Reuters: როგორ ინარჩუნებს ჩინეთთან ვაჭრობას ირანი სანქციების გვერდის ავლით?

Reuters: როგორ ინარჩუნებს ჩინეთთან ვაჭრობას ირანი სანქციების გვერდის ავლით?

ფოტო: Shutterstock

 

Reuters-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირანმა სანქციების გვერდის ავლით ჩინეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონლის, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის, შესაძენად ნავთობის სანაცვლოდ ბარტერის მსგავსი მექანიზმი გამოიყენა. ამის შესახებ მედიასააგენტოსთვის ირანის ორ მაღალჩინოსანთან და საკითხთან დაკავშირებულ სამ სხვა პირთან საუბრისას გახდა ცნობილი.

როგორც Reuters-ი წერს, საიდუმლო სავაჭრო სქემის ფარგლებში ირანული ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხა ჩინური საქონლის შესაძენად გამოიყენებოდა. წყაროების განცხადებით, ეს მექანიზმი თეირანისთვის ბოლო წლებში მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის ბირთვული პროგრამის გამო ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა გააძლიერა.

სქემა ჩინეთსაც აძლევს საშუალებას, შეინარჩუნოს წვდომა ირანულ ნავთობზე, რომელსაც ის შეღავათიან ფასად იღებს. აშშ-მა ირანული ნავთობის შესყიდვასა და გადაზიდვაში ჩართულ რამდენიმე მცირე ზომის ჩინურ კომპანიას სანქციები უკვე დაუწესა, თუმცა ვაშინგტონს ამ ეტაპზე არ მიუმართავს ყველაზე მკაცრი ზომებისთვის, რომლებმაც შესაძლოა გლობალურ ეკონომიკაზე მოახდინოს გავლენა.

Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, ირანმა აღნიშნული მექანიზმით ჩინეთიდან მედიკამენტები, ავტომობილები და საკომუნიკაციო მოწყობილობები შეიძინა. მწარმოებლები უშუალოდ ირანთან არ თანამშრომლობდნენ და არ არსებობს მითითება, რომ მათ სანქციები დაარღვიეს.

წყაროების ცნობით, მექანიზმი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ გამოიყენეს ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებული კონტრაქტებისთვისაც, რომელთა ღირებულება მილიონობით დოლარს შეადგენდა. თუმცა Reuters-ი იუწყება, რომ აღნიშნული ტრანზაქციების დამოუკიდებლად დადასტურება ვერ შეძლო.

ირანზე საერთაშორისო შეზღუდვების ფონზე ჩინეთი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. Kpler-ის მონაცემებით, 2025 წელს ჩინეთზე ირანის ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი მოდიოდა, რაც საშუალოდ დღეში დაახლოებით 1.4 მილიონი ბარელია.

ირანსა და ჩინეთს შორის ასეთი სავაჭრო მექანიზმები საერთაშორისო საბანკო სისტემის გვერდის ავლით საქონლისა და მომსახურების შესაძენად გამოიყენება. Reuters-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი სქემის ფარგლებში ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, Zhuhai Zhenrong-ის სახელით მოქმედი მყიდველი, სულ მცირე მიმდინარე წლამდე, ყოველთვიურად ასობით მილიონ დოლარს ჩინეთში მოქმედ ფინანსურ ორგანიზაცია ChuXin-ში რიცხავდა.

აღნიშნული თანხები ირანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან დაკავშირებულ, ჰონგ-კონგში რეგისტრირებულ ფირმასთან შეთანხმებული შესყიდვების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. წყაროების ცნობით, ChuXin-ის მეშვეობით თანხები შემდეგ ჩინელ ექსპორტიორებსა და ირანში ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს გადაეცემოდა, სავარაუდოდ, სხვა ჩინური ფინანსური ინსტიტუტების გავლით.

წყაროების შეფასებით, ChuXin-ის მიერ დამუშავებული ირანული ნავთობის შემოსავლების დაახლოებით 70% ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ნაწილდება, დანარჩენი თანხა კი სპეციალური დანიშნულების კომპანიის, SPV-ის ანგარიშებზე ირიცხება. სწორედ ეს თანხა გამოიყენება ირანში საქონლის მიმწოდებელი კომპანიების დასაფინანსებლად.

ირანული წყაროების განცხადებით, SPV-ის სახსრებს ორი ორგანიზაცია მართავს: ერთი ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს სახელით მოქმედი კომპანია და მეორე ირანის ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებული ორგანიზაცია. როდესაც ირანის ცენტრალური ბანკი იმპორტიორს თანხებზე წვდომას აძლევს, ირანთან დაკავშირებული კომპანია ამის შესახებ ჩინურ მხარეს ატყობინებს, რის შემდეგაც თანხა მომწოდებლებს ერიცხებათ.

Reuters-მა ჩინურ კომპანიათა რეესტრებში ვერ აღმოაჩინა ფინანსური ინსტიტუტი სახელწოდებით ChuXin-ი, ასევე ვერ დაადასტურა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ირანის ცენტრალური ბანკის სახელით მოქმედი კომპანიების არსებობა.

Reuters-ის ცნობით, აღნიშნული მექანიზმი სულ მცირე 2021 წლიდან მოქმედებს და თავდაპირველად ირანისთვის მედიკამენტებისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებისთვის გამოიყენებოდა. წყაროების შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში SPV-ის გავლით დაახლოებით $2-2.5 მილიარდმა გაიარა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Reuters-ს განუცხადა, რომ აღნიშნული სავაჭრო მექანიზმის შესახებ „ინფორმირებული არ არის“. უწყების განცხადებით, ჩინეთი მუდმივად ეწინააღმდეგება ცალმხრივ სანქციებს, რომლებიც საერთაშორისო სამართალს არ ეფუძნება და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ არ არის ავტორიზებული.

ექსპერტების შეფასებით, მსგავსი მექანიზმები ჩინეთს საშუალებას აძლევს, აშშ-ის მეორეული სანქციების ზეწოლას წინააღმდეგობა გაუწიოს, თუმცა ამავდროულად, პეკინს არ სურს, მისი ბანკები და კომპანიები საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან გაითიშოს. სწორედ ამიტომ, ექსპერტების თქმით, ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია „სარწმუნო უარყოფის შესაძლებლობა“ – ოფიციალურად არ ჩანდეს მისი მონაწილეობა სანქციების გვერდის ავლის სქემებში.