გასულ კვირას ორი პარტიის სენატორებისაგან შემდგარი ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ის კონგრესი თურქეთისათვის 20 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვას მხარს მანამ არ დაუჭერს, სანამ ანკარა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრების რატიფიცირებას არ მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრების შესახებ ოფიციალური განაცხადი ჯერ კიდევ შარშან წარადგინეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სკანდინავიურ ქვეყნებს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანების აუცილებლობა დაანახა. თუმცა, მათი ტრანსატლანტიკურ ალიანსში გაწევრების სურვილს თურქეთი დღემდე ეწინააღმდეგება. სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთმა, შესაძლოა, ფინეთის ნატოში გაწევრებას მხარი დაუჭიროს, თუმცა შვედეთის შემთხვევაში კვლავ უარყოფით პოზიციას ინარჩუნებს.
სენატორების განმარტებით, თურქეთისათვის F-16-ების მიყიდვის შესაძლებლობას მხოლოდ ნატოში გაწევრების პროტოკოლის თურქეთის მიერ რატიფიცირების შემთხვევაში განიხილავს. საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის კონგრესმა თურქეთისათვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვის საკითხი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრებას მიაბა.
ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ორ მოვლენას შორის კავშირს უარყოფს. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ თურქეთის ქმედებებმა რატიფიკაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა კონგრესთან მოლაპარაკების პროცესში დადებითი გავლენა იქონიოს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა აშშ-ისაგან Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული დამატებით 40 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავის, F-16-ის შეძენის შესახებ განაცხადი ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში გააკეთა. გარდა ამისა, თურქეთი საკუთარ ფლოტში უკვე არსებული F-16-ებისათვის 80-მდე სამოდერნიზაციო კომპლექტს მოითხოვდა.