ფოტო: Bonnie Cash—UPI/Bloomberg/Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომი, მისი შეფასებით, ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება. გარდა ამ განცხადებისა, ტრამპი ირანს კვლავ დაემუქრა და თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა პიკაქსის მთაზე მდებარე ობიექტს დაარტყას, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამასთან არის დაკავშირებული.
დონალდ ტრამპმა აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანმა და აშშ-მა ომის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში საზღვაო გადაზიდვებზე თავდასხმების ყველაზე მასშტაბური სერია განახორციელეს. ირანის განცხადებით, ოთხშაბათს მან ჰორმუზის სრუტესთან 10 გემს შეუტია, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ხუთი ირანული ნავთობტანკერი ჩაძირა.
„ვფიქრობ, ომი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ დასრულდება, რადგან ისინი ვეღარ გაუძლებენ. ისინი სასოწარკვეთილები არიან და ცდილობენ, არჩევნებზე გავლენა მოახდინონ“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ნოემბრის შუალედური არჩევნები განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა ტრამპის რესპუბლიკური პარტია კონგრესზე კონტროლს. პრეზიდენტის განცხადებით, თეირანი არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ომისა და საწვავის ფასების ზრდის ფონზე კი ტრამპის პოპულარობა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.
ამასთან, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის მაღალი რანგის მრჩევლებმა, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ტრამპი გააფრთხილეს, რომ კონფლიქტი შესაძლოა მისი პრეზიდენტობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, 2029 წლის იანვრამდეც კი გაგრძელდეს.
როგორც აღვნიშნეთ, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა პიკაქსის მთაზე განახორციელოს დარტყმა. ცნობისთვის, ობიექტი ირანის დაზიანებულ ნატანზის ურანის გამდიდრების ობიექტთან ახლოს მდებარეობს და ძლიერ გამაგრებულ, მიწისქვეშა გვირაბების ორ კომპლექსს მოიცავს.
შეგახსენებთ, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე სამხედრო დარტყმები თებერვალში დაიწყეს, მათ შორის თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მიზეზით. მეორე მხრივ, ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული საქმიანობა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
კონფლიქტის ფონზე ნავთობის გლობალური მიწოდების მარშრუტებიც მნიშვნელოვნად არის შეფერხებული, რამაც საერთაშორისო ბაზრებზეც მოახდინა გავლენა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $100-ს გადასცდა, რადგან გადაზიდვები როგორც ჰორმუზის სრუტის, ისე წითელი ზღვის გავლით კვლავ შემცირებულია. ჰორმუზის სრუტეში, რომლის გავლითაც ომამდე მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი გადიოდა, ოთხშაბათს მხოლოდ შვიდმა გემმა გაიარა.










