TOP 15 ძველი საგაზეთო რეკლამა (1875-1880)

TOP 15 ძველი საგაზეთო რეკლამა (1875-1880)

ძველი ქართული საგაზეთო რეკლამა დიდი და ამოუწურავი თემაა. XIX საუკუნის ქართული გაზეთების ბოლო გვერდები სარეკლამო განცხადებებით იყო აჭრელებული – რეკლამებით, რომელთაგან გამორჩეულ და განსაკუთრებულ, ე.წ. TOP-განცხადებებს გაგაცნობთ.

XIX საუკუნის ქართული პრესის ფურცლებზე არაერთ სარეკლამო განცხადებას შეხვდებით, რო­­­მელთა ნაწილი ვიზუალური თუ შინაარსობ­­­­­­რივი კრეატიულობით გაგაკვირვებთ, ნაწი­­­ლი სასაცილოდ მოგეჩვენებათ, ზოგიერთი კი სულაც იმას გაფიქრებინებთ, საერთოდ რაზე ფიქრობდა დამკვეთი, როცა ამგვარი რეკლამით საკუთარი პროდუქტითა თუ სერვისით მოსახლეობის დაინტერესებას ცდილობდაო.

როგორც წესი, სარეკლამო განცხადე­­­ბები ქართული საგაზეთო გამოცემების ბოლო გვერდებზე იბეჭდებოდა, თუმცა, არცთუ იშვიათად, გაზეთის პირველ გვერ­­­­­­დზე გამოქვეყნებულ განცხადებებსაც შეხვდებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განცხადების გამოქვეყნების სანაცვლოდ, დამკვეთს, სავარაუდოდ, რედაქციის მიერ დაწესებულ თანხაზე მეტი ჰქონდა გადახ­­­­­­დილი.

სარეკლამო განცხადების დასაბეჭ­­­­­­დად მოქალაქეებს შეეძლოთ, პირდა­­­პირ რედაქციისთვის მიემართათ, ან იმ „კანტორების“ მომსახურებით ესარ­­­­­­გებლათ, რომლებიც, გარკვეულწილად, სარეკლამო სააგენტოს ფუნქციასაც ასრულებდნენ და შესაბამისი ანაზღაუ­­­რების სანაცვლოდ „იღებდნენ ყოველ გვარ განცხადებებს ადგილობრივ გაზეთებში დასაბეჭდად“.

რეკლამა #1

ტფილისში, კავკასიის ეკონომიკურ ცენტ­­­­­­რში, სადაც, როგორც ამბობენ, ვაჭრობა დუღდა და გადმოდუღდა, კომერციულ საქ­­­­­­მიანობაში არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ სხვა ქალაქებიდან და ქვეყნები­­­დან ჩამოსული ვაჭრებიც ცდიდნენ ბედს.

წყარო: გაზეთი „დროება“, #1, 1875 წ.

თფილისში ყოველგვარი უცხოურის მი­­­მართ ინტერესი ისედაც დიდი იყო, თუმცა იმპორტული პროდუქციის შესახებ მოსახ­ლეობის ინფორმირებისათვის მხოლოდ „ქალაქში გავარდნილი ხმის“ იმედად რომ არ ყოფილიყვნენ, უცხოელი ვაჭრები სარეკლამო განცხადებებსაც ხშირად მი­­­მართავდნენ.

ამ განცხადებათა შინაარსიც, უმეტე­­­სად, ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორიც ვაჭრების მიერ ჩამოტანილი „სავაჭრო“, რომლის შესახებაც დეტალუ­­­რად უამბობდნენ პოტენციურ კლიენტებს. ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ განგებ, მუშტრის წასახალისებლად თუ ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, უცხოელ ვაჭრებს სარეკლამო ტექსტში არც იმ მნიშვნელოვანი გარემოების მითითება ავიწყდებოდათ, რომ ტფილისში მხოლოდ „მცირე ხნით“ იმყოფებოდნენ.

ამგვარი იყო, მაგალითად, გაზეთ „დროების“ 1875 წლის #24-ში გამოქვეყნე­­­ბული სარეკლამო განცხადება, რომელიც „შესანიშნავი იაფობის“ შესახებ აუწყებდა მკითხველს.

ოდესელი ვაჭარი ი. ფრიში თფილისე­­­ლებს აცნობებდა, რომ „არა ჩვეულებრივმა ვაჭრობის სიძაბუნემ და ფულის კრიზისმა“ აიძულა, რომ „მოკლეს ხნით“ ქალაქ თფი­ლისში ჩამოსულიყო „ახალის და ნაირ-ნაი­­­რის საქონელით“:

„მაქვს ყოველგვარი თეთრეული, ტი­­­ლოს საქონელი. რადგანაც მსურს, რომ ჩემი საქონელი რაც შეიძლება მსწრაფლად გავყიდო, ამის გამო გადავწყვიტე, რომ ყველა საქონლის ფასზე 25% დაუკლო და ამ ნაირად კონკურენცია ავაცილო ჩემს მა­­­ღაზიას, რომელიც სხვა მაღაზიებზე უფრო იაფად გაჰყიდის“.

ქალაქის ცენტრში, „გალავინის პროს­­­­­­პექტზე“, „ამერიკის სასტუმროს“ გვერდით დაბინავებულ ფრიშს, როგორც ჩანს, არც ის დარჩენია ყურადღების მიღმა, რომ სა­­­განგებოდ აღენიშნა – „აქვე ისყიდება ყო­­­ველ გვარი სამზითვო თეთრეული“.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ თფი­­­ლისში იყო დრო, როდესაც „საცოლე ვაჟი ქალის სულიერსა და გარეგნულ სილამაზეს აღარაფრად აფასებდა და მხოლოდ მზი­­­თევს მოითხოვდა. ჩვენი ქალების ბედნი­­ერება კი მაშინ იყო, როცა თავის საქმროს ძვირფას მზითევს და „ჯიბის ფულს“ წაუ­­­ღებდნენ“, იოლი მისახვედრია, რა გათვლა შეიძლება ჰქონოდა ოდესელ ვაჭარს.

იმდროინდელ გაზეთებში ამგვარი გან­­­­­­ცხადებები საკმაოდ ხშირად იბეჭდებოდა და არაერთი განსხვავების, მათ შორის – განსხვავებული პროდუქციით ვაჭრო­­­ბის მიუხედავად, ამ ტიპის რეკლამათა დამკვეთებს ერთი საერთო ნამდვილად ჰქონდათ – მუდმივად იმაზე ამახვილებდ­­­­­­ნენ ყურადღებას, რომ „მაღაზია მხოლოდ მოკლე ხანს იქნებოდა“, შესაბამისად, თფილისელებს ეს შესაძლებლობა ხელი­­­დან არ უნდა გაეშვათ და რაც შეიძლება სწრაფად მისწყდომოდნენ გარემოების გათვალისწინებით ფასდაკლებულ საქო­­­ნელს, რომელიც ხვალ-ზეგ შეიძლება სრუ­­­ლად „გასყიდულიყო“.

ბუნებრივია, ამგვარი „დამთხვევები“, „დამთხვევაზე“ მეტად, კომერსანტების ხრიკებს უფრო ჰგავდა…

რეკლამა #2

„უფალი ბეთანელი“, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები „ჩვენებური“, თფილი­­­სელთა უმეტესობამ საგაზეთო ცნობებით გაიცნო. მალე ქალაქში ისიც გაიგეს, რომ ბეთანელი შორეულ კონტინენტზე კომერ­­­­­­ციულ საქმიანობას ეწეოდა.

1876 წელს, როდესაც მიხეილ ბეთანელი თფილისში ჩამოვიდა, ქალაქში უკვე იცოდ­­­­­­ნენ, რომ ადგილობრივი ვაჭრის – ვართა­­­ნოვის შემწეობით, მას კანტორა გაეხსნა, „სადაც იმისგან გამოგზავნილი სხვა და სხვა მაშინები და სამეურნეო იარაღები ისყიდებოდა“, თავის მხრივ კი, ადგილობ­­­­­­რივი კანტორა ბეთანელს ფილადელფი­­აში უგზავნიდა პროდუქციას, მათ შორის: ბეწვეულს, აბრეშუმის საქონელს, სპარსულ ხალიჩებს და ა.შ.

წყარო: გაზეთი „დროება“, #4, 1876 წ

თფილისში ბეთანელის ჩამოსვლიდან მალევე, „დროებაში“ მისი კომპანიის სა­­­რეკლამო განცხადება დაიბეჭდა, რომლის თანახმადაც, ფილადელფიაში, 1874 წელს დაარსებული „კომისიონური აგენტობა ბეთანელი და ამხანაგობა“ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აღებმიცემობით იყო დაკავებული:

„ამერიკაში მიაქვს: რწყილის წამალი, მატყლი, გაუკეთებელი აბრეშუმი, კაკლის კუნძი, ბზის ხე, სპარსული ხალიჩები და სხვა კავკასიისა და რუსეთის ნაწარმოები.

ამერიკიდამ გამოაქვს: სამეურნეო იარაღები, რკინის და ფოლადის ხელობა და ყოველ გვარი მაშინები…

მ.ს. ბეთანელი, ფილადელფიიდამ, ამ ჟამად მოკლე დროით თფილისში იმყო­­­ფება და საქმისათვის მიიღებს მსურ­­­­­­ველთ ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით, დილის 10 საათიდამ შუადღემდი და ნაშუადღევის 3-დამ 6-მდე, „ლონდონის“ სასტუმროში“.

თუმცა მალევე, მიხეილ ბეთანელი კომერციულ საქმიანობაზე მეტად, სხვა კუთხით გახდა ქალაქში ცნობილი. ჯერ ჭორი გავრცელდა, შემდეგ კი დადასტურ­­­­­­და, რომ ენფიაჯიანცის ფაბრიკის 100 000 „ჩვენებური პაპიროსის“, 200 ფუთი თამბაქოსა და „კავკასიის ხელოვნების ნა­­­წარმოებ“ რამდენიმე ძველი ნივთის წაღე­­­ბასთან ერთად, ბეთანელს „ადგილობრივი მუზიკანტებისგან შედგენილი ორკესტრიც“ დაუთანხმებია ფილადელფიაში, მსოფ­­­­­­ლიო გამოფენაზე გამგზავრებაზე, მანამდე კი სხვადასხვა ქალაქში კონცერტების გამართვაზე.

როგორც გაირკვა, „აზიელი მოსაკრავე­­ების ტრუპასთან“ დაკავშირებით, უფალი ბეთანელის გეგმები მოსალოდნელზე ბევრად, ბევრად ცუდად წარმართულა, იმ­­­­­­დენად, რომ, როგორც „ბოროტი ხმები“ ამ­­­­­­ბობდნენ, ვითარების გამოსასწორებლად თავად მიხეილ ბეთანელიც კი გამოსულა სცენაზე – „ჩერქეზულ ტანისამოსში და ჩუს­­­­­­ტებში ჩაცმული, ლეკურს თამაშობდაო“, მაგრამ საქმისთვის არც ამას უშველია…

ბოლოს საქმე იქამდე მისულა, რომ „ანტერპრიონერს“ გადაუწყვეტია, „ამისთანა საქმით ამერიკაში ფულს ვერ მოვიგებო“ და მარსელიდან გამოუსტუმრე­­­ბია, ან სხვა ვერსიით – მიუტოვებია თფი­­­ლისიდან წაყვანილი „ტრუპპა“.

საბოლოო ჯამში, ამ ამბებმა, ჭორმა თუ მართალმა, ჩრდილი მიაყენა მიხეილ ბეთანელს და მის საქმეს, საქმეს, რომლის შესახებაც, თავის დროზე, ეფექტური სა­­­გაზეთო რეკლამით აუწყებდა თფილისის მოსახლეობას.

რეკლამა #3

კიდევ ერთი, „სკანდალურად“ ცნობილი სა­­­რეკლამო განცხადება „დროებაში“ იმავე 1876 წელს, თანაც საკმაოდ ხშირად ქვეყნ­­­­­­დებოდა.

ამ რეკლამამ მთელი ამბავი დააწია არა მხოლოდ გაზეთის პასუხისმგებელ პირებს, ვინც ამ სარეკლამო განცხადებას გარკვე­­ული პერიოდულობით აქვეყნებდა, არამედ მომხმარებლებსაც, რომლებმაც თითქმის საუკუნე-ნახევრის წინ ირწმუნეს იმის, რა­საც გულუბრყვილო ადამიანები დღესაც იოლად იჯერებენ.

წყარო: გაზეთი „დროება“, #5, 1876 წ.

საქმე ეხება „ქინო-გლიცერინის პომა­­­დას“, რომლის გამოყენების შემთხვევა­­­შიც, მწარმოებლები ირწმუნებოდნენ, რომ „მომატებულათ მოსვლეპილი თავიც კი მალე თმით იმოსებაო“.

ასეთი დაპირების შემდეგ აბა, ვინ არ დაინტერესდებოდა ამ „სასწაულმოქმედი“ საშუალებით, მით უმეტეს, რომ „მოსვლეპილი თავის თმით შემოსვის“ შესაძლებლობაზე „გაზეთი“ წერდა, რაც, არათუ მაშინ, დრესაც ბევრისთვის უტყუარ მტკიცებულებას, დადასტურებულ ფაქტს ნიშნავს.

„ეს პომადა უცდია ბევრს გამოჩენილ ექიმობის მცოდნეს და რეკომენდაციის წიგნი აქვს ქიმიის პროფესორისა ლანდგე­­­რიხტთან დანიშნულისა ვენაში…“

როგორ გინდა, რომ არ დაიჯერო?!

რეკლამის შემკვეთი იმედოვნებდა, რომ მის ნაწარმს დიდი გასავალი ექნებო­­­და და არც შემცდარა, რადგან, „დროებაში“ გამოქვეყნებული რეკლამის შემდეგ, „ქინო-გლიცერინის პომადა“ ბევრს შე­­უძენია – „ამბობენ, მარტო სამეგრელო­­­დამ უკანასკნელ ასმა კაცმა გამოგზავნა ლანკოს მაღაზიაში ფულები და ეს წამალი მოითხოვესო“, მაგრამ მათი „მოსვლეპილი თავები“ თმით არ შემოსილა. ამის გამო ისინი გაზეთს უჩიოდნენ, თქვენი დაბეჭ­­­­­­დილი რეკლამა ტყუილია და თქვენ გამო ფული დავკარგეთო.

თავის მხრივ, მომჩივანებს არც „დროების“ რედაქცია დარჩენია ვალში:

„ჩვენ შევიტყეთ, რომ ზოგიერთები მოტყუებულან და ნამდვილი გონებიათ ის მელოტობის წამალი, რომლის გამოცხადე­­­ბა თითქმის ყველა თფილისის გაზეთებ­­­­­­ში და, სხვათა შორის, ჩვენს გაზეთშიაც იბეჭდება.

ვსწუხვართ, თუ ძალა-უნებურად ზოგი­­ერთი ჩვენი ადვილად-მორწმუნე მკითხ­­­­­­ველთაგანი უბრალო ხარჯში შევიყვანეთ.

საქმე იმაშია, რომ რედაქცია სრულიად ვალდებული არ არის, რომ ყველა ის გან­­­­­­ცხადება, რაც გაზეთის მეოთხე ფურცელ­­­­­­ზე იბეჭდება, შეამოწმოს, დარწმუნდეს – ნამდვილია თუ არა, და მერე დაბეჭდოს. არც ერთს რედაქციას არ შეუძლიან ამის კისრვა.

ის განსაზღვრულ ფასს იღებს ყოველ განცხადების დაბეჭდვაში და ამით კმაყო­­­ფილდება; ზოგიერთი გაზეთების უმთავრე­­­სი შემოსავალი ამ განცხადებებიდამ არის და ის სრულიად პასუხის-მგებელი არ არის იმაში, რაც ამ განცხადებებში იბეჭდება.

გამოცდილი მკითხველი, რასაკვირვე­­­ლია, იმ წამსვე მიხვდება – რა არის მართა­­­ლი ამგვარ განცხადებებში და რა არა. და რადგან ზოგიერთი ჩვენი მკითხველები მოტყუებულან, მაშასადამე ამით შემდეგში, თმას თუ ვერა, გამოცდილებას მაინც შეი­­­ძენენ და მერე ასე ადვილად, იმედია, აღარ მოტყუვდებიან“.

რეკლამა #4

სხვადასხვა დროს თბილისში არაერთი გამორჩეული სასტუმრო ფუნქციონირებ­­­­­­და, რომელთა ქება შორს გაისმოდა. ამაში ყველა მარტივად დარწმუნდება, თუკი ამ სასტუმროებში დაბინავებულ უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებსა და მოგონებებს გაეცნობა.

მაღალი კლასის სასტუმროების გარდა, თფილისში საშუალო და დაბალი კლასის სასტუმროები და ე.წ. „მებლირებული ოთა­­­ხებიც“ ფუნქციონირებდა და თუკი 1880- იანი წლებიდან მოყოლებული, სასტუმროე­­­ბის რეკლამებით აჭრელებული იყო პრესის ფურცლები, 1876 წელს, „დროებაში“, თითო-ოროლა ასეთი განცხადება თუ შეგხვდე­­­ბოდათ.

ამ თითო-ოროლა განცხადებები­­­დან, ერთი-ერთი სასტუმრო „პარიჟის“ [„ჭავჭავაძის გოსტინნიცა”] რეკლამა იყო, რომელიც მოსახლეობას აუწყებდა:

„ხელ-ახლად აღებულია არენდით, დი­­­დის ხნითა, და ამ 15 მარტიდამ იხსნება. ყველა ნომრები ამ სასტუმროში ხელ- -ახლად შეკეთებულია და ახალი მებელით არის მორთული. ყველა ოთახები ჩინებუ­­­ლად არის მოთავსებული საცხოვრებელად. ნაკლულევანება, რაც იყო ამ სასტუმროში, ახლა აღარ არის. მოსამსახურეთა პატიოს­­­­­­ნებაზე და ზრდილობიანობაზე სასტუმროს კანტორა აგებს პასუხს. ნომრების ფასი 50 კაპეიკიდამ 2 მანეთამდია.

ვისაც სასტუმროში სადილების ჭამა ჰსურს, შეუძლია პირ-და-პირ სასტუმროს ბუფეტში მიმართოს.

სასტუმრო იმყოფება: გოლოვინის პროსპექტზე, სამხედრო ოლქის სასამართ­­­­­­ლოს პირ-და-პირ, ჭავჭავაძის სახლებში“.

როგორც არქიტექტურის ისტორიკო­­­სი დავით ხოშტარია წერს თავის წიგნ­­­­­­ში [„ძველი თბილისის სასტუმროები“] ალ. ჭავჭავაძისა ქუჩისა და გოლოვინის პროსპექტის კუთხეში მდებარე ხსენებული სასტუმრო 1860-იან წლებში მოიხსენიე­­­ბოდა, როგორც „ჭავჭავაძის სასტუმრო“. 1869 წელს ის გაარემონტეს, განაახლეს და „პარიზი“ დაარქვეს. იმდროინდელი სა­­­რეკლამო განცხადება იუწყება, რომ კვება აქ „ყველა სხვა სასტუმროზე ბევრად იაფი“ იყო და თანაც კარგი, ამასთან, საკვების მაღალი ხარისხის დამადასტურებლად აღნიშნულია, რომ მზარეული მანამდე ინგ­­­­­­ლისურ კლუბში მუშაობდა:

„1876 წელს გამოქვეყნებულ თბილისის სასტუმროთა მიმოხილვაში „პარიზი“ დახა­­­სიათებულია, როგორც „ძველი სასტუმრო მინიატურული, დაბალი ნომრებით“.

რეკლამა #5

სასტუმროებისგან განსხვავებით, თფი­ლისელებს, როგორც წესი, ხარისხიან სამედიცინო სერვისზე ხელი ნაკლებად მიუწვდებოდათ. ამას ნაწილობრივ ექიმე­­­ბის არაპროფესიონალიზმი, ნაწილობრივ კი მომსახურების მაღალი ფასი განაპირო­­­ბებდა.

ალბათ ამიტომაც იყო, არა მხოლოდ ქართველი, არამედ სხვადასხვა ქვეყნი­­­დან ტფილისში ჩამოსული ექიმები, საგაზე­­­თო რეკლამებით, უმაღლესი ხარისხის სა­­­მედიცინო მომსახურებას მისაღებ ფასად რომ სთავაზობდნენ ადგილობრივებს.

სწორედ ამ ტიპისა უნდა იყოს „ამერიკის კბილის ექიმის“ 1876 წლის გან­­­­­­ცხადება:

„დოქტორ ი. ა. ვალტერი, რომელიც მუდამ მოსკოვში სცხოვრებს, მოვიდა თფილისში და მიიღებს ავათმყოფებს [პაციენტებს] ხელოვნებითი კბილების ჩასაყენებელად უპრუჟინოთ, რადგან პრუ­­­ჟინა საჭმლის ღეჭას უშლის, როცა საჭმელი პრუჟინასა და ყბას შუა ჩავარდება; ამის გამო მე არავის არ ურჩევ, რომ პრუჟინი­­ანი კბილები ჩაისვან, არამედ გაიკეთონ ჩემგან ახალად გამოგონილის სისტემით – რბილის ბოლოთი.

არ ურჩევ აგრეთვე კაკვიან კბილების ჩაყენებასა, რადგან ამით მთელი კბილები ფუჭდებიან.

ვურჩევ ყველას, რომ კბილებს ნუ ამო­­იძრობენ, რადგან ეს ყბის ძვალს აფუჭებს; როცა კბილმა გაფუჭება დაიწყოს, ოქროსა ანუ პლატინის პლომბით უნდა გაიკეთოთ, რომელიც ინახავს და არ აფუჭებს კბილს.

მაქვს ახალი, ახლად გამოგონილი საშუ­­ალება კბილების დასაცველად და აგრეთვე ვიცი წამალი, რაც უნდა ძალიან სტკივოდეს ვისმე კბილები; ეს წამლები განუხილავს მედიცინის დეპარტამენტს. ახალ მოგონილ ხელოვნებითი კბილებისა და პლომბის ნი­­­მუშები მსურველს შეუძლია ჩემთან ნახოს.

ხელოვნებითი კბილების მუშაობა 24 სა­­ათში თავდება. პაციენტებს მივიღებ ჩემს სახლში: სასახლის ქუჩაზე, სარაჯევის სახ­­­­­­ლებში, გუდოს მაღაზიის ზემოდამ.

ღარიბებს მუქთად ვარჩენ ოთხშაბათო­­­ბით და შაბათობით, დილის 8 საათიდამ დილისვე 10 საათამდინ“.

რეკლამა #6

გაზეთებში აქტიურად ქვეყნდებოდა „კერძოობითი“ სარეკლამო განცხადებე­­­ბიც, რომლითაც განცხადების ავტორები ან გასაყიდ თუ გასაქირავებელ ქონებას სთავაზობდნენ მკითხველს, ან მომსახურე­­­ბას, ან ორივეს ერთად. ამ მიმართულებით, შაბლონურ განცხადებებთან ერთად, ზოგ­­­­­­ჯერ გამორჩეული მაგალითებიც გვხვდება. 1877 წლის ამგვარი სარეკლამო განცხადე­­­ბებიდან, ამ სტატიისთვის, მესაათისა და მექანიკოსის – რუბენ ნაკაშიანის განცხა­­­დება შევარჩიეთ:

„მესაათეს და მეხანიკოს რუბენ ნაკა­­­შიანს აქვს პატივი პატივცემულ თფილისის საზოგადოებას აცნობოს, რომ ის იმყოფე­­­ბა თამბაქოს ფაბრიკანტ უფალ ნიკოლოზ ბოზარჯიანცის მაღაზიაში [ღენერალ მაიო­­­რის არწრუნის ქარვასლაში, შტაბის გვერ­­­­­­დით] და იღებს გასაკეთებელად საათებს და საკერავ და აგრეთვე სხვა ყოველგვარ მაშინებს.

ვაკეთებ აგრეთვე მაღაზიებისათვის ფარდებს, მზისაგან დასაფარებელად; ამ ფარდებს ის უპირატესობა აქვს, რომ უსვეტოთ არის გაკეთებული და მეხანიკუ­­­რის ბორბალით შეიძლება იმის აწევა და დაწევა“.

რეკლამა #7

„ხმამაღალი“ სარეკლამო განცხადების მიუხედავად, თუკი რუბენ ნაკაშიანი გაფუ­­­ჭებული საკერავი მანქანის შეკეთებას ვერ შეძლებდა, თფილისელებს ახლის შეძენაც უპრობლემოდ შეეძლოთ.

კომპანია „ზინგერის“ მაღაზია თბილისში

ამ საქონლით ქალაქში არაერთი მაღა­­­ზია ვაჭრობდა, მათ შორის კი „თფილისის ვაჭარი ივანე ნიკოღოზოვი“, რომელიც 1878 წლის სარეკლამო განცხადებით თფი­­­ლისის და სხვა ქალაქების პატიოსან საზო­­­გადოებას უცხადებდა:

„გვიყიდნია ევროპის ქალაქებიდან 200 ცალი საკერავი მაშინები, ასე იგი: დიდრო­­­ნი წაღების საკერავი მაშინები, ბალკონი­­ანი პარტნოის ბელაშვეინის, რუჩნოისა – ორი ძაფიანი, ერთი ძაფიანი; სისტემა ტევტონისა, მანსფელდისა, ვილლერ, ვილ­სონის, ზინგერის, მედიუმის, პოლლაკ შმი­­­ტისა, ლურჯი არიოლი, სიმსონის.

ხელის მაშინები, სისტემა: ბრუნონია, გერმანია, რენანია, ფორტუნა, ზინგერი, საქსონია და ლიტერვანცერი, შატულა, სამ­­­­­­სინია, ეკსპრეს-ორიგინალი, პრინცესსა და ვილლერ ვილსონის კაკლის ყუთიანი.

ისყიდება ძალიან იაფათ და პირობით იძლევა, ვიდრე სამის წლის ვადითა. ვას­­­­­­წავლით კერვას და მაშინების მოხმარებას მაღაზიაში უფულოთა. მაღაზია იპოვება შუაბაზარში, გასპაროვის დუქნებში“.

რეკლამა #8

ივანე ნიკოღოზოვის სარეკლამო განცხა­­­დებიდან ორიოდ წელიწადში, 1880 წელს, „დროებაში“ დღეს უკვე ლეგენდარული „ზინგერის“ კომპანიის რეკლამა გამოქ­­­­­­ვეყნდა:

„ზინგერი ნიუ-იორკში – ყველაზედ უდი­­­დესი საზოგადოება საკერავი მაშინებისა, მთელს ქვეყანაში ცნობილი მაგარის და მშვენიერად გამართულის მაშინებითა, რომელნიც გამოსადეგნი არიან როგორც შინაურს საკერავ მუშაობაში, აგრეთვე მასტერსკაებში. ეს მაშინები ყველა სხვა ფაბრიკანტების მაშინებსა სჯობიან.

ზინგერის საზოგადოებამ აპრილის თვიდამ როგორც სხვა ქალაქებში, ისე თფილისშიაც გახსნა საკერავი მაშინების მაღაზია [სკლადი] ატამანის ქუჩაზე, ერევ­­­­­­ნის მაედანის მახლობლად, ზუბალოვის სახლებში.

ვინც ამ მაშინის მოხმარება არ იცის, აქ­­­­­­ვე მუქთად ვასწავლით. აქვე გაფუჭებული მაშინები მიიღება გასაკეთებლად.

საზოგადოების აგენტი სთხოვს კერძო პირთ და აგრეთვე იმ მაღაზიების პატ­­­­­­რონებს, რომელნიც საკერავ მაშინებით ვაჭრობენ, ნუ შესცდებიან და ნუ იყიდიან სხვა ფაბრიკანტების მაშინებს, რომელთაც ზინგერის ფირმა მიითვისეს.

ქალაქის გარეშე მცხოვრებთ პრეის-კუ­­­რანტის [მაშინების სიის და ფასების] მისა­­­ღებად შეუძლიანთ თფილისში მოიწერონ წერილი და აგენტი მუქთად გაუგზავნის ამათ დაუყოვნებლივ პრეის-კურანტსაც და პასუხსაც იმ ენაზედ, რა ენაზედაც წიგნი იქ­ნება მოწერილი“.

კომპანია „ზინგერის“ ამ სარეკლამო განცხადებას გ. ნეიდლინგერი, რუსეთისა და დასავლეთ ევროპის უმთავრესი აგენტი აწერდა ხელს.

ზოგადად, მოსახლეობის ცხოვრებაში საკერავი მანქანების შემოსვლა არ იყო მაინცდამაინც მარტივი მოვლენა, რადგან ყველაფერ ახალს ხშირად გარკვეული სკეფსისი და კონსერვატიული პოზიციის მქონეთაგან უარყოფითი რეაქცია მოჰყ­­­­­­ვება ხოლმე. ასე იყო „ზინგერის საკერა­­­ვი მაშინების“ შემთხვევაშიც – ქართველ ქალებს, გაზეთების ფურცლებზე, ძველე­­­ბური ხელსაქმის, ჩვეულებების „თავმინებებასა“ და თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობაში ადანაშაულებდნენ, რის „საბუთადაც“ თითქოსდა ქართველი ქალე­­­ბის პოზიციას აჟღერებდნენ:

„როგორ უნდა ჩავიწყალოთ თვალები ქარგვაში და ძველებურ საკერავებში, რო­­­დესაც „ზინგერის“ მაშინა წინ გვიდგას და ფეხის დაჭერის მეტი არა გვინდა რა, რომ თავისით დატრიალდეს და თავისით შეგ­­­­­­ვიკეროსო“.

ასე იყო თუ ისე, ქართველ ქალებს, დია­­­ხაც რომ, ძალიანაც მოსწონდათ „ზინგერის საკერავი მაშინები“!

რეკლამა #9

1878 წლის ამ რეკლამას განმარტება არ სჭირდება, თუმცა ის კი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველ თბილისში, საკრა­­­ლურ მოვლენებთან დაკავშირებით, მთელი რიგი რიტუალები არსებობდა, რომელთა დაცვას ქალაქის მოსახლეობა განსაკუთ­­­­­­რებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.

წყარო: გაზეთი „დროება“, #256, 1878 წ.
რეკლამა #10

ძველ თბილისში არაერთი „დროის სატა­­­რებელი“ ადგილი რომ იყო, ეს არახალია. არცთუ იშვიათად, რომელი ტრაქტირი, დუქანი, ან რესტორანი თავს რომ ამოწუ­­­რავდა, ან თუნდაც კლიენტების გულისწყ­­­­­­რომასა და უკმაყოფილებას გამოიწვევდა უსუფთაობის, საკვების ან სასმლის უვარ­­­­­­გისობის გამო, და ამის შესახებ ქალაქში ხმა გავარდებოდა, მალევე დაიკეტებოდა.

ასევე, მალევე, ასეთ დაწესებულებას რომელიმე სხვა მოიჯარე აიღებდა, შენო­­­ბას ხელს შეავლებდა, სერვისზეც იზრუ­­­ნებდა და ახალი სახელით, საუკეთესო პირობებსა და მომსახურებას შესთავაზებ­­­­­­და მოსახლეობას. რესტორან „კოლხიდას“ 1879 წლის რეკლამაც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა შეიძლება ყოფილიყო:

„ადრინდელი რესტორანი „თფილისი“ და ახლა „კოლხიდა“, რომელიც იმყოფება დვორცოვის ქუჩაზე, სარაჯევის სახლებში, შესავალი ეზოდამ, მეორე კიბე, უცხადებს პატივცემულ საზოგადოებას, რომ რესტო­­­რანში იმყოფება ყოველგვარი საჭმელები კარგი პროვიზიისა და აგრეთვე შეიძლება მუდამ თვეობით გაეგზავნოს მსურველს შინ კარტოჩკით ან აქვე სჭამოს უფრო იაფად, ვინემ სხვა სასტუმროებში.

ამავე რესტორანში მზადდება ახლა ბლინები და დიდმარხვაში მოამზადებენ სამარხო საჭმელებს. 9 საათიდამ დილისა არის ცხელი პიროჟკები.

იმედი მაქვს პატივცემული საზოგადოე­­­ბა კმაყოფილი დარჩება“.

რეკლამა #11

თამბაქოს თფილისში ყოველთვის კარგი გასავალი ჰქონდა. ამასთანავე, ხშირად მოისმენდით ქალაქელთა ჩივილს თამ­­­­­­ბაქოს გაზრდილ ფასთან და ხარისხთან დაკავშირებით – მეთამბაქოებმა გააძვი­­­რეს და თან ერთობ გააფუჭეს თამბაქო და პაპიროსებიო.

პრესის ფურცლებზე არა მხოლოდ მწე­­­ველთა საჩივრებს, თამბაქოს რეკლამა­­­საც ხშირად შეხვდებოდით, მაგალითად, 1879 წლის ერთ-ერთ ნომერში გვხვდება „სულთანის“ ფირმის თამბაქოსა და პაპი­­­როსების რეკლამა:

„ნარდათა და წვრიმანი ვაჭრობა თამ­­­­­­ბაქოსი და პაპიროზებისა „სულთანის“ ფირმისა [უფ. ნ. მამიკონოვისა] არის შუ­­ა-ბაზარში, ქურქჩიხანაში. ვინც ნარდათ დიდძალ საქონელს ჰყიდულობს, იმათ თამბაქო და პაპიროზები დადებულ ფასზე ნაკლებათ დაეთმობათ“.

სხვათა შორის, თფილისში ხშირად ფალსიფიცირებული თამბაქოც ვრცელ­­­­­­დებოდა, რაც ბრენდის მფლობელს დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებდა. ამიტომაც იყო, ზოგიერთი კომპანია რომ აფრთხი­­­ლებდა მომხმარებელს, მავანნი საკუთარ პროდუქციას ჩვენს თამბაქოდ ასაღებენ, რაც ტყუილია, ამიტომ იფრთხილეთ, არ მოტყუვდეთ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სამარკო ნიშნის მქონე თამბაქო შეიძინეთო.

რეკლამა #12

თქვენ წარმოიდგინეთ, ძველ თბილისში ფალსიფიცირებული და კონტრაბანდულად შემოტანილი არა მხოლოდ თამბაქო, არა­­­მედ ჩაიც ვრცელდებოდა. ხოლო კომპა­­­ნიები, რომელთაც „საბუთები წესრიგში“ ჰქონდათ და არა დახლს ქვემოთ, არამედ პატიოსნად ვაჭრობდნენ, არც საკუთარი პროდუქციის რეკლამირებას ერიდებოდ­­­­­­ნენ:

„ვისაც სტუმრის პატივის-ცემა აქვს! ურჩევთ იყიდოს ჩაი, რომლიდამაც ერთი სტაქნის მაგიერ, ოთხი კაცი დალევს!“

ამ ჩაის შესაძენად, „ვისაც სტუმრის პატივის-ცემა“ ჰქონდა, 1879 წელს, გოლო­­­ვინის პროსპექტზე, სტეფანე მანველოვის მაღაზიისთვის უნდა მიემართა…

რეკლამა #13

წლების განმავლობაში, ძველი ქართული გაზეთების სარეკლამო ფურცლებზე ხვდე­­­ბოდა თფილისში დაგეგმილი სხვადასხვა „იშვიათი“ სანახაობის რეკლამა-აფიშები, რომელთაც, ძირითადად, ქალაქში ჩამო­­­სული უცხოური დასების ხელმძღვანელები აქვეყნებდნენ.

რას არ ნახავდით მათ, უხვად ილუსტ­­­­­­რირებულ, სარეკლამო განცხადებებში…

წყარო: გაზეთი „დროება“, #21, 1880 წ.

მათ შორის კი „ჯერ აქ უნახავ მოვლენას, ევ­­­­­­როპაში ყველაზე დიდ ქალს – ამალიას“. ამ სა­­­რეკლამო განცხადების მიხედვით, 1880 წლის 27 იანვრიდან, „ბალაგანში, ცირკის გვერდით, გუნიბის მაედანზე“, საზოგადოებას აჩვენებ­­­­­­დნენ ზემოხსენებულ ამალიას და კონტრას­­­­­­ტისთვის, „მთელს ქვეყანაში ყველა კაცებზე უფრო პატარა ადამიანებს – მარკიზ გენრიხ ვოლგეს და მარკისა ლუიზას“.

რეკლამა #14

„ქინო-გლიცერინის პომადისა“ არ იყოს, „მაკ-მასტერიც“ თმის ამომყვანი საშუალება ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ამას იუწყებო­­­და „დროებაში“ 1880 წელს გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადება, რომელიც მომხმა­­­რებელს „ინგლისის მაღაზიის“ პროდუქციას აცნობდა.

წყარო: გაზეთი „დროება“, #231, 1880 წ.

ზოგადად, „ინგლისის მაღაზია“, რომელიც არწრუნის ქარვასლაში „იმყოფებოდა“, 1880 წლიდან მოყოლებული, გაზეთ „დროების“ ბოლო, მეოთხე გვერდის მუდმივი „სტუმარი“, უფრო სწორად კი „მასპინძელი“ იყო, რად­­­­­­გან ლამის ნომერი არ გამოვიდოდა ისე, „ინგლისის მაღაზიის“ რეკლამა რომ არ ყოფილიყო გამოქვეყნებული. ამ, შინაარ­­­­­­სობრივად „ჭრელ“, რეკლამებში მკითხველს ნაირ-ნაირ საქონელს სთავაზობდნენ.

რეკლამა #15

დასასრულ კი „ერევნის მეიდანზედ, თამამ­­­­­­შოვის ქარვასლის ლომების ქვეშ, აღმოსავ­­­­­­ლეთის მხრით ახლად გახსნილი თევზეულის მაღაზია“ ვახსენოთ.

„ქალაქს უთევზოდ გაძლება არ შეუძლიან, იმას უყვარს თევზი, ქალაქის ქართველებისა და სომხებისათვის თევზი ისეთივე საკვები და საზრდოა, როგორც პური“, – ასეთი ქალაქი იყო თფილისი, სადაც თევზს, ძირითადად, აუწონავად ჰყიდდნენ, მხოლოდ ორაგული იყიდებოდა წონით, რადგან მეტად ძვირად ფასობდა და ერთი ადამიანი ვერ გასწვდე­­­ბოდა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში „ქალაქი და თითქმის მთელი კავკასია იმ თევზით მარაგდებოდა, რომელსაც სალიანში და სა­­­ზოგადოთ, ბაქოსკენ იჭერდნენ“ და ურმებით, რკინიგზის ამოქმედების შემდეგ კი „ყოველ დღე, დილის მატარებლით“ თბილისისკენ მოჰქონდათ. თფილისელთათვის ასე საყ­­­­­­ვარელი თევზი ქალაქის ბაზრებში, შემდეგ კი ერევნის მოედანზე, პირდაპირ ურმებზე იყიდებოდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თევ­­­­­­ზის მაღაზიის გახსნა, თუკი მფლობელები „თავიანად“ წაიყვანდნენ ვაჭრობას, მოგე­­­ბიანი საქმე უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, მაღაზიის მეპატრონეებს იმითაც თუ შეეძ­­­­­­ლოთ თავის მოწონება, რომ სალიანიდან მიღებულ, ახალ-ახალ თევზს ჰყიდდნენ:

„ისყიდება პარტიობით და წვრილად ახალ-ახალი ხიზილალა და ჟიდკა; აგრეთ­­­­­­ვე ყოველ-გვარი თევზეული ახალი და ხმე­­­ლი, რომლებიც მოსდის მაღაზიას სალიანი­­­დამ. მსურველთ შეუძლიანთ მიმართონ აღნიშნულ მაღაზიას“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *