EU რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას €5.5 მილიონს გამოუყოფს

EU რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას €5.5 მილიონს გამოუყოფს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რადიო თავისუფლებისათვის დაფინანსების შეჩერების გამო შექმნილ ფინანსურ კრიზისში მხარდასაჭერად, ევროკავშირი დონაციის სახით რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას €5.5 მილიონს გამოუყოფს.

შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობის ხარჯების შემცირების მოტივით, მარტში ტრამპის ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლებას დაფინანსება გაუყინა. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ფართო საზოგადოებაში მკაცრად გაკრიტიკდა, ვინაიდან რადიო თავისუფლება ავტორიტარულ სახელმწიფოებში სანდო ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ წყაროდ მიიჩნევა.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება აშშ-ის საოლქო მოსამართლემ დროებით შეაჩერა, თუმცა ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ აღნიშნული აკრძალვა გააუქმა.

ცნობისთვის, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ცივი ომის დროს კომუნისტურ სახელმწიფოებში ინფორმაციის გასავრცელებლად შეიქმნა. ახალი ამბების სააგენტო დღემდე ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთშიც. მედიასააგენტოს შტაბბინა ჩეხეთში, პრაღაში მდეობარეობს. ეს უკანასკნელი ევროპას რადიო თავისუფლებისათვის დაფინანსების გამოყოფისთვის აქტიურად მოუწოდებდა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი სააგენტოს ფუნქციონირების შენარჩუნებაა, რადგან რუსეთში, ბელარუსსა თუ ირანში საზოგადოებისათვის სანდო ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ წყაროს სწორედ რადიო თავისუფლება წარმოადგენს.

დონაციის სახით €2 მილიონ ევრომდე რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას შვედეთმაც გადასცა.