ფოტო: Reuters
პენტაგონმა დღეს გაასაჯაროვა დამატებითი დეტალები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის 2027 ფისკალური წლისთვის წარმოდგენილი $1.5-ტრილიონიანი თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავდაცვის ხარჯების ყველაზე მკვეთრ წლიურ ზრდას ასახავს.
ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ. „პრეზიდენტის პრიორიტეტებს“, რომელიც მოიცავს „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, დრონებს, ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა ინფრასტრუქტურას, ასევე თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას.
დოკუმენტის მიხედვით, გემთმშენებლობაზე $65 მილიარდზე მეტი დაიხარჯება. იგეგმება 18 საბრძოლო და 16 დამხმარე გემის შეძენა, რომლებიც General Dynamics-ისა და Huntington Ingalls Industries-ის მიერ დამზადდება. ეს ინიციატივა, სახელწოდებით „ოქროს ფლოტი“, 1962 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური გემთმშენებლობის პროგრამაა.
ამასთან, ბიუჯეტში გაზრდილია Lockheed Martin-ის წარმოების F-35 ტიპის გამანადგურებლების წლიურ შესყიდვების რაოდებობა და 85 ერთეულია მითითებული. საერთო ჯამში, ავიაციის მიმართულებით $102 მილიარდია გათვალისწინებული, რაც წინა წელთან შედარებით 26%-ით მეტია.
ასევე პრიორიტეტად რჩება ახალი თაობის სისტემების განვითარება, მათ შორისაა Boeing-ის F-47 გამანადგურებელი და Northrop Grumman-ის B-21 ბომბდამშენი, რომლისთვისაც $6.1 მილიარდია მოთხოვნილი.
დრონების მიმართულებით ბიუჯეტი ისტორიაში ყველაზე დიდ დაფინანსებას ითვალისწინებს. კერძოდ, $53.6 მილიარდი გათვალისწინებულია ავტონომიური პლატფორმებისა და ლოგისტიკისთვის, ხოლო დამატებით $21 მილიარდი – საბრძოლო მასალებისა და დრონსაწინააღმდეგო ტექნოლოგიებისთვის.
„თავდაცვის ავტონომიური ომის ჯგუფითვის“, რომელმაც ადრე დაახლოებით 225 მილიონი დოლარი მიიღო, დაფინანსება დაახლოებით 54 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ოფიციალური პირების თქმით, ამ მიმართულებით აქცენტი გაკეთდება უკვე არსებული ტექნოლოგიების სწრაფ დანერგვაზე, და არა – გრძელვადიან კვლევებზე.
ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს სამხედრო პერსონალის ანაზღაურების ზრდას: 7%-ით უმცროსი წოდების მოსამსახურეებისთვის, 6%-ით საშუალო რგოლისთვის და 5%-ით მაღალჩინოსნებისთვის. გეგმაშია სამხედრო ძალის გაზრდაც, კერძოდ, 2027 წლისთვის 44,000 სამხედრო მოსამსახურის დამატება, რაც 2026 წელს დამატებული 20,000-ის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზრდაა.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ირანთან მიმდინარე კონფლიქტის ხარჯები. პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი ოპერაციული ხარჯებისა და შევსების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სავარაუდოდ, დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა გახდება საჭირო.









