წინ რთული წელია

წინ რთული წელია

გიგანტურ ეკრანზე გამოტანილი ფრაზა „გამარჯვება ჩვენი იქნება” – ეს იყო ვლადიმირ პუტინის მთავარი გზავნილი მისი გენერლებისადმი 19 დეკემბერს გამართულ თავდაცვის გაფართოებულ კოლეგიაზე. და მართლაც, სრულმასშტაბიანი კამპანიის საწყისი ფაზის შემდეგ პირველად გაჩნდა განცდა, რომ რუსეთი თითქოს იმარჯვებს ომში უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინის არმიის კონტრიერიში დასრულებულია. ოპერაციამ ვერ გაამართლა გადაჭარბებული მოლოდინი, რომელიც მის ირგვლივ საერთაშორისო მედიამ უკრაინელი სპიკერების „დახმარებით“ შექმნა. ბრძოლის ველი აყალიბებს პოლიტიკას, მომენტუმი კი საბრძოლო სულისკვეთებაზე (მორალზე) მოქმედებს. გამონაკლისი არც უკრაინაა. როგორც მოსალოდნელი იყო, ЗСУ-ს წარუმატებლობა სკეპტიკოსების მომრავლებასა და მათ უფრო ხმამაღალ ხმაურში ითარგმნა.

დეკემბერი რთული თვე იყო ვოლოდიმირ ზელენსკისთვის – უკრაინის პრეზიდენტის მთავარი ამოცანა იყო, ახალი წლის დადგომამდე გაენაღდებინა 115 მილიარდი დოლარის დახმარება ორი მთავარი მოკავშირისგან: ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან.

ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა: უკვე ცნობილია, რომ კონგრესი საშობაო არდადეგებზე უკრაინის დაფინანსების ახალი პაკეტის დამტკიცების გარეშე გავა. ცოტა ხნის წინ უკრაინის ყველაზე საიმედო და მსხვილი მოკავშირე (აშშ) ახლა კიევისთვის მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირის 50-მილიარდიანი პაკეტი კი ვიქტორ ორბანმა დაბლოკა. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებამ, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, დაჩრდილა ცუდი ამბები და ნაწილობრივ გამოაკეთა უკრაინელთა განწყობა.

„გაზაფხულზე სამხედრო დახმარების ნაკადი ფართო მდინარე იყო, ზაფხულში – ნაკადი, ახლა კი ცრემლის წვეთებია”, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი ჩინოვნიკი. ამ დახმარებას კიევისთვის, გადაჭარბების გარეშე, ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს: მომდევნო წლის ბიუჯეტით უკრაინის მთავრობას 41.5 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარება ესაჭიროება – ძირითადად საუბარია პენსიებზე, არმიისა და საჯარო სექტორის ხელფასებსა და სხვა სერვისებზე. ამ ფონზე უკრაინის საერთაშორისო დახმარება მცირდება და, კილის ეკონომიკის ინსტიტუტის დათვლით, შემოდგომაზე ისტორიული მინიმუმიც დააფიქსირა. აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების ახალი პაკეტის დაპირებები 87%-ით შემცირდა და მხოლოდ ოცმა სახელმწიფომ აიღო ახალი ვალდებულება. დახმარების გარეშე კიევი იძულებული გახდება, ფულის ბეჭდვა დაიწყოს, რაც ფინანსური სტაბილურობისთვის არასდროსაა სასარგებლო.

დასავლეთის დახმარების შემცირება პირდაპირ აისახა ვლადიმირ პუტინის თავდაჯერების დონესა და ოპტიმიზმზე – მის ლექსიკონში დაბრუნდა მივიწყებული „დენაციფიკაცია” და „დემილიტარიზაცია” – დაპირება, რომ მშვიდობა „მანამ არ იქნება, სანამ რუსეთი დასახულ მიზნებს არ მიაღწევს”.

რუსეთის პრეზიდენტის თავდაჯერებული და, შეიძლება ითქვას, მშვიდი რიტორიკა კონტრასტში მოდის ვოლოდიმირ ზელენსკის ტაქტიკასთან. უკრაინის პრეზიდენტი ომის დასაწყისში კარგად დაცდილ პოზიტიური კომუნიკაციის სტრატეგიას მიჰყვება – „არავის სჯერა ჩვენი გამარჯვების ისე, როგორც მე”, – ამბობდა უკრაინის პრეზიდენტი TIME-ის გახმაურებულ სტატიაში. ზელენსკი ირწმუნება, რომ ომი არ შესულა ჩიხში და უკრაინას შეუძლია 1991 წლის საზღვრებზე გასვლა, მაგრამ ამაში ხალხის დარწმუნება სულ უფრო რთულია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც „ომის პოზიციურ ეტაპზე” გადასვლა დაადასტურა არმიის მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ.

უკრაინელი მხედართმთავრის თქმით, მიმდინარე ომში, ხელმისაწვდომი ტექნოლოგიებისა და რესურსების გათვალისწინებით, მხარეებმა გარკვეულ პარიტეტს მიაღწიეს და დროის მცირე მონაკვეთში ომის მიმდინარეობაში გარდამტეხი ცვლილებების შეტანა არცერთ მხარეს არ ძალუძს. სტრუქტურულად სწორედ ამ გარემოებებით იყო განპირობებული უკრაინის არმიის კონტრიერიშის წარუმატებლობაც.

იერიშის გეგმისა და ოპერაციის დაწყების თარიღის არაერთგზის გადადების შემდეგ, ЗСУ-ს ნანატრი კონტრიერიში 4 ივნისს ზაპორიჟიაში, ფრონტის იმ მონაკვეთზე დაიწყო, სადაც მას ყველაზე მეტად ელოდნენ. მოულოდნელობის ეფექტის არარსებობა კონტრიერიშის გეგმის მრავალთაგან ერთ-ერთი პრობლემა იყო, თუმცა სხვა ხარვეზებისგან განსხვავებით, ეს ბუნებრივი გარემოებებით იყო ნაკარნახები.

გამოუვალობით არ იყო ნაკარნახები უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული სხვა არჩევანები, რომლებმაც, არაერთი სამხედრო ექსპერტის აზრით, შეამცირა იერიშის წარმატების შანსი. ცხადია, ასეთ რთულ, კომპლექსურ დიდ სახელმწიფოთაშორის ომში მხოლოდ ერთი ფაქტორით განპირობებული არაფერია. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის არმია საჰაერო უპირატესობის გარეშე, რუსეთის მიერ აგებული თავდაცვის სამი ხაზისა და ასობით კილომეტრი სიგრძის გამაგრებების წინაშე აღმოჩნდა, რომელთა მოსაწყობადაც მოწინააღმდეგეს 9 თვე ჰქონდა.

ამერიკული სამხედრო დოქტრინის მიხედვით, მსგავსი ოპერაციის დაწყება ჰაერში დომინაციის გარეშე თეორიულადაც დაუშვებელია, მაგრამ უკრაინის არმიის ისედაც რთული ამოცანა ქვეყნის ლიდერების მიერ გაკეთებულმა არჩევანებმა კიდევ უფრო გაართულა. Carnegie-ის ცენტრის უფროსი მკვლევრისა და ავტორიტეტული სამხედრო ექსპერტის, მაიკლ კოფმანის აზრით, ერთ-ერთი ასეთი არჩევანი ბახმუტის დაცვის გაჭიანურებული კამპანია იყო.

დასავლურ პრესაში ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ დასავლელი სამხედრო კონსულტანტები უკრაინელებს ბახმუტიდან გასვლას და მომავალი იერიშისთვის ძალების დაზოგვას ურჩევდნენ. მსგავს აზრზე იყვნენ ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებსაც ბახმუტის შემოგარენში თებერვალში ვესაუბრე.

დანაკარგების თანაფარდობა ბახმუტში უკრაინის სასარგებლოდ იყო, მაგრამ დისპროპორციული იყო მათი ხარისხი. მაშინ როდესაც რუსეთის მხრიდან ბახმუტში ძირითადად „ვაგნერის“ მიერ რეკრუტირებული რეციდივისტები კვდებოდნენ, უკრაინის მხარეს ფრონტს ყველაზე გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი დანაყოფები ამაგრებდნენ. უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბახმუტს პრინციპული, პოლიტიკური მნიშვნელობა შესძინა. აქედან გამომდინარე, ქალაქის დაცვის გაგრძელება მას შემდეგაც გადაწყდა, რაც წმინდა სამხედრო თვალსაზრისით ეს რაციონალურობას მოკლებული იყო.

ფოტო: KUTSENKO VOLODYMYR, SHUTTERSTOCK

მოცემულობაში, როდესაც ყველაზე გამოცდილი ბრიგადები ბახმუტში იბრძოდნენ და კვდებოდნენ, კონტრიერიშისთვის აქცენტი ახალი ბრიგადების შექმნაზე გაკეთდა. ბრიგადები კი 70%- ით მობილიზებული, არათუ საბრძოლო, არამედ ელემენტარული სამხედრო გამოცდილების არმქონე ჯარისკაცებისგან დაკომპლექტდა. ამგვარად, საუკეთესო დასავლური შეიარაღება ყველაზე გამოუცდელი შენაერთების ხელში აღმოჩნდა, რომლებსაც ფრონტის ყველაზე მეტად გამაგრებული მონაკვეთი უნდა გაერღვიათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ბრიგადებს წვრთნისთვის სულ სამი თვე ჰქონდათ, ამ დროში პროფესიული და სამხედრო დანაყოფის შექმნა უბრალოდ შეუძლებელია.

არსებობს მოსაზრება, რომ ოპერაციის წარუმატებლობაში თავისი წვლილი შეიტანა იერიშის ერთდროულად სამი მიმართულებით დაწყების გადაწყვეტილებამ და შედეგად უკრაინული ძალების გაბნევამ. მნიშვნელოვანი იყო რუსეთის არმიის მიერ დანერგილი ცვლილებებიც, დრონების სიჭარბე, უფრო ზუსტი საარტილერიო ცეცხლი და ტაქტიკური ავიაციის ეფექტიანი გამოყენება. რუსეთის არმიის არაპროფესიონალიზმზე გავრცელებული ანეკდოტური და ხშირად საფუძვლიანი შეხედულების მიუხედავად, ფაქტია, რომ უმრავი შეცდომის ფონზეც კი, რუსეთის არმია ადაპტირდება, ცვლის ტაქტიკას და სწავლობს, სწავლობს მათ შორის უმთავრესად უკრაინისგან.

როგორც მოსალოდნელი იყო, გადაჭარბებული მოლოდინის ეფექტი უფრო მსუსხავი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გასაგები გახდა, რომ კონტრიერიში წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, მოგებას ბევრი მშობელი ჰყავს, მაგრამ არავის უნდა „ჩიხურ ეტაპზე” გადასული ომის მშობლობა. ამ ფონზე ზედაპირზე ამოტივტივდა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის არსებული წინააღმდეგობა. უკრაინული პრესის ცნობით, გენერლებთან ურთიერთობისას ზელენსკი ხშირად გვერდს უვლის ზალუჟნის, პრეზიდენტის საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ კი არმიის მთავარსარდალი ხანდახან პრესისგან იღებს ინფორმაციას. ტოტალური ერთიანობის შემდეგ უკრაინაში პოლიტიკა დაბრუნდა, ხოლო განწყობა უფრო მუქია.

ეს ვითარება კონტრასტში მოდის რუსეთში არსებულ მდგომარეობასთან, სადაც პოლიტიკა კარგა ხნის მკვდარია და პუტინის შინაური ფრონტი უფრო მშვიდია, ვიდრე აქამდე. პრიგოჟინის ამბოხმა და შემდეგ მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა პარადოქსულად გაამყარა ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების ვერტიკალი.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომმა ელიტისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა და პუტინის ირგვლივ ჩააცემენტა, მოსახლეობა „დასავლეთთან ისტორიული ბრძოლის” ნარატივით იკვებება, რეგიონების ანომალიური სიღარიბის ფონზე, არმიის გულუხვი ხელფასები და კომპენსაციები დიდ სამობილიზაციო რესურსს ქმნის; უკვე რამდენიმე თვეა, რუსული ნავთობი დასავლეთის მიერ დაწესებულ საფასო ჭერზე ძვირად იყიდება, რაც ომის დაფინანსებისთვის ნაღდი ფულის საკმარის ნაკადს იძლევა.

რუსეთის ეკონომიკა უკვე სამხედრო რელსებზე გადავიდა, ქვეყანამ დრონებისა და სხვა კრიტიკული შეიარაღების წარმოება დაიწყო. მაგალითისთვის, 2024 წელს რუსეთი უფრო მეტ საარტილერიო ჭურვს გამოუშვებს, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები 2025 წელს. სამხედრო ხარჯებმა პირველად გადააჭარბა სოციალურ ხარჯებს და მომდევნო წელს მშპ-ის 6%-ს გაუტოლდება. ამ ფონზე იზრდება ეკონომიკაც, მაგრამ გაზრდილი ხარჯები და სამუშაო ძალის ნაკლებობა ინფლაციურ წნეხს აძლიერებს.

ზოგი ეკონომისტი ფიქრობს, რომ რუსეთის ეკონომიკა გადახურების პირასაა და 2025 წელს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას, თუმცა რეჟიმის მაგიური ჩამოქცევის იმედად ყოფნა სისულელეა. რუსეთში ეკონომიკურ სტაბილურობაზე ბევრად მნიშვნელოვანი საგნები არსებობს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რუსეთი 2024 წელიწადში უკრაინაზე უკეთესი სასტარტო პოზიციებით შედის: სავარაუდოა, რომ რუსეთს ექნება უპირატესობა დრონებსა და ჭურვებში, ასევე ელექტრონული ბრძოლის სისტემებში. რუსეთის კიდევ ერთი უპირატესობა – მაღალი მსხვერპლის მიმართ ტოლერანტობაა. რუსეთის უპირატესობებს არა აქვს არც გადამწყვეტი და არც გარდაუვალი ხასიათი – უპირატესობის ქონა ავტომატურად არ ნიშნავს მის მატერიალიზაციას.

ომში გამარჯვება არ განისაზღვრება ტერიტორიების დაკავებით, გამარჯვებულს გამძლეობა განსაზღვრავს. გახშირებული სკეპტიკური შეხედულებების მიუხედავად, ფაქტია, რომ არცერთ არმიას არ შეუძლია მეორე დამაჯერებლად დაამარცხოს. ამის დასტურად რუსეთის მიერ ოქტომბერში წამოწყებული იერიშები გამოდგება – მხოლოდ ერთ მონაკვეთზე (ავდიივკა) რუსეთის არმია დღეში 900 ჯარისკაცს კარგავს, წინსვლა კი, საუკეთესო შემთხვევაში, მოკრძალებულია.

ომის ხასიათი თავდაცვითია, ეს იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, დასავლეთს აქვს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი აღსრულებისთვის საჭირო დრო. დაგვიანებული გადაწყვეტილებების.

ფოტო: DMYTRO LARIN, SHUTTERSTOCK

ქაღალდზე დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი შეუდარებელია, დასავლეთის უპირატესობა დამანგრეველია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ რუსეთი უფრო დეტერმინირებულია. მაშინ როდესაც დასავლეთი კონსენსუსისა და კომპრომისის გზით დადის, რუსეთში გადაწყვეტილებება სწრაფად მიიღება, ნაკლები დროა საჭირო ეკონომიკური და სამხედრო მობილიზაციისთვის.

პუტინის მთავარი სტრატეგია მოცდა და დასავლეთის გადაღლაა და ამ თამაშში მისი საუკეთესო ფსონი 2024 წლის არჩევნებია – მომდევნო წელი ისტორიაში ყველაზე დიდი საარჩევნო წელი იქნება. ტაივანიდან – ევროპარლამენტის არჩევნებამდე, კრემლი ყველგან შეეცდება ხელის მოთბობას, თუმცა ფოკუსში, რასაკვირველია, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. ამ დროისთვის კონგრესში ძალაუფლების ბალანსს იზოლაციონისტი რესპუბლიკელების ჯგუფი აკონტროლებს და უკრაინის მხარდამჭერი უმრავლესობის არსებობის მიუხედავად, საკითხი მაინც ჭიანურდება.

ცხადია, ეს ხელს აძლევს ვლადიმირ პუტინს, რომლის მმართველობის პირობებშიც რუსეთი სრულფასოვან რევიზიონისტულ ძალად ჩამოყალიბდა. ბევრად უფრო რევიზიონისტულ მოთამაშედ, ვიდრე უძრაობის ეპოქის საბჭოთა კავშირი იყო. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებით, პუტინმა საფუძველი დაუდო რევიზიონიზმის გლობალურ ტალღას.

რევიზიონიზმის ლოგიკაში კი დასავლეთის თითოეული ჩავარდნა, შეაკავოს რუსეთი, თითოეული ტაქტიკური უკან დახევა უკრაინაში, სირიასა, აფრიკაში თუ სხვაგან, კიდევ ერთი ნაბიჯია დასავლეთის გეოპოლიტიკური დომინაციის დანგრევის გზაზე. რევიზიონისტები სარგებლობენ არა საკუთარი შედარებითი უპირატესობით, არამედ ჰეგემონის სიმტკიცის ნაკლებობით.

რეალობა ის არის, რომ დასავლეთს არა აქვს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის უსაფრთხო და უფასო პირობებზე გაყინვის ოფცია – უკრაინის დახმარებით გადაღლა და მისი შეწყვეტა დასავლეთის სისუსტის ნიშანი იქნება და დამატებით პრობლემებს შეუქმნის მის მდგომარეობას. ამ შემთხვევაში რევიზიონიზმის გლობალური აღმასვლა აღარ მოგვეჩვენება მოსკოვსა და პეკინში მოკალათებული პოლიტიკოსების ველურ ფანტაზიებად. დასავლეთი უნდა გამოვიდეს ლეთარგიული ძილიდან.

ომითა და უკრაინის დახმარებით გადაღლილმა სკეპტიკოსებმა კი ლევ ტროცკი უნდა გაიხსენონ და საბოლოოდ გაიაზრონ, რომ „თქვენ შესაძლოა არ იყოთ დაინტერესებული ომით, მაგრამ ომი დაინტერესებულია თქვენით”.