ტრამპი ევროკავშირს ალკოჰოლზე 200%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა

ტრამპი ევროკავშირს ალკოჰოლზე 200%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს ღვინის, შამპანურისა და სხვა სახის ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე 200%-იანი გადასახადის დაწესებით დაემუქრა. ტრამპის განცხადებით, ამ მუქარას შეასრულებს, თუ ევროკავშირი ამერიკულ ვისკიზე დაწესებულ 50%-იან ტარიფს არ გააუქმებს.

„თუ ეს ტარიფი დაუყოვნებლივ არ მოიხსნება, აშშ მალე დააწესებს 200%-იან ტარიფს ყველა სახის ღვინოზე, შამპანურსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებზე, რომლებიც საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან მოდის“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი სოციალური ქსელის, Truth Social-ის პლატფორმაზე. „ეს შესანიშნავი იქნება ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის აშშ-ში,“ – დასძინა მან.

დონალდ ტრამპის მუქარის შემდეგ ბირჟაზე ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ევროპული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა. მათ შორის Pernod Ricard-ის აქციები 3.2%-ით გაუფასურდა, Rémy Cointreau-ის – 3.8%-ით. გარდა ამისა, 1.9%-ით შემცირდა LVMH-ის აქციების ფასი, რომელიც Moët & Chandon-სა და Veuve Clicquot-ს ფლობს.

ბოლო პერიოდში აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ომი გამძაფრდა. 12 მარტს შეერთებული შტატების მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების ამოქმედების შემდეგ, ბლოკმა ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადის შემოღება დააანონსა. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი გადასახადებს 26 მილიარდი ევროს (28.3 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების ამერიკულ საქონელზე დააწესებს.