დღეს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება თითქმის $10 მილიარდით გაიზარდა, რაც Tesla-ს აქციების მკვეთრად გაძვირებამ გამოიწვია. მართალია, კომპანიამ 2025 წლის პირველ კვარტალში საკმაოდ სუსტი ფინანსური შედეგები აჩვენა, თუმცა ინვესტორების ენთუზიაზმი მასკის Tesla-სადმი შემობრუნებას მოჰყვა. მილიარდერის განცხადებით, მომავალში კომპანიას ბევრად მეტ დროს დაუთმობს. შეგახსენებთ, ბოლო თვეების განმავლობაში ის თითქმის მთლიანად იყო გადართული მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტზე (DOGE), რომელსაც დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ ხელმძღვანელობს.
ილონ მასკის ქონება დღეს $9.6 მილიარდით გაიზარდა და $371.3 მილიარდს მიაღწია. შედეგად, მისი უპირატესობა მომდევნო უმდიდრეს ადამიანთან, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან, $170 მილიარდამდე გაიზარდა. მასკის სიმდიდრის ზრდა უმეტესწილად Tesla-ს აქციების 7%-ით, $255-მდე გაძვირებამ განაპირობა. ეს კი იმის მიუხედავად მოხდა, რომ კომპანიის კვარტალური მოგება და შემოსავალი ანალიტიკოსთა პროგნოზებზე დაბალი აღმოჩნდა და კომპანიის ბოლო წლების ანტირეკორდებიც მოხსნა.
Tesla-ს აქციების ღირებულების ზრდაზე გავლენა მასკის განცხადებამ მოახდინა. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თქვა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელს მომავალი თვიდან უფრო მეტ დროს დაუთმობს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ინვესტორების გაღიზიანება და, შესაბამისად, Tesla-ს აქციების გრძელვადიანი გაუფასურება, ილონ მასკის პოლიტიკური აქტიურობით, საჯარო პოზიციებითა და სამთავრობო სტრუქტურებში ჩართულობით იყო გამოწვეული. მილიარდერის თქმით, თეთრ სახლთან თანამშრომლობას სრულად არ შეწყვეტს და სამთავრობო სამსახურისთვის კვირაში ერთ ან ორ დღეს გამოყოფს.
Tesla-ს აქციებზე გავლენა ასევე მოახდინა ორმა მნიშვნელოვანმა სიახლემ: კომპანიის მიერ ივნისში დაგეგმილმა უპილოტო “რობოტაქსის” გამოშვებამ და დაბალბიუჯეტიანი ელექტრომობილების წარმოების დაწყებამ, რაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უნდა განხორციელდეს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Tesla-ს აქციები წლიურ ჭრილში 40%-ით არის გაუფასურებული – ეს გაცილებით უარესი შედეგია, ვიდრე S&P 500-ის 8%-იანი ვარდნა. ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ მილიარდერის “დაბრუნება” კომპანიაში სტაბილურობასა და ზრდას მოიტანს.