ჭიდაობა ბიუროკრატიასთან

ჭიდაობა ბიუროკრატიასთან

ახლა, როცა პანდემიის პირობებში სასტუმრო ბიზნესი კოლაფსს განიცდის, ანტრეპრენიორმა უორენ მეიერმა უტყუარი დამნაშავეები იპოვა – მის საქმიანობას სახელმწიფო იურისტები აბრკოლებენ.

სასტუმრო ბიზნესის ანტრეპრენიორი უორენ მეიერი სინანულით შესცქერის თავის ინდუსტრიას. “ზოგი რესტორანი სამუდამოდ იხურება, – ამბობს ის. – ავიახაზებმა ადგილების ნახევარზე უარი უნდა თქვან“. თუ ყველაფერი შედარებითია, მაშინ იმის თქმა შეგვიძლია, რომ თავად მეიერს წარმატებები აქვს: ხსოვნის დღის მოახლოებისას მისი 150 პუნქტის მესამედი გასახსნელად ემზადებოდა, მისი გათვლებით კი წელს მისი ხარჯები მოგებებს გაუტოლდება, რაც 2020 წელს, ამ გაჩანაგებულ სექტორში, სერიოზული გამარჯვებაა.

ამ წარმატების დაყვანა უძრავი ქონების ძველ აქსიომამდე შეიძლება – აქსიომამდე, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ადგილმდებარეობას აქვს. მართალია, ალბათ კიდევ წლები გვაშორებს იმ დროს, ხალხი სასტუმროს ვესტიბიულში მრავლად რომ მოიყრის თავს, მაგრამ მის ტერიტორიებზე შესასვლელად დღეს ჭკუას კარგავენ: მეიერის Recreation Resource Management-ი (RRM) საბანაკო ადგილებსა და ლაშქრობების საწყის პუნქტებს განკარგავს საჯარო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზე რვა შტატში. მის კლიენტთა შორის არიან აშშ-ის სატყეო სამსახური, სახელმწიფო და საოლქო პარკების დეპარტამენტები და კაშხლების მეპატრონეები, როგორიცაა, მაგალითად, Tennessee Valley Authority. ზედმეტად ფრთხილი, არაენთუზიასტი პარტნიორებიც ჰყავს ხოლმე, რაც ბუნების დამცველთა და პოლიტიკის შემქმნელთა იმ მოსაზრების გამოხატულებაა, რომ აუცილებლად რაღაც მზაკვრობაა ჩაფიქრებული, თუ კაპიტალისტი საჯარო მიწებიდან სარგებლის ნახვას ცდილობს. მაგრამ ისევე პროგნოზირებადად, როგორც შემოდგომას ფოთლები იწყებენ ცვენას, ნაღდფულშემოცლილ სამთავრობო სააგენტოებს მასთან იჯარების თაობაზე სურთ მოლაპარაკებების წარმოება.

მეიერის თქმით, ყოველი ადგილისთვის ის უფრო მეტს უხდის სახელმწიფოს ქირის სახით, ვიდრე თავისთვის მიაქვს მოგებად. ამ სააგენტოთა უმეტესობა ბანაკის ტერიტორიებზე ფინანსურ ზარალს განიცდიდა, სანამ ეს საქმე RRM-ს არ გადააბარეს.

პანდემია მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს ტურისტული ინდუსტრიისთვის, მაგრამ RRM-ი გამონაკლისია. მის ტურისტთა უმრავლესობას ბენზინის ავზის მხოლოდ ერთი ავსება სჭირდება, საცხოვრებელი ადგილიდან დანიშნულების პუნქტამდე რომ მივიდეს, კარანტინში მყოფი ამერიკისთვის კი ადგილობრივი ბუნება ჯერ არასდროს ყოფილა ასე მიმზიდველი. როგორც მეიერი ამბობს, მის ერთ- ერთ არიზონულ ბანაკში ასი გაღიზიანებული მომხმარებელი გადაახტა დახურულ ჭიშკრებს, პარკი რომ უკანონოდ გამოეყენებინათ. „სახელმწიფო ბანაკების დიდი ნაწილი, ეთიკური მოსაზრებების გამო, სოციალური დისტანციის გათვალისწინებითაა აშენებული“, – აღნიშნავს ის. ფასიც სათანადოა: როგორც წესი, დაახლოებით $22-დან $26-მდე ღამისთვის, სატყეო სამსახურის ტურისტებს კი 50%-იანი ფასდაკლება ერგებათ, ხოლო მათგან თითქმის მესამედი უფროსი მოქალაქის საშვით სარგებლობს. ელექტროკავშირით, წყლითა და საკანალიზაციო მილებით აღჭურვილი ტერიტორია რამდენიმე დოლარით მეტი ჯდება.

პარადოქსულია, მაგრამ ეკონომიკური ქაოსი, შესაძლოა, მეიერს გაფართოებაში დაეხმაროს. ათი წლის წინ, რეცესიის დროს, როცა საკანონმდებლო ასიგნაციები სარემონტო სამუშაოებისთვის ამოიწურა, სახელმწიფო პარკების დეპარტამენტები მას ევედრებოდნენ თანამშრომლობასა და ისეთი კეთილმოწყობილობებისთვის ფულის გადახდას, როგორიც კოტეჯები და ახალი სააბაზანოებია. მზადაა, ეს გააკეთოს, ოღონდ იჯარა საკმარისად გრძელვადიანი უნდა იყოს. მისი კონტრაქტების ვადები ხუთიდან 50 წლამდე დიაპაზონში ხვდება.

ჰკითხეთ მეიერს, რა ჯადოქრობას ფლობს, სახელმწიფოს ფინანსურ დამზარალებელს კერძო სექტორის ფულის მკეთებლად რომ აქცევს და ეს 58 წლის ლიბერტარიანელიც არ დააყოვნებს ბრაზიან ტირადას. მოკლედ რომ ვთქვათ: მოგებიანი კონცესიონერი მოტივირებულია, ოპერაციები უფრო ეფექტიანი გახადოს. სახელმწიფო სააგენტო მოტივირებულია, ის ნაკლებეფექტიანი გახადოს. მთავრობაში, მეიერის თქმით, „ფულის გადახდა და პრესტიჟი ზომასა და კადრების აყვანაზეა დამყარებული“.

სახელმწიფო პარკების დეპარტამენტი ეკოლოგიის მეცნიერების კურსდამთავრებულებს ასაქმებს, რომლებიც სრული განაკვეთის ხელფასებსა და ხარჯიან ბენეფიტებს იღებენ. იშვიათი გამონაკლისების გარდა, RRM-ის დაქირავებულები პენსიაზე გასული ხალხია, რომლებიც ბანაკების ტერიტორიაზე საკუთარ რეკრეაციულ ფურგონებში ცხოვრობენ. ბევრი მათგანი წყვილია, ვინც საქმიანობებს ერთმანეთში იყოფს. უმეტესობა სახელმწიფოს ჯანმრთელობის დაზღვევით (Medicare-ით) მოსარგებლეა. ისინი ნახევარ განაკვეთსსჯერდებიან და მუშაობას მინიმალური გასამრჯელოს სანაცვლოდ იწყებენ.

მომუშავეთა ექსპლუატაცია? – იკითხავს ვინმე. წესით, არა. 400 თანამშრომლის უმეტესობა მომდევნო სეზონზეც ბრუნდება. მეიერი 5,000 აპლიკაციას იღებს 50-დან 100-მდე ვაკანსიისთვის.

ის, რამაც მეიერს თავი პარკების მენეჯმენტში ამოაყოფინა, მემარცხენე ეკონომიკის უკმეხი ქილიკი იყო. დაახლოებით 15-20 წლის წინ მან ბლოგპოსტი გამოაქვეყნა სახელმწიფო სერვისების პრივატიზების შესახებ. მკითხველი, რომელიც პარკების საკონცესიო კომპანიას ფლობდა, დაინტერესდა, თუ ეყოფოდა მეიერს გამბედაობა, რომ თავისი შეხედულებები პრაქტიკაშიც განეხორციელებინა. იყიდე ჩემი ბიზნესი, თუ ბიჭი ხარ! მეიერი ასეც მოიქცა.

ჰოდა, 40 წლის ასაკში, მან თავი მიანება ფრილანს- კონსულტირებას და თავისი სამეცნიერო ხარისხები (ინჟინერიაში Princeton-იდან და ბიზნესადმინისტრირებაში Harvard-იდან) იმას მოახმარა, რომ პარკის სტუმრებისთვის იქ ყოფნა კომფორტული გამხდარიყო. საფრთხეების შემცველი საქმეა: ერთხელ მობანაკეს დათვი დაესხა თავს (მეიერმა ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ეს საქმე სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოაგვარა), ალიგატორს კი საცურაოდ ის გუბურა მოეწონა, რომელშიც ბავშვები ბანაობდნენ. მაგრამ მეიერისთვის ყველაზე საშიში ცოცხალი არსებები ორ ფეხზე დგანან.

RRM-ი კალიფორნიის პარკსაც დაეპატრონა, რომელშიც ვერა და ვერ დაეწყოთ გასამართი სამუშაოები. იქ სამთავრობო ინსპექტორები მივიდნენ და განაცხადეს, ტერასა უვარგისია – ხე ულპებაო. მეიერმაც დამჯერად გააკეთა ტერასის დემონტაჟი. შემდეგ უთხრეს, ტერასის დემონტაჟი ტერასის დემონტაჟის ნებართვის გარეშე მოხდაო. “მეგონა, ციხეში გამიშვებდნენ“, – ამბობს ის. ამ უსიამოვნებებს კი დააღწია თავი, მაგრამ მალევე კვლავ მოუწია კალიფორნიის ოფიციოზთან კონფლიქტი ავტოსადგომის ტერიტორიაზე კიოსკის განთავსების გამო. სამართალდარღვევა მიწის ანალიზის არგაკეთებაში მდგომარეობდა. ბიუროკრატების დასაკმაყოფილებლად, RRM-მა ასფალტი გაჭრა, მიწის სინჯი ამოიღო და ასფალტი გამოცვალა.

გაშმაგებული იურისტები ყველგან ცხვირს ყოფენ, მით უფრო – კალიფორნიაში. შტატის კანონი ნახევარსაათიან უხელფასო ლანჩის შესვენებას აწესებს. ზოგმა თანამშრომელმა მეიერს წერილობით ნებართვა სთხოვა, რომ იქნებ შესვენების დროსაც ემუშავათ, ნახევარი საათის ტოლფასი გასამრჯელოთი მეტი რომ გამოემუშავებინათ. ისიც დასთანხმდა. მერე იურისტი მოვიდა და ზარალის ანაზღაურება ითხოვა. მოთხოვნა არავალიდური იყო, რადგან ყოველი დღისთვის ცალკე ლანჩის დოკუმენტი უნდა არსებობდეს, ყველა დღისთვის ერთი დოკუმენტის ნაცვლად. ესეც ასე! მეიერმა ეს საქმე სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოაგვარა.

მაგრამ მან უარი განაცხადა კალიფორნიელი თანამშრომლის საქმის მოგვარებაზე, რომელიც ამტკიცებდა, ჩემი მენეჯერი მავიწროებსო… რომელიც, როგორც ხდება ხოლმე, მისივე და იყო… თუმცა ამ საქმის უგულებელყოფა მას $25,000 დაუჯდა.

სახელმწიფოსთან, როგორც მოიჯარესთან, რეგულატორსა და მოსამართლესთან, ჭიდილი ბიზნესმფლობელთა უმეტესობას მოთმინების ფიალას აუვსებდა. მაგრამ მათ, ვინც ამ სატანჯველს უძლებს, უხვი ჯილდო ელით. მეიერის თქმით, კარგ წელიწადში RRM-ს შეუძლია, ერთნიშნა მოგების მარჟას გადასცდეს $14-მილიონიან შემოსავალზე.

მეიერის იმპერია 6,000 დასაბანაკებელ პუნქტს ითვლის. საჯარო მიწაზე კიდევ 380,000 ტერიტორიაა, რომლებიც შეუძლია, გამოიყენოს. რამდენიმე წელიწადში ის თავისი ოპერაციების ზომის გაორმაგებას ისახავს მიზნად. “სანაპიროზე ჯდომა რომ მინდოდეს, შემოსავალზე [პროცენტების, ცვეთისა და ამორტიზაციის დაქვითვამდე] სამჯერ მეტად გავყიდდი, – ამბობს ის. – მაგრამ ვერ შევძლებდი ფულის ხაზინის ფასიან ქაღალდებში ჩადებას და იმავე ფულადი ბრუნვის ქონას“. ის საქმიანობის ძველებურად გაგრძელებას და ბიუროკრატებთან გამკლავებას აპირებს.  

ფოტო: ტიმ პანელი Forbes-ისთვის.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *