ტრამპის თქმით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ტრამპის თქმით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ცეცხლის სრული და დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შეგახსენებთ, ორი ქვეყნის სამხედრო ობიექტებზე შეტევები ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით გამართული ღამის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ვულოცავ ორივე ქვეყანას საღი აზრისა და გონიერების გამოჩენას,“ – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ტრამპის ინფორმაცია, რომ მხარეები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა.

შეთანხმების შესახებ განცხადება გავრცელდა იმ დღეს, როდესაც ბირთვული შეიარაღების მქონე მეზობელ სახელმწიფოების შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. პაკისტანის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ მისი ბირთვული იარაღის ზედამხედველი უმაღლესი სამოქალაქო და სამხედრო ორგანო შეკრებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრა არ იგეგმებოდა.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების შედეგად, საზღვრის ორივე მხარეს დაღუპულთა რაოდენობამ 66-ს მიაღწია.

იხილეთ ასევე: ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა