აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გუშინ ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემის, „ოქროს გუმბათის“, შესახებ საზოგადოებას დეტალები გააცნო. პროექტის ღირებულება ათეულობით მილიარდი დოლარია და ის პირველი იარაღი იქნება, რომელსაც აშშ კოსმოსში განათავსებს.
ტრამპის განცხადებით, მისმა ადმინისტრაციამ „ოქროს გუმბათის“ საინჟინრო დეტალები და არქიტექტურა უკვე შეათანხმა და სისტემა ფუნქციონირებას მისი პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე დაიწყებს. პრეზიდენტის განმარტებით, „ოქროს გუმბათის“ დიზაინი არსებულ სახმელეთო თავდაცვით მექანიზმებთან იქნება ინტეგრირებული. საჰაერო თავდაცვის სისტემას ჰიპერბგერითი, ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების გასანეიტრალებად გამოიყენებენ.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განმარტებით, „ოქროს გუმბათი“ თავდაცვის რამდენიმე შრეს მოიცავს, შესაბამისად, სამიზნის გადაჭერა რომელიმე შრეზე მაინც განხორციელდება. „ოქროს გუმბათი“ კომპლექსური საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელიც სახმელეთო და კოსმოსური რადარების ინტეგრირებულ მუშაობას საჭიროებს.
კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, სისტემის შექმნისა და წარმოებისათვის $500 მილიარდზე მეტია პროგნოზირებული, თუმცა დონალდ ტრამპის განცხადებით, შეიარაღების წარმოებისათვის $175 მილიარდი იქნება საჭირო. დაფინანსების პირველ, $25-მილიარდიან ტრანშს ტრამპი კონგრესში დარეგისტრირებულ კანონპროექტში გაითვალისწინებს. პირველი ხარჯების დიდი ნაწილი სატელიტებისა და გზაგადამჭრელების პროექტირებას მოხმარდება.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პროექტის დასრულებისათვის მხოლოდ სამი წელი იქნება საჭირო. მისი ხარჯები კი 20-წლიან ბიუჯეტზე გადანაწილდება. პროექტის განხორციელებასა და იმპლემენტაციას აშშ-ის კოსმოსური ძალების გენერალი მაიკლ გუტლაინი უხელმძღვანელებს. გუტლაინს აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ის აშშ-ის კოსმოსურ ძალებს 2021 წელს შეუერთდა და სარაკეტო თავდაცვისა და კოსმოსურ სისტემებში სპეციალიზდება.