თბილისში მშრალი პორტი აშენდება - სავარაუდო ინვესტიცია 27 მლნ ლარია

თბილისში მშრალი პორტი აშენდება - სავარაუდო ინვესტიცია 27 მლნ ლარია

თბილისში მშრალი ტვირთის შენახვაზე გათვლილი სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი აშენდება, რომლის სავარაუდო ინვესტიცია 27 მლნ ლარია.

როგორც bm.ge წერს, ინვესტიციას კომპანია „თბილისი დრაი პორტი“ განახორციელებს.

საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სწორედ შპს „თბილისი დრაი პორტს“ გადაეცემა თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად – აღნიშნული გადაწყვეტილება 1 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული. კერძოდ, საუბარია თბილისში, ქინძმარაულისა და რქაწითელის ქუჩებზე მდებარე 11 ერთეულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე.

როგორც bm.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, „პროექტის კონცეფცია მოიცავს მშრალი პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას საკონტეინერო, სარკინიგზო, საავტომობილო და სასაწყობო მიმართულებებით და პორტი მოემსახურება როგორც საქართველოს, აგრეთვე  მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს და გადაიქცევა რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრად“.

„გადაცემულ ქონებებზე კომპანია არანაკლებ 3000 ერთეული კონტეინერის, ასევე, არანაკლებ 6000 ტონა მშრალი ტვირთის შენახვაზე გათვლილი სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრის/მეურნეობის შექმნას გეგმავს, რისთვისაც 27 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მიმართულების განვითარებას, მისი მეშვეობით საგრძნობლად განიტვირთება ცენტრალური ავტომაგისტრალი და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა ბიძგს მისცემს მსხვილ საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებს, დაიწყონ თანამედროვე სტანდარტებით აქტიური ოპერირება საქართველოში“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: შპს „თბილისი დრაი პორტი“ დაფუძნებულია 2021 წლის 28 იანვარს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია 2013 წელს დაფუძნებული კომპანია შპს „ინვეკო“,  რომლის100%-იან წილს ბიზნესმენი ჯემალ ინაიშვილი ფლობს. კომპანიის ანგარიშის თანახმად, ის ძირითადად ლოგისტიკურ ბიზნესში არის ჩართული და ფლობს საკონტეინერო გადაზიდვების გლობალური ბრენდის “ემ ეს სის” ქართული შვილობილის 20%-იან წილს. ჯემალ ინაიშვილი ამასთანავე  ერთ-ერთი მსხვილი მეტალურგიული კომპანია „ჯეოსთილის” დირექტორია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.