STEPS-ი ბათუმის სანაპიროზე

STEPS-ი ბათუმის სანაპიროზე

წლის ბოლოდან ბათუმის სანაპიროს ახალი, ელიტარული, 27-სართულიანი სასტუმროს ტიპის კომპლექსი – STEPS-ი შეემატება. 4000 მ2 ფართობზე გაშლილ კომპლექსს სამშენებლო დეველოპერული კომპანია „პრემიუმ ჯგუფი“ ქმნის. საინვესტიციოდ და ტურისტულად საინტერესო პროექტების განხორციელების მიზნით კომპანია 2017 წელს დაფუძნდა. პირველი მსხვილი პროექტის კონცეფცია 2018 წელს გამზადდა და მშენებლობაც მალევე დაიწყო. Forbes Georgia „პრემიუმ ჯგუფის“ მმართველი გუნდის წევრებს მასშტაბურ გეგმებზე ესაუბრა.

ბათუმის დეველოპერული ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია და კონკურენციაც დიდია, საინტერესოა, რა ნიშით შეიქმნა კომპანია „პრემიუმ ჯგუფი“?

ნატა სამნიძე, მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი: კომპანიის მთავარი მისია ადამიანისთვის კომფორტული და ესთეტიკური სივრცის შექმნაა. „პრემიუმ ჯგუფის“ განმასხვავებელ ნიშს სრულყოფილებისკენ სწრაფვა, თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკულად გამოყენება, საუკეთესო კადრებისგან დაკომპლექტებული გუნდი და გამჭვირვალობა წარმოადგენს. 

გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის მიზანი ელიტარული საინვესტიციო აპარტამენტების მშენებლობაა, თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ხარისხი იქნებოდა ჩვენი მთავარი უპირატესობა. ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯით უზრუნველვყავით, მაგალითად, უსაფრთხოების რეგულაციები ევროპული სტანდარტების შესაბამისია, ასევე, მშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტიანი, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები. პროექტის მშენებლობას კი დარგის საუკეთესო სპეციალისტები ხელმძღვანელობენ, რომლებმაც გადამზადება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაიარეს და მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ვფიქრობ, რომ ეს სხვებისგან გამოგვარჩევს. 

STEPS-ის მსგავსი კომპლექსები, რომლებიც სასტუმროს, აპარტამენტებსა და სხვა ინფრასტრუქტურას აერთიანებს, ბათუმში არაერთია. რით არის გამორჩეული თქვენი პროექტი? 

ლაშა ხავთასი, პროექტის დირექტორი: არამხოლოდ სასტუმრო და აპარტამენტები… STEPS-ი ერთადერთი პროექტია ბათუმში, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია საერთაშორისო სასტუმრო, საერთო სამუშაო სივრცე, ბიზნესცენტრი, რესტორანი, ლაუნჯი, სპა, სარელაქსაციო ზონა, ფიტნესი და იოგა, ღია საცურაო აუზი, ბოტანიკური ბაღი, მიწისქვეშა და სამდონიანი მიწისზედა პარკირება და საინვესტიციო აპარტამენტები, რომელთა უკუგება, საშუალოსტატისტიკური გათვლებით, წლიური 10%-ია.

სასტუმრო STEPS Batumi – აფილირებულია ამერიკულ ბრენდ Preffered Hotels and Resorts-თან, საკოლექციო ხაზით LIFESTYLE. Preffered Hotels and Resorts-ი მსოფლიოს 85 ქვეყანაში 700 უნიკალურ კომპლექსს, რეზორტს, საცხოვრებელ სივრცესა და სასტუმროს აერთიანებს. 

გარდა ამისა, STEPS-ის პროექტი 550 პრემიუმ-სეგმენტის აპარტამენტს მოიცავს. რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, ის მესამე სართულზე განთავსდება და ბათუმის ბოტანიკური ბაღის მინიატიურულ ვერსიას წარმოადგენს. საფეხმავლო ბილიკები, აუზი, ღია კაფეები, ლაუნჯ-ზონები, დეკორატიული მცენარეები და ღია აუზი (დახურვის ფუნქციით) საერთო ჯამში, დაუვიწყარ გარემოს შექმნის ჩვენი სტუმრებისთვის. ეს მათთვის განსაკუთრებული გამოცდილება იქნება. 

საერთო ჯამში, სასტუმროს ტიპის ელიტარული საინვესტიციო კომპლექსი მსოფლიო დონის პროექტს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ-კლასის უძრავი ქონება თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთიანდება. STEPS-ში აპარტამენტის შეძენით, ფაქტობრივად, თქვენ ერთი ინვესტიციით იძენთ როგორც უძრავ ქონებას, ასევე საკუთარ მიკრობიზნესს. 

ბიზნესცენტრიც ახსენეთ… დაინახეთ მასზე მოთხოვნა? 

ელენე ხავთასი, კომერციული დირექტორი: STEPS-ის კონცეფციის შექმნისას აჭარაში უძრავი ქონების ბაზარი დეტალურად შევისწავლეთ. 2019 წელს, როდესაც ბიზნესცენტრის გახსნა დავაანონსეთ, ბათუმისთვის ეს სიახლე იყო და ვიყავით პირველი, ვინც მულტიფუნქციურ კომპლექსში სხვა მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასთან ერთად ბიზნესს ოფისებიც შესთავაზა. თუმცაღა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მოთხოვნა უფრო ე.წ. Co-Working-ზონებზე გაჩნდა, შესაბამისად, STEPS-ში მომხმარებელს საერთო სამუშაო სივრცის განსხვავებულ კონცეპტსაც ვთავაზობთ. ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანები მშვიდ და კომფორტულ გარემოში შეძლებენ კონფერენციების გამართვას,, შეხვედრებს ან უბრალოდ მშვიდად მუშაობას. 

მსგავს მასშტაბურ პროექტებს ყოველთვის ახლავს დიდი რისკები. თქვენ რა რისკებს მოიაზრებდით პროექტის ჩაშვებამდე? 

ელენე ხავთასი: აღსანიშნავია, რომ ჩვენ თავიდანვე აქცენტს ხარისხზე ვაკეთებდით, რაც, თავის მხრივ, სამომავლო პროდუქციის მაღალ ფასებში აისახებოდა. ეს საკმაოდ დიდი რისკი იყო, ასევე რისკიანი იყო ჩვენი ფოკუსიც ინვესტორებზე არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრციდან, არამედ სხვა ახალი ბაზრებიდან. თუმცა პროექტის უნივერსალურობამ და არსებულმა შედეგმა აჩვენა, რომ რისკების მინიმუმამდე შემცირება შევძელით.

ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების მაისის სტატისტიკამ აჩვენა, რომ პრემიუმ-ბინებზე 84%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „პრემიუმ ჯგუფში“ როგორ აისახა აღნიშნული სტატისტიკა? და ზოგადად როგორია წინასწარი გაყიდვების მონაცემები? 

ელენე ხავთასი, კომერციული დირექტორი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სტატისტიკა ჩვენი გაყიდვების პირდაპირპროპორციულია. გაყიდვების დინამიკა დაგეგმილს შეესაბამება. პროექტის დასრულება ამ წლის ბოლოსთვის იგეგმება და ამ ეტაპზე სარეალიზაციო აპარტამენტების მხოლოდ 15%-ია დარჩენილი. 

ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? უფრო მეტად უცხოელები თუ ადგილობრივები? 

ნატა სამნიძე: STEPS-ის გლობალურობას მისი პარტნიორი ქვეყნები განსაზღვრავენ, რომელთაგან განხორციელებული ინვესტიციის სტატისტიკა შემდეგნაირია: 10% – საქართველო, 15% – ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი – 12%, აშშ/კანადა – 8%, ისრაელი – 10%, ავსტრალია – 10%, რუსეთი – 10%, ყაზახეთი – 5%, არაბთა გაერთიანებული საამიროები – 10%, სხვა ქვეყნები – 10%. 

როგორ მოახერხეთ სრულიად განსხვავებული ბაზრებიდან თანაბრად ყურადღების მიპყრობა?

ნატა სამნიძე: ჩვენი მარკეტინგული ამოცანა თავიდანვე იყო, რომ კონკრეტული ქვეყნების მოთხოვნაზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული. ვეცადეთ, სწორად შეგვერჩია პარტნიორები სხვადასხვა ქვეყანაში. ვფიქრობთ, დღევანდელი გადმოსახედიდან ეს შევძელით, ვინაიდან STEPS-ის აპარტამენტების 85% უკვე რეალიზებულია. საერთაშორისო ინვესტორების ძალიან საინტერესო სტატისტიკა გვაქვს. 

ბათუმში მთლიანად საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომაც გაიზარდა, მაგალითად, მაისში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 66%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს და რა მოლოდინი გაქვთ?

ლაშა ხავთასი: ვნახეთ, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო მიეკუთვნებოდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც სწრაფად მოახდინეს ეკონომიკის აღდგენა. ტურისტული ნაკადის ზრდამ, ბიზნესის კეთების სიმარტივემ, საგადასახადო სისტემის ლოიალობამ, უსაფრთხოების მაღალმა დონემ საქართველოში საერთო ჯამში უძრავი ქონებით დაინტერესების მიმზიდველი გარემო შექმნა. ზოგადად აჭარის რეგიონში უძრავი ქონების მიმართ ინტერესი არის მზარდი და ის კიდევ უფრო აქტიურდება ტურისტული სეზონის დაწყების წინ. ამიტომ მოლოდინებიც დადებითი გვაქვს.

ლარის კურსის გავლენაზეც მინდა გკითხოთ, რამდენად გიშლით ხელს მერყევი ეროვნული ვალუტა ბიზნესის პროგნოზირებადობაში?

ელენე ხავთასი: გამომდინარე იქიდან, რომ STEPS-ში განხორციელებული ინვესტიციების ხვედრითი წილის 90% უცხოელ ინვესტორებზე მოდის, მერყევი ლარი ჩვენთვის ნაკლებად სენსიტიურია. რაც შეეხება შესყიდვებს, მათი დიდი წილი უკვე განხორციელებულია, შესაბამისად, ვალუტის კურსის ცვლილების გავლენა უმნიშვნელოა. ჩვენი რისკები უცხოური ინვესტიციებით არის გადაზღვეული. 

„პრემიუმ ჯგუფის“ უახლოესი გეგმა STEPS-ის პროექტის დასრულებაა. რას უნდა ველოდოთ შემდგომში თქვენგან?

ლაშა ხავთასი: ბათუმში სხვა გრანდიოზულ კოლაბორაციულ პროექტებსაც ვგეგმავთ, რომლებიც ახლო მომავალში დაანონსდება. ასევე პროექტები გვაქვს დაგეგმილი საქართველოს სხვადასხვა საკურორტო რეგიონში, რის შესახებაც ინფორმაციას პოტენციურად დაინტერესებულ პირებს მალე მივაწვდით. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *