თავისუფლება ქალისუფლებას

თავისუფლება ქალისუფლებას

თუ ამ მოწოდების სულისკვეთებას არ იზიარებთ, მე შევეცდები დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ამ ბრძოლაში ქალების სოლიდარობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს არაჩვეულებრივი სლოგანი „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” აქციის ნაწილია, რომლისთვისაც არტისტმა ანუკ ბელუგამ ქართული „We can do it” შექმნა. მე მგონია, რომ ქართული ფემინიზმის შესახებ სტატიისთვის ზედგამოჭრილი სათაურია და შესავალშივე აჩენს მთავარ კითხვებს: რას გულისხმობს, როგორ მოვიპოვეთ და რა აკლია „ქალისუფლებას” დღეს?

ქალის უფლებებზე ხმამაღლა მოლაპარაკე ქალები არც ისე შორეულ, მაგრამ წარსულში რომ არ მოსწონდათ, გასაგებია – ქალს არც ჰქონდა საჯარო სივრცეში მოღვაწეობის და, შესაბამისად, უფლებების მოთხოვნის უფლება; მაგრამ დღესაც რომ იმავე დისკუსიას ვაწყდებით, ამას სულ სხვა საფუძველი უნდა ჰქონდეს. ზოგს სჯერა, რომ ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის საკითხი მოგონილი და „თითიდან გამოწოვილია”, ზოგს კი უბრალოდ პრივილეგიების დათმობა არ სურს. წარმატებულ ქალებს ისიც ჯიუტად სწამთ, რომ ყველა ქალს ისევე შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, როგორც თავად.

საქართველოში ფემინისტური მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად იზრდება იმ ჯგუფების რაოდენობაც, რომლებიც ფემინისტებს ღიად უპირისპირდებიან. იქმნება სტერეოტიპული ქართველი ფემინისტის სახე, ამჯერად – მაკიაჟით. ცოტა ძველ მოსაზრებებს თუ გადავხედავთ, ფემინისტი თმაგაწეწილი, მამაკაცებზე გაბრაზებული და შეუხედავი ქალი უნდა ყოფილიყო, თუმცა არც ეს შეხედულებაა მთლად მოდიდან გადავარდნილი – რამდენიმე თვის წინ სატელევიზიო გამოკითხვაში სწორედ ასე წარმოიდგინა ფემინისტი ახალგაზრდა ქართველმა კაცმა.

დიახ, ფემინიზმი

ქალის უფლებებზე ფოკუსირება ფემინიზმის არსს წარმოადგენს მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფემინისტური დღის წესრიგი ბევრად ფართო და მრავლისმომცველია. ფემინისტებს ამასაც უწუნებენ – რატომ ვსაუბრობთ ქალის და არა ადამიანის უფლებებზე?

ფაქტი ისაა, რომ ადამიანის უფლებების ჭრილში შეიძლება სულაც არ მოხვდეს გენდერული თანასწორობის საკითხები. აქვე ის ამბავიც გავიხსენოთ, რომ როდესაც პირველად დაიწერა ადამიანის უფლებების დეკლარაცია, მას „კაცისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია” ერქვა. ეს ალბათ ძველი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ჰუმანისტი და ფემინისტი ერთმანეთს ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს.

ფემინისტებს სჯერათ, რომ გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად განსაკუთრებული, გენდერული ხედვაა საჭირო. ფემინისტები იკვლევენ – როგორ ექცევა კულტურა ქალს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია; და რა პრივილეგიებს ანიჭებს კულტურა კაცს მხოლოდ იმიტომ, რომ ის კაცია. თუკი ამ უთანასწორობას სახელი არ დაერქმევა, თუკი არ მოხდება მისი ანალიზი და არ დაიგეგმება შესაბამისი ნაბიჯები, არასდროს შეიცვლება ის სისტემა, რომელიც უპირობოდ მამაკაცს ანიჭებს უპირატესობას. სწორედ ამიტომ, ქალებს სჭირდებათ სივრცე, სადაც ისინი თანამოაზრეებთან ერთად (და ეს თანამოაზრეები ისევე არიან მამაკაცები, როგორც ქალები) შეძლებენ ქალის გამოცდილებასა და საკითხებზე მსჯელობას.

ვინ და რატომ არის ფემინისტი?

ის, რომ ადამიანმა თავს ფემინისტი უწოდოს, ეს არც ისე ახალი ტენდენციაა ჩვენს რეალობაში. ხშირად ისეც ხდება, რომ გენდერულ საკითხებზე მომუშავე ადამიანები თავს ფემინიზმისგან შორს იჭერენ. ამ შემთხვევაში აღარაა გასაკვირი იმ ძლიერი ქალების პოზიცია, რომლებიც ასევე არ იდენტიფიცირდებიან როგორც ფემინისტები. ის კი არა, მათთვის იმის დამტკიცებაც საკმაოდ ჭირს, თუ სად, რა სფეროსა და რა ასპექტში ხდება ქალის დისკრიმინაცია მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ის ქალია. გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე მსჯელობა მსხვერპლის როლის მორგებასთან ასოცირდება და ძლიერი, წარმატებული ქალისთვის სათაკილოც კია.

სათაურს რომ დავუბრუნდეთ, მაინც ვინ არის ფემინისტი? ფემინისტი და ფილოსოფოსი თამარ ცხადაძე მარტივ ფორმულირებას გვთავაზობს – „იმისთვის, რომ ვიყოთ ფემინისტები, (1) საკმარისია ვაღიარებდეთ, რომ ჯერ კიდევ არ არის მიღწეული თანასწორობა; (2) ვიცოდეთ, რომ მამაკაცების არსებული უპირატესობა არა ბუნებით ნაბოძები, არამედ სოციალური მიზეზებით არის განპირობებული; (3) დაბოლოს, გვჯეროდეს, რომ არსებული სოციალური უთანასწორობის შეცვლა შესაძლებელია და სასურველი”.

ამ განმარტების მესამე პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია – ფემინისტობისთვის არ არის საკმარისი უთანასწორობის აღიარება, ფემინისტობისთვის აუცილებელი წინაპირობაა იმის რწმენა, რომ ამ უთანასწორობის შეცვლა შესაძლებელია. ხოლო ცვლილების მოსახდენად პირადი ჩართულობა და ბრძოლაა საჭირო. დიახ, ბრძოლა და ზოგჯერ ხელჩართულიც, რადგან პრივილეგიების დათმობა არც ისე ბევრ ადამიანს ეხალისება.

ფილოსოფიური განმარტების მიღმა, საინტერესოა რეალური ადამიანების პოზიცია – რას ნიშნავს იყო ფემინისტი დღევანდელ საქართველოში? გავიცნოთ რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომლებიც ფემინისტის სტერეოტიპულ იმიჯს რამდენიმე საინტერესო შტრიხს შესძენენ.

რუსუდან გოცირიძე, თეოლოგი: „იყო ფემინისტი, ნიშნავს გჯეროდეს ღვთის მიერ სამართლიანად შექმნილი სამყაროსი, სადაც ცხოვრობენ მის სახედ და ხატად შექმნილი ადამიანები. ადამიანები, რომლებიც საკუთარი ნიჭის, მოწოდების, ოცნების მიხედვით აშენებენ თავიანთ მომავალსა და ბედნიერ საზოგადოებას, რომელშიც იერარქიის ყველა საფეხური მორღვეულია, სადაც „არც მონაა და არც თავისუფალი, არც ბერძენი და არც იუდეველი, არც ქალი და არც მამაკაცი”.

ანა არგანაშვილი, ფსიქოლოგი: „ვიყო ფემინისტი, დღეს ნიშნავს, ჩაგვრა და უთანასწორობა ქვეყანაში მიმაჩნდეს ჩემს პირად პრობლემად და მინდოდეს ამ მდგომარეობის შეცვლა. ფემინიზმი გაძლევს საშუალებას, ჯერ საკუთარი „მე” და შენს თავს მომხდარი უთანასწორობები გააცნობიერო, შემდეგ აღმოაჩინო ძალა, რომ ამ უთანასწორობებს დაუპირისპირდე. ამ გაცნობიერებისა და დაპირისპირების გზაზე ბევრი წინააღმდეგობაა, რადგან რაღაც მომენტში აუცილებლად უნდა აღიარო შენი თავდაპირველი ხედვის არასწორობა, შენი არასწორი ღირებულებები, რომლებიცსოციალიზაციის პროცესში გადმოგცეს, და სხვების მოსმენის აუცილებლობა. ზუსტად ამ აღიარების მომენტში შეიძლება გაჩერდე კიდეც და თქვა, რომ არასდროს არაფერი შეგშლია ან საკუთარი თავის ტრანსფორმირების საშუალებად შენი შეცდომები იქცეს. საკუთარ თავს გარედან უყურებ და ძერწავ. აი, ასეთი გზაა – გრძელი, საინტერესო, გამომწვევი”.

დავით გაბუნია, დრამატურგი: „თანასწორობას აზრი ეკარგება, თუ მას ცალმხრივად განვიხილავთ. ეს არ არის მხოლოდ „ქალთა საკითხი” – მასკულინური დომინანტობა გულისხმობს გაუთავებელ ბრძოლას, რომელშიც მამაკაცები უნებლიეთ არიან ჩართულნი – ყოველ ნაბიჯზე ყველას უნდა უმტკიცო, რომ „ნამდვილი” მამაკაცი ხარ, ანუ – არა ხარ ქალი. რადგან პატრიარქალურ სისტემაში ქალი ნაკლულ, მეორეხარისხოვან არსებად ითვლება. თუ მამაკაცები გაიაზრებენ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სოციალური კონსტრუქტია და ქალთან გათანაბრება საშიში არ არის, თვითონაც გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი წნეხისგან. ამიტომ მიმაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა კაცებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი და სასარგებლოა”.

თანამედროვე ქართული ფემინისტური დღის წესრიგი

რადგან ის სამართლებრივი უფლებები, რისთვისაც ფემინისტები გასული საუკუნის დასაწყისში იბრძოდნენ, უკვე მოპოვებულია, ხშირად ჩნდება კითხვა – რა საკითხები დგას ფემინისტურ დღის წესრიგში დღეს? რატომ არ ითვლება თანასწორობა მიღწეულად?

იდა ბახტურიძე, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი: „ფემინიზმის „დრომოჭმულობის” მტკიცება საქართველოში, ყველაზე ხშირად, სწორედ კანონებით აღიარებულ თანასწორობაზე აპელირებით ხდება. მართალია, პირველი ტალღის ფემინისტებსაც ასე მიაჩნდათ და ეგონათ, რომ ქალთა საკითხების კანონებში ასახვა საკმარისი გახდებოდა რეალური თანასწორობის მისაღწევად. სამწუხაროდ, ფემინისტები ცდებოდნენ და კანონების თუ სხვა დოკუმენტების მიღებით ვერ მოხდა პრაქტიკაში მათი ავტომატური ასახვა, ბევრი რეალური პრობლემა მაინც პრობლემად დარჩა. ამიტომ ფემინისტები მიხვდნენ, რომ საჭირო იყო ბრძოლის გაგრძელება და ზრუნვა იმაზე, რომ ეს ფორმალური თანასწორობა პრაქტიკაში განხორციელებულიყო. არის ქვეყნები, სადაც ეს მეტ-ნაკლები წარმატებით მოხერხდა. საინტერესოა, რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით?

ფაქტია, რომ დღეს ისევ ძალადობენ ქალებზე და ეს ძალადობა გენდერულად სპეციფიკურია. ამ დროს კი სახელმწიფო არათუ პრევენციას, დანაშაულის აღკვეთასაც ვერ ახერხებს. მეტიც, ქვეყანაში არ არსებობდეს თუნდაც ერთი, მეტ-ნაკლებად გამართული სერვისი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.

საქართველოში საგანგაშოდ მაღალია იმ არასრულწლოვანი გოგონების რიცხვი, რომლებიც სწავლას ქორწინებისა და ფეხმძიმობის გამო წყვეტენ, მაგრამ სახელმწიფო ამ დრომდე ვერ ახერხებს ამ პრობლემის მოგვარებას. სელექციური აბორტების რაოდენობა კი აჩვენებს, რამდენად მიზოგინიურია კულტურა, რომელიც გოგო-შვილების დაბადებას ამ გზით ებრძვის.

ვიტყოდი, რომ საქართველოში ფემინისტური მოძრაობის ახალი ტალღა დღეს იწყება და მთავარი გამოწვევაც ახლა სწორედ ფემინისტური დღის წესრიგის განსაზღვრაა, რომელიც ადეკვატური იქნება რეალობის და არა „სხვის” მიერ გარედან „საპროექტო ინიციატივად” მოწოდებული”.

პრივილეგირებული, წარმატებული ქალისთვის ცოტა რთულად დასაჯერებელი პრობლემებია მოყვანილი. მართლა ძნელია, სიტყვაზე ენდო და დაიჯერო, რომ „2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, რისი მიზეზიც უმრავლეს შემთხვევაში ადრეული ქორწინებაა”. ეს ამონარიდი სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშიდანაა. თუკი რეალობაზე უბრალოდ თვალს არ დავხუჭავთ, არ არის ძნელი ვაღიაროთ, რომ ქალებს არაერთი დაბრკოლება ხვდებათ წარმატების გზაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან. ნაადრევად ქორწინებაც პირობითია – ზრდასრულ ასაკში ქორწილების შემთხვევაშიც კარიერაში ქალს მეტად ეშლება ხელი, ვიდრე მამაკაცს და ეს მწარე სიმართლეა. ამაზე საუბარი შეიძლება სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ რეალობის შეცვლა თუ გვინდა – პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, და შემდეგ გადაჭრის გზები მოვნახოთ.

იგივე შეიძლება ითქვას სელექციური აბორტების თემაზე. თუკი ქალის ჩაგვრაზე საუბარი უნდა დასრულდეს, თუკი ყველა ქალს აქვს გარანტირებული წარმატება და სქესი დამაბრკოლებელი აღარ არის, რატომ იშორებენ უფრო ხშირად გოგონა-ნაყოფებს სქესის გაგების შემდეგ? მაშინ, როდესაც ნორმად 100 გოგოზე 105-106 ბიჭის დაბადებაა მიჩნეული, დაბადებამდე სქესის დიაგნოსტიკის შემოსვლის შემდეგ საქართველოში ყოველწლიურად მატულობს დაბადებული ბიჭების რაოდენობა. თუკი სტატისტიკის

ეროვნული სამსახურის ანგარიშებს გადავხედავთ, ამ პრობლემის უტყუარობაში ადვილად დავრწმუნდებით. სამწუხაროა, მაგრამ ეს მონაცემები ამბობს, რომ 2012 წელს 1151 გოგოთი ნაკლები დაიბადა.

მართლაც ძალიან რთულია, ერთ სტატიაში ყველა იმ პრობლემას ჩაუღრმავდე, რომლებიც თანასწორობის კუთხით დღეს არსებობს, ამიტომ მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილე ყურადღება. რადგან თანასწორობის პოლიტიკური განზომილება ბოლოდროინდელი დისკუსიების ყველაზე ცხარე საგნად იქცა, ვერც ამ საკითხს ავუარე გვერდი ბოლომდე. მოკლე, მაგრამ მკაფიო კომენტარს აკეთებს ლევან ცუცქირიძე, რომელიც წარმოადგენს „ნიდერლანდების ინსტიტუტს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” (NIMD) სამხრეთ კავკასიაში:

„დღეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თანხმობის მიღწევა იმ საკითხზე, რომ თუკი ქალები არ იქნებიან უფრო ფართოდ წარმოდგენილნი პოლიტიკაში, ვერ მოხერხდება ბევრი სხვა, სერიოზული პრობლემის გადაჭრა – იქნება ეს ქალთა თანასწორი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ეკონომიკურ რესურსებზე თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე. მნიშვნელოვანია მივაღწიოთ კონსენსუსს, რომ უთანასწორობის საკითხი პოლიტიკური საკითხიც არის და, შესაბამისად, ეფექტიან პოლიტიკურ მოქმედებას საჭიროებს პოლიტიკოსების მხრიდან: იქნება ეს შიდაპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქალთა მეტ წარმომადგენლობაზე პოლიტიკაში თუ საკანონმდებლო დონეზე ამის მოგვარება კვოტირების საშუალებით.

მართალია, ჩვენ წინ წავიწიეთ იმ მხრივ, რომ უთანასწორობა, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური ელიტის დონეზე, დეკლარირებულია როგორც პრობლემა – ჩვენ მაინც არ გვაქვს დიდი პროგრესი ამ პრობლემის პოლიტიკური ასპექტების რეალურად გაცნობიერების მხრივ და იმ უამრავი ხელოვნური უპირატესობის დანახვაში, რაც კაცებს არასამართლიან უპირატესობას ანიჭებს პოლიტიკასა თუ სხვა სფეროებში”.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ლევანი აღნიშნავს, პოლიტიკის საჯარო სივრცეში გენდერული უთანასწორობა აღიარებულია, ფემინისტებს გვიწევს მუდმივად ვუმტკიცოთ საზოგადოებას, რომ ეს უთანასწორობა მართლაც არსებობს. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საზიანო ქალების გაძლიერებისთვის წარმატებული ქალების მხრიდან სოლიდარობის ნაკლებობაა – ხშირად ძლიერი ქალები ვერ ხედავენ იმ ბარიერებს, რაც ქალებს ხვდებათ მამაკაცებით დომინირებულ გარემოში. სწორედ ამიტომ, ქალებს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას ვუსურვებ, რადგან გარკვეულწილად ყველა თანამედროვე ქალი ფემინისტია. იკითხავთ, რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ცნობილი მსახიობი, ჰელენ მირენი ამბობს, არც ერთი ჩვენგანი არ მოისურვებს იცხოვროს ისე, როგორც თუნდაც 40 წლის წინ ცხოვრობდნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *