ელექტროენერგეტიკის სექტორი 2021 წელს ახალი რეალობით დაიწყებს. 1 იანვრისთვის უკვე დასრულებული იქნება ელექტროენერგიის განაწილების სისტემის ოპერატორების საქმიანობის განცალკევების პროცესი. გარდა ამისა, პირველად მოხდება, რომ ჩვენი მომხმარებლები თავად აირჩევენ ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. ენერგეტიკულ ბაზარზე გაჩნდებიან ახალი მოთამაშეები, იქნება კონკურენტული გარემო, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ბიზნესდაინტერესებას ისეთ საინვესტიციო ჯგუფებშიც კი, რომლებსაც დღემდე ენერგეტიკასთან შეხება არ ჰქონიათ.
ზემოთ აღნიშნული ცვლილებები ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ნაწილია, რაც, ფაქტობრივად, გულისხმობს მოქმედი ბაზრის ადგილზე სრულად ახალი ტიპის ბაზრის ჩამოყალიბებას. რას მოუტანს საქართველოს ენერგობაზრის დერეგულირება და როგორია მოლოდინი ენერგიის ფასებთან, იმპორტთან და გენერაციასთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე Forbes Georgia-სთან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა ისაუბრა.
ბატონო გიორგი, 2020 მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იყო ენერგოსექტორში. უკვე გვაქვს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ ახალი კანონი. რას გვაძლევს ეს საკანონმდებლო დოკუმენტი?
სიტყვა რეფორმა რომ გამოვიყენო, არ იქნება საკმარისი იმის გამოსახატავად, თუ რა მასშტაბის ცვლილებებს გულისხმობს ახალი კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“. პრაქტიკულად, საუბარია ევროპული კანონმდებლობის გადმოტანაზე ქართულ კანონმდებლობაში. ეს აღემატება საკანონმდებლო ჰარმონიზების პროცესს, რადგანაც მოგვიწევს ბევრი მიდგომის სრულად ახლებურად ჩამოყალიბება. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ვალდებულება, საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელოთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ეს ეხება როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის სექტორს. რეფორმირების პირველი ეტაპი ეხება ელექტროენერგეტიკულ სექტორს, ხოლო მომდევნო ეტაპი შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს.
ამჟამად ყალიბდება ახალი ელექტროენერგეტიკული ბაზარი, რომელიც ჩვენ დღემდე არ გვქონდა. ახალი კანონის მიხედვით, ყველაზე მასშტაბური ცვლილებები განხორციელდება ელექტროენერგიით ვაჭრობის მიმართულებით. შეიქმნა ენერგეტიკული ბირჟა, სადაც ელექტროენერგიით ვაჭრობა მოხდება. ის კომპანიები, რომლებიც ამ დრომდე ერთდროულად ახორციელებდნენ როგორც ელექტროენერგიის მიწოდების, ასევე განაწილების საქმიანობას, ამას ვეღარ გააკეთებენ. მაგალითად, სს “თელასი“ და სს “ენერგო პრო ჯორჯია“ განახორციელებენ საქსელო მომსახურებებს, მათ საკუთრებაში იქნება გამანაწილებელი ქსელები, ქვესადგურები, თუმცა უშუალოდ ელექტროენერგია, როგორც პროდუქტი, აღარ იქნება მათი, არამედ გაჩნდებიან მიმწოდებლები, რომლებიც მომხმარებლებს შესთავაზებენ ელექტროენერგიას და ყველა მომხმარებელი მისთვის სასურველ მიმწოდებელს შეარჩევს. გამანაწილებელი ქსელის მფლობელი კომპანია ვალდებული იქნება, რომ შეუფერხებლად მიაწოდოს მომხმარებელს ელექტროენერგია და მიმწოდებელს ელექტროენერგიის განაწილებაში რაიმე პრობლემა არ შეუქმნას. რეფორმა ასევე უზრუნველყოფს არადისკრიმინაციულობასაც. მაგალითად, სს “თელასსა“ და სს “ენერგო პრო ჯორჯიას“ ეკრძალებათ, რომ რომელიმე მიმწოდებელი არ შეუშვან თავიანთ ქსელში. ყველას ერთნაირად უნდა მოემსახურონ.
ანუ რა ელით “თელასსა“ და “ენერგო პრო ჯორჯიას“?
სს “თელასი“ და სს “ენერგო პრო ჯორჯია“ გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. მათი ძირითადი საქმიანობა არის ელექტროენერგიის განაწილება, ისინი პროდუქტის გადამზიდავები არიან. ეს ასეც გაგრძელდება, თუმცა 1 იანვრიდან ისინი საკუთარ ელექტროენერგიას ვეღარ გაატარებენ, არამედ პროდუქტს გამყიდველიდან მყიდველამდე მიიტანენ.
რას შეცვლის ბაზრის დერეგულირება და აქამდე რას უშლიდა ხელს არადერეგულირებული ბაზარი?
ისეთი ტიპის ბაზარზე, სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშეა და არსებობს მონოპოლია, რა თქმა უნდა, კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია და რთული. ის, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა ცალკე ბიზნესად ყალიბდება, რა თქმა უნდა, აჩენს პერსპექტივას, რომ სწორი ბიზნესგეგმის შემთხვევაში ენერგიის ბევრი მიმწოდებელი გვეყოლება ანუ ჩამოყალიბდება კონკურენტული ბაზარი. დღეს თუნდაც ელექტროენერგიის იმპორტი და წარმოება დახურული საქმიანობაა. როდესაც ენერგეტიკულ ბირჟაზე დაიწყება ელექტროენერგიით ვაჭრობა, ბაზარი გაიხსნება, პროცესი გამჭვირვალე გახდება. აღნიშნული, საშუალოვადიან პერიოდში, გამოიწვევს ფასების დასტაბილურებასაც. ენერგეტიკულ ბაზარზე დამკვიდრდება ჩვეულებრივი საბაზრო პრინციპები, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე მეტი დაინტერესებული პირი შემოვა, მეტი ინვესტიცია განხორციელდება, მეტი საწარმო შეიქმნება. კანონის მიხედვით, ბევრს შეუძლია, გახდეს მიმწოდებელი, ე.წ. ტრეიდერი, უნივერსალური მიმწოდებელი და ა.შ. ძალიან ბევრი ახალი ბიზნესსფერო გაჩნდება.
რა უპირატესობები აქვს ბირჟას რიგითი მომხმარებლისთვის?
დღეს ყველა სეზონზე მხოლოდ ერთი ტარიფი გვაქვს. ბირჟაზე არ იქნება მუდმივად ერთი ფასი. ფასები იქნება ცვალებადი, რაც კარგია მომხმარებლებისთვის. სეზონურ მომხმარებლებს, საწარმოებს, რომელთა მთელი ბიზნესხარჯი ელექტროენერგიაზეა მიბმული, მაგალითად, მეტალურგიულ ქარხნებს, შეუძლიათ, თავიანთი პროფილი ისე ააწყონ, რომ ზამთარში, როდესაც ელექტროენერგია ძვირია, წარმოება გააჩერონ ან ნაკლები გამოიმუშაონ და მთელი სიმძლავრე ზაფხულში გამოიყენონ, როდესაც ელექტროენერგია საკმაოდ იაფია, ვინაიდან ზაფხულის პერიოდში ჭარბი ჰიდრორესურსი გვაქვს.
პროცესზეც რომ ვისაუბროთ, მომხმარებელი როგორ აირჩევს მიმწოდებელს?
ავიღოთ ერთი რიგითი მომხმარებელი, მაგალითად, თბილისში მდებარე ერთ-ერთი კაფე. რეფორმის ამოქმედებიდან ის ავტომატურად გადავა უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის კალათაში, იგი ისარგებლებს სტაბილური ფასით, რომელიც სემეკის მიერ იქნება დადგენილი. თუმცა მას ექნება უფლება, აირჩიოს მიმწოდებელი, შევიდეს პლატფორმაზე და ნახოს სხვა მიმწოდებლებს რა ფასები აქვთ და, ყველანაირი დამატებითი გადასახადის გარეშე, შეიცვალოს მიმწოდებელი და სხვისგან მიიღოს პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ტარიფს დაადგენს სემეკი, მაგრამ კონკურენტული მიმწოდებლის ფასწარმოქმნა იქნება თავისუფალი, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული.
რომელი ქვეყნის მოდელი აიღეთ ბირჟის ფორმირებისას?
ბევრი ქვეყნის მაგალითი განვიხილეთ, რადგანაც ბირჟა ყველა ევროპულ ქვეყანაშია. დონორების დახმარებით გამოვიყენეთ ბირჟის პლატფორმის ევროპული მოდელი. ზოგ ქვეყანაში ცალ-ცალკეა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბირჟა, ზოგ ქვეყანაში კი – ერთად. ბირჟის ფორმირების მიმართულებით ჩვენ ახლა ფორსმაჟორში გვიწევს იმის გაკეთება, რასაც ევროპული სახელმწიფოები წლების განმავლობაში გადიოდნენ. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს მათი გამოცდილება და ვიცით მათი შეცდომები, რომლებსაც არ გავიმეორებთ. მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან რთული და შრომატევადია მოკლე დროში სრულყოფილი ბირჟის მიღება. კულუარებში უკვე “ხუთოსნებსაც“ გვეძახიან და დასაფასებელია, თუმცა ბევრმა ქვეყანამ ასეთ მოკლე დროში რაიმე შედეგის მიღება ვერ შეძლო. მოლდოვა, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც ამ რეფორმას ახორციელებენ და უფრო მეტი პრობლემები აქვთ. ჩვენ მათ რეფორმის განხორციელების ტემპებით ვუსწრებთ.
ველოდებით თუ არა ენერგობაზარზე ახალ მოთამაშეებს?
რა თქმა უნდა, ბაზარზე ახალ მოთამაშეებს ველოდებით. გვაქვს მოლოდინი, რომ ენერგეტიკული ბაზრით დაინტერესდებიან ისეთი პირებიც, რომლებსაც აქამდე ენერგეტიკასთან შეხება არ ჰქონიათ. ფაქტობრივად, ბიზნესისთვის იხსნება ინვესტირებისა და საქმიანობის კიდევ ერთი ძალიან პროგრესული და განვითარებადი სექტორი, სადაც როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბიზნესს შეუძლია საქმიანობის დაწყება.
ახალი კონცეფცია ითვალისწინებს ბაზრის ისეთი მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. როგორ აპირებთ ამას?
პირველად მოხდება, რომ ჩვენ გვეცოდინება ელექტროენერგიის ნამდვილი ფასი, რაც მნიშვნელოვანია ენერგეტიკის შემდგომი განვითარებისთვის. იქნება გაცილებით მოქნილი პირობები. ინვესტორს ეცოდინება, რომ კონკურენტული ტიპის ბაზარზე შემოდის, მიმწოდებლებს არ დასჭირდებათ საქმიანობისთვის ლიცენზიის მოპოვება, საკმარისი იქნება მათი ავტორიზაცია სემეკში. ასევე, თუ ინვესტორი ელექტროსადგურის აშენებას გადაწყვეტს, მას ეცოდინება, როგორია ბაზარი და, შესაბამისად, შეეძლება ფასების პროგნოზირება როგორც დღის შიგნით ბაზარზე, ასევე სეზონების მიხედვით. ამის საფუძველზე ეცოდინება, თუ რა რაოდენობის გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზებას მოახდენს. ჩვენ ვაყალიბებთ ენერგეტიკული გაერთიანების სამართალზე დაფუძნებულ მოდელს, რომელიც გამორიცხავს დისკრიმინაციასა და უზრუნველყოფს ეფექტიან კონკურენციას.
როგორ ფიქრობთ, შეუწყობს თუ არა ახალი კონცეფცია ხელს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებას? და როგორ?
დღეისათვის გვაქვს ასეთი სურათი, რომ მატულობს იმპორტის წილი ენერგეტიკულ ბაზარზე, რაც არ არის მისასალმებელი. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ადგილობრივი წარმოების განვითარება, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ენერგოპოტენციალს. ვიცით, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი თბოსადგური უნდა აშენდეს, ასევე არსებობს რამდენიმე სერიოზული ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, იგივე „ნენსკრა“ და “ხუდონი“. ესაა სადგურები, რომელთაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება შეუძლიათ. ენერგეტიკული ბირჟა დაასტაბილურებს ფასებს, რაც კარგია ენერგოუსაფრთხოებისთვის, ფინანსური კუთხიდან გამომდინარე. ტექნიკური მიმართულებით თუ ვიმსჯელებთ, ჩადებულია ისეთი მექანიზმები, რომლებიც დარგის მუდმივ და განუხრელ განვითარებას გულისხმობს.
ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო, მოსალოდნელია თუ არა ენერგოტარიფების გადახედვა?
ტარიფების გადახედვა ხდება გეგმური პროცესით. მოგეხსენებათ, კომისია ტარიფებს გრძელვადიანი პერიოდით ადგენს. აქედან გამომდინარე, კანონის შესაბამისად, ტარიფის ვადის ამოწურვამდე, კომისია იწყებს ახალი გეგმური ტარიფის დადგენაზე მსჯელობას. კომისიაში ახლა მიმდინარეობს ზუსტად ეს პროცესი ელექტროენერგიის განაწილებისა და წყალმომარაგების კომპანიებისათვის, რადგანაც ორივე შემთხვევაში მოქმედი ტარიფების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერს იწურება.
რაც შეეხება ახალ ბაზარზე ტარიფებს, ვფიქრობ, გვექნება დაბალანსებული ტარიფები, რასაც მივიღებთ საბითუმო ბაზრის ახალი მოდელის გამართულად მუშაობის შედეგად. ყველა მიმწოდებელი შეეცდება, მომხმარებელს შესთავაზოს შედარებით დაბალი ფასი, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი რომ მიიზიდოს. საბოლოო ჯამში მივიღებთ ადეკვატურ მომსახურებას, ფასებსა და საბოლოო ტარიფებს.
ზაფხულში დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, სემეკს უფლება ეძლევა, ენერგეტიკულ გამანაწილებელ კომპანიებს 5%-ზე მეტი წილის გაყიდვა აუკრძალოს. სემეკი ამბობს, რომ ამის მიზანი მომხმარებლების უფლებების დაცვაა. რა გახდა ამ გადაწყვეტილების წელს მიღების საფუძველი?
გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ასევე ენერგობაზრების დაცვა ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, გამოიწვიოს საიმედო და უწყვეტი მომარაგების შეფერხება მომხმარებლებისათვის. ბევრი კითხვა დაისვა, თუ რატომ განისაზღვრა წილის გაყიდვის შემთხვევაში მხოლოდ 5%. აქ არ ყოფილა გამოყენებული რაიმე ახალი მიდგომა, არამედ კანონმდებელმა იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერით აქციათა 5%-ის ფლობასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანი ფაქტორია მომხმარებელთა უფლებების დაცვა. საბოლოო ჯამში, თითოეული ჩვენგანი არის მომხმარებელი, რომელმაც ხარისხიანი პროდუქტი უნდა მიიღოს. როგორც უკვე აღვნიშნე, ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს და აუცილებელია, რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ეტაპზე ხორციელდება და რომელიც საჭიროა ლიბერალური ბაზრების ჩამოყალიბებისთვის, დროულად იყოს მიღებული.
დაბოლოს, თქვენ ECRB-ის [Energy Community Regulatory Board] პრეზიდენტი იყავით, თქვენი აზრით, როგორ პოზიციონირებს საქართველო წამყვან ევროპულ ენერგეტიკულ ორგანიზაციებში?
ჩვენი პოზიციები წამყვან ორგანიზაციებში საკმაოდ მყარია და არის გარკვეული მიმართულებები, სადაც ვუსწრებთ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა მარეგულირებელს, მათ შორის, ევროპის ქვეყნების მარეგულირებლებს – ერთ-ერთი არის მომსახურების ხარისხის კონტროლის მაჩვენებელი.
მომსახურების სტანდარტების მიმართულებით გვაქვს დახვეწის შესაძლებლობა, თუმცა, რაც შეეხება მათი შესრულების კონტროლს, შეგვიძლია, რომ ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამა ექსპორტზე გავიტანოთ და არსებული გამოცდილება გავუზიაროთ სხვა მარეგულირებლებს. უკვე გვიკავშირდებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ კუთხით თანამშრომლობას გვთხოვენ. ეს სასიამოვნო ფაქტორია და ცხადყოფს, რომ სწორი გზით მივდივართ. აქ საუბარია მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ერთ-ერთია აზიის განვითარების ბანკი, რომელმაც გვთხოვა, ჩვენი გამოცდილება სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ. უფრო მეტიც, იყო საუბარი, რომ ჩვენი პროდუქტები გადავცეთ, მივყიდოთ. ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი დაფასება და აღიარებაა იმ საქმიანობის, რაც კომისიამ განახორციელა ამ წლების განმავლობაში.