მეორე მსოფლიო ომის დასკვნით წელს აშშ-მა შეიარაღებაზე საკუთარი მშპ-ის 38% დახარჯა. მკვლევრების მიერ ინფლაციის მაჩვენებლების დათვლით დგინდება, რომ 2020 წლის მონაცემებით 4 წლის განმავლობაში გაღებული კონტრიბუცია $4.1 ტრილიონ დოლარის ეკვივალენტი იქნებოდა. მეორე მსოფლიო ომიდან 80 წლის შემდეგაც ქვეყნები თავდაცვაზე ხარჯვას იმავე ტემპებით განაგრძობენ.
2022 წელს თავდაცვაზე გამოყოფილმა ბიუჯეტმა მსოფლიო მასშტაბით $2.2 ტრილიონი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა უკვე მე-8 წელია, იზრდება. წინამდებარე სტატიაში სწორედ იმ სახელმწიფოების რეიტინგს წარმოგიდგენთ, რომელთაც თავდაცვის ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვთ. რეიტინგი სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებზეა დაფუძნებული და 2022 წლის ინფორმაციას ასახავს.
უკვე მრავალი წელია, ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტის მქონე სახელმწიფოს აშშ წარმოადგენს. მასზე გლობალურად თავდაცვაზე დახარჯული სახსრების 40% მოდის. აშშ-ის 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტმა $877 მილიარდი შეადგინა, რითაც რეიტინგის სათავეშია.
მეორე ყველაზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტის მქონე სახელმწიფო ჩინეთი გახლავთ, რომლის წილიც გლობალურ ხარჯებში 13%-ია. ჩინეთმა თავდაცვაზე 2022 წელს $292 მილიარდი დახარჯა. რეიტინგში მესამე პოზიციას კი $86.4-მილიარდიანი ბიუჯეტით რუსეთი იკავებს. ხუთეულს ინდოეთი ($81 მლრდ) და საუდის არაბეთი ($75 მლრდ) ავსებენ.
მომდევნო სამი პოზიცია კი სამ უდიდეს ევროპულ ეკონომიკას: დიდ ბრიტანეთს ($68.5 მლრდ), გერმანიასა ($55.8 მლრდ) და საფრანგეთს ($53.6 მლრდ) უკავიათ. აზიური ეკონომიკური გიგანტები, სამხრეთი კორეა ($46.4 მლრდ) და იაპონია ($46 მლრდ) კი ათეულში მე-9 და მე-10 პოზიციებზე არიან წარმოდგენილნი.
რეიტინგი | ქვეყანა | თავდაცვის ბიუჯეტი |
1 | აშშ | $876.9 მლრდ |
2 | ჩინეთი | $292 მლრდ |
3 | რუსეთი | $86.4 მლრდ |
4 | ინდოეთი | $81.4 მლრდ |
5 | საუდის არაბეთი | $75 მლრდ |
6 | დიდი ბრიტანეთი | $68.5 მლრდ |
7 | გერმანია | $55.8 მლრდ |
8 | საფრანგეთი | $53.6 მლრდ |
9 | სამხრეთი კორეა | $46.4 მლრდ |
10 | იაპონია | $46 მლრდ |
საინტერესოა იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, რომელთაც 2022 წელს სამხედრო ბიუჯეტი ყველაზე მეტად გაზარდეს. ასეთებში მოწინავე პოზიციას უკრაინა იკავებს. უკრაინამ 2021-დან 2022 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტი 640%-ით გაზარდა. საკმაოდ დიდი სხვაობაა ამ მონაცემებით პირველ და მეორე ადგილის მფლობელს შორის. მეორე პოზიციაზე 27%-იანი ზრდით კატარი იმყოფება. მართალია, უკრაინასთან შედარებით, კატარის ბიუჯეტის ზრდა მცირედ გამოიყურება, თუმცა ჩვეულებრივ ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ცნობისთვის, 2022 წელს 9.2%-ით გაიზარდა რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტიც.
მეორე მხრივ, ყველაზე დიდი კლება 2022 წელს თურქეთის თავდაცვის ბიუჯეტში დაფიქსირდა და მან -26% შეადგინა. მეტწილად ეს მოვლენა თურქეთის ეროვნული ვალუტის, ლირის გაუფასურებასთან არის დაკავშირებული.