ტექნოლოგიური ლიდერი — ინტერვიუ გიორგი ჩუმაშვილთან

ტექნოლოგიური ლიდერი — ინტერვიუ გიორგი ჩუმაშვილთან

„თინეთი“ (TNET), ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოსა და რეგიონში, სხვადასხვა ციფრულ პლატფორმას – MYAUTO.GE, VENDOO.GE, TKT.GE, LIVO.GE, MYMARKET.GE, MYHOME.GE, MYPARTS.GE და SWOOP.GE – გააერთიანებს და 2 მილიონამდე უნიკალურ მომხმარებელს ონლაინსერვისების მიღებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. დიდი ტრანსფორმაციის სათავეში გიორგი ჩუმაშვილი დგას.

„თინეთს“ ოთხი ძირითადი მიმართულება აქვს არჩეული: Lifestyle-ი, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება. ეს მიმართულებები სუპერ აპში მოიყრის თავს და მომხმარებლებს ყოველდღიურად გამოსაყენებელ, საჭირო სერვისებს ერთ აპლიკაციაში შესთავაზებს. აპლიკაცია მუდმივად განვითარდება და, მარტივი ნავიგაციით, მომხმარებელს დროსაც დაუზოგავს და თანხასაც. ეს არის დიდი ტრანსფორმაციის მთავარი მიზანი.

მიზნის მისაღწევ სტრატეგიაზე, ხედვასა და პოლიტიკაზე პასუხისმგებელი „თინეთის“ გენერალური დირექტორი გიორგი ჩუმაშვილია. განვითარების მოდელად ჩინურ „ვიჩეთს“ და „კასპი ბანკის“ ქეისს ირჩევს და მაქსიმალურად იყენებს იმ გამოცდილებას, რაც საქმიანობის ამ წერტილამდე დააგროვა.

განათლება ESM-ში მიიღო და სწორედ ამ სივრცეს უმადლის იმას, რომ ასწავლეს – რუტინულ ცხოვრებას დიდხანს არ უნდა შეეგუოს და ახალი გამოწვევები ეძებოს.

გიორგი ჩუმაშვილი ანტრეპრენიორია. 2004 წლიდან ჯერ სუპერმარკეტების ქსელი „იოლი“ (რომელიც დღეს „სპარია“) შექმნა; შემდეგ – უძრავი ქონების ეკოსისტემა allproperty.ge, სადაც მაჟორიტარული წილი მოგვიანებით თიბისი ჯგუფმა იყიდა და რებრენდინგის შედეგად, ბაზარმა მიიღო – livo.ge (რომელიც დღეს „თინეთის“, თიბისი ჯგუფის ტექნოლოგიური კომპანიის ერთი პლატფორმაა): მათ შორის, უძრავი ქონების შეფასება, აუქციონი, აზომვა, რეგისტრაციის სერვისები, 3D ამერიკული მეთოდით გადაღება და, რაც მთავარია, დაცული ტრანზაქციის პრინციპი, თაღლითური სქემების თავიდან ასარიდებლად.

გიორგი ჩუმაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული „გუდვილის“ რეაბილიტაციის პროცესში, როგორც რეაბილიტაციის მმართველს; „ორი ნაბიჯის“ კონცეპტუალური ხედვის ჩამოყალიბებაში (დღეს ეს ქსელი კლასიკური გაგებით დისკაუნტერია, შეზღუდული ასორტიმენტით), როგორც არააღმასრულებელ დირექტორს და მისი, როგორც დამფუძნებლის სახელი ასევე უკავშირდება „დეგუსტოს“, დღეს უკვე საკმაოდ პოპულარული კვების ობიექტების ქსელს.

ამ მაგალითებიდანაც ჩანს, რომ გიორგი ჩუმაშვილის ხელწერაა, არა მხოლოდ შექმნას და განავითაროს პროდუქტი თუ სერვისი, არამედ თავიდანვე მოამზადოს გამოსვლის სტრატეგია, მოიზიდოს ინვესტორები და თვითონ ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს.

დღეს მისთვის ასეთი გამოწვევა TNET-ის წარმატებაა.

მრავალფეროვანი გამოცდილება დააგროვეთ. გამოგადგათ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიმართულებით შეძენილი უნარები?

მთელი ჩემი გამოცდილება მომხმარებლის გარშემო იყო აწყობილი. ვიცი, რა უნდა გავაკეთო, მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე. დღეს რასაც ვაკეთებ, ზუსტად ეგ არის – ვიცი, რა სჭირდება მომხმარებელს ციფრულ სივრცეში. მთავარი, რაც ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა, ის არის, რომ მომხმარებელი უნდა იყოს ცენტრში, მისი თვალით უნდა შევხედოთ პროდუქტებსა და პროცესებს. მომხმარებლის გამოცდილება ზუსტად ამ პრინციპს ეფუძნება: ჯერ ვამბობთ, რა სჭირდება მომხმარებელს; შემდეგ ვაყალიბებთ პროცესს, რომელიც ამ მოთხოვნილებას უპასუხებს და სულ ბოლოს ვფიქრობთ, ეს მოგებას მოიტანს თუ არა. მომხმარებელზე ორიენტირებული ორგანიზაცია – ეს ვართ ჩვენ. ასე ვაზროვნებთ და ამ ტიპის მიდგომა გვაქვს დანერგილი ჩვენს კომპანიაში.

ამ ამოცანას თავი წარმატებით რომ გაართვათ, ძალიან დეტალური და დიდი მოცულობის მონაცემები – დატა გჭირდებათ. ასეა?

დიახ. საკმაოდ კომპლექსურ პროცესში ვართ ჩართული: წლის ჭრილში 2 მილიონი მომხმარებელი – ე.წ. იუზერი იყრის ჩვენთან თავს. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. წარმოიდგინეთ, მთელი ინტერნეტტრაფიკის 40% ჩვენთანაა. უპრეცედენტო მასშტაბია. შესაბამისად, უნიკალურ მონაცემებს ვფლობთ. ისევ წლიურ ჭრილში რომ შევხედოთ, რამდენიმე მილიარდი ჩანაწერი კეთდება ადამიანების ქცევის შესახებ. ახლა ვიწყებთ ამ დიდი დატის გამოყენებას იმისთვის, რომ უფრო ტარგეტირებული შეთავაზებები მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს. რაც უფრო ზუსტად გვეცოდინება, რა ტიპის საჭიროება შეიძლება ჰქონდეს ჩვენს მომხმარებელს კონკრეტულ მომენტში, უფრო მოქნილად, უფრო მიზანმიმართულად, უფრო უწყვეტად და საუკეთესო გზებით შევთავაზებთ მათ მათთვის საჭირო პროდუქტებსა და სერვისებს. ამიტომ ჩვენი მთავარი კითხვა ჩვენი თანამშრომლების მიმართ არის – რა იდეა აქვთ და რა პროცესს ემსახურება მათი იდეა. ასეთი მიდგომა სასარგებლოა, ვინაიდან, თუ რამეს დამოუკიდებლად ვერ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს, რადგან ბუნებრივია, ყველაფერს ვერ გავაკეთებთ, შეგვიძლია სხვა ბიზნესთან ტანდემში მაინც შევთავაზოთ.

იმავეს სთავაზობთ თქვენს მომხმარებელსაც, როგორც ვხვდები – ცდილობთ, დაუზოგოთ დრო და ფინანსები. შემისწორეთ, თუ არასწორი შთაბეჭდილება დამრჩა.

დიახ. ჩვენი ამოცანა ნამდვილად ეგ არის – ტექნოლოგიების გამოყენებით დავუზოგოთ ადამიანებს ფინანსები და დრო. გვინდა, რომ ჩვენს ეკოსისტემაში მოხვედრილი ადამიანი ჩვენგან გასვლას აღარ ცდილობდეს.

აი, მივადექით მთავარს. როგორც ამ ინტერვიუს შესავლიდანაც ჩანს, TNET-ს არჩეული აქვს ოთხი მიმართულება – ე.წ. ლაიფსტაილი, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება. ამ მიმართულებების ქვეშ იყრის თავს ის პროდუქტები, რომლებსაც მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს და იყენებს. რა იცვლება მისთვის?

თიბისი ჯგუფი სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიაში ფლობდა წილებს. დავაყენე საკითხი, რომ კარგი იქნებოდა, ეს პლატფორმები ერთი კომპანიის ქვეშ გაერთიანებულიყო. პირველი ინდიკაცია, რაც მივიღეთ, აჩვენებს, რომ ამ გაერთიანებას საკმაოდ დიდი ე.წ. აფსაიდ ეფექტი აქვს: ბოლო 6 თვეში კომპანია 5-6–ჯერ გაიზარდა.

რაც შეეხება თავად მიმართულებებსა და პროდუქტებს, ე.წ. ლაიფსტაილ მიმართულებაში ერთიანდება იმ ტიპის ციფრული პლატფორმები, რომლებიც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება – მაგალითად, tkt.ge და swoop.ge – ბილეთების და ფასდაკლებების და ვაუჩერების პლატფორმა, შესაბამისად.

ელექტრონული კომერციის მიმართულებაში ერთიანდება ისეთი ციფრული პლატფორმები, როგორიცაა – vedoo.ge და mymarket.ge. ელექტრონული კომერცია თავისთავად ძალიან დიდი და საკმაოდ ახალი მიმართულებაა. პანდემიამ ჩვენი განვითარების საჭიროებაც და ტემპიც საგრძნობლად დააჩქარა. საქართველოს თავისებურებების გათვალისწინებით – მათ შორის, ურბანული მოწყობის გამოც, როცა ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა და მხოლოდ ლოგისტიკის მოწესრიგებით, დიდ დამატებულ ღირებულებას ვერ ქმნი – გვიწევს, ონლაინ ყიდვის დროს დამატებითი ბენეფიტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. წინ ნელი ნაბიჯებით მივდივართ, მაგრამ არ ვჩერდებით.

ელექტრონული კომერციის ნაწილში, mymarket.ge უპირობო ლიდერია: თუ ვინმეს მეორადი ბაზარი აინტერესებს, მიუხედავად სტატუსისა თუ შემოსავლებისა, ამ პლატფორმას იყენებს. უნიკალური ფენომენია, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, ყველა კატეგორიის ადამიანია ნამყოფი ამ პლატფორმაზე. მომხმარებელს ამ მიმართულებით სიახლეები ელოდება – ვეცდებით, უფრო წავახალისოთ ელექტრონული კომერცია – უფრო მარტივი და დაცული გავხადოთ ტრანზაქციები. ეს ციფრული პლატფორმა იმითაც არის უნიკალური, რომ მომხმარებელს მეორადი პროდუქტების განვადებით შეძენის შესაძლებლობას უქმნის – ეს სერვისი პოპულარულია და კარგად მუშაობს.

„ყველა მიმართულებით ე.წ. TOP OF MIND-ში ვართ – მომხმარებელს ავტომატურად ჩვენი პლატფორმები ახსენდება.“

სიახლე იქნება ისიც, რომ ნელ–ნელა ვავითარებთ myparts.ge–ს – ამ ციფრულ პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება ავტონაწილების გაყიდვა ანუ მეორადი ნაწილებიც ელექტრონული კომერციის ველში გადაგვაქვს. საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა გარკვეული წინსვლა უკვე გვაქვს: სერიოზული გუნდი შევკარით და ყოველდღიურად 10–15 ტრანზაქცია უკვე ფიქსირდება.

კიდევ ერთი მიმართულება ე.წ. ჰაუზინგია – ანუ ყველაფერი, რაც უძრავ ქონებას ეხება. ამ მიმართულების ქვეშ ერთიანდება myhome.ge და livo.ge. აქედან, myhome.ge ბაზრის ლიდერია და საკმაოდ დიდ ტრაფიკს აგენერირებს; livo.ge ნიშური პლატფორმაა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერვისებით გამოირჩევა და განსხვავებულ მომხმარებელს იზიდავს.

ავტოს მიმართულებით უპირობო ლიდერია myauto.ge – ამ მიმართულებით ტრაფიკის 93% ჩვენია: ვინც მანქანას ეძებს, თითქმის ყველა myauto. ge–ზე შედის და იქ ყიდულობს. ამ ციფრულ პლატფორმაზე დღეს იმაზე მეტი მანქანა იყიდება, ვიდრე რუსთავის ბაზრობაზე, სადაც ფიზიკურად ხდება ტრანზაქციები.

შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ გვაქვს ძლიერი ე.წ. Network Effect-ი – მყიდველსაც და გამყიდველსაც შეუძლია, პლატფორმაზე ნებაყოფლობით შემოვიდეს. სწორედ ამაზეა დაშენებული ჩვენი მონაცემებიც და კარგად განვითარებული ხელოვნური ინტელექტის მიმართულების პირობებში, დეტალურად ვსწავლობთ იმ ადამიანების ქცევას, ვინც ჩვენთან სტუმრობს, შესაბამისად, ადეკვატურ და საჭირო ოფერებს ვთავაზობთ.

რაც კიდევ უფრო მეტად გამარტივდება მაშინ, როცა ყველა ეს მიმართულება, რაზეც ვისაუბრეთ, ერთ სუპერ აპში გაერთიანდება. საიდან გაჩნდა სუპერ აპის შექმნის იდეა და, თქვენივე ბიზნესლოგიკით რომ მივუდგეთ, რა პროცესებს მოემსახურება?

ერთი წლის წინ გაგვიჩნდა ეს იდეა. სუპერ აპი პირველ რიგში მსოფლიო ტრენდისთვის ფეხის აწყობას ნიშნავს. რომ დაუკვირდეთ, ჩვენს მობილურებში ბევრი აპლიკაციაა, თუმცა დღის განმავლობაში 5–7 აპს ვიყენებთ. ჩვენი ამოცანაა, ჩვენი სუპერ აპი იყოს მათ შორის, რომელთაც ადამიანი ყოველდღიურად გამოიყენებს – მაგალითად, თუ აინტერესებს, სად არის ფასდაკლება; ან სად რა ღონისძიება იმართება, ან, ვთქვათ, ავეჯი ან ტექნიკა სად შეიძინოს – ერთ აპლიკაციაში მიიღებს ამ ყველაფერზე პასუხს. ამასთან, გადახდაც აპლიკაციითვე შეეძლება.

საკმაოდ კომპლექსური ამოცანაა – დაახლოებით რა დროს საჭიროებს?

ნამდვილად. წლის ბოლოს პროტოტიპი გვექნება. სისტემის სრულად გამართვას დაახლოებით 3–4 წელი დასჭირდება.

ბაზარი ხელს გიწყობთ?

ჩვენს სერვისებს წლის ჭრილში 2 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. ეს თვეში საშუალოდ 1.4 მილიონ მომხმარებელს ნიშნავს. საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია – გამოდის, ზრდასრული მოსახლეობის 70% ჩვენთანაა – ეს ეხება როგორც მყიდველებს, ისე გამყიდველებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მიმართულებით ე.წ. top of mind-ში ვართ – მომხმარებელს ავტომატურად ჩვენი პლატფორმები ახსენდება.

ამდენად, ორგანულად ვიზრდებით. საბავშვო სერვისებზეც ვფიქრობთ. ასეთი გეგმა გვაქვს – მომხმარებელთა რაოდენობა 2.2–2.3 მილიონამდე გავზარდოთ, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა რაც შეიძლება დიდი დრო დაყოს ჩვენს ეკოსისტემაში. ამასთან, დღეს თუ საშუალოდ მომხმარებელი 52 ლარს ხარჯავს წელიწადში, გვინდა, ეს მაჩვენებელი 2–ჯერ გავზარდოთ. მარტივად რომ ვთქვათ, გვინდა, ჩვენმა მომხმარებელმა ჩვენთან ერთად იცხოვროს. ამით ჩვენი მოტივაციაც იზრდება – ავყვეთ ტრენდებს ან ჩვენით, დამოუკიდებლად, ან სხვებთან პარტნიორობით და ამით ჩვენს მომხმარებელს დავუზოგოთ ფინანსებიც და დროც.

ალბათ მეტი თანამშრომელი დაგჭირდებათ – აპირებთ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და აქვე – ვის ასაქმებთ?

კარგი კითხვაა. ჩვენ IT-ხალხი ვართ. დღეს 300–მდე დასაქმებული გვყავს და მათი 60% და მეტი ტექნოლოგიების სპეციალისტია. მათი პროფესიონალიზმი და ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რეალურად დავნერგოთ ის სიახლეები, რაზეც უკვე აქტიურად ვმუშაობთ.

მაგალითად: ვამატებთ ტანსაცმლის მიმართულებას. სექტემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ტანსაცმელი და აქსესუარები myshop.ge-ის მეშვეობით შეიძინონ. გვაქვს ასევე აუქციონის აწყობის იდეა mymarket.ge-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეეძლება, თავისი პროდუქცია გამოიტანოს და გაყიდოს აუქციონზე – ამით პროცესიც უფრო გამჭვირვალე გახდება და მომხმარებლისთვის დადგენილი ფასი საბაზრო ფასთან უფრო ახლოს იქნება.

ეს ყველაფერი თავს სუპერ აპში მოიყრის, რომლის ე.წ. დეშბორდიც და ლეიაუტიც სხვადასხვა სამომხმარებლო ქცევის მქონე მომხმარებლისთვის სხვადასხვანაირი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს გაუმარტივდებათ წვდომა იმ პროდუქტებსა და სერვისებზე, რასაც ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტს, რომ მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ადვილია ამ ტიპის უნარების მქონე ადამიანების პოვნა ბაზარზე? და როგორია დასაქმების პოლიტიკა: საერთაშორისო შრომით ბაზარს უყურებთ კადრების მოძიებისთვის, თუ მაინც ადგილობრივი ბაზრით იფარგლებით?

ჩვენ ვეძებთ ტალანტებს. ადგილობრივი ბაზრით არასდროს შემოვფარგლულვართ – ახლაც გვყავს თანამშრომლები, რომლებიც უკრაინიდან დისტანციურად მუშაობენ TNET-ში.

მთავარი ამოცანა, რაც დღეს გვაქვს, ის არის, რომ გვინდა, ჩვენი IT-გარემო სწორად განვავითაროთ. დღეს ჩვენს ბაზარზეც ბევრი უცხოური კომპანია შემოდის – მათი ნაწილი მართლა წარმატებული და მსხვილი კომპანიებია, რომლებიც ხელს უწყობენ თავიანთი კადრების განვითარებას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თავიანთ დასაქმებულებს არალეგალურ კონტენტზეც კი ამუშავებენ – ჩვენ გვინდა, ამ გამოწვევას განვითარების სამწლიანი პროგრამა დავუპირისპიროთ.

ამ პროგრამის ფარგლებში, ჩვენს დასაქმებულს თუ პოტენციურ დასაქმებულს შესაძლებლობა ექნება, წვდომა ჰქონდეს ჩვენს უნიკალურ ე.წ. სტეკზე: 8 პროგრამულ ენას ვიყენებთ; შეუძლია, მისთვის საინტერესო ენები დახვეწოს და ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ. ეჯაილ პრინციპზე ვართ აწყობილები და ჩვენი ორგანიზაციული მოწყობაც განვითარებისთვის და კარიერული წინსვლისთვის მიმზიდველია.

ამ სამწლიანი პროგრამის შემდეგ, ჩვენთან რომც არ დარჩეს ადამიანი, ჩვენვე შევუწყობთ ხელს, რომ სწორ და გამართულ საერთაშორისო კომპანიაში დასაქმდეს. ვმუშაობთ რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან, რომლებიც მალე ჩვენი პარტნიორები გახდებიან და მოგვიანებით ვაცნობებთ საზოგადოებას.

მთავარია, ჩვენ დავდოთ შედეგი: ჩვენს მომხმარებელს ერთი კლიკით, ერთი შეთავაზებით უნდა ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას დაუზოგავს დროს და ფინანსებს, რადგან შეთავაზებები, რომლებიც ჩვენს ეკოსისტემაში მოიყრის თავს, იქნება ბევრად უფრო ადვილად მისაწვდომი და იაფი.

თუმცა გესმით, რომ ამ ნაწილში მუშაობა ვერ დაიწყება და ვერ დასრულდება – ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც მუდმივად უნდა გაუმჯობესდეს.

და არც ისეთი მარტივი, როგორიც შეიძლება ახლა თქვენი მონაყოლიდან ჩანდეს. არის გამოწვევები და მათზეც მინდა, ჩვენი მკითხველის ყურადღება შევაჩერო: რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი თქვენი მისიის შესრულების გზაზე?

ელექტრონული კომერცია იზრდება. თუ პანდემიამდე ეს მიმართულება 1%–საც ძლივს აგენერირებდა, დღეს ის ტრენდად ყალიბდება და მომდევნო 2–3 წელიწადში შესაძლოა, 7–10%–მდე გაიზარდოს, რაც ნამდვილად დიდი ნახტომი იქნება.

ჩვენ გვინდა, ამ გლობალურ ტრენდს, სულ მცირე, არ ჩამოვრჩეთ. გამოწვევებიც ძირითადად გლობალურია.

მაგალითად: ერთ–ერთ თემად ვუყურებთ Facebook-ის განვითარებას. თუ ეს სოციალური ქსელი ისე განვითარდა, როგორც ის დღეს ამერიკაშია განვითარებული და ელექტრონული კომერციის ნაწილში დიდი დატვირთვით შემოვიდა, მაშინ კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„გარდა იმისა, რომ „თინეთი“ დღეს ყველაზე დიდი ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა – აქვს ყველა წამყვანი პლატფორმა, რასაც შეიძლება დღეს ადამიანი იყენებდეს – მთავარი ჩვენთვის ის წრეა, რომელსაც ჩვენი ლოგო ასახავს: ვინც ამ წრეში მოხვდება, მას ამ წრიდან გასვლა აღარ უნდა მოუნდეს და აღარ უნდა დასჭირდეს.“

საქართველოში დღეს იმ ვითარებაში ვართ, რომ პატარ– პატარა სეგმენტებში კონკურენტების მიუხედავად, მათგან დიდ საფრთხეს ვერ ვხედავთ, თუმცა Facebook-თან მიმართებით ე.წ. defense strategy-ს ვამზადებთ – ვთქვათ, უცებ ამ სოციალურმა ქსელმა საქართველოში რომ დაიწყოს განვადება, გადახდები და ა.შ. – უკვე ვაყალიბებთ ხედვას, როგორ შეიძლება დავრჩეთ კონკურენტუნარიანები. ეს ხედვა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.

ბაზრის 40% გვიჭირავს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ შევინარჩუნოთ და შემდეგ უკვე როგორ გავზარდოთ ეს სეგმენტი. თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებელმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს ჩვენთან, ჩვენს აპლიკაციაში.

სწორედ აქ შემოდის ჩვენი დასაქმების პოლიტიკა, როგორც ასევე გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი. ვაცნობიერებთ, რომ დღეს დასაქმებული 300–მდე IT სპეციალისტის 500–მდე გაზრდა დაგვჭირდება. ეს ჰაერიდან მოტანილი რიცხვი არ არის – ეს ჩვენ კარგად გვაქვს დათვლილი და გათვლილი.

კვალიფიციური სტაფის განვითარება საკმაოდ დიდი გამოწვევაა. არადა, ამ ადამიანების გარეშე არაფერი შეგვიძლია. ამიტომაც ვაქციეთ მათი პროფესიული განვითარება კორპორაციული პასუხისმგებლობის ნაწილად.

გლობალიზაციის ნაწილში აქაც ვხედავთ საფრთხეს, რომ დიდმა კომპანიებმა თავისკენ გადაქაჩონ ეს ადამიანები და მოხდეს მათი გადინება. ამიტომ ესეც სტრატეგიის ნაწილია: განვავითაროთ სახელმძღვანელოები, პროგრამები, შევუქმნათ მათ ის შესაძლებლობები, რაც დღეს აკლიათ.

შევაჯამოთ ჩვენი საუბარი და დღეს ჩემი ბოლო კითხვა ასეთი იქნება: რა არის ის მთავარი გზავნილი, რაც გინდათ, რომ დარჩეს ჩვენს მკითხველს ამ ინტერვიუდან?

გარდა იმისა, რომ „თინეთი“ დღეს ყველაზე დიდი ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა – აქვს ყველა წამყვანი პლატფორმა, რასაც შეიძლება დღეს ადამიანი იყენებდეს – მთავარი ჩვენთვის ის წრეა, რომელსაც ჩვენი ლოგო ასახავს: მას, ვინც ამ წრეში მოხვდება, ამ წრიდან გასვლა აღარ უნდა მოუნდეს და აღარ უნდა დასჭირდეს.

აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალურად დიდი ძალისხმევა ჩავდოთ და მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს, რათა მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, რასაც ყოველდღიურად მოიხმარს.

ჩვენ გვინდა, დავპირდეთ მომხმარებელს, რომ შევთავაზებთ მომხმარებლის ისეთ გამოცდილებას, როგორიც სხვაგან არ იქნება; შევთავაზებთ მასზე მორგებულ წინადადებებს; შევთავაზებთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მოცემულ დროში სჭირდება – რადგან ჩვენ დინამიკაში შეგვიძლია დავაიდენტიფიციროთ, რა არის თითოეული მომხმარებლისთვის აქტუალური მოცემულ კონკრეტულ მომენტში.

ყველაზე ღირებული, რასაც ახლა ჩვენ ჩვენი მომხმარებლისთვის გავაკეთებთ, იქნება სუპერ აპი: ჩვენი პლატფორმების მეშვეობით რამდენიმე მილიარდის ტრანზაქციები დგება და გვინდა, გვქონდეს შესაძლებლობა, უფრო თვალსაჩინოდ დავინახოთ, რა შეიძლება დააკლდეს ჩვენს მომხმარებელს და სანამ სხვას მიმართავს ახალი საჭიროების დასაკმაყოფილებლად, მანამდე შევძლოთ მისთვის გადაწყვეტის შეთავაზება ან ჩვენით, ან სხვა მხარეებთან პარტნიორობით.

მთავარი მიზანია, ჩვენს მომხმარებელს ჩვენი ეკოსისტემიდან გასვლა არ მოუწიოს. ამას მივაქცევთ ძალიან დიდ ყურადღებას.