ელექტრონული კომერციის კომპანია PDD Holdings-ის დამფუძნებელმა, კოლინ ჰუანგმა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი მხოლოდ ორი კვირით შეინარჩუნა. ერთ დღეში ჰუანგმა $14 მილიარდი დაკარგა, რაც კომპანიის აქციების ფასის 30%-ით შემცირებამ გამოიწვია.
Forbes-ის დათვლებით, ორშაბათს კოლინ ჰუანგის ქონება 28%-ზე მეტით შემცირდა და $35.3 მილიარდი შეადგინა. ორშაბათიდან დღემდე კი PDD Holdings-ის დამფუძნებლის ქონების ღირებულებამ თითქმის $4 მილიარდით დაიკლო და ამჟამად $31.4 მილიარდს უტოლდება. შედეგად, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კოლინ ჰუანგმა 53-ე ადგილზე გადაინაცვლა, ჩინეთის უმდიდრეს ადამიანებს შორის კი ის მე-4 ადგილს იკავებს.
დაახლოებით ორი კვირის წინ ჰუანგი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა. მან ეს სტატუსი Nongfu Spring-ის დამფუძნებელ ჭონგ შანშანს ჩამოართვა. ამ უკანასკნელს სტატუსის დათმობა არც ისე დიდი ხნით მოუწია. ამ დროისთვის შანშანი, $46.3 მილიარდით, კვლავ რეიტინგის სათავეშია.
PDD Holdings-ის აქციების ფასის შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ II კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ მან მოგებისა და შემოსავლების კუთხით ანალიტიკოსების მოლოდინი ვერ გაამართლა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალმა $13.64 მილიარდი შეადგინა, ანალიტიკოსები კი $14.1 მილიარდს პროგნოზირებდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ PDD Holdings-ის საოპერაციო მოგება გასული წლის II კვარტალთან შედარებით გაორმაგდა და 4.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
კოლინ ჰუანგმა PDD Holdings-ი 2015 წელს დააფუძნა. ბოლო მონაცემებით, მისი ღირებულება $123 მილიარდს აჭარბებს. კომპანიის აქციები Nasdaq-ზეა დალისტული. PDD Holdings-ი პოპულარულ სავაჭრო ონლაინპლატფორმა Temu-ს ფლობს, რომელიც 2022 წლის სექტემბერში ამოქმედდა. გასულ წელს PDD-ის აქციების ფასის თითქმის 22%-ით ზრდა, დიდწილად, სწორედ Temu-ს დამსახურებაა.