თხმორელი ჯორჯ კობი

თხმორელი ჯორჯ კობი

გრიგოლ კობახიძის გზა რაჭიდან თბილისში, თბილისიდან ოდესაში, ოდესიდან პოლონეთში, პოლონეთიდან გერმანიაში, გერმანიიდან ინგლისში, ინგლისიდან ამერიკაში, ამერიკიდან – მილიონებში, მილიონებიდან „დიდ დეპრესიაში“, კრიზისიდან კი ისევ სიმდიდრეში.

გრიგოლ (გიგო) კობახიძე 1883 წ. ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში რაჭველი გლეხის, დავით კობახიძის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, შემდეგ – სოფლის მღვდელთან. ახალგაზრდა გრიგოლი სამუშაოდ ბორჯომში, ახლად გახსნილ მინის ქარხანაში მოეწყო, სადაც მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) უფროს მემანქანედ მუშაობდა.

ბორჯომში ოთხი წელი გაატარა და ამ პერიოდში დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო და პროდუქციის გაზრდის მეთოდი შეიმუშავა. გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს კი ოდესის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ. 1903 წლიდან მუშაობდა კრასნოდარის გუბერნიაში, დონბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში, რომელსაც ფრანგები ხელმძღვანელობდნენ. 1905-07 წლების რუსეთის პირველი რევოლუციის დროს  კობახიძე დააპატიმრეს და გასახლებას უპირებდნენ. კობიმ ზუსტად ამ პერიოდში გაიცნო მომავალი მეუღლე, წარმოშობით შვედი დაშა ნოდვიკოვა და დაუმეგობრდა ევგენი იგნატიევს, შემდგომში მის პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1907 წელს გრიგოლ კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და გერმანელი სპციალისტების დახმარებით შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო გახსნა, თუმცა 1908 წლის დასაწყისში ლონდონში გადავიდა და მინის ქარხანაში უბრალო მუშად მოეწყო. მომდევნო წელს კი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. იმ დროს ამერიკაში საკმაოდ იყვნენ ქართველები, მათ შორის – რაჭველები. მათი დახმარებით გიგო ნიუ-იორკში მოეწყო და პურის ცხობით ირჩენდა თავს. ცხრა წელი მეუღლესთან ერთად იმუშავა „ჯენერალ ელექტრიკის” ფირმაში და უკვე ამ დროს შექმნა განსხვავებული ავტომატური კალამი, რომელმაც რამდენიმე პატენტი მიიღო.

1919 წელს კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან ახლოს, დიდი ქარხანა გახსნა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Coby Glass Products Company-მ, რომელიც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა (სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული, ფანჯრის მინები, ოთახის გასატიხრი მინები და ა.შ.), სახელი გაითქვა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სხვადასხვა მონაცემით, მისი კომპანიის წარმოების საქონელბრუნვა 1929 წელს 15 მილიონ დოლარს აღწევდა, წმინდა მოგება კი – $4 მილიონს.

ბიზნესის კეთების პარალელურად, გრიგოლ კობახიძე არასდროს ჩამოშორებია პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. იგი 1918-1921 წლების საქართველოს დამოუკიდებლობის დიდი გულშემატკივარი იყო. დიდი სურვილი ჰქონდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და იქ გაეგრძელებინა თავისი საქმე, მაგრამ 1918-21 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საქართველოში მინის დიდი ქარხნის აგება სურდა, მაგრამ ბოლშევიკებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა. 1924-28 წლებში ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში. თავის მხარეში ააშენა სკოლა, აფთიაქი, მღვდლის სახლი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, გახსნა და საქონლით მოამარაგა სავაჭროები…

1929 წელს აშშ-ში „დიდი დეპრესია“ დაიწყო, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. მიუხედავად უკიდურესი პრობლემებისა, კობიმ მაინც მოახერხა რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევა და მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა გახსნა. გაიხსენა კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა აშშ-ში კიდე ერთი ცნობილი ქართველი მეწარმის, გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაჩაბლის ფირმა Prince Matchabeli -სთვის.

1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობიმ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და $2 მილიონი. როდ-აილენდის შტატის ქ. პატაკეტში გახსნა ქარხანა, რომელიც უშვებდა პროდუქციას ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, საველე ჰოსპიტლებისა და საავადმყოფოებისათვის. ჯორჯ კობის ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე მოკავშირეებს. ამასთან ერთად, კობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოგონება – წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი ფლორიდას უკავშირდება.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კობიმ სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. Bubbel Lamps, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელთაც „ორნამენტი“ უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა „კობი“.

მას და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ და საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები პაგლიები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.

1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაგლიებს მისი სახელი დავიწყებისთვის არ მიუციათ და არც წარმოებისთვის შეუცვლიათ სახელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *