ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა

ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ ეკონომიკური და სამოგზაურო სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარმომადგენლებს, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეების ან აშშ-ის მოკავშირეების (როგორიცაა ისრაელი) წინააღმდეგ გამოძიებაზე მუშაობენ.

შეგახსენებთ, ტრამპმა მსგავსი სანქციები პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც დააწესა. 2020 წლის ივნისში მან ICC-ის ის თანამშრომლები დაასანქცირა, რომლებიც იძიებდნენ, ჩაიდინეს თუ არა ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაულები ავღანეთში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მიერ დაწესებული სანქციები დაგმო და მის 125 წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, ICC-ის თანამშრომლებს მხარი დაუჭირონ.

„სასამართლო მტკიცედ დგას თავისი პერსონალის გვერდით და პირობას დებს, რომ გააგრძელებს სამართლიანობის უზრუნველყოფას და მისცემს იმედს სისასტიკის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლს მთელ მსოფლიოში, მის წინაშე არსებულ ყველა სიტუაციაში“, – ნათქვამია ICC-ის განცხადებაში.

ტრამპის ნაბიჯი ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტს დაემთხვა, რომელიც – ისრაელის ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და „ჰამასის“ ლიდერთან ერთად – ღაზის სექტორში ომის გამო ICC-ის მიერ ძებნილთა სიაშია შეყვანილი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი 2024 წლის 21 ნოემბერს, ომის დანაშაულისთვის გასცა.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ სანქციებს, ისინი მოიცავს სანქცირებული პირებისთვის აშშ-ში აქტივების გაყინვას, ასევე მათთვის და მათ ოჯახის წევრებისთვის შეერთებულ შტატებში ვიზიტის აკრძალვას.

ტრამპის ნაბიჯს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს სანქციები მას მიანიშნებს, ICC-ში უნგრეთის ყოფნის საკითხს გადახედოს. „დროა, უნგრეთმა გადახედოს, თუ რას აკეთებს საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებ. საერთაშორისო პოლიტიკაში ახალი ქარები ქრის. ჩვენ მას ტრამპ-ტორნადოს ვუწოდებთ,“ – დაწერა მან X-ზე.