საქსტატი სამუშაოსთან დაკავშირებული უნარების გამოკვლევას ატარებს

საქსტატი სამუშაოსთან დაკავშირებული უნარების გამოკვლევას ატარებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, სამუშაოსთან დაკავშირებული უნარების გამოკვლევას ატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამ მიზნით 10 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით, საქსტატის 160-მდე საველე პერსონალს ფართომასშტაბიანი ტრენინგი უტარდება.

„გამოკვლევის მიზანია, სამუშაოზე შესასრულებელი დავალებებისა და მის განსახორციელებლად საჭირო უნარების შესახებ საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების წარმოება.

გამოკვლევა საშუალებას იძლევა შეგროვდეს მონაცემები სხვადასხვა სახის აქტივობებში დასაქმებულთა ჩართულობის, სამუშაოს ადგილმდებარეობის, დისტანციურად მუშაობის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებისა და ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირების შესახებ“, – ვკითხულობთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოკვლევა 2024 წლის პირველ კვარტალში ჩატარდება და ქვეყნის მასშტაბით 8,000-მდე რესპონდენტი გამოიკითხება.