საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა BGEO ჯგუფის მფლობელობაში მყოფი Georgian Global Utilities (GGU)-ის შვილობილ კომპანიას Georgian Water and Power-ს (GWP) რეიტინგი BB-ზე სტაბილური პერსპექტივით უკვე მეორედ დაუდასტურა, რაც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გათვალისწინებით უმაღლესი მაჩვენებელია, თუმცა კომპანიას შორს მიმავალი გეგმები აქვს და აპირებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საკუთარი პოზიციები როგორც სარეიტინგო სააგენტოს შეფასებებში, ისე ქვეყნის წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის გამომუშავების ბაზარზე.
Fitch-მა GWP-სთვის მინიჭებული რეიტინგის მხარდამჭერ ფაქტორებად საქართველოს წყალმომარაგების სექტორში არსებული დაბალი რისკები და ბიზნესის მაღალი შემოსავლიანობა დაასახელა. თუმცა, ამავდროულად, მიუთითა ისეთ ნეგატიურ ფაქტორებზეც, როგორიცაა, მაგალითად, მოცვეთილი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც 2015 წელს და 2016 წლის ცხრა თვეში წყლის დანაკარგმა 50%-ს გადააჭარბა.
GWP-ის გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე, სარეიტინგო სააგენტოს შეფასებებს ეთანხმება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას კომპანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად მიიჩნევს, რაც ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ წყლის დანაკარგების შემცირება კომპანიის EBIDTA-ს ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია და დადებითი ეფექტი ექნება შემოსავლებზეც, შეამცირებს რა წყლის საწარმოო დანახარჯებს.
“2015 წელს ჩვენ ძალიან მძიმე სისტემა ჩავიბარეთ. შესაბამისად, წყლის დანაკარგები მიწოდებისას, ავარიები, რომლებიც ხდება, არის ლოგიკური შედეგი ქსელის იმ ფიზიკური მდგომარეობისა, რაც დაგვხვდა”, – განმარტავს გიორგი ცხადაძე და იმ შედეგებსაც მიზიარებს, რასაც ორი წლის განმავლობაში გაწეული ძალისხმევით მიაღწიეს.
“წლიური ავარიების მოცულობა 25-40 პროცენტით შევამცირეთ, ხოლო წყლის დანაკარგები 10-15%-ით. შევიმუშავეთ ჰიდრომოდელირების კონცეფცია, რაც საქართველოში არც ერთ წყალმომარაგების კომპანიას არა აქვს” ,- ამბობს GWP-ის გენერალური დირექტორი, რომელიც ერთდროულად ფლობს ფიზიკოსისა და ეკონომისტის პროფესიას, ხოლო კომპანიას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.
მისი განმარტებით, ჰიდრომოდელირება ნიშნავს აბონენტების რაოდენობის, რელიეფის, არსებული ქსელისა და ნორმების გათვალისწინებით მომხმარებლის უზრუნველყოფას წყლის მიწოდების დადგენილი პარამეტრების შესაბამისად და ამ მიზნის მისაღწევად ინფრასტრუქტურული ელემენტების არარსებობის შემთხვევაში მათ დანერგვას, ან არასათანადოდ მუშაობის შემთხვევაში – გაუმჯობესებას. ჰიდრომოდელირების პარამეტრები მოიაზრებს, მაგალითად, იმას, რომ მიწოდებული წყლის ატმოსფერული წნევა არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 2000-ს, რის უზრუნველსაყოფადაც კომპანიას წნევის რეგულატორები დანიიდან შემოაქვს. გარდა ამისა, ჰიდრომოდელირების ფარგლებში დაწყებულია თბილისში ე.წ. ჩამკეტი ურდულების გამოცვლა და ამ დროისთვის 12500 ჩამკეტი ურდულიდან დაახლოებით 6000 რჩება გამოსაცვლელი. სწორედ ეს ურდულები უზრუნველყოფს იმას, რომ ავარიის შემთხვევაში მინიმალური მონაკვეთი ჩაიკეტოს, რათა წყლის მიწოდება შეძლებისდაგვარად ცოტა აბონენტს შეუწყდეს. ჰიდრომოდელირების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მიწოდებული წყლის ხარისხის უზრუნველყოფაც.
“ჩვენ გვაქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის ხარისხის მონიტორინგი. სწორედ ამ ტიპის კონტროლის დამსახურებით, 2015 წელს თბილისში წყალმოვარდნის პერიოდში სასმელი წყლის დაბინძურების ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა”, – იხსენებს გიორგი ცხადაძე.
არაგვის ხეობიდან მომხმარებლის ონკანამდე სასმელი წყალი დაახლოებით 60 კილომეტრს გადის და ამ გზაზე 45 საქაჩი სადგური, 5 აწევის სადგური და 105 რეზერვუარი ემსახურება, სადაც მძლავრი ტურბოდანადგარების მიერ წყლის მასის ყოველი აწევის შემდეგ სასმელი წყალი გროვდება. რუსთავში, მცხეთასა და თბილისში GWP წყალს 520 ათას აბონენტს აწვდის, აქედან 450 აბონენტი დედაქალაქზე მოდის. იმის გათვალისწინებით, რომ ერთ აბონენტში 2.5-3 ადამიანი იგულისხმება, დაახლოებით 1.6 მილიონი ადამიანისთვის უპირველესი საჭიროების, ხარისხიანი წყლის 24-საათიანი მიწოდება სწორედ კომპანიის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული.
ასეთი პასუხისმგებლობისა და ინფრასტრუქტურის პერმანენტული გაუმჯობესების საჭიროების ფონზე გამოწვევები ბევრია, თუმცა გიორგი ცხადაძისთვის, როგორც კომპანიის ხელმძღვანელისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიებაა.
“ძალიან რთულია, იპოვო სწორი მოტივაციის მქონე, განვითარებაზე ორიენტირებული ინჟინერ-ტექნიკოსები”, – ამბობს GWP-ის დირექტორი, რომელმაც პრობლემის გადაჭრის გზა სპეციალური სასწავლო ცენტრის შექმნაში დაინახა. ცენტრის ამოქმედება 2017 წლის დასაწყისში იგეგმება და ის საჭირო კადრებს როგორც ჩვეულებრივი, ისე ონლაინსალექციო კურსების მეშვეობით გადაამზადებს, მათ შორის – შიდა კადრებსაც, რომლებიც კომპანიაში უკვე მუშაობენ.
გარდა დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა, GWP-ის მთავარი ორიენტირი კომპანიის მართვის ეფექტიანობის გაზრდაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბოლო ორი წლის განმავლობაში ობლიგაციების წარმატებით განხორციელებული სამი ემისია ჯამურად 38.6 მილიონი ლარის ოდენობით. ბოლო ემისია დეკემბრის დასაწყისში განხორციელდა და კომპანიამ 5-წლიანი ვადიანობის 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3,5%-იანი წლიური სარგებლით.
“საბოლოო მიზანი ჩვენთვის არის ის, რომ დავნერგოთ მართვის ისეთი სისტემა, რომელიც ეფექტური და მიმზიდველი იქნება ევროპული ინვესტიციების მოსაზიდად, რასაც თან მოსდევს მართვის ევროპული ინსტრუმენტებიც. ამისთვის ბევრი საფეხური უნდა გავიაროთ: უნდა შევინარჩუნოთ კარგი საკრედიტო რეიტინგი, გვქონდეს ანგარიშგების გამართული სისტემა და დადებითი აუდიტორული დასკვნა. ობლიგაციების გამოშვებაც ამ გეგმის ნაწილია, რამდენადაც ეს დადებითად აისახება კომპანიის მაჩვენებლებზე, ხოლო მათი მეშვეობით მოზიდული ფინანსური რესურსის ძირითადი დანიშნულება ინფრასტრუქტურაში დაბანდებაა”, – განმარტავს გიორგი ცხადაძე.
წყალმომარაგება ენერგოტევადი საქმიანობაა და პროცესში დიდ ენერგორესურსს მოითხოვს. შესაბამისად, კომპანია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ენერგოეფექტიანი პროექტი დანერგოს იმისთვის, რომ მინიმალური ენერგეტიკული დანახარჯებით უზრუნველყოს მომხმარებელი 24-საათიანი წყალმომარაგებით და დარჩენილი ელექტროენერგია, რომელსაც ასევე კომპანიის მფლობელობაში მყოფი ჰესები გამოიმუშავებენ, ბაზარზე გაყიდოს.
ელექტროენერგიის გენერირება GWP-ისთვის კიდევ ერთი პრიორიტეტული საინვესტიციო მიმართულებაა, რამდენადაც საკუთარი ჰიდრონაგებობები და ინფრასტრუქტურა საშუალებას აძლევს, ე.წ. “მწვანე ჰესები” განავითაროს ისე, რომ წყალმომარაგებას ხელი არ შეეშალოს. ამ სტრატეგიის ფარგლებში, 2016 წლის სექტემბერში კომპანიამ უკვე გაუშვა ექსპლუატაციაში 4,4-მეგავატიანი საგურამო ჰესი, რომელიც წლიურად 35 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ხოლო მომავალი წლის 142-მილიონიან საინვესტიციო გეგმაში გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია 2.5-მეგავატიანი ბოდორნა ჰესის მშენებლობასაც.
“გარდა ჰიდროენერგეტიკისა, GGU დაინტერესებულია, ინვესტიციები განახორციელოს მზისა და ქარის ენერგიაშიც. არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ წყალმომარაგების მართვის სისტემა ჩვენ ავიღოთ სხვა ქალაქებშიც”, – ამბობს გიორგი ცხადაძე და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპლექსური მიდგომა ჯგუფის მიმზიდველობას და ღირებულებას კიდევ უფრო გაზრდის, რაც საბოლოო მიზნის მიღწევას კიდევ უფრო ხელშესახებს გახდის. საბოლოო მიზანი კი GGU-ს აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებაა.
“მე ვფიქრობ, რომ 2017 წლის ბოლოს უკვე საკმარისი მზადყოფნა იქნება, რათა ანალიტიკოსები მოვიწვიოთ და აქციების საჯარო შეთავაზებისთვის მზადება დავიწყოთ”, – მიაჩნია გიორგი ცხადაძეს.
საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე გასაკეთებელი შიდა ბაზარზეც ბევრია. როგორც ბაზრის ბუნებრივი მონოპოლისტი, GWP საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) რეგულაციის სფეროში შედის, რომელიც, თავის მხრივ, ქართული ბაზრის ევროკავშირის მოთხოვნებთან თანხვდენაში მოსაყვანად, მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს როგორც მიწოდების კონკურენტუნარიანი ბაზრის შესაქმნელად, ისე მომხმარებელთა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად. თუმცა გიორგი ცხადაძეს მიაჩნია, რომ ყველაზე კარგად აბონენტების უფლებებს თავად კომპანია იცავს.
“თუ არა აბონენტის კმაყოფილება, ჩვენი სისტემა წინ ვერ წავა. ჩვენი პროგრესულობა იმაში გამოიხატება, რომ სერვისი იყოს ევროპული, ხოლო მიწოდებული პროდუქცია – უმაღლესი ხარისხის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სემეკთან ერთად ვვითარდებით და მოლოდინი გვაქვს, რომ ის უახლოეს პერიოდში ტარიფის დათვლის თანამედროვე მეთოდოლოგიას დანერგავს”, – ამბობს GWP-ის გენერალური დირექტორი, რომელიც მიიჩნევს, რომ 1 ტონა წყლისთვის 21-თეთრიანი ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ცოტაა და სჯერა, რომ ბაზრის განვითარებასთან ერთად პროდუქტზე “შესაბამისი ფასი” დაწესდება.
რა შეიძლება იყოს “შესაბამისი და სამართლიანი ტარიფი”, გიორგი ცხადაძეს ამ ეტაპზე ამის განსაზღვრა უჭირს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეტაპობრივად ის აუცილებლად გაიზრდება და ზრდასთან ერთად ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული წყლის მოხმარების კულტურის გაუმჯობესებასაც. “
მოხმარების ნორმა დღე-ღამეში ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში 200 ლიტრია, ჩვენთან ეს მაჩვენებელი, სულ ცოტა, 400 ლიტრია და კერძო სახლების შემთხვევაში 1000 ლიტრსაც აღწევს. ასეთ ვითარებაში რთულია იმის თქმა, რა შეიძლება იყოს სამართლიანი ტარიფი. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ ვცდილობთ, უმაღლესი ხარისხის სერვისი მივაწოდოთ მომხმარებელს”, – განმარტავს GWP-ის გენერალური დირექტორი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანაში წყლის მოხმარების კულტურის გასაუმჯობესებლად გრძელი გზაა გასავლელი და გიორგი ცხადაძეს სჯერა, რომ ამ გზაზე სახელმწიფო და კერძო სექტორმა ერთად უნდა იზრუნონ, რათა მომხმარებელმა “დანიშნულებისამებრ ისწავლოს წყლის გამოყენება”.