ჭარბვალიანობა, რეგულირება და ეკონომიკური ზრდა

ჭარბვალიანობა, რეგულირება და ეკონომიკური ზრდა

ავტორის შესახებ: ალექსანდრე ძნელაძე საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტია.

ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილებება ისე უნდა მოიაზრებოდეს, რომ პოზიტიურ ჭრილში აისახოს ეკონომიკასა და მისი თითოეული ინდივიდის საქმიანობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ახალმიღებული რეგულაციები გამოძახილია საქართველოს მთავრობის მიერ ჭარბვალიანობის პრობლემის დაძლევის ინიციატივაზე. ჭარბვალიანობა თავისთავად გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ქვეყნების საფინანსო ბაზრის მარეგულირებელი ორგანოების პერიოდული გადაწყვეტილებები მოწმობენ. აღმოსავლეთ ევროპის, ახლო და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ასევე სამხრეთ ამერიკის წარმატებული ეკონომიკების მესვეურებმა რეგულაციების გამკაცრების პრაქტიკას 2010 წლიდან მიმართეს. მათ შედეგებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები წლიდან წლამდე არ უარესდება.

ჩვენი დაკვირვებით, მთავრობის ინიციატივები მოსახლეობის ფართო მასების სამეწარმეო საქმიანობაში ჩაბმისკენ არის მიმართული, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. იქმნება მოლოდინი, რომ მოქალაქეს, თავისი შემოსავლიდან გამომდინარე, საცალო დაკრედიტების პროდუქტებთან წვდომა ეზღუდება, ხაზს ვუსვამთ – ეზღუდება და არა ეკრძალება. აღნიშნული მოწოდებულია, რომ მოქალაქის  მიერ აკუმულირებული ყოველთვიური შემოსავალი საკმარისი იყოს საფინანსო ინსტიტუტის მიმართ არსებული ვალდებულებების მომსახურებისა და ოჯახის ყოველდღიური მოთხოვნილებების დაფინანსებისთვის. თუმცა ახალ რეგულაციებში ირიბად იგრძნობა ერთგვარი ბიძგის მომენტი, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო, საშეღავათო საკრედიტო და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მიერ დამუშავების პროცესში არსებული ინიციატივებით მოქალაქეს ფიქსირებული შემოსავლის ნაცვლად მის სამეწარმეო საქმიანობით განპირობებული მყარი შემოსავალი გაუჩნდეს.

ექსპორტის მოცულობა ზრდის ტენდენციის მიმანიშნებელია და მას მხოლოდ ღვინის ექსპორტის ზრდა არ განსაზღვრავს. მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშების უწყისში ქვეყანაში იმპორტჩასანაცვლებელი მიმართულებები ჯერ კიდევ მრავლად არის. ქვეყნის პოლიტიკა ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, მხოლოდ იმპორტჩამნაცვლებელი დარგების წახალისების კუთხით არ უნდა განვითარდეს, არამედ ორიენტირებული უნდა იყოს საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე. საექსპორტო ბაზრებზე წვდომის სიძნელეები შესაძლებელია, ქვეყანაში შემოსული მზარდი რაოდენობის ტურისტით ჩავანაცვლოთ. მათთვის საქართველოში წარმოებული პროდუქტების ინტენსიური შეთავაზება გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ ქვეყანაში ექსპორტის დასაწყებად ბუნებრივი ლობის არსებობის საფუძველს შექმნის.

სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისა და მოქალაქეებისთვის მასზე წვდომის გამარტივების მიზნით მთავრობის ქმედითი ნაბიჯები სტარტაპებისა და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებთან მიმართებით აშკარაა. ყოველივე ეს მიმართულია სამომხმარებლო სესხებით და ჭარბვალიანობით გადატვირთულ შიდამეურნეობების სტიმულირებისკენ, რათა მათ შეექმნათ შესაძლებლობა, შემოსავლიანობის ზრდის გზით თავად დაძლიონ ეკონომიკაში ჭარბვალიანობის საკითხი.

მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მთავარი მარეგულირებლის მიერ წლის დასაწყისიდან ამოქმედებული რეგულაციები აისახოს:

• უძრავი ქონების ბაზარზე მეორეული შეთავაზებების მოზღვავებაში, კერძოდ, მოქალაქეები უძრავი ქონების ვერდაგირავების შემთხვევაში (რადგან რეგულაციით რიგ შემთხვევებში აიკრძალა საცხოვრებლად გამოყენებული უძრავი ქონების დაგირავება) შეეცდებიან, ჯერ მეორე არასაცხოვრებლად გამოსაყენებელი უძრავი ქონება (არსებობის შემთხვევაში) გაყიდონ და დაიკმაყოფილონ მოთხოვნილებები  ხოლო შემდგომ, თუ სწრაფად ვერ მოხდება მათი ზემოთ აღწერილ ეკონომიკურ წრებრუნვაში ინტეგრირება, ძირითად საცხოვრებელ ობიექტებსაც შეელიონ. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მოქალაქეები საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩებიან, შესაძლებელია ბოლო დროს სამშენებლო ბიზნესში არსებული ტენდენციის 180-გრადუსიანი შემობრუნება და გაფართოების ნაცვლად საცხოვრებლად საკმარისი მინიმალური რაოდენობის ბინებზე მოთხოვნის ზრდა.

• მეორეული ბაზრის პარალელურად, მიწოდების ერთბაშად მოზღვავებამ შესაძლოა, პირველადი შეთავაზებების ბაზარზე ფასების კლება განაპირობოს. ერთი მხრივ, პოტენციური მყიდველების შემცირება, ხოლო მეორე მხრივ სამშენებლო რეგულაციების თამასის აწევამ  შესაძლებელია უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კომპანიების გამსხვილება გამოიწვიოს, ხოლო წვრილი დეველოპერები საქმიანობის პროფილის ცვლილების აუცილებლობის წინაშე დადგნენ.

• მსოფლიოში ფულადი რესურსის მასობრივად გაიაფების (და არა წვდომის გაადვილების) გამო მოსალოდნელია უცხოური პირდაპირი საინვესტიციო კაპიტალის მოძალება, ამ მხრივ გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კაპიტალის გაჩენა მხოლოდ პოზიტიურად წაადგება ეკონომიკას, თუმცა წანაცვლებული მოთხოვნის მრუდს შესაძლოა ასევე სპეკულაციური კაპიტალის წარმომადგენლების გამოჩენაც მოჰყვეს, რასაც ქვეყნის მთავარი მარეგულირებელი მომზადებული უნდა დახვდეს.

• შესაძლებელია საბანკო სექტორიდან გასული ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების ნაწილმა ფულადი ბაზრის დღემდე ნაკლებად განვითარებული და რეგულაციებს ნაკლებად დაქვემდებარებული ბაზრის ფორმირება გამოიწვიოს, რაც შესაძლოა, არანაკლებ რისკიანი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, ვიდრე დღეს არსებული საბანკო-საფინანსო ჭარბვალიანობა.

• თანხობრივი ზღვარის დაწესება და პერიოდული ზრდა ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე, მათ შორის მისი გავრცელება არა მხოლოდ საცალო საკრედიტო პროდუქტებზე, ავტომატურად აისახება დოლარიზაციის კოეფიციენტის კლებაზე.

• მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა 2017-2018 წლებში გავლენა იქონია დეპოზიტებისა და შინამეურნეობის დოლარიზაციის შემცირებაზე, თუმცა ნაკლები გავლენა მოახდინა იურიდიული პირებისთვის გაცემული სესხების პოზიციაზე. შესაძლოა, ეს იურიდიული პირებისთვის გაცემული სესხების გრძელვადიანობით აიხსნება, როცა საფინანსო ინსტიტუტს მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში გრაფიკით დაბრუნებული კრედიტების გალარებაზე ექნება გავლენა მოხდენილი.

ყოველივე უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდულ ზრდაში გამოისახა, კერძოდ, მან 2018 წლის ბოლოს აშშ დოლარის 3-მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა ($3,289,847 ათასი). 2019 წლის განმავლობაში რეზერვების შემდგომი ზრდა წინასწარგანსაზღვრულია, ამასთან აღნიშნული რეზერვების მოგებიანი განთავსება სულ უფრო აქტუალური ხდება.

მარეგულირებელმა ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულებით განვრცობილი რეგულაციები (LTV სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი, PTI სესხის მომსახურების კოეფიციენტი) ფიზიკური პირების სრულ საკრედიტო ვალდებულებებს შეახო, ანუ მათი დათვლა აუცილებელი გახადა არა მარტო მსესხებლის, არამედ თავდების, უზრუნველყოფის საგნის მიმწოდებლის და მათთან გათანაბრებული პირების დათვლის დროს. შესაბამისად, მსესხებლის შესაბამისობა და უზრუნველყოფის საგნის მიმწოდებლის მიერ ვერდაკმაყოფილება ავტომატურ უარს იწვევს დაფინანსებაზე.

LTV, PTI კოეფიციენტების დადგენილი მაქსიმალური მაჩვენებლების სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან შედარებისას ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას ვაწყდებით: სხვა ქვეყნებში რეგულაციები უმეტესწილად მხოლოდ იპოთეკურ სესხებთან მიმართებით იქნა ამოქმედებული, მაშინ როცა ქართველი მარეგულირებელი უფრო შორს წავიდა და მთლიანი შინამეურნეობების დაკრედიტება მოაქცია რეგულაციის ქვეშ. მთლიანობაში LTV კოეფიციენტები ზომიერად მსგავსია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკისა. საკმაოდ არაერთგვაროვანია PTI მაქსიმალური ზღვრები ჰეჯირებული და არაჰეჯირებული კლიენტებისთვის. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მარეგულირებელი პრაქტიკის დაგროვების კვალობაზე შეძლებს მათი მნიშვნელობების გადახედვას მომხმარებელთა პოზიციის სასარგებლოდ.

მიუხედავად მთავარი მარეგულირებლის მიერ კანონმდებლობის გამკაცრების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ქმედების მართებულობისა, რასაც საფინანსო სისტემის სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს, დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ საბანკო სისტემის რეგულირების გამკაცრება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპზე მკვეთრად არ აისახება.