2 აპრილს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გლობალური საპასუხო ტარიფების შესახებ თავისი გეგმა გამოაქვეყნა, ამერიკული Forbes-ი მის ქონებას 4.7 მილიარდ აშშ დოლარად აფასებდა. ერთ კვირაზე ნაკლები ხნის შემდეგ კი, გუშინ, დაახლოებით 4.2 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის მიზეზი ახალი ტარიფების მოლოდინით საფონდო ბირჟებზე გამოწვეული ვარდნა და ტრამპის ჰოლდინგის ღირებულებისა და მის საკუთრებაში არსებული აქციების გაუფასურებაა.
ტრამპის ქონების შემცირება მის ყველაზე ძვირფას აქტივს, Trump Media and Technology Group-ს უკავშირდება, რომლის აქციების ფასიც ბოლო სამი სავაჭრო დღის განმავლობაში 8%-ით შემცირდა და გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. კომპანიაში მისი წილის ღირებულება გასულ ოთხშაბათს 2.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, გუშინ კი 2 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
იკლო დონალდ ტრამპის უძრავი ქონებისა და კომერციული ობიექტები ღირებულებამაც. როგორც Forbes-ი წერს, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის კომერციული უძრავი ქონების პორტფელი 90 მილიონით გაუფასურდა. მისი პარტნიორი კომპანია Vornado Realty Trust-ის აქციების ფასმა, ტარიფების გამოცხადების დღიდან ორშაბათამდე, 14%-ით დაიკლო. კიდევ ერთმა მსხვილმა ნიუ-იორკულმა ფირმამ, SL Green-მა კი, 15%-იანი ვარდნა განიცადა. ტრამპის პორტფელის საერთო ღირებულება – რომელშიც Trump Tower-ი, 40 Wall Street-ი და ზემოხსენებულ Vornado-სთან პარტნიორობით ფლობადი შენობები შედის – 660 მილიონიდან 570 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.
გოლფის მოედნები და მასთან დაკავშირებული ბიზნესები, რომლებიც ძირითადად უცხოეთში წარმოებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული (მაგალითად, ბურთები და ჯოხები), ასევე წაგებაზე არიან. თუმცა, Forbes-ი განმარტავს, რომ მთავარი საფრთხე მომხმარებელთა მიერ ხარჯებისგან თავის შეკავებაა. აქვე აღსანიშნავია, რომ დასვენების სექტორის კომპანიების, Vail Resorts-ისა ან Soho House-ის აქციები ბოლო დღეებში 15%-ით გაუფასურდა. გამოცემის შეფასებით, მსგავსი ვარდნის გათვალისწინებით, ტრამპის გოლფ-კლუბები დაახლოებით 70 მილიონი დოლარით დაზარალდებოდა.
Forbes-ის თანახმად, ტარიფების გამოცხადების შემდეგ, არც სასტუმროების ბიზნესია უკეთეს მდგომარეობაში. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის უდიდესი სასტუმრო – Trump National Doral – მაიამიში მდებარე 643-ნომრიანი კურორტია, რომელმაც ცოტა ხნის წინ LIV Golf-ის ღონისძიებას უმასპინძლა. მას შემდეგ, რაც გლობალური საპასუხო ტარიფები გამოაცხადა, ღონისძიებაზე დონალდ ტრამპიც გამოჩნდა.
თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, პრეზიდენტი საკუთარი ქონების მდგომარეობაზე არ ფიქრობს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ზრუნავს. მისივე თქმით, ტრამპის აქტივები სანდო ხელშია და შვილების მიერ იმართება. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, თუ სასტუმროების ღირებულება საშუალოდ 16%-ით დაეცა, ეს ტრამპისთვის კიდევ 65 მილიონი დოლარის დანაკარგს ნიშნავს. მისივე განმარტებით, მენეჯმენტისა და ლიცენზირების ბიზნესიდან შესაძლოა პრეზიდენტმა კიდევ 15 მილიონი დაკარგოს.
ეცემა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასიც. მაგალითად, ბინების მფლობელი ოთხი მსხვილი კომპანიის პორტფელმა საშუალოდ 13%-იანი ვარდნა აჩვენა. Forbes-ის ცნობით, ტრამპის საკუთრებაში არსებული ბინების პორტფელი, ბაზრის ტენდენციის გათვალისწინებით, დაახლოებით 20 მილიონი დოლარით გაუფასურდებოდა. შედარებით სტაბილურად Mar-a-Lago და ტრამპ-თაუერის პენტჰაუსია მიჩნეული. მათ შემთხვევაში 5%-იანი კლება რომ ვიანგარიშოთ, ეს დამატებით დაახლოებით 32 მილიონი აშშ დოლარის დანაკარგს ნიშნავს.
მართალია, დონალდ ტრამპს იმპორტზე დაწესებული ტარიფები პირდაპირი გზით არ აზარალებს, თუმცა ინვესტორებისა და მომხმარებლების ნდობის დაკარგვა ბაზარზე უარყოფითად აისახება. Forbes-ის დასკვნით, რაც უფრო მეტ გაურკვევლობას შეიტანს ტრამპი გლობალურ ეკონომიკაში, მისი ქონების ღირებულება მით უფრო დაიკლებს. აქვე გეტყვით, რომ უახლესი მონაცემებით, რომელიც რეალურ დროში ახლდება, აშშ-ის პრეზიდენტი $4.1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობს.