Google-თან თანამშრომლობით, აშშ მკვლევართათვის ჩიპების შექმნას გეგმავს

Google-თან თანამშრომლობით, აშშ მკვლევართათვის ჩიპების შექმნას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების კომერციული დეპარტამენტის განცხადებით, Google-თან გაფორმდა კვლევისა და განვითარების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მკვლევართათვის ჩიპების შექმნა იგეგმება. ჩიპების გამოყენება შესაძლებელი იქნება ახალი ნანოტექნოლოგიებისა და ნახევარგამტარული მოწყობილობების განსავითარებლად.

ახალი გარიგება კომერციული დეპარტამენტის „სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ნაციონალურ ინსტიტუტსა“ (NIST) და Google-ს შორის გაფორმდა. ჩიპებს ნახევარგამტარების კომპანია SkyWater Technology მინესოტაში, თავისივე ქარხანაში დაამზადებს. შეთანხმების პირობებით, Google-ი წარმოების შექმნის საწყის ხარჯს აანაზღაურებს და პირველ პარტიას დაასუბსიდირებს.

უნივერსიტეტის მკვლევარ პარტნიორებთან ერთად, ჩიპების სქემებს NIST-ი შეიმუშავებს. ჩიპების დიზაინის შექმნაში მონაწილე პარტნიორებს შორის კი იქნებიან: მიჩიგანის, ჯორჯ ვაშინგტონის, ბრაუნისა და კარნეგი მელონის უნივერსიტეტების მკვლევრები.

„NIST-ი სხვადასხვა აპლიკაციისთვის 40-მდე განსხვავებული ჩიპის ოპტიმიზებულ დიზაინს შეიმუშავებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩიპების დიზაინი ღია წყარო იქნება, მკვლევრებს შეზღუდვების გარეშე ახალი იდეების განხორციელება და მონაცემებისა და მოწყობილობების დიზაინის თავისუფლად გაზიარება შეეძლებათ“, – ნათქვამია აშშ-ის კომერციული დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ კონგრესმა პრეზიდენტ ბაიდენის Chips and Science Act-ი დაამტკიცა. ბაიდენის მიერ ხელმოწერილი აქტის თანახმად, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების საპასუხოდ, ქვეყნის ტერიტორიაზე ნახევარგამტარების წარმოების მხარდასაჭერად $52  მილიარდი გამოიყოფა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *