2020 წელს ჩამოყალიბდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელმაც სრულად უნდა შეცვალოს ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა, ამასთან, შემუშავდა არაერთი კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახელს უკავშირდება. 2020 წელი სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შეაჯამა.
[MAINPICTURE]
ბატონო დავით, როგორ შეაჯამებდით 2020 წელს და რა ცვლილებებს ანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას?
2020 წელი ენერგეტიკის სექტორისთვის დატვირთული წელი იყო, ვინაიდან ეს არის რეფორმირების წელი. გასული წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოში ბაზრის ახალი მოდელის ჩამოყალიბებას. ამ კანონის მიხედვით, მარეგულირებელ კომისიას დაევალა 20-ზე მეტი ახალი კანონქვემდებარე აქტისა და რეგულაციის შემუშავება, რომელთა უდიდესი ნაწილი დღეის მდგომარეობით მიღებულია.
ცვლილებებმა ჩვენ დამატებითი ფუნქციებითაც აღგვჭურვა. ერთ-ერთი მთავარი ახალი ფუნქცია, რომელიც გვემატება, ეს არის ბაზრის მონიტორინგი, ვინაიდან ენერგიის მონოპოლიური მიწოდებიდან ჩვენ გადავდივართ კონკურენტულ მიწოდებაზე. თუ ზოგადად სხვადასხვა ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობას შესაბამისი სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ნაწილში ეს ყველაფერი მარეგულირებელ კომისიას დაევალა, რადგან სპეციფიკური სექტორია და ამ სექტორის მონიტორინგი, ევროპული პრაქტიკის მიხედვით, მეტწილად სწორედ მარეგულირებელი კომისიების მიერ ხორციელდება.
გარდა ამისა, ახალ კანონზე დაყრდნობით მთავრობამ ზაფხულში მიიღო ბაზრის კონცეფცია, რომლის საფუძველზეც მარეგულირებელმა კომისიამ საბითუმო და საცალო ბაზრის წესები შეიმუშავა. საბითუმო ბაზრის წესები, ძირითადად, დაკავშირებულია სახელმწიფო ელექტროსისტემის ფუნქციონირებასთან, ამ ტიპის ბაზრის განვითარებასთან, ენერგიის შეძენასა და მის გადაცემასთან, ხოლო საცალო ბაზრის წესები უშუალოდ გამანაწილებელი კომპანიების, ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების რეგულირებასთან.
მომზადდა სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიც არის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგია, აუდიტის წესები, ინვესტიციების შეფასების წესები და ა.შ. ახალი რეგულაციებით ჩვენ ეტაპობრივად გადავდივართ ევროპულ მოდელზე.
გარდა ამისა, ცვლილებების კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის შექმნა, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია სპეციალური პლატფორმის მეშვეობით ენერგიით ვაჭრობაა. ბირჟა დაფუძნდა სახელმწიფოს მიერ, ხოლო ბირჟის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ძირითადი მარეგულირებელი ნორმები უზრუნველყოფილ იქნა სემეკის მიერ.
თქვენ ინვესტიციების შეფასების ახალი რეგულაცია ახსენეთ. რომ განგვიმარტოთ, რას გულისხმობს ეს?
როგორც ცნობილია, სხვადასხვა კომპანია ენერგეტიკის სექტორში ახორციელებს ინვესტირებას. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გადამცემ ქსელს ავითარებს, შენდება ახალი ჰიდროელექტროსადგურები, საიდანაც ენერგიის გამოტანა და ბაზარზე მიწოდება, არსებული ინფრასტრუქტურის განახლებაა საჭირო, ასევე არიან სს “თელასი“ და სს “ენერგო პრო ჯორ ჯია“, წყალმომარაგების კომპანიები, ბუნებრივი გაზის კომპანიები, რომლებიც ავითარებენ შესაბამის გადამცემ–გამანაწილებელ ქსელს. ამ ქსელის განვითარებისთვის განხორციელებული ინვესტიციები მარეგულირებელ კომისიასთან თანხმდება. კომისია სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით სწავლობს წარმოდგენილი ინვესტიციების საჭიროებას, მათ ეფექტიანობას, გარკვეულ ნაწილს ითანხმებს, გარკვეულ ნაწილზე დასაბუთებულ უარს ეუბნება კომპანიებს. ახლახან დავამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და მისი შვილობილი კომპანიების, ასევე “თელასის“, “ენერგო პრო ჯორჯიას“, “ენგურჰესისა“ და სხვა ობიექტების მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციები. ამ ინვესტიციების მოცულობა, რომელიც შეითანხმა მარეგულირებელმა კომისიამ, გათვალისწინებულია ახალი ტარიფის გაანგარიშებისას.
კომპანიებს უარი ვუთხარით გარკვეულ ინვესტიციებზე, რადგან შესწავლის საფუძველზე დავინახეთ, რომ ამ ინვესტიციის განხორციელებას შესაძლოა, დიდი ეფექტი არ მოჰყვეს. მაგალითად, არის ხოლმე ისეთი პროექტები, რომლებიც სიმძლავრის გაზრდას გულისხმობს – ვთქვათ, ტრანსფორმატორების ჩანაცვლებას. ასეთ შემთხვევაში ვნახულობთ, როგორია ტრანსფორმატორების დატვირთვა, უძლებს თუ არა სისტემა დატვირთვას. თუ არსებული სისტემა უძლებს და მისი ექსპლუატაცია შესაძლებელია, მაშინ ჩვენ ვერ ვხედავთ საჭიროებას, რომ ის ახლით ჩანაცვლდეს. მაგრამ თუ ხშირია ავარია და ექსპლუატაცია უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული გრძელვადიან პერიოდში, ვიდრე მისი ახლით შეცვლა, ასეთ შემთხვევაში ვითვალისწინებთ მას.
ჩვენ გვაქვს სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც აპრობირებულია ევროპაში და სრულად ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას. ვანგარიშობთ, საშუალოდ რამდენი საათი ჰქონდა მომხმარებელს კომუნალური მომსახურება შეწყვეტილი. როდესაც ვხედავთ, რომ ცალკეულ უბნებში, მუნიციპალიტეტებში ხშირია ასეთი ავარია, იქ ვუთითებთ ჩვენ და ისეთი ტიპის ინვესტიციებს ვითანხმებთ, რომელთა საშუალებითაც მიწოდებას გავაუმჯობესებთ.
პანდემიის გავლენაზეც რომ ვისაუბროთ, როგორი იყო ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარების ტენდენციები წლის განმავლობაში?
ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის, პანდემიური მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ენერგოსექტორზე. წელს, გაზაფხულიდან, როდესაც გარკვეული შეზღუდვები დაიწყო, “დარჩი სახლში“-ს მოწოდების ფონზე, საოჯახო მეურნეობების მიერ ენერგიის მოხმარება გაიზარდა. მეორე მხრივ, ბევრი საწარმო და ორგანიზაცია გაჩერდა, რამაც კომერციულ სექტორში მოხმარება შეამცირა. საბოლოო ჯამში, ვინაიდან კომერციულ სექტორში უფრო მეტი შემცირება იყო, ვიდრე საოჯახო მეურნეობებში ზრდა, საერთო ჯამში მაინც ენერგიის მოხმარების შემცირება გვაქვს და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია ამ ეტაპზეც. საოჯახო მეურნეობების მოხმარება ახლაც მაღალია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ კომერციული სექტორის მოხმარება მნიშვნელოვნად ჩამორჩება და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოს ენერგიის მოხმარება შემცირდება.
წელს მთავრობამ მეორეჯერ გამოაცხადა კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, გაზაფხულზე ამ შეთავაზებაზე უარი 10,000-მდე აბონენტმა თქვა. რა მოლოდინი გაქვთ ახლა? მით უმეტეს, ამჯერად ზამთრის პერიოდის გამო, მოხმარება, ბუნებრივია, გაიზრდება…
რა თქმა უნდა, ზამთრის პერიოდში ენერგიის მოხმარება უფრო მაღალია როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის. ამიტომ მოქალაქეებმა, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ დაუფინანსდებათ გადასახადი, უნდა აკონტროლონ მოხმარება, რომ არ გადასცდნენ დადგენილ ლიმიტს. მეორე მხრივ, სუბსიდიის მიმღებთა რაოდენობა ცოტა ნამდვილად არ იქნება. ჩავატარეთ გარკვეული ანალიტიკური სამუშაოები, რათა დაგვედგინა, დაახლოებით რა კონტინგენტი იყო, რომელსაც დასჭირდებოდა სახელმწიფოს მხარდაჭერა. ვვარაუდობთ, რომ ზამთრის კომუნალურ სუბსიდიაზეც არანაკლები იქნება მოქალაქეთა აქტიურობა. გაზაფხულზე იყო დაახლოებით 1 200 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის სექტორში და 700 000-ზე ოდნავ მეტი გაზის სექტორში. ელექტროენერგიის სუბსიდია ვისაც შეეხო, ავტომატურად მათ წყლის საფასურის სუბსიდიაც შეეხოთ. ასევე მუნიციპალიტეტი მათ დაუფარავს დასუფთავების მოსაკრებელს. მთავრობის ვარაუდით, სუბსიდიაზე 250 მლნ ლარამდე დაიხარჯება. პირველი ეტაპის სუბსიდიაზე 170 მლნ-ზე მეტი დახარჯა. ის სამ თვეს ეხებოდა, ახლა კი სუბსიდირება ოთხ თვეზე გაანგარიშდება.
1 ივლისიდან სრული დატვირთვით ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედდეს. რა ეტაპზეა სამზადისი?
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნებულია, მისთვის საქმიანობის ლიცენზია უკვე გაცემულია. ბირჟამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ჩვენთან ერთად კანონქვემდებარე აქტების შექმნაში, რომლებიც ბაზრის ორგანიზების საკითხებს ეხებოდა. გადამზადდნენ ბირჟის თანამშრომლები, ბირჟამ საკუთრივ გადაამზადა სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლები, ჩაატარა ტრენინგები იმ ობიექტებისთვის, რომლებსაც მომავალში ბირჟაზე ვაჭრობა მოუწევთ. ესენი არიან, ერთი მხრივ, ენერგიის მიმწოდებლები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, სხვა ტიპის სადგურები და, მეორე მხრივ, პოტენციური მყიდველები, მსხვილი კომპანიები, რომელთაც მოუწევთ პირველ ეტაპზე ბაზარზე გასვლა. გარდა ამისა, ბირჟამ შეიძინა სპეციალური პლატფორმა, სადაც ენერგიის მყიდველები და გამყიდველები ივაჭრებენ. პლატფორმის სატესტო ვერსია უკვე გაშვებულია, სადაც მიმწოდებლები და მყიდველები ვაჭრობას სწავლობენ.
არასაკმარისი ენერგოდამოუკიდებლობა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყნისთვის. რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ამ კუთხით?
ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების 100-ზე მეტი წყაროა, როგორიცაა მცირე, საშუალო, დიდი ჰიდროელექტროსადგურები, ქარის სადგური, მზის სადგურები, მაინც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივი გენერაცია. იმპორტის შემთხვევაში ჩვენი ვალუტა გაედინება საზღვარგარეთ და ამიტომ უმჯობესია, ადგილობრივი წარმოება გაიზარდოს.
პირველ რიგში, საჭიროა მეტი დიალოგი მოსახლეობასთან, ვინც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგია. შესაძლოა, ინვესტორებმა მეტი სოციალური პროექტი განახორციელონ. ასევე მნიშვნელოვანია ახალშექმნილი მექანიზმები განახლებადი ენერგიების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, რომლებიც რამდენიმე თვის წინ მიიღო მთავრობამ და თავის წვლილს შეიტანს ენერგოდამოუკიდებლობაში. ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული რეფორმებიც მნიშვნელოვანია და ნეტო აღრიცხვის სისტემის განვითარებაც, ანუ მეტი მზისა და ქარის სადგურის სისტემაში ჩართვა. ეს ყველაფერი შემდგომ წლებში თავის შედეგს აუცილებლად მოგვცემს.
წყალმომარაგებაზეც მინდა გკითხოთ, წყლის მიწოდება ჯერ კიდევ პრობლემაა არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ თბილისშიც. ხშირია მომხმარებლების მხრიდან პრეტენზიები. ამ კუთხითაც ხომ არ არის საჭირო გარკვეული ცვლილებები, რათა მომხმარებელი მხოლოდ ერთი, ბუნებრივად მონოპოლისტი კომპანიის იმედად არ იყოს?
წყალმომარაგების სექტორის ერთ-ერთი ინვესტიცია ტევადი დარგია, ანუ მოძველებული ქსელების სისტემის გამოცვლა საკმაოდ დიდ ინვესტიციას საჭიროებს. ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფებისა და წესების მიხედვით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოძველებულ ქსელებს ეტაპობრივად ცვლის, თუმცა, რეალურად მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტია გასაკეთებელი და მეტად შეიძლება სისტემის მოწესრიგება, ამასთან, რაც უფრო მეტ ინვესტიციას მოიზიდავს და ჩადებს წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგებაში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მით უფრო მეტად უნდა გავზარდოთ წყლის ტარიფი. ამიტომაც ვცდილობთ, გარკვეული ბალანსი დავიჭიროთ – ეტაპობრივად განახორციელოს კომპანიამ ინვესტიცია და ეს პატარ-პატარა პორციით ავსახოთ ტარიფში. ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება, მათ შორის, არა მხოლოდ თბილისის ცენტრალურ ნაწილში, არამედ თბილისში შემოერთებული დასახლებების ქსელის განვითარებაზეც.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ენერგოტარიფების გადახედვას ხომ არ უნდა ველოდოთ?
ახალი ტარიფი ბუნებრივ გაზზე გასულ წელს სამი წლის ვადით დავადგინეთ. ასე რომ, გაზის ტარიფის გადახედვა ამ წელს არ გვიწევს. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ბოლოს სამი წლის წინ დავადგინეთ და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ახალი ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვარს. სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს კომპანიების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ყველა ინფორმაციას, რაც არსებული წესების მიხედვით აუცილებელია ტარიფის გაანგარიშებისთვის.
დაბოლოს, როგორია ბაზრის მოლოდინი გენერაციასა და მოხმარებასთან დაკავშირებით 2021 წლისთვის?
მომდევნო წელი, პანდემიიდან გამომდინარე, რთულად პროგნოზირებადია. როგორი იქნება მოხმარება, ამის პროგნოზირებაც რთულია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მეზობელ ქვეყნებთან ვახორციელებთ ექსპორტ- იმპორტს, ენერგიაზე მეტი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნებიდან ენერგიის შემოტანას და დეფიციტის თავიდან არიდებას შევძლებთ. ენერგეტიკული ბირჟის განვითარებაც ხელს შეუწყობს, რომ სისტემა კიდევ უფრო მდგრადი და პროგნოზირებადი გახდეს.