ექნებათ ფულის მასით მანიპულირების შესაძლებლობა, და მხოლოდ დადებითი სავაჭრო ბალანსის ან, სიტყვაზე, ოქროს ახალი მარაგების აღმოჩენის შემთხვევაში გახდება ფულის მასის ზრდა შესაძლებელი. შესაბამისად, მიღწეული იქნება ფასების გრძელვადიანი სტაბილურობა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის სტაბილურობაც. საერთაშორისო ვაჭრობის მზარდი მოცულობა ნიშნავს, რომ სხვადასხვა ვალუტის მერყეობა საგრძნობლად ზრდის როგორც ექსპორტიორთა, ისე იმპორტიორთა რისკს. ოქროს სტანდარტის პირობებში კი ეს მერყეობა არ გვაქვს, რაც ვაჭრობას დამატებით სტიმულს აძლევს. ამასთან ერთად, ოქროს ნაკადები ავტომატურად უზრუნველყოფს ჭარბი სავაჭრო დისბალანსების გაწონასწორებას: მაგალითად, სავაჭრო დეფიციტისას უფრო მეტი ოქრო გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, შედეგად ფულის მასა ეკონომიკაში მცირდება, ფასების დონე ეცემა, ადგილობრივი საქონელი უცხოურთან შედარებით უფრო კონკურენტული ხდება, იმპორტი კლებულობს, ექსპორტი იზრდება და, საბოლოოდ, ბალანსი აღდგება.

რომ შევაჯამოთ და ეკონომიკის ცნობილ ისტორიკოსს, მაიკლ ბორდოს დავესესხოთ, ოქროს სტანდარტი არის ე.წ. სტაბილური ნომინალური ღუზა – მაჩვენებელი, რომელიც ეკონომიკური აგენტების მოლოდინის ერთგვარ მოთოკვას ახდენს; ოქროს სტანდარტი ავტომატური მექანიზმია, რომელიც ყოველთვის სტაბილური წონასწორობისკენ გვიბიძგებს; დაბოლოს, ოქროს სტანდარტი არის ვალდებულების/პასუხისმგებლობის სანდო მექანიზმი (credible commitment mechanism), რომელიც ერთგვარ დისციპლინურ მარწუხებში აქცევს ცენტრალურ ბანკს და არ აძლევს ამ უკანასკნელს პოლიტიკური მიზნებისთვის ფულის მასით მანიპულირების საშუალებას.

გარდა ზემოთ მოყვანილი თეორიული არგუმენტებისა, ოქროს სტანდარტის თანამედროვე მომხრეები ემპირიკასაც ეყრდნობიან – კლასიკური ოქროს სტანდარტის პერიოდში პრაქტიკულად არ ყოფილა სავალუტო კრიზისები; ზრდის ტემპები უფრო მაღალი იყო, ვიდრე 1970-იანების შემდეგ (როდესაც ოქროს სტანდარტის უკანასკნელი ნამსხვრევი – ბრეტონ-ვუდსის სისტემა ჩამოიშალა); და, რაღა თქმა უნდა, ჰიპერინფლაცია, როგორც ფენომენი, არ არსებობდა, ინფლაცია კი დაბალი ან საერთოდაც ნულოვანი იყო.

მაშ რატომ არ უბრუნდება მსოფლიო ან, თუნდაც, ერთი, ცალკე აღებული ქვეყანა ოქროს სტანდარტს? დავიწყოთ იმით, რომ ერთი ქვეყნისთვის ოქროს სტანდარტზე გადასვლას არანაირი უპირატესობა არა აქვს. პირობითად, ლარის ოქროზე მიბმა ბევრს არაფერს შეცვლის მერყეობის მხრივ – ოქროს ფასი დოლარში მერყევია, შესაბამისად, მერყევი დარჩება ლარის კურსიც დოლარის მიმართ. წინა სტატიაში, რომელშიც ცენტრალურ ბანკებზე ვსაუბრობდით, მე ვახსენე ქსელური გარეგანი ეფექტები – როდესაც რაღაც ტექნოლოგიის გამოყენების სარგებლიანობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად იყენებენ ამ ტექნოლოგიას სხვები. ოქროს სტანდარტიც ასეა – ის მხოლოდ მაშინაა სარგებლიანი და ზემოხსენებული პლუსები მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც მას ქვეყნების უმეტესობა იყენებს. ასე იყო ისტორიულადაც – ოქროს სტანდარტი, რომელიც ნიუტონის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგია, პირველად გაერთიანებულ სამეფოში გაჩნდა და რაკიღა 1870-იანი წლებისთვის სწორედ ის იყო მსოფლიოს დომინანტი ეკონომიკა, რომელთანაც ყველას სურდა ეკონომიკური ურთიერთობები, ქვეყნები ნელ-ნელა გადავიდნენ იმ სისტემაზე, რომელიც მაქსიმალურ სარგებელს მოუტანდათ ბრიტანეთთან ვაჭრობაში – ანუ ოქროს სტანდარტზე.

შესაბამისად, სწორი კითხვაა, რატომ არ თანხმდებიან ქვეყნები ოქროს სტანდარტზე მასობრივ გადასვლაზე? აქაც, საკმარისი იქნება რამდენიმე მსხვილი ქვეყანა – მაგალითად, აშშ, ჩინეთი და, თუნდაც, ინდოეთი – გადავიდეს ამ რეჟიმზე და დანარჩენები ავტომატურად მიჰყვებიან. საქმე ისაა, რომ ზემოხსენებულ პლუსებს ბევრი მინუსი გადაწონის.

პირველ რიგში, ოქროს ბუნებრივი გა­ნაწილება აპრიორი არასამართლიანია – მაგალითად, ოქროს მოპოვების მხრივ ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერს რუსეთი წარმოადგენს და დამეთანხმებით ალბათ, რომ რუსეთისთვის დამატებითი უპირატესობის მინიჭება, რაშიც არ უნდა იყოს, არ არის დღევანდელ ვითარებაში კარგი იდეა.

ოქროს სტანდარტის მეორე მნიშვნელოვანი მინუსი არის ის, რაც მის პლუსებშიც მოიაზრება – ცენტრალური ბანკის „შეკრული ხელები“. წინა სტატიაში ცენტრალური ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციად უკანასკნელი ინსტანციის კრედიტორი ვახსენეთ. თუკი ცენტრალური ბანკი შეზღუდულია თავის შესაძლებლობაში, ლიკვიდურობის კრიზისში მყოფ კომერციულ ბანკს ასესხოს ფული, მისი ეს ფუნქცია იკარგება და ფინანსური სტაბილურობის რისკი მკვეთრად იზრდება. უოლტერ ბეჯეტმა, რომელიც ამ ფუნქციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო აპოლოგეტია, სწორედ კლასიკური ოქროს სტანდარტის მოქმედების პერიოდში დაწერა „ლომბარდ სტრიტი“, სადაც ჩამოაყალიბა კიდეც ეს იდეა.

თუკი ახლოს დავაკვირდებით, არც ინფლაციის არგუმენტი მუშაობს გადასარევად. ჯერ ერთი, ოქროს სტანდარტი არ გვიცავს მიწოდების მხრიდან მოსული ინფლაციისგან – როდესაც ფასების ზრდა შედეგია არა გაზრდილი ფულის მასის, არამედ საქონლისა და მომსახურების შემცირებული მოცულობისა. გვალვა, წყალდიდობა, ნავთობის ფასების ზრდა – ყველაფერი ეს გამოიწვევს ინფლაციას და ოქროზე მიბმული ვალუტა ვერაფერს გახდება. თუმცა გაცილებით უარესია, როდესაც საქონლისა და მომსახურების მოცულობა იზრდება, ფულის მასა კი – არა. ამ დროს ფასების დონე კლებას იწყებს და თავს იჩენს დეფლაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის ფასების დონის დაცემა თითქოს კარგია, სინამდვილეში ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა მწარმოებლისთვის. როგორც წესი, მწარმოებლები ინვესტირებას და წარმოების ზრდას სესხის აღებით ახდენენ. დეფლაციისას მწარმოებლების შემოსავლები ეცემა, რადგან მათი პროდუქციის ფასები კლებულობს; მაგრამ მათ მიერ გადასახდელი სარგებელი არ იცვლება და ვალის ტვირთი, შესაბამისად, იზრდება. თემას ოდნავ რომ გადავუხვიოთ – იგივე ხდება, როდესაც მსესხებელს შემოსავალი ლარში აქვს, სესხი კი დოლარში, გაუფასურება დეფლაციის როლს თამაშობს და ასეთ მსესხებელს, როგორც, სამწუხაროდ, საქართველოში კარგად ვიცით, გაცილებით უფრო უჭირს ვალის მომსახურება/დაფარვა.

ეს პრობლემა ყველაზე ნათლად აშშ-ში, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, როდესაც ხანგრძლივი დეფლაციის შედეგად სოფლის მეურნეობაში დაწყებული დეპრესია მალევე სხვა დარგებზეც გადავიდა; უმუშევრობა 25%-მდე ავიდა, ფერმერები კოტრდებოდნენ. უკვე მაშინ გამოჩნდნენ ოქროს სტანდარტის მოწინააღმდეგეები, რომელთაგან ყველაზე ცნობილმა, უილიამ ჯენინგს ბრაიანმა კინაღამ საპრეზიდენტო არჩევნებიც კი მოიგო, ხოლო მისი გამოსვლა, რომლის შედეგადაც მან დემოკრატების ნომინაცია მოიპოვა, დღემდე ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ გამოსვლად ითვლება აშშ-ის ისტორიაში. ის მთავრდება სიტყვებით „თქვენ ვერ აცვამთ კაცობრიობას ოქროს ჯვარს“.

კრიტიკას ვერც კორექტირების ავტომატური მექანიზმის არგუმენტი უძლებს. ნამდვილად, ოქროს სტანდარტის კლასიკურ ხანაში სავაჭრო დისბალანსის აღმოფხვრა შესაძლებელია ზემოაღწერილი მექანიზმით. მაგრამ მაშინ ფასები მოქნილი იყო და სწრაფად რეაგირებდა ცვლილებებზე ეკონომიკაში. დღეს ფასები ხისტია და ავტომატური კორექტირების მექანიზმს უკვე გაცვლითი კურსის მოქნილობა გვაძლევს – ოქროს სტანდარტის პირობებში კი კურსი ფიქსირებულია.

დაბოლოს, რამდენად დისციპლინირებულია ცენტრალური ბანკი ოქროს სტანდარტის პირობებში? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფულის ერთეულსა და ოქროს შორის პარიტეტი არ არის ბუნებრივი, არსად ფიზიკის კანონებში არ წერია, რომ გირვანქა სტერლინგში სწორედ 7.32238 გრამი ოქრო უნდა იყოს. რაც იმას ნიშნავს, რომ დისციპლინა მხოლოდ მოჩვენებითია – თუკი ცენტრალურ ბანკს უნდა მანიპულირება ფულის მასით, მას მარტივად შეუძლია ამის გაკეთება. ზუსტად ასე იქცეოდნენ მმართველები შუა საუკუნეებში, როდესაც თვითნებურად ცვლიდნენ მონეტებში ვერცხლის შემცველობას. და ზუსტად ასე მოიქცა საფრანგეთის ბანკი, როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ოქროს სტანდარტზე დაბრუნდა არა ომამდელ, არამედ 4.4-ჯერ უფრო ნაკლებ კურსზე ოქროს მიმართ, რითაც მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა მოიპოვა.

მთლიანობაში, როგორც ხედავთ, ოქროს სტანდარტის პლუსები, მსოფლიო ეკონომიკის დღევანდელი სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო მოჩვენებითია, ხოლო მინუსები – სავსებით რეალური. არც ზემოხსენებული ემპირიული არგუმენტებია დიდად მყარი: სავალუტო კრიზისების ნაცვლად არანაკლებ მწვავე საბანკო კრიზისები იყო. მაღალი ზრდის ტემპები ოქროს სტანდარტის პერიოდში არ ნიშნავს, რომ ეს ოქროს სტანდარტის შედეგია – ესაა კლასიკური post hoc ergo propter hoc არგუმენტი, როდესაც კორელაცია და მიზეზშედეგობრივი კავშირი ერევათ ერთმანეთში. ჰიპერინფლაცია ოქროს სტანდარტისას ნამდვილად ვერ იარსებებს, მაგრამ ამას სწორი და გამართული მონეტარული პოლიტიკაც უზრუნველყოფს – ნუ ვიქნებით ვენესუელა და ზიმბაბვე.

არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ის, რაც წარმატებით მუშაობდა 150 წლის წინ, დღეს ასევე წარმატებული იქნება. პროგრესი არა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ურმებიდან მანქანებზე გადავსხედით და იალქნიანი გემების ნაცვლად კონტინენტებს შორის თვითმფრინავით ვმოგზაურობთ. პროგრესი იმაშიცაა, რომ უკან გადაჯდომის აბსურდულობას ვხედავთ. შესაძლოა, ეს ოქროს ხანა თავის დროზე რეალური იყო, მაგრამ დღეს ის მხოლოდ მითია.