ძველი ქართული საგაზეთო რეკლამა დიდი და ამოუწურავი თემაა. XIX საუკუნის ქართული გაზეთების ბოლო გვერდები სარეკლამო განცხადებებით იყო აჭრელებული – რეკლამებით, რომელთაგან გამორჩეულ და განსაკუთრებულ, ე.წ. TOP-განცხადებებს გაგაცნობთ.
XIX საუკუნის ქართული პრესის ფურცლებზე არაერთ სარეკლამო განცხადებას შეხვდებით, რომელთა ნაწილი ვიზუალური თუ შინაარსობრივი კრეატიულობით გაგაკვირვებთ, ნაწილი სასაცილოდ მოგეჩვენებათ, ზოგიერთი კი სულაც იმას გაფიქრებინებთ, საერთოდ რაზე ფიქრობდა დამკვეთი, როცა ამგვარი რეკლამით საკუთარი პროდუქტითა თუ სერვისით მოსახლეობის დაინტერესებას ცდილობდაო.
როგორც წესი, სარეკლამო განცხადებები ქართული საგაზეთო გამოცემების ბოლო გვერდებზე იბეჭდებოდა, თუმცა, არცთუ იშვიათად, გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებებსაც შეხვდებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განცხადების გამოქვეყნების სანაცვლოდ, დამკვეთს, სავარაუდოდ, რედაქციის მიერ დაწესებულ თანხაზე მეტი ჰქონდა გადახდილი.
სარეკლამო განცხადების დასაბეჭდად მოქალაქეებს შეეძლოთ, პირდაპირ რედაქციისთვის მიემართათ, ან იმ „კანტორების“ მომსახურებით ესარგებლათ, რომლებიც, გარკვეულწილად, სარეკლამო სააგენტოს ფუნქციასაც ასრულებდნენ და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ „იღებდნენ ყოველ გვარ განცხადებებს ადგილობრივ გაზეთებში დასაბეჭდად“.
რეკლამა #1
ტფილისში, კავკასიის ეკონომიკურ ცენტრში, სადაც, როგორც ამბობენ, ვაჭრობა დუღდა და გადმოდუღდა, კომერციულ საქმიანობაში არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან ჩამოსული ვაჭრებიც ცდიდნენ ბედს.
თფილისში ყოველგვარი უცხოურის მიმართ ინტერესი ისედაც დიდი იყო, თუმცა იმპორტული პროდუქციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისათვის მხოლოდ „ქალაქში გავარდნილი ხმის“ იმედად რომ არ ყოფილიყვნენ, უცხოელი ვაჭრები სარეკლამო განცხადებებსაც ხშირად მიმართავდნენ.
ამ განცხადებათა შინაარსიც, უმეტესად, ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორიც ვაჭრების მიერ ჩამოტანილი „სავაჭრო“, რომლის შესახებაც დეტალურად უამბობდნენ პოტენციურ კლიენტებს. ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ განგებ, მუშტრის წასახალისებლად თუ ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, უცხოელ ვაჭრებს სარეკლამო ტექსტში არც იმ მნიშვნელოვანი გარემოების მითითება ავიწყდებოდათ, რომ ტფილისში მხოლოდ „მცირე ხნით“ იმყოფებოდნენ.
ამგვარი იყო, მაგალითად, გაზეთ „დროების“ 1875 წლის #24-ში გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადება, რომელიც „შესანიშნავი იაფობის“ შესახებ აუწყებდა მკითხველს.
ოდესელი ვაჭარი ი. ფრიში თფილისელებს აცნობებდა, რომ „არა ჩვეულებრივმა ვაჭრობის სიძაბუნემ და ფულის კრიზისმა“ აიძულა, რომ „მოკლეს ხნით“ ქალაქ თფილისში ჩამოსულიყო „ახალის და ნაირ-ნაირის საქონელით“:
„მაქვს ყოველგვარი თეთრეული, ტილოს საქონელი. რადგანაც მსურს, რომ ჩემი საქონელი რაც შეიძლება მსწრაფლად გავყიდო, ამის გამო გადავწყვიტე, რომ ყველა საქონლის ფასზე 25% დაუკლო და ამ ნაირად კონკურენცია ავაცილო ჩემს მაღაზიას, რომელიც სხვა მაღაზიებზე უფრო იაფად გაჰყიდის“.
ქალაქის ცენტრში, „გალავინის პროსპექტზე“, „ამერიკის სასტუმროს“ გვერდით დაბინავებულ ფრიშს, როგორც ჩანს, არც ის დარჩენია ყურადღების მიღმა, რომ საგანგებოდ აღენიშნა – „აქვე ისყიდება ყოველ გვარი სამზითვო თეთრეული“.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ თფილისში იყო დრო, როდესაც „საცოლე ვაჟი ქალის სულიერსა და გარეგნულ სილამაზეს აღარაფრად აფასებდა და მხოლოდ მზითევს მოითხოვდა. ჩვენი ქალების ბედნიერება კი მაშინ იყო, როცა თავის საქმროს ძვირფას მზითევს და „ჯიბის ფულს“ წაუღებდნენ“, იოლი მისახვედრია, რა გათვლა შეიძლება ჰქონოდა ოდესელ ვაჭარს.
იმდროინდელ გაზეთებში ამგვარი განცხადებები საკმაოდ ხშირად იბეჭდებოდა და არაერთი განსხვავების, მათ შორის – განსხვავებული პროდუქციით ვაჭრობის მიუხედავად, ამ ტიპის რეკლამათა დამკვეთებს ერთი საერთო ნამდვილად ჰქონდათ – მუდმივად იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ „მაღაზია მხოლოდ მოკლე ხანს იქნებოდა“, შესაბამისად, თფილისელებს ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაეშვათ და რაც შეიძლება სწრაფად მისწყდომოდნენ გარემოების გათვალისწინებით ფასდაკლებულ საქონელს, რომელიც ხვალ-ზეგ შეიძლება სრულად „გასყიდულიყო“.
ბუნებრივია, ამგვარი „დამთხვევები“, „დამთხვევაზე“ მეტად, კომერსანტების ხრიკებს უფრო ჰგავდა…
რეკლამა #2
„უფალი ბეთანელი“, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები „ჩვენებური“, თფილისელთა უმეტესობამ საგაზეთო ცნობებით გაიცნო. მალე ქალაქში ისიც გაიგეს, რომ ბეთანელი შორეულ კონტინენტზე კომერციულ საქმიანობას ეწეოდა.
1876 წელს, როდესაც მიხეილ ბეთანელი თფილისში ჩამოვიდა, ქალაქში უკვე იცოდნენ, რომ ადგილობრივი ვაჭრის – ვართანოვის შემწეობით, მას კანტორა გაეხსნა, „სადაც იმისგან გამოგზავნილი სხვა და სხვა მაშინები და სამეურნეო იარაღები ისყიდებოდა“, თავის მხრივ კი, ადგილობრივი კანტორა ბეთანელს ფილადელფიაში უგზავნიდა პროდუქციას, მათ შორის: ბეწვეულს, აბრეშუმის საქონელს, სპარსულ ხალიჩებს და ა.შ.
თფილისში ბეთანელის ჩამოსვლიდან მალევე, „დროებაში“ მისი კომპანიის სარეკლამო განცხადება დაიბეჭდა, რომლის თანახმადაც, ფილადელფიაში, 1874 წელს დაარსებული „კომისიონური აგენტობა ბეთანელი და ამხანაგობა“ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აღებმიცემობით იყო დაკავებული:
„ამერიკაში მიაქვს: რწყილის წამალი, მატყლი, გაუკეთებელი აბრეშუმი, კაკლის კუნძი, ბზის ხე, სპარსული ხალიჩები და სხვა კავკასიისა და რუსეთის ნაწარმოები.
ამერიკიდამ გამოაქვს: სამეურნეო იარაღები, რკინის და ფოლადის ხელობა და ყოველ გვარი მაშინები…
მ.ს. ბეთანელი, ფილადელფიიდამ, ამ ჟამად მოკლე დროით თფილისში იმყოფება და საქმისათვის მიიღებს მსურველთ ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით, დილის 10 საათიდამ შუადღემდი და ნაშუადღევის 3-დამ 6-მდე, „ლონდონის“ სასტუმროში“.
თუმცა მალევე, მიხეილ ბეთანელი კომერციულ საქმიანობაზე მეტად, სხვა კუთხით გახდა ქალაქში ცნობილი. ჯერ ჭორი გავრცელდა, შემდეგ კი დადასტურდა, რომ ენფიაჯიანცის ფაბრიკის 100 000 „ჩვენებური პაპიროსის“, 200 ფუთი თამბაქოსა და „კავკასიის ხელოვნების ნაწარმოებ“ რამდენიმე ძველი ნივთის წაღებასთან ერთად, ბეთანელს „ადგილობრივი მუზიკანტებისგან შედგენილი ორკესტრიც“ დაუთანხმებია ფილადელფიაში, მსოფლიო გამოფენაზე გამგზავრებაზე, მანამდე კი სხვადასხვა ქალაქში კონცერტების გამართვაზე.
როგორც გაირკვა, „აზიელი მოსაკრავეების ტრუპასთან“ დაკავშირებით, უფალი ბეთანელის გეგმები მოსალოდნელზე ბევრად, ბევრად ცუდად წარმართულა, იმდენად, რომ, როგორც „ბოროტი ხმები“ ამბობდნენ, ვითარების გამოსასწორებლად თავად მიხეილ ბეთანელიც კი გამოსულა სცენაზე – „ჩერქეზულ ტანისამოსში და ჩუსტებში ჩაცმული, ლეკურს თამაშობდაო“, მაგრამ საქმისთვის არც ამას უშველია…
ბოლოს საქმე იქამდე მისულა, რომ „ანტერპრიონერს“ გადაუწყვეტია, „ამისთანა საქმით ამერიკაში ფულს ვერ მოვიგებო“ და მარსელიდან გამოუსტუმრებია, ან სხვა ვერსიით – მიუტოვებია თფილისიდან წაყვანილი „ტრუპპა“.
საბოლოო ჯამში, ამ ამბებმა, ჭორმა თუ მართალმა, ჩრდილი მიაყენა მიხეილ ბეთანელს და მის საქმეს, საქმეს, რომლის შესახებაც, თავის დროზე, ეფექტური საგაზეთო რეკლამით აუწყებდა თფილისის მოსახლეობას.
რეკლამა #3
კიდევ ერთი, „სკანდალურად“ ცნობილი სარეკლამო განცხადება „დროებაში“ იმავე 1876 წელს, თანაც საკმაოდ ხშირად ქვეყნდებოდა.
ამ რეკლამამ მთელი ამბავი დააწია არა მხოლოდ გაზეთის პასუხისმგებელ პირებს, ვინც ამ სარეკლამო განცხადებას გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებდა, არამედ მომხმარებლებსაც, რომლებმაც თითქმის საუკუნე-ნახევრის წინ ირწმუნეს იმის, რასაც გულუბრყვილო ადამიანები დღესაც იოლად იჯერებენ.
საქმე ეხება „ქინო-გლიცერინის პომადას“, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც, მწარმოებლები ირწმუნებოდნენ, რომ „მომატებულათ მოსვლეპილი თავიც კი მალე თმით იმოსებაო“.
ასეთი დაპირების შემდეგ აბა, ვინ არ დაინტერესდებოდა ამ „სასწაულმოქმედი“ საშუალებით, მით უმეტეს, რომ „მოსვლეპილი თავის თმით შემოსვის“ შესაძლებლობაზე „გაზეთი“ წერდა, რაც, არათუ მაშინ, დრესაც ბევრისთვის უტყუარ მტკიცებულებას, დადასტურებულ ფაქტს ნიშნავს.
„ეს პომადა უცდია ბევრს გამოჩენილ ექიმობის მცოდნეს და რეკომენდაციის წიგნი აქვს ქიმიის პროფესორისა ლანდგერიხტთან დანიშნულისა ვენაში…“
როგორ გინდა, რომ არ დაიჯერო?!
რეკლამის შემკვეთი იმედოვნებდა, რომ მის ნაწარმს დიდი გასავალი ექნებოდა და არც შემცდარა, რადგან, „დროებაში“ გამოქვეყნებული რეკლამის შემდეგ, „ქინო-გლიცერინის პომადა“ ბევრს შეუძენია – „ამბობენ, მარტო სამეგრელოდამ უკანასკნელ ასმა კაცმა გამოგზავნა ლანკოს მაღაზიაში ფულები და ეს წამალი მოითხოვესო“, მაგრამ მათი „მოსვლეპილი თავები“ თმით არ შემოსილა. ამის გამო ისინი გაზეთს უჩიოდნენ, თქვენი დაბეჭდილი რეკლამა ტყუილია და თქვენ გამო ფული დავკარგეთო.
თავის მხრივ, მომჩივანებს არც „დროების“ რედაქცია დარჩენია ვალში:
„ჩვენ შევიტყეთ, რომ ზოგიერთები მოტყუებულან და ნამდვილი გონებიათ ის მელოტობის წამალი, რომლის გამოცხადება თითქმის ყველა თფილისის გაზეთებში და, სხვათა შორის, ჩვენს გაზეთშიაც იბეჭდება.
ვსწუხვართ, თუ ძალა-უნებურად ზოგიერთი ჩვენი ადვილად-მორწმუნე მკითხველთაგანი უბრალო ხარჯში შევიყვანეთ.
საქმე იმაშია, რომ რედაქცია სრულიად ვალდებული არ არის, რომ ყველა ის განცხადება, რაც გაზეთის მეოთხე ფურცელზე იბეჭდება, შეამოწმოს, დარწმუნდეს – ნამდვილია თუ არა, და მერე დაბეჭდოს. არც ერთს რედაქციას არ შეუძლიან ამის კისრვა.
ის განსაზღვრულ ფასს იღებს ყოველ განცხადების დაბეჭდვაში და ამით კმაყოფილდება; ზოგიერთი გაზეთების უმთავრესი შემოსავალი ამ განცხადებებიდამ არის და ის სრულიად პასუხის-მგებელი არ არის იმაში, რაც ამ განცხადებებში იბეჭდება.
გამოცდილი მკითხველი, რასაკვირველია, იმ წამსვე მიხვდება – რა არის მართალი ამგვარ განცხადებებში და რა არა. და რადგან ზოგიერთი ჩვენი მკითხველები მოტყუებულან, მაშასადამე ამით შემდეგში, თმას თუ ვერა, გამოცდილებას მაინც შეიძენენ და მერე ასე ადვილად, იმედია, აღარ მოტყუვდებიან“.
რეკლამა #4
სხვადასხვა დროს თბილისში არაერთი გამორჩეული სასტუმრო ფუნქციონირებდა, რომელთა ქება შორს გაისმოდა. ამაში ყველა მარტივად დარწმუნდება, თუკი ამ სასტუმროებში დაბინავებულ უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებსა და მოგონებებს გაეცნობა.
მაღალი კლასის სასტუმროების გარდა, თფილისში საშუალო და დაბალი კლასის სასტუმროები და ე.წ. „მებლირებული ოთახებიც“ ფუნქციონირებდა და თუკი 1880- იანი წლებიდან მოყოლებული, სასტუმროების რეკლამებით აჭრელებული იყო პრესის ფურცლები, 1876 წელს, „დროებაში“, თითო-ოროლა ასეთი განცხადება თუ შეგხვდებოდათ.
ამ თითო-ოროლა განცხადებებიდან, ერთი-ერთი სასტუმრო „პარიჟის“ [„ჭავჭავაძის გოსტინნიცა”] რეკლამა იყო, რომელიც მოსახლეობას აუწყებდა:
„ხელ-ახლად აღებულია არენდით, დიდის ხნითა, და ამ 15 მარტიდამ იხსნება. ყველა ნომრები ამ სასტუმროში ხელ- -ახლად შეკეთებულია და ახალი მებელით არის მორთული. ყველა ოთახები ჩინებულად არის მოთავსებული საცხოვრებელად. ნაკლულევანება, რაც იყო ამ სასტუმროში, ახლა აღარ არის. მოსამსახურეთა პატიოსნებაზე და ზრდილობიანობაზე სასტუმროს კანტორა აგებს პასუხს. ნომრების ფასი 50 კაპეიკიდამ 2 მანეთამდია.
ვისაც სასტუმროში სადილების ჭამა ჰსურს, შეუძლია პირ-და-პირ სასტუმროს ბუფეტში მიმართოს.
სასტუმრო იმყოფება: გოლოვინის პროსპექტზე, სამხედრო ოლქის სასამართლოს პირ-და-პირ, ჭავჭავაძის სახლებში“.
როგორც არქიტექტურის ისტორიკოსი დავით ხოშტარია წერს თავის წიგნში [„ძველი თბილისის სასტუმროები“] ალ. ჭავჭავაძისა ქუჩისა და გოლოვინის პროსპექტის კუთხეში მდებარე ხსენებული სასტუმრო 1860-იან წლებში მოიხსენიებოდა, როგორც „ჭავჭავაძის სასტუმრო“. 1869 წელს ის გაარემონტეს, განაახლეს და „პარიზი“ დაარქვეს. იმდროინდელი სარეკლამო განცხადება იუწყება, რომ კვება აქ „ყველა სხვა სასტუმროზე ბევრად იაფი“ იყო და თანაც კარგი, ამასთან, საკვების მაღალი ხარისხის დამადასტურებლად აღნიშნულია, რომ მზარეული მანამდე ინგლისურ კლუბში მუშაობდა:
„1876 წელს გამოქვეყნებულ თბილისის სასტუმროთა მიმოხილვაში „პარიზი“ დახასიათებულია, როგორც „ძველი სასტუმრო მინიატურული, დაბალი ნომრებით“.
რეკლამა #5
სასტუმროებისგან განსხვავებით, თფილისელებს, როგორც წესი, ხარისხიან სამედიცინო სერვისზე ხელი ნაკლებად მიუწვდებოდათ. ამას ნაწილობრივ ექიმების არაპროფესიონალიზმი, ნაწილობრივ კი მომსახურების მაღალი ფასი განაპირობებდა.
ალბათ ამიტომაც იყო, არა მხოლოდ ქართველი, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან ტფილისში ჩამოსული ექიმები, საგაზეთო რეკლამებით, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მისაღებ ფასად რომ სთავაზობდნენ ადგილობრივებს.
სწორედ ამ ტიპისა უნდა იყოს „ამერიკის კბილის ექიმის“ 1876 წლის განცხადება:
„დოქტორ ი. ა. ვალტერი, რომელიც მუდამ მოსკოვში სცხოვრებს, მოვიდა თფილისში და მიიღებს ავათმყოფებს [პაციენტებს] ხელოვნებითი კბილების ჩასაყენებელად უპრუჟინოთ, რადგან პრუჟინა საჭმლის ღეჭას უშლის, როცა საჭმელი პრუჟინასა და ყბას შუა ჩავარდება; ამის გამო მე არავის არ ურჩევ, რომ პრუჟინიანი კბილები ჩაისვან, არამედ გაიკეთონ ჩემგან ახალად გამოგონილის სისტემით – რბილის ბოლოთი.
არ ურჩევ აგრეთვე კაკვიან კბილების ჩაყენებასა, რადგან ამით მთელი კბილები ფუჭდებიან.
ვურჩევ ყველას, რომ კბილებს ნუ ამოიძრობენ, რადგან ეს ყბის ძვალს აფუჭებს; როცა კბილმა გაფუჭება დაიწყოს, ოქროსა ანუ პლატინის პლომბით უნდა გაიკეთოთ, რომელიც ინახავს და არ აფუჭებს კბილს.
მაქვს ახალი, ახლად გამოგონილი საშუალება კბილების დასაცველად და აგრეთვე ვიცი წამალი, რაც უნდა ძალიან სტკივოდეს ვისმე კბილები; ეს წამლები განუხილავს მედიცინის დეპარტამენტს. ახალ მოგონილ ხელოვნებითი კბილებისა და პლომბის ნიმუშები მსურველს შეუძლია ჩემთან ნახოს.
ხელოვნებითი კბილების მუშაობა 24 საათში თავდება. პაციენტებს მივიღებ ჩემს სახლში: სასახლის ქუჩაზე, სარაჯევის სახლებში, გუდოს მაღაზიის ზემოდამ.
ღარიბებს მუქთად ვარჩენ ოთხშაბათობით და შაბათობით, დილის 8 საათიდამ დილისვე 10 საათამდინ“.
რეკლამა #6
გაზეთებში აქტიურად ქვეყნდებოდა „კერძოობითი“ სარეკლამო განცხადებებიც, რომლითაც განცხადების ავტორები ან გასაყიდ თუ გასაქირავებელ ქონებას სთავაზობდნენ მკითხველს, ან მომსახურებას, ან ორივეს ერთად. ამ მიმართულებით, შაბლონურ განცხადებებთან ერთად, ზოგჯერ გამორჩეული მაგალითებიც გვხვდება. 1877 წლის ამგვარი სარეკლამო განცხადებებიდან, ამ სტატიისთვის, მესაათისა და მექანიკოსის – რუბენ ნაკაშიანის განცხადება შევარჩიეთ:
„მესაათეს და მეხანიკოს რუბენ ნაკაშიანს აქვს პატივი პატივცემულ თფილისის საზოგადოებას აცნობოს, რომ ის იმყოფება თამბაქოს ფაბრიკანტ უფალ ნიკოლოზ ბოზარჯიანცის მაღაზიაში [ღენერალ მაიორის არწრუნის ქარვასლაში, შტაბის გვერდით] და იღებს გასაკეთებელად საათებს და საკერავ და აგრეთვე სხვა ყოველგვარ მაშინებს.
ვაკეთებ აგრეთვე მაღაზიებისათვის ფარდებს, მზისაგან დასაფარებელად; ამ ფარდებს ის უპირატესობა აქვს, რომ უსვეტოთ არის გაკეთებული და მეხანიკურის ბორბალით შეიძლება იმის აწევა და დაწევა“.
რეკლამა #7
„ხმამაღალი“ სარეკლამო განცხადების მიუხედავად, თუკი რუბენ ნაკაშიანი გაფუჭებული საკერავი მანქანის შეკეთებას ვერ შეძლებდა, თფილისელებს ახლის შეძენაც უპრობლემოდ შეეძლოთ.
ამ საქონლით ქალაქში არაერთი მაღაზია ვაჭრობდა, მათ შორის კი „თფილისის ვაჭარი ივანე ნიკოღოზოვი“, რომელიც 1878 წლის სარეკლამო განცხადებით თფილისის და სხვა ქალაქების პატიოსან საზოგადოებას უცხადებდა:
„გვიყიდნია ევროპის ქალაქებიდან 200 ცალი საკერავი მაშინები, ასე იგი: დიდრონი წაღების საკერავი მაშინები, ბალკონიანი პარტნოის ბელაშვეინის, რუჩნოისა – ორი ძაფიანი, ერთი ძაფიანი; სისტემა ტევტონისა, მანსფელდისა, ვილლერ, ვილსონის, ზინგერის, მედიუმის, პოლლაკ შმიტისა, ლურჯი არიოლი, სიმსონის.
ხელის მაშინები, სისტემა: ბრუნონია, გერმანია, რენანია, ფორტუნა, ზინგერი, საქსონია და ლიტერვანცერი, შატულა, სამსინია, ეკსპრეს-ორიგინალი, პრინცესსა და ვილლერ ვილსონის კაკლის ყუთიანი.
ისყიდება ძალიან იაფათ და პირობით იძლევა, ვიდრე სამის წლის ვადითა. ვასწავლით კერვას და მაშინების მოხმარებას მაღაზიაში უფულოთა. მაღაზია იპოვება შუაბაზარში, გასპაროვის დუქნებში“.
რეკლამა #8
ივანე ნიკოღოზოვის სარეკლამო განცხადებიდან ორიოდ წელიწადში, 1880 წელს, „დროებაში“ დღეს უკვე ლეგენდარული „ზინგერის“ კომპანიის რეკლამა გამოქვეყნდა:
„ზინგერი ნიუ-იორკში – ყველაზედ უდიდესი საზოგადოება საკერავი მაშინებისა, მთელს ქვეყანაში ცნობილი მაგარის და მშვენიერად გამართულის მაშინებითა, რომელნიც გამოსადეგნი არიან როგორც შინაურს საკერავ მუშაობაში, აგრეთვე მასტერსკაებში. ეს მაშინები ყველა სხვა ფაბრიკანტების მაშინებსა სჯობიან.
ზინგერის საზოგადოებამ აპრილის თვიდამ როგორც სხვა ქალაქებში, ისე თფილისშიაც გახსნა საკერავი მაშინების მაღაზია [სკლადი] ატამანის ქუჩაზე, ერევნის მაედანის მახლობლად, ზუბალოვის სახლებში.
ვინც ამ მაშინის მოხმარება არ იცის, აქვე მუქთად ვასწავლით. აქვე გაფუჭებული მაშინები მიიღება გასაკეთებლად.
საზოგადოების აგენტი სთხოვს კერძო პირთ და აგრეთვე იმ მაღაზიების პატრონებს, რომელნიც საკერავ მაშინებით ვაჭრობენ, ნუ შესცდებიან და ნუ იყიდიან სხვა ფაბრიკანტების მაშინებს, რომელთაც ზინგერის ფირმა მიითვისეს.
ქალაქის გარეშე მცხოვრებთ პრეის-კურანტის [მაშინების სიის და ფასების] მისაღებად შეუძლიანთ თფილისში მოიწერონ წერილი და აგენტი მუქთად გაუგზავნის ამათ დაუყოვნებლივ პრეის-კურანტსაც და პასუხსაც იმ ენაზედ, რა ენაზედაც წიგნი იქნება მოწერილი“.
კომპანია „ზინგერის“ ამ სარეკლამო განცხადებას გ. ნეიდლინგერი, რუსეთისა და დასავლეთ ევროპის უმთავრესი აგენტი აწერდა ხელს.
ზოგადად, მოსახლეობის ცხოვრებაში საკერავი მანქანების შემოსვლა არ იყო მაინცდამაინც მარტივი მოვლენა, რადგან ყველაფერ ახალს ხშირად გარკვეული სკეფსისი და კონსერვატიული პოზიციის მქონეთაგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვება ხოლმე. ასე იყო „ზინგერის საკერავი მაშინების“ შემთხვევაშიც – ქართველ ქალებს, გაზეთების ფურცლებზე, ძველებური ხელსაქმის, ჩვეულებების „თავმინებებასა“ და თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობაში ადანაშაულებდნენ, რის „საბუთადაც“ თითქოსდა ქართველი ქალების პოზიციას აჟღერებდნენ:
„როგორ უნდა ჩავიწყალოთ თვალები ქარგვაში და ძველებურ საკერავებში, როდესაც „ზინგერის“ მაშინა წინ გვიდგას და ფეხის დაჭერის მეტი არა გვინდა რა, რომ თავისით დატრიალდეს და თავისით შეგვიკეროსო“.
ასე იყო თუ ისე, ქართველ ქალებს, დიახაც რომ, ძალიანაც მოსწონდათ „ზინგერის საკერავი მაშინები“!
რეკლამა #9
1878 წლის ამ რეკლამას განმარტება არ სჭირდება, თუმცა ის კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველ თბილისში, საკრალურ მოვლენებთან დაკავშირებით, მთელი რიგი რიტუალები არსებობდა, რომელთა დაცვას ქალაქის მოსახლეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.
რეკლამა #10
ძველ თბილისში არაერთი „დროის სატარებელი“ ადგილი რომ იყო, ეს არახალია. არცთუ იშვიათად, რომელი ტრაქტირი, დუქანი, ან რესტორანი თავს რომ ამოწურავდა, ან თუნდაც კლიენტების გულისწყრომასა და უკმაყოფილებას გამოიწვევდა უსუფთაობის, საკვების ან სასმლის უვარგისობის გამო, და ამის შესახებ ქალაქში ხმა გავარდებოდა, მალევე დაიკეტებოდა.
ასევე, მალევე, ასეთ დაწესებულებას რომელიმე სხვა მოიჯარე აიღებდა, შენობას ხელს შეავლებდა, სერვისზეც იზრუნებდა და ახალი სახელით, საუკეთესო პირობებსა და მომსახურებას შესთავაზებდა მოსახლეობას. რესტორან „კოლხიდას“ 1879 წლის რეკლამაც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა შეიძლება ყოფილიყო:
„ადრინდელი რესტორანი „თფილისი“ და ახლა „კოლხიდა“, რომელიც იმყოფება დვორცოვის ქუჩაზე, სარაჯევის სახლებში, შესავალი ეზოდამ, მეორე კიბე, უცხადებს პატივცემულ საზოგადოებას, რომ რესტორანში იმყოფება ყოველგვარი საჭმელები კარგი პროვიზიისა და აგრეთვე შეიძლება მუდამ თვეობით გაეგზავნოს მსურველს შინ კარტოჩკით ან აქვე სჭამოს უფრო იაფად, ვინემ სხვა სასტუმროებში.
ამავე რესტორანში მზადდება ახლა ბლინები და დიდმარხვაში მოამზადებენ სამარხო საჭმელებს. 9 საათიდამ დილისა არის ცხელი პიროჟკები.
იმედი მაქვს პატივცემული საზოგადოება კმაყოფილი დარჩება“.
რეკლამა #11
თამბაქოს თფილისში ყოველთვის კარგი გასავალი ჰქონდა. ამასთანავე, ხშირად მოისმენდით ქალაქელთა ჩივილს თამბაქოს გაზრდილ ფასთან და ხარისხთან დაკავშირებით – მეთამბაქოებმა გააძვირეს და თან ერთობ გააფუჭეს თამბაქო და პაპიროსებიო.
პრესის ფურცლებზე არა მხოლოდ მწეველთა საჩივრებს, თამბაქოს რეკლამასაც ხშირად შეხვდებოდით, მაგალითად, 1879 წლის ერთ-ერთ ნომერში გვხვდება „სულთანის“ ფირმის თამბაქოსა და პაპიროსების რეკლამა:
„ნარდათა და წვრიმანი ვაჭრობა თამბაქოსი და პაპიროზებისა „სულთანის“ ფირმისა [უფ. ნ. მამიკონოვისა] არის შუა-ბაზარში, ქურქჩიხანაში. ვინც ნარდათ დიდძალ საქონელს ჰყიდულობს, იმათ თამბაქო და პაპიროზები დადებულ ფასზე ნაკლებათ დაეთმობათ“.
სხვათა შორის, თფილისში ხშირად ფალსიფიცირებული თამბაქოც ვრცელდებოდა, რაც ბრენდის მფლობელს დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებდა. ამიტომაც იყო, ზოგიერთი კომპანია რომ აფრთხილებდა მომხმარებელს, მავანნი საკუთარ პროდუქციას ჩვენს თამბაქოდ ასაღებენ, რაც ტყუილია, ამიტომ იფრთხილეთ, არ მოტყუვდეთ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სამარკო ნიშნის მქონე თამბაქო შეიძინეთო.
რეკლამა #12
თქვენ წარმოიდგინეთ, ძველ თბილისში ფალსიფიცირებული და კონტრაბანდულად შემოტანილი არა მხოლოდ თამბაქო, არამედ ჩაიც ვრცელდებოდა. ხოლო კომპანიები, რომელთაც „საბუთები წესრიგში“ ჰქონდათ და არა დახლს ქვემოთ, არამედ პატიოსნად ვაჭრობდნენ, არც საკუთარი პროდუქციის რეკლამირებას ერიდებოდნენ:
„ვისაც სტუმრის პატივის-ცემა აქვს! ურჩევთ იყიდოს ჩაი, რომლიდამაც ერთი სტაქნის მაგიერ, ოთხი კაცი დალევს!“
ამ ჩაის შესაძენად, „ვისაც სტუმრის პატივის-ცემა“ ჰქონდა, 1879 წელს, გოლოვინის პროსპექტზე, სტეფანე მანველოვის მაღაზიისთვის უნდა მიემართა…
რეკლამა #13
წლების განმავლობაში, ძველი ქართული გაზეთების სარეკლამო ფურცლებზე ხვდებოდა თფილისში დაგეგმილი სხვადასხვა „იშვიათი“ სანახაობის რეკლამა-აფიშები, რომელთაც, ძირითადად, ქალაქში ჩამოსული უცხოური დასების ხელმძღვანელები აქვეყნებდნენ.
რას არ ნახავდით მათ, უხვად ილუსტრირებულ, სარეკლამო განცხადებებში…
მათ შორის კი „ჯერ აქ უნახავ მოვლენას, ევროპაში ყველაზე დიდ ქალს – ამალიას“. ამ სარეკლამო განცხადების მიხედვით, 1880 წლის 27 იანვრიდან, „ბალაგანში, ცირკის გვერდით, გუნიბის მაედანზე“, საზოგადოებას აჩვენებდნენ ზემოხსენებულ ამალიას და კონტრასტისთვის, „მთელს ქვეყანაში ყველა კაცებზე უფრო პატარა ადამიანებს – მარკიზ გენრიხ ვოლგეს და მარკისა ლუიზას“.
რეკლამა #14
„ქინო-გლიცერინის პომადისა“ არ იყოს, „მაკ-მასტერიც“ თმის ამომყვანი საშუალება ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ამას იუწყებოდა „დროებაში“ 1880 წელს გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადება, რომელიც მომხმარებელს „ინგლისის მაღაზიის“ პროდუქციას აცნობდა.
ზოგადად, „ინგლისის მაღაზია“, რომელიც არწრუნის ქარვასლაში „იმყოფებოდა“, 1880 წლიდან მოყოლებული, გაზეთ „დროების“ ბოლო, მეოთხე გვერდის მუდმივი „სტუმარი“, უფრო სწორად კი „მასპინძელი“ იყო, რადგან ლამის ნომერი არ გამოვიდოდა ისე, „ინგლისის მაღაზიის“ რეკლამა რომ არ ყოფილიყო გამოქვეყნებული. ამ, შინაარსობრივად „ჭრელ“, რეკლამებში მკითხველს ნაირ-ნაირ საქონელს სთავაზობდნენ.
რეკლამა #15
დასასრულ კი „ერევნის მეიდანზედ, თამამშოვის ქარვასლის ლომების ქვეშ, აღმოსავლეთის მხრით ახლად გახსნილი თევზეულის მაღაზია“ ვახსენოთ.
„ქალაქს უთევზოდ გაძლება არ შეუძლიან, იმას უყვარს თევზი, ქალაქის ქართველებისა და სომხებისათვის თევზი ისეთივე საკვები და საზრდოა, როგორც პური“, – ასეთი ქალაქი იყო თფილისი, სადაც თევზს, ძირითადად, აუწონავად ჰყიდდნენ, მხოლოდ ორაგული იყიდებოდა წონით, რადგან მეტად ძვირად ფასობდა და ერთი ადამიანი ვერ გასწვდებოდა.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში „ქალაქი და თითქმის მთელი კავკასია იმ თევზით მარაგდებოდა, რომელსაც სალიანში და საზოგადოთ, ბაქოსკენ იჭერდნენ“ და ურმებით, რკინიგზის ამოქმედების შემდეგ კი „ყოველ დღე, დილის მატარებლით“ თბილისისკენ მოჰქონდათ. თფილისელთათვის ასე საყვარელი თევზი ქალაქის ბაზრებში, შემდეგ კი ერევნის მოედანზე, პირდაპირ ურმებზე იყიდებოდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თევზის მაღაზიის გახსნა, თუკი მფლობელები „თავიანად“ წაიყვანდნენ ვაჭრობას, მოგებიანი საქმე უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, მაღაზიის მეპატრონეებს იმითაც თუ შეეძლოთ თავის მოწონება, რომ სალიანიდან მიღებულ, ახალ-ახალ თევზს ჰყიდდნენ:
„ისყიდება პარტიობით და წვრილად ახალ-ახალი ხიზილალა და ჟიდკა; აგრეთვე ყოველ-გვარი თევზეული ახალი და ხმელი, რომლებიც მოსდის მაღაზიას სალიანიდამ. მსურველთ შეუძლიანთ მიმართონ აღნიშნულ მაღაზიას“.