ციფრული წარმატების ლობისტი

ციფრული წარმატების ლობისტი

გახსოვთ, საქართველოში პირველი ნეობანკის – სფეისის გამოჩენა რომ იყო ამ რეგიონში, ამ სექტორში ყველაზე დიდი მოულოდნელობა და სიურპრიზი? ეგ დრო დასრულდა. სხვა დრო მოვიდა. თიბისიმ უზბეკეთში უკვე სამი მილიონი მომხმარებელი მოიზიდა და ოქტომბრიდან ციფრული საბანკო პლატფორმა სფეისი აამუშავა.


საქართველოში ბევრისთვის საყვარელი ნეობანკის საერთაშორისო ციფრულ საბანკო პლატფორმად ტრანსფორმაცია ადვილი არა, მაგრამ საკმაოდ სწრაფი პროცესი ნამდვილად აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ მოხვდა თიბისის ეს გაფართოება, როგორც ფინანსურ სფეროში ქართული ცოდნისა და წარმატების ექსპორტის მაგალითი, Forbes Georgia-ს საყდე ფოკუსში.

პირველად 2019 წლის იანვარში გიყვებოდით იმაზე, რომ თიბისი უზბეკეთის ბაზარზე შესვლას გეგმავდა. 2020 წლის გაზაფხულზე თიბისიმ უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან ლიცენზია მიიღო და შემოდგომაზე უკვე საბანკო საქმიანობას შეუდგა.

ახალ ბაზარზე გასვლამდე თიბისიმ სამი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

პირველი – მიიღო გაფართოების სტრატეგიული გადაწყვეტილება.

მეორე – ამისთვის გამოიყენა რეგიონში კარგად ცნობილი და სანდო ბრენდი თიბისი, რომელიც უზბეკეთის ბაზარზე, საქართველოში უკვე კარგად გატესტილ ნეობანკის მოდელს დააფუძნა. ამით გაიზარდა თავად ბრენდის – სფეისის მნიშვნელობაც, რადგან დღეს ის უკვე არა მხოლოდ ნეობანკია, არამედ ციფრული ბანკინგის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც საქართველოში სფეისის ბრენდის ქვეშ, ხოლო უზბეკეთში თიბისი ბანკ უზბეკეთის სახით ოპერირებს – ანუ აპლიკაცია, რომელიც უზბეკეთში სრულად ციფრულ თიბისი ბანკს უდევს საფუძვლად, სინამდვილეში, სწორედ სფეისის აპლიკაციაა, რომელიც ამ ბაზრისთვის თიბისი ბანკის სახელით დაიბრენდა.

და მესამე – უზბეკეთის ბაზარზე გასვლისთვის მზადება თიბისი ჯგუფმა აპლიკაციაზე ბაზირებული ყველაზე დიდი საგადამხდელო სისტემა Payme-ის შესყიდვით დაიწყო ანუ მობილურ ტელეფონში ჩაწერილი და უზბეკეთის ბაზარზე უკვე მოქმედი ყველაზე მსხვილი აპლიკაცია შეიძინა. დღეს თიბისის ამ ბაზარზე უკვე სამი მილიონი მომხმარებელი ჰყავს – იმაზე მეტი, ვიდრე საქართველოში. ეს კი უკვე არსებული პლატფორმაა, რომელიც თიბისის ბაზარზე სხვა სერვისების შესატანად გამოადგება.

“ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო პირველი ნაბიჯი“, – მიხსნის თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი, რომელიც თიბისი უზბეკეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ინტერვიუსთვის თბილისში, თიბისი კონცეპტის სივრცეში ვხვდები: „Payme უზბეკეთეში უკვე არსებული დიდი ბიზნესი იყო, რომელსაც იმ მომენტში, როცა ჩვენ ის შევიძინეთ, 1.7 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, რაც ორ წელიწადში სამ მილიონამდე გავზარდეთ“.

Payme-მ თიბისის შესაძლებლობა მისცა, ახალ ბაზარზე უფრო ადვილად შეექმნა მომხმარებელთა ბაზა, რომლებსაც შემდეგ უკვე სხვა მომსახურებებსაც შესთავაზებდა. 2019 წელს უზბეკეთში თიბისიმ ბილეთების კომპანია – ticket.ge-იც შეიყვანა (ticket.uz), 2020 წელს კი სფეისის პლატფორმაზე ბაზირებული – სრულად ციფრული ბანკი – თიბისი ბანკ უზბეკეთი გაეშვა.

ამ სტატიას 2021 წლის იანვრის ბოლოს ვწერ და ამ დროისთვის თიბისის უზბეკეთის ბაზარზე უკვე აქვს დარიგებული დაახლოებით 10 ათასამდე ბარათი, რომელთა შეკვეთაც დისტანციურად, მხოლოდ აპლიკაციიდან ხდება; აპლიკაციის ჩამოტვირთვების რაოდენობა უკვე 25 ათასს აღწევს, ხოლო ყოველთვიური მომხმარებლების რიცხვმა 15 ათასს მიუკაკუნა. რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ახალ ბრენდს, რომელიც პანდემიის დროს აპლიკაციით გაეშვა და რომელსაც დღეს უზბეკეთის ბაზარზე არც საბანკო ჩვეული ფილიალი აქვს და არც ბანკომატები და ტერმინალები, უკვე ჰყავს 2000 დეპოზიტარი – ისინი, ვინც თიბისის აპლიკაციას თავის სხვა ბანკის ბარათს აბამს და შემდეგ ფულს თიბისი ბანკ უზბეკეთში დეპოზიტზე დებს.

“ნდობა გაჩნდა, – ამბობს ნიკა ქურდიანი, – კარგად მივდივართ. მესმის, რომ ბანკის მომხმარებლების ბაზა ჯერ პატარაა, მაგრამ ყოველთვე ორმაგდება და ამას ემატება Payme-ს 3 მილიონი მომხმარებელი, ვისაც ეტაპობრივად ჩვენი ეკოსისტემის ყველა სერვისს შევთავაზებთ. ეს ყველაფერი ძალიან გვეხმარება“.

თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე აქ ორ მთავარ მიზანს გულისხმობს. პირველი და შედარებით უფრო მოკლევადიანი ის არის, რომ თიბისიმ უზბეკეთში შექმნას ეკოსისტემა თავისი საგადამხდელო, ბილეთების ყიდვის, პერსპექტივაში დაზღვევის თუ სხვა ყველა იმ კომპონენტით, რაც თიბისი ჯგუფს ახასიათებს და უზბეკეთშიც თანდათან განვითარდება. და მეორე – ის, რაც რამდენიმე წლის წინ მკაფიოდ ითქვა: თიბისის აქვს ამბიციური გეგმა, მომხმარებლების რაოდენობა 10 მილიონამდე გაზარდოს.

“ეს უკვე ნიშნავდა, რომ თიბისი საქართველოს საზღვრებს უნდა გასცდენოდა“, – მიხსნის ნიკა ქურდიანი.

დღეს თიბისის საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე დაახლოებით 6 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. პოტენციალი კიდევ უფრო დიდია.

32.3 მილიონი მცხოვრებლით უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. ამავდროულად, ცენტრალური აზიის ერთ- ერთი ყველაზე დახურული ქვეყანა დღეს სწრაფი ტემპებით იცვლება.

პრეზიდენტ შავკათ მირზოევის მთავრობა ქვეყანაში იმ ძირითადი რეფორმების გატარებას იწყებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ არ განხორციელებულა. მათ შორისაა: სასამართლო სისტემის რეფორმა, ეკონომიკური ცვლილებების პროგრამა, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობის, მიწის, წიაღისეულის, საბაჟო და სხვა მიმართულებების მხრივ ქვეყნის ლიბერალიზაციას მოიცავს.

Payme უზბეკეთეში უკვე არსებული დიდი ბიზნესი იყო, რომელსაც იმ მომენტში, როცა ჩვენ ის შევიძინეთ, 1.7 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, რაც ორ წელიწადში სამ მილიონამდე გავზარდეთ.

უზბეკეთი გლობალური ეკონომიკისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართაც ეტაპობრივად იხსნება. ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორებისთვისაც უფრო მიმზიდველი და მისაწვდომი ხდება – ტაშკენტის, ბუხარისა და სამარყანდის ისტორიული ძეგლების სანახავად ქვეყანაში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩადის.

ქვეყნის ეკონომიკური გარდაქმნის ამ პროცესში ქართული საკონსულტაციო ფირმებიც მონაწილეობენ – ისინი უზბეკეთის მთავრობას ბიზნესის წარმოებისა და სხვა საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლის გამოცდილებას უზიარებენ.

“დღეს ჩვენ – საქართველო – რეფორმების მხრივ და ზოგადად, განვითარებით წინ ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უზბეკეთი ვერ დაგვეწევა“, – მეუბნება ნიკა ქურდიანი. მისივე თქმით, დაწევის ეფექტი მხოლოდ ბიზნესში არ მოქმედებს და მისი სრულად გადატანა ქვეყანაზეც შეიძლება. კერძოდ, ახლად დაწყებული საქმე, როგორც წესი, თანამედროვე ეტაპს უფრო ჩქარა აღწევს. სხვათა შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ უზბეკეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეგიონში ერთ- ერთი ყველაზე მაღალია და 2024 წლის ბოლომდე 6%-ის დონეზეა პროგნოზირებული. პრინციპში, ამ ტრენდის გაგებისთვის რიცხვები არც გვჭირდება – სწორედ ამის მაგალითია 2000-იანი წლების საქართველო – სწრაფი და ეფექტიანი რეფორმებით. „თუ ისე მიაწვნენ, როგორც დღეს აწვებიან, უზბეკეთი ძალიან მალე ძალიან მაგარ შედეგს დადებს“, – მეუბნება ნიკა ქურდიანი.

ვუსმენ და ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნისთვის ერთი ასეთი შედეგი დიდი ალბათობით უკვე არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიის მხრიდან – რომელსაც კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტი აქვს, თორემ სხვანაირად იქ ვერ მოხვდებოდა – მისით დაინტერესება და ორი ინვესტიციის განხორციელება. საქართველოსთვის კი ის არის ძალიან მაგარი შედეგი, რომ, პირველ რიგში, სწორედ კორპორაციულ ფინტექად მოაზრებული, ნულიდან დაწყებული ტექნოლოგიური სტარტაპი – სფეისი უცებ უზარმაზარ ქვეყანაში შედის და იქაც პირველივე თვეებში აღწევს წარმატებას.

დიახ – იქაც, რადგან სფეისი საქართველოშიც წარმატებულია: დღეს ის ჩვენს ქვეყანაში 300 ათასამდე მომხმარებელს აქვს ჩამოტვირთული; დეკემბერში ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი 60 ათასს ასცდა და უზბეკეთშიც ეს აპლიკაცია საქართველოდან გაეშვა. მართლა იმას კითხულობთ, რასაც კითხულობთ – უზბეკეთში თიბისის არც პროგრამისტები ჰყავს, არც ცალკე განვითარების გუნდი – ყველა აქედან მუშაობს, თბილისიდან. “იქ კომერციული და ბანკის მმართველი გუნდი გვყავს, რომელიც სფეისის აპლიკაციას ფიზიკურად ამუშავებს და გაყიდვებზე და პარტნიორებთან ურთიერთობებზე ზრუნავს, ციფრულ მარკეტინგსაც კი აქედან ვუშვებთ უზბეკეთში“, – მიხსნის ნიკა ქურდიანი.

არ დაგავიწყდეთ, ეს გაფართოება პანდემიის პირობებში შედგა. კოვიდ- 19- მა უზბეკეთში სრულად ციფრული ბანკის გაშვებას ხელი ვერ შეუშალა. ეს იმ ფონზე, როცა მსოფლიო ციფრული ბანკინგის ბაზის მმართველი Fincog-ის მონაცემები ნათლად აჩვენებდა, რომ გლობალურად, ლოკდაუნის პრაქტიკამ ციფრულ ბანკებს ყველაზე დიდი პრობლემები სწორედ ევროპაში შეუქმნა. ამ ფონზე სფეისი არათუ შეფერხდა, არამედ საქართველოს პირველი ნეობანკიდან ციფრული ბანკინგის საერთაშორისო პლატფორმად ტრანსფორმირდა.

პანდემიის მიმართ ეს მედეგობა ალბათ იმანაც განაპირობა, რომ გაციფრულება თიბისიმ თავის პრიორიტეტად ჯერ კიდევ 2012-13 წლებში აქცია. “სტრატეგიულ გეგმას ყოველ წელს ვაახლებთ, – მიხსნის ნიკა ქურდიანი. – ამ წლებში მობილბანკი განვაახლეთ და ის ბევრი ჯილდოც, რაც ამ მიმართულებით დაგვიგროვდა, სწორედ იმ წლებიდან იღებს სათავეს“.

მხოლოდ ნიკა ქურდიანის გუნდს რომ შევხედოთ მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურების კონტექსტში, 2017 წლიდან დაინერგა დისტანციურად ანგარიშის გახსნა – 5 წუთში, ბანკში მიუსვლელად. “დღეს ბიზნესების 30-40% ანგარიშს სწორედ ასე ხსნის. გამოდის, პანდემიისთვისსამი წლის წინ გაგვიკეთებია რაღაც. თიბისი რეგიონში ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი ციფრული კომპანიაა. ამ კუთხით, დროს გავუსწარით“, – მეუბნება ნიკა ქურდიანი.

და რადგან უზბეკეთზე სასაუბროდ დღეს ის მთავარი სპიკერია და საერთაშორისო გაფართოების პროცესიც დიდწილად სწორედ მას მიჰყავს, “ფორბსის“ სტანდარტის შესაბამისად, მინდა ისიც დაგანახოთ, თუ როგორია თავად ამ ადამიანის ხედვა. თიბისი კონცეპტის სივრცეში ჩვენმა საუბარმა დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა. კითხვები, სადაც მისი დამოკიდებულებები კარგად გამოჩნდებოდა, ბოლოსკენ მოვიტოვე.

კითხვაზე – რა უპირატესობა აქვს დღეს თიბისის მომხმარებელს უზბეკეთშიც და საქართველოშიც – ასე მიპასუხა: “არ მინდა, ძალიან თამამი განცხადება გამომივიდეს, რომ შევედარო ძალიან დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მაგრამ ყველას ჩვენი საყვარელი ბრენდი გვაქვს – მაგალითად, მე Apple-ის მიმდევარი ვარ და ამ ბრენდის მიმართ მაქვს ნდობა, რომ სულ საინტერესო, ინოვაციურ გადაწყვეტებს მომაწვდის – შესაბამისად, ამ ბრენდს და მის პროდუქტებს მხოლოდ დღეს კი არ მოვიხმარ, არამედ მოვიხმარ მათ დღესაც და მომავალშიც, იმიტომ რომ ვიცი, ყოველ წელს რაღაც ახალი იქნება და ეს აზარტი მმუხტავს. ზუსტად ასე – მგონია, რომ თიბისიმ თავისი მასშტაბებით ამ რეგიონში და იმ ქვეყნებში, სადაც ის დღეს არის წარმოდგენილი, მსგავსი შედეგი დადო. ჩვენი ბრენდისგანაც ხალხი მოელის რაღაც ისეთს, რაც ცალსახად მომავლისკენ იქნება მიმართული. მაგალითად: რიტეილის გუნდის კოლეგებმა მიაღწიეს იმას, რომ 90 წამში შეიძლება თიბისის კლიენტი გახდე – მხოლოდ მობაილბანკის ჩამოტვირთვით, ოფისში მიუსვლელად“.

კითხვაზე – რა არის დღეს თიბისის მთავარი გზავნილი თავისი მომხმარებლებისთვის – ასეთი პასუხი მივიღე: “თიბისი ჯგუფი არის 6 მილიონამდე მომხმარებლის მომსახურე ჯგუფი სამ ქვეყანაში: უზბეკეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში. მიზანი გვაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში 10 მილიონ მომხმარებელს მოვემსახუროთ და ამას ვაკეთებთ ფინანსური მომსახურებებით და ფინანსური მომსახურებების გარშემო ვქმნით ეკოსისტემას, რომელშიც ჩვენი მომხმარებლები – დილის 9-დან საღამოს 12 საათამდე, სანამ დაიძინებენ – ცხოვრობენ. გვინდა, რომ ამ ეკოსისტემაში მრავალი შეხების წერტილი შევქმნათ, რომელიც ჩვენს მომხმარებელს ცხოვრებას უმარტივებს – აქცენტით ანალიტიკაზე, ბრენდზე, მომსახურების ხარისხზე და, რაც მთავარია, მომხმარებლის სიყვარულზე. თუ ამას ბოლომდე არ გრძნობ, ბოლომდე ვერ იაზრებ – შორს ვერ წახვალ, რადგან დღეს მთავარი კონკურენცია სწორედ ისაა, თუ ვის უფრო მეტად უყვარს თავისი მომხმარებელი“.

კითხვაზე – როგორია თიბისის მომავალი – მპასუხობს: “როგორც გითხარით, ვაპირებთ, რომ რამდენიმე წელიწადში გვყავდეს 10 მილიონი მომხმარებელი, მაგრამ იქამდე გზა არის ძალიან რთული და აუცილებლად გადის უზბეკეთში ძალიან დიდ წარმატებაზე. ყველა კურდღელს ერთდროულად ვერ გაეკიდები. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა პროექტიც გვაქვს, მაგრამ ჩემს კონტექსტში – საერთაშორისო განვითარების კონტექსტში – ასე ვიტყოდი: 10 მილიონს ვერ მივაღწევთ, თუ უზბეკეთში დიდი წარმატება არ გვექნება“.

… შარშან მაისში ლიცენზიის დისტანციურად მიღებიდან რამდენიმე თვეში ნიკა ქურდიანი თიბისის მენეჯმენტთან ერთად ტაშკენტში ჩაფრინდა. ოფისის შენობა კი ჰქონდათ უკვე, მაგრამ ჯერ დახურული იყო. ამიტომ სასტუმროს ლობიში, საკონფერენციო ოთახი დაიქირავეს, მთელი მენეჯმენტი იქ დასხდა და ასე – დისტანციურად, სფეისის გუნდის თბილისიდან დახმარებით უზბეკეთის ისტორიაში პირველი სრულად ციფრული ბანკი ჩაუშვეს მომსახურებაში. ოფისში მხოლოდ დეკემბერში შესახლდნენ.

ეს არ არის მხოლოდ უზბეკეთის ისტორია.

არც მხოლოდ თიბისის ისტორიაა.

მსოფლიოში პირველად, პანდემიის დროს, ერთი ქვეყნიდან მეორეში სრულად ციფრული ბანკი ჩაეშვა, სასტუმროს ლობიდან – ეს საზღვარგარეთ საქართველოს წარმატების, ბოლო დროის ყველაზე თანმიმდევრული ლობიზმის ისტორიაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.