ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის პერსპექტიული კანდიდატი კლინიკური კვლევის ბოლო ფაზაში გადადის, მას შემდეგ, რაც ორმა მთავარმა დამფინანსებელმა ამისთვის 550 მილიონი აშშ დოლარი გაიღო. წარმატების შემთხვევაში, ეს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ბაზარზე ტუბერკულოზის პირველი ახალი ვაქცინა იქნება.
ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა და ორგანიზაცია Wellcome-მა კვლევის დაფინანსების შესახებ 28 ივნისს გამოაცხადეს. ვაქცინის კანდიდატი მედიკამენტების ფირმა GSK-ის მიერ არის შემუშავებული. მან ლიცენზია გეიტსის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტს მისცა.
ტუბერკულოზი, რომელიც ბაქტერია Mycobacterium tuberculosis-ით არის გამოწვეული, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეპიდემიაა. ის ყოველწლიურად 1.6 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. დაავადების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ GSK-ის მიერ შემუშავებულმა ვაქცინის კანდიდატმა, სახელწოდებით M72/AS01E-მა, 2019 წელს II ფაზის კვლევების შემდეგ გამოქვეყნებულ მონაცემებში ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის მატარებელ ზრდასრულ ცდისპირებში დაავადების მიმართ 54%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. თუმცა ამის შემდეგ GSK-მა კომერციული პოტენციალის ნაკლებობის გამო კვლევები შეაჩერა.
„აუცილებელია, რომ ამ სფეროში არსებითი ინვესტიცია განხორციელდეს, რათა რეალურად შევძლოთ ტუბერკულოზის პრობლემის მასშტაბებზე სათანადო რეაგირება“, – განაცხადა თომას სკრიბამ, სამხრეთ აფრიკის ტუბერკულოზის ვაქცინის ინიციატივის დირექტორის მოადგილემ, რომელიც განახლებულ კვლევებში ჩაერთვება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკური კვლევის დაგვიანებულ, III ფაზაში მონაწილეობას აზიისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყნიდან 26,000 ადამიანი მიიღებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ათწლეულის ბოლოსთვის თაროზე ტუბერკულოზის ახალი ვაქცინა გვექნება და, იმედია, ერთზე მეტი“, – განაცხადა სკრიბამ.