თურქეთი საბრძოლო ტექნოლოგიის ფრონტის წინა ხაზზე | Baykar Bayraktar-ის წარმატების ისტორია

თურქეთი საბრძოლო ტექნოლოგიის ფრონტის წინა ხაზზე | Baykar Bayraktar-ის წარმატების ისტორია

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2 აღმოჩნდა. საბრძოლო დრონი რუსული შეიარაღებული ძალებისა და საბჭოური ტექნიკის კოშმარად მალევე იქცა, რაც Bayraktar-ის ტექნოლოგიური უპირატესობითა და ლეტალურობით იყო განპირობებული.

ამერიკულმა Forbes-მა Bayraktar-ს ომის პირველი სამი თვის ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო აქტივი უწოდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ იარაღის შესაძლებლობებს.

თურქულ მოიერიშე დრონს ათობით რუსული ტანკი, ხომალდი, სატვირთო, საარტილერიო იარაღი, ჯავშანტექნიკა და ჯარისკაცი ემსხვერპლა. Bayraktar-ი განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენებოდა ომის საწყის ეტაპზე, როდესაც რუსული სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე კილომეტრიანი კოლონებით შედიოდნენ და სტრატეგიულ პოზიციებამდე მიღწევას ცდილობდნენ.

ზოგადად, უპილოტო საფრენ აპარატებს მრავალი დანიშნულება აქვთ, მათ შორისაა: დაზვერვა, მოძრავი ობიექტების განადგურება, უძრავ სამიზნეებზე იერიშის მიტანა, სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის, ხიდებისა და გზების დაზიანება, საბრძოლო ტექნიკისა და დანაყოფების დაზღვევა, მტრის ზურგში შეუმჩნევლად შეჭრა და იერიშის მიტანა. ომის საწყის პერიოდში Bayraktar-ის მთავარი დანიშნულება სწორედ ეს უკანასკნელი იყო. მისი მცირე ზომის წყალობით, ის თვალისა თუ რადარისთვის რთულად შესამჩნევია, რაც მას აძლევს იმის საშუალებას, რომ მოწინააღმდეგეს მოულოდნელი დარტყმა მიაყენოს.

აღსანიშნავია, რომ Bayraktar-ს კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასიც გამოარჩევს. თავად საფრენი აპარატის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ დოლარს შეადგენს, დრონების სამართავი ცენტრის ღირებულება კი 70 მილიონი დოლარის ფარგლებშია.

შედარებისთვის, კომპანია Israel Aerospace Industries-ს მიერ წარმოებული Heron-ის ტიპის დრონის ღირებულება 140 მილიონ დოლარს აღწევს; ამერიკული General Atomics-ის წარმოების MQ-9 Reaper-ის ფასი $35 მილიონის ფარგლებში მერყეობს; ხოლო Northrop Grumman-ის ფლაგმანის Global Hawk-ის ღირებულება 200 მილიონ დოლარს აჭარბებს.

მართალია, Bayraktar-ს Global Hawk-თან და Reaper-თან შედარებით გაცილებით ნაკლებ დისტანციაზე შეუძლია ფრენა და მისი არსენალიც შეზღუდულია, თუმცა ქვეყნის შიგნით, ქალაქთაშორისი სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად ის სავსებით საკმარისია.

უაღრესად წარმატებული სამხედრო აპარატის მიღმა 1984 წელს დაფუძნებული კომპანია Baykar Technologies და ინოვატორი ინჟინერი სელჩუკ ბაირაქტარი დგას.

თურქეთში სამხედრო-ტექნოლოგიური კომპანიის დაფუძნება კი უშუალოდ სელჩუკის მამას, ოზდემირ ბაირაქტარს უკავშირდება, რომელიც გამორჩეული აეროინჟინერი და მეწარმე იყო. აწ უკვე გარდაცვლილმა ოზდემირმა 38 წლის წინ გააცნობიერა, რომ საჰაერო ბრძოლების მომავალი უპილოტო საფრენი აპარატების იქნებოდა. სწორედ ამ იდეით შთაგონებულმა ინჟინერმა გადაწყვიტა, რომ უაღრესად მაღალტექნოლოგიური სამხედრო იარაღის წარმოება მაშინ ჯერ კიდევ ეკონომიკურად განუვითარებელ და პოლიტიკურად არასტაბილურ თურქეთში დაეწყო.

Baykar-ის პირველ პროდუქტებს, Mini UAV-სა და TB1-ს რთულია წარმატებული ვუწოდოთ, თუმცა TB2, რომლის შექმნაზეც სელჩუკ ბაირაქტარი მუშაობდა, ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ იარაღად და თურქული ინჟინერიის მწვერვალად.

რაც შეეხება TB2-ის შემოქმედ სელჩუკ ბაირაქტარს, მამის იდეით შთაგონებულმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ სტამბულის ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით სწავლა გადაწყვიტა, თუმცა ის მალევე გასცდა ქვეყნის ფარგლებს და პენსილვანიის უნივერსიტეტში მაგისტრიც გახდა, ამის შემდეგ კი იწყება სელჩუკის აკადემიურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი – მსოფლიოს #1 უნივერსიტეტი – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (MIT), სადაც მან დოქტორის ხარისხი (Ph.D) სწორედ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით მომზადებული დისერტაციით დაიცვა.

პლანეტის საუკეთესო უნივერსიტეტში მოპოვებული უმაღლესი აკადემიური ხარისხით მეოცნებე ინჟინერი 2007 წელს კომპანია Baykar-ს დაუბრუნდა და ახალი, ინოვაციური უპილოტო საფრენი აპარატის შექმნაზე დაიწყო მუშაობა, რომელსაც დღეს ჩვენ Bayraktar TB2-ის სახელწოდებით ვიცნობთ.

Bayraktar-ის დრონმა საბრძოლო გამოცდილება სირიის სამოქალაქო ომში, ლიბიის ომში, ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტში და მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში მიიღო. არსებითად განსხვავებული საბრძოლო მასშტაბებისა და ლოკაციების მიუხედავად, თურქული წარმოების დრონმა კომპეტენციის უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა და არაერთგზის დაამტკიცა, რომ სათანადო ცოდნითა და სამეწარმეო უნარებით ისეთი მსხვილი კომპანიებისთვისაცაა კონკურენციის გაწევა შესაძლებელი, როგორიც Lockheed Martin-ი და Northrop Grumman-ია.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Baykar-ი ამჟამად კიდევ უფრო ამბიციურ პროექტებზე, TB3-სა და Kizilelma-ზე მუშაობს, რომელმაც კონკურენცია არა უბრალოდ დრონებს, არამედ ავიაგამანადგურებლებს უნდა გაუწიოს.

აგრეთვე საინტერესოა, რომ 2016 წელს სელჩუკ ბაირაქტარმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ქალიშვილზე იქორწინა, რამაც მისი კომპანია „ეროვნულ ჩემპიონად“ აქცია, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ Baykar-ის წარმატება არა სამთავრობო კავშირებით, არამედ ინოვაციურობითაა განპირობებული.

სულ რამდენიმე წელიწადში ბაირაქტარების ოჯახის მფლობელობაში არსებული კერძო კომპანია რეგიონის მასშტაბით ლიდერად იქცა, თურქეთი კი სამხედრო ტექნიკის გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ, რომელიც ამჟამად კონკურენციას აშშ-საც კი უწევს.

ბუნებრივია, პრეზიდენტ ერდოღანს კარგად ესმის თუ რა მნიშვნელობის სტრატეგიულ რესურსს წარმოადგენს კომპანია Baykar-ი და ის ამ შესაძლებლობას გეოპოლიტიკური მიზნებით შესანიშნავად იყენებს.

Baykar-ის დრონების შეძენის უფლება მხოლოდ იმ სახელმწიფოებს აქვთ, რომლებიც თურქეთის მთავრობის საგარეო ინტერესებთან არიან თანხვედრაში.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, ამჟამად Bayraktar-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების შეძენით „მთელი მსოფლიოა“ დაინტერესებული, ხელშეკრულება კი უკვე 24 ქვეყანასთანაა გაფორმებული. გარდა ამისა, უკრაინაში Baykar-ის ახალი საწარმოს მშენებლობა იგეგმება, სადაც საბრძოლო დრონები და მათი ძრავები აიწყობა.

მყიდველებს შორის უმსხვილესი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელიც 120 ერთეული Bayraktar TB2-ის შეძენას გეგმავს.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ბაირაქტარი მამა-შვილის მიერ განხორციელებული ოცნებაა, „შეშლილი მეცნიერების“ ფრთაშესხმული იდეა, რომელიც მტრებს ციდან სიკვდილის უქადის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *