Tesla.Inc-ის უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში - თვითმართვადი ავტომობილის ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

Tesla.Inc-ის უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგში - თვითმართვადი ავტომობილის ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

Tesla.Inc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა იანვარში თქვა, რომ თვითმართვადი ავტომანქანები კომპანიისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. ამერიკული ავტომშენებელი და ენერგოკომპანია, რომელსაც ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს აღნიშნულ ბიზნესში,  თვითმართვადი ავტომობილების მეტად განვითარებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ თვითმართვადი ავტონომია არის მეხუთე დონის ავტონომია, რომელსაც გადაადგილება ადამიანის მართვის გარეშე შეუძლია. ილონ მასკის განცხადებით, თვითმართვადი ავტომობილებით მოძრაობას მცირედი პრობლემებიღა აფერხებს. თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს.

ამას მოწმობს შაბათს, ჰიუსტონში 2019 წლის Tesla Model S-ის ავარია, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის შემდეგაც ის ხეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლის ადგილას არავინ იყო, რასაც შემთხვევის ადგილზე მყოფი უბნის ინსპექტორიც აღნიშნავს. წინასწარი ინფორმაციით, დადგენილი არ არის, გამოიწვია თუ არა ავარია თვითმართვადმა სისტემამ.

ცნობისთვის, Tesla.Inc-ის ნახევრად ავტომატიზებული მართვის სისტემით გამოწვეული ავარიების გამო, რომელთა რიცხვი არ არის მცირე, აშშ-ის ავტოუსაფრთხოების სააგენტომ მარტში გამოძიება დაიწყო. 2019 წლიდან დღემდე Tesla.Inc-ის თვითმართვადი ავტომობილების ავარიების 27 შემთხვევა დაფიქსირდა.

Tesla.Inc-ის წარმომადგენლები ოფიციალურ ვებგვერდზე მძღოლებს მოუწოდებენ,  მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ავტოპილოტის ფუნქციის გამოყენებისას, რადგან ამჟამად მანქანები მძღოლის აქტიურ ზედამხედველობას მოითხოვს.  „Tesla.Inc-ის თვითმართვადი ავტომობილებით მგზავრობისას უბედური შემთხვევის რისკი 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი მანქანით გადაადგილებისას“, – აცხადებს ილონ მასკი.

მიუხედავად ავტომობილების განვითარებულობისა, Tesla.Inc-ის აღმასრულებელი დირექტორის თავდაჯერებულობა უსაფრთხოების საკითხს არ ანეიტრალებს. კომპანიის კონკურენტების განცხადებით, ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, გადატვირთულ ქუჩებში თვითმართვადი ავტომობილების გამოჩენა ნაადრევია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *