ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ პეკინი არ გააუქმებს 34%-იან საპასუხო ტარიფს ამერიკულ პროდუქციაზე, რომლის ამოქმედებაც ხუთშაბათს იგეგმება.
ტრამპის თქმით, ახალი ტარიფი ჩინური საქონლის იმპორტზე შესაძლოა ძალაში ოთხშაბათიდან შევიდეს — იმავე დღეს, როდესაც აშშ-ის მიერ გასულ კვირას გამოცხადებული მასშტაბური ტარიფების ამოქმედება იგეგმება. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ტრამპმა იმპორტზე გადასახადები ყველა სავაჭრო პარტნიორის მიმართ დააწესა.
ჩინეთისთვის განსაზღვრული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფი — 34% — დაემატება უკვე მოქმედ 20%-იან ტარიფს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტის გადასახადი ჯამურად შეიძლება 104%-მდე გაიზარდოს, თუ ტრამპი თავის მუქარას მართლაც შეასრულებს.
ჩინეთმა ამერიკული პროდუქციის იმპორტზე 34%-იანი ტარიფი მას შემდეგ დააანონსა, რაც დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში 180 ქვეყნისთვის საპასუხო გადასახადები გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებით მკაცრი ტარიფი სწორედ აზიურ სახელმწიფოს დაუწესა, რამაც ორ ქვეყანას შორის უკვე გაჩაღებული “სავაჭრო ომი” კიდევ უფრო გაამძაფრა.
ამავდროულად, თეთრი სახლის განცხადებით, ის ტარიფებთან დაკავშირებით ათობით ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. მათ შორისაა ისრაელი, რომლის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრამპთან შეთანხმების მიღწევას ვაშინგტონში მოლაპარაკებებით ცდილობს.
აშშ-ის პრეზიდენტთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებს ევროკომისიის წარმომადგენლებიც ცდილობენ. მათი განცხადებით, დონალდ ტრამპს სამრეწველო საქონელზე ნულოვანი ტარიფების შეთავაზება გაუკეთეს.